Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ისეთი საზიზღრობაა, თვალს ვერ მოსწყვეტ“

26 ივლისი 2019


„რუსთავი 2“-ში ერთი თვის მისული ვიყავი, არეულობებს ასე თუ ისე უკვე შეჩვეულიც გახლდით, მაგრამ ის დღე მაინც განსაკუთრებული იყო. „კორკოტები“ მოვიდნენო, რომ თქვეს, მივხვდი, ეს პირველად არ ხდებოდა. ყველა გარეთ გაეფინა სეირის საყურებლად, მამაცები გაბუს დასაცავად გაემართნენ. კოლექტიური „კორკოტა“ მის მანქანას არწევდა, აფურთხებდა, აგინებდა და გარეთ რომ გადმოეთრიათ, ალბათ გაგლეჯდნენ კიდეც შუაზე. 

მამაცი ერაძე, რომელიც რაინდული სულისკვეთებით გაეშურა ღვთის დასაცავად მოცვივნულებთან ბრძოლაში, სულ მალე შემობრუნდა ცხვირგატეხილი. 

ერაძეს ცხვირი გაუტახეს, ღმერთს ღირსება აღუდგინეს. 

სანამ მისაღებში მაზიანებს დებდნენ, გადაატრიალებდნენ თუ ვერა გაბუს მანქანას, მანამდე ვიკითხე, რაში იყო საქმე და იმ წამსვე რამდენიმე სმარტფონი ერთდროულად შემომთავაზეს ყველაზე პოპულარული ვიდეოს სანახავად. 

ღმერთი უხსენებია, გარეუბნელი ავტორიტეტივით. 

მანქანის სიმყარეზე გავმაზე და იქვე ჩამოვჯექი სავარძელზე, ტელევიზორს, სადაც გაქცეული ბელადი ჩვეულ სტილში რაღაცას ბოდავდა, ხმა ჩავუწყვიტე და კითხვა გავაგრძელე. შენიშვნა სწრაფადვე მივიღე - ეხლავე აუწიეო. სხვა დროს არავის არაფერი უთქვამს, მაგრამ ბელადისთვის ხმის წართმევას ვინ მაპატიებდა? ამათი გარეუბნელი ღმერთი სწორედ ეს ჰიბრიდული ზაზუნასავით კაცი იყო. 

იმ დღესვე ბლოგი დავწერე მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით და გაბუს იდიოტი ვუწოდე. „დილაში“ არავის არაფერი უთქვამს. არც თავად გადარჩენილ გაბუს უთქვამს რამე, საღამოს ჩვეული თავმდაბლობით მომესალმა, ისე როგორც ყველას ესალმებოდა ხოლმე.

ბოდიში მოიხადა, მერე უკან წაიღო. კორკოტები რომ მოცვივნულიყვნენ, კიდევ მოიბოდიშებდა, მერე ისევ უკან წაიღებდა. 

შიგნიდან უკეთ ჩანს დადგმული სპექტაკლის ნიუანსები. ალბათ ამიტომ ბრაზობს ხოლმე დიდი მაესტრო, საზოგადოების სრული უმრავლესობა ტელესპექტაკლებს რომ ანიჭებს უპირატესობას, მისი დადგმულის მიმართ კი კრიტიკა მხოლოდ იზრდება. 

უბრალოდ ტელესპექტაკლებს მაყურებელი სხვა მოტივით უყურებს, ჩვენი ფრანგი ძმის, ვიქტორის სიტყვების არ იყოს - „ისეთი საზიზღრობაა, თვალს ვერ მოწყვეტ“.

მორიგი სპექტაკლიც თითქმის იდეალურად დაიდგა, მხოლოდ სტრასბურგმა გააფუჭა ყველაფერი, ასეთ კატეგორიულ და ერთმნიშვნელოვან გადაწყვეტილებასაც არ ელოდნენ. განაჩენი რომ ოდნავ მაინც ბუნდოვანი ყოფილიყო, შენობას არ დაცლიდნენ. დაიწყებოდა მორიგი ბრძოლა „რუსთავი 2“-სთვის და ძალიან მარტივად შეძლებდნენ იქ შეკრებილების გაშავებას. იმ დღესაც ხომ უკვე ისმოდა სიტყვები - ნახეთ, პუტინს რამდენი ადამიანი იცავსო. 

სპექტაკლების ერა, მგონი, სრულდება, მაგრამ ისევ სიბინძურეში ვართ. ხელისუფლება მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, ჯიუტად და ძალიან ენერგიულად გადიან მათი წინამორბედების გზას. 

სიშლეგის იდეალური განმარტება ასეთია - „ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანი ერთსა და იმავე ქმედებას იმეორებს და განსხვავებულ შედეგს ელის“. ჩვენი ხელისუფლება ამ ლოგიკით სიშლეგის მწვერვალზეა. გია თორთლაძის მსგავსად მიიწევს მაღლა და მაღლა, როდესაც უმაღლეს წერტილს მიაღწევს, რიგითი იეღოველივით გადმოფრინდება და ისე დაილეწება, კაციშვილი (ქალიშვილიც) ვეღარ იცნობს. 

ხელისუფლებაში მოსული ბიძო მოღიმარი გვპირდებოდა, მე ვიქნები დამოუკიდებელი მედიის გარანტიო, მაგრამ საპირისპირო მივიღეთ. 

ეგეთები მოგვისმენია? 

2012 წელს სასამართლოში სარჩელი უკვე ჰქონდათ შეტანილი დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს, მაგრამ, არცთუ ისე მოულოდნელად, კიდევ ერთი მოსარჩლის, ქიბარის საქმის ძიება დაიწყეს. 

ქიბარი ის კაცია, თავის დროზე რომ შირმად აქციეს. მის ყოფილ მეგობარსა და პარტნიორს იყო ამოფარებული. მაშინდელმა ხელისუფლებამ, თავდაცვის მინისტრის ხელით, ქვეყნის ნომერ პირველი ტელევიზია აიღო და ჯიბეში ჩაიდო. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მერაბიშვილ-ოქრუაშვილის კონფლიქტი ამ უკანასკნელის სკანდალური გადადგომით დასრულდა. ატეხა წივილ-კივილი, მერე დაიჭირეს და ყველა სიტყვა სათითაოდ უკან წააღებინეს. გააქციეს პარიზში. ქიბარა დარჩა. აქციებს, ბუნებრივია, არავინ დაუტოვებდა, ალბათ ცოტათი მაინც წაეპოტინა იმას, რაც არ ეკუთვნოდა და მძიმე დარტყმაც მიიღო - ძალიან დიდი საწყობი დაუწვეს, არ ვიცი, ზუსტად რამდენი მილიონის ზარალში გადააგდეს, მაგრამ დიდხანს იწვოდა, არხეინად. 

სწორედ ამის მერე გაირბინა ქიბარსა და ოქროს შორის შავმა კატამ, ან ძაღლმა, რაღაც შავმა უეჭველად გაირბინა, რადგან დღეს უკვე დისტანციურად ესწერვებიან და დასანახად ვერ იტანენ ერთმანეთს. 

სწორედ ამიტომ დადო შუშაში გამომწყვდეულმა კაცმა ფსონი ქიბარზე. გამოცდილი შირმაა, თანაც ნაცებზე საშინლად განრისხებული.

დავითი და ჯარჯი კი არავის სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ნათელი ხდება - თუ ვინმე მართალია ამ საქმეში, სწორედ ისინი არიან. ახალმა ხელისუფლებამ შექმნა ქვეყანა, სადაც მართალი კაცის პატრონი არავინაა და თუ რაიმე იდეალები, ფასეულობები და, აქედან გამომდინარე, პრინციპები გაგაჩნია, უბრალოდ დაღუპული ხარ.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^