„საზოგადოებრივი აზრი მოიცავს ყოველგვარ მცდარს და ჭეშმარიტს.
ამ უკანასკნელის ამოცნობა კი მხოლოდ დიადი ადამიანის პრეროგატივაა.
თავისი დროის დიადი ადამიანი ის არის, ვინც თანამედროვეების წადილს სახელს დაარქმევს
და განმარტავს, შემდეგ კი რეალობად აქცევს“.
გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი,
გონის ფილოსოფია, გვ. 307(1).
სამყაროში, რომელშიც დაგვჩემდა რთული კომპოზიტებით საუბარი და განსაკუთრებით ხშირად ვიყენებთ ლათინურ სიტყვებს, ინფორმაციული რევოლუცია მიმდინარეობს. გლობალიზაციის კონტექსტში თანამედროვე კოსმოპოლიტი რთული გამოწვევების წინაშე დადგა. ოცდამეერთე საუკუნის პატარები ოლეოფობიური საფარით გამაგრებული 9.7 ინჩიანი LED-დისპლეებით (iPad) სათამაშოდ ნებისმიერ აქტივობაზე დაუფიქრებლად გვთანხმდებიან. თითქმის ყველა ოჯახში დგას კომპიუტერი და ბავშვები პირველი სიტყვის თქმამდეც კი უნაკლოდ ითვისებენ ჭკვიანი ტელეფონის მენიუს, Facebook-ზე საკუთარი პროფილით თამაშობენ Candy Crush Saga-ს. მეტროპოლისებს შესეული ახალგაზრდები სულ უფრო და უფრო ნაკლებად სწავლობენ თოხის და ბარის გამოყენებას, სამაგიეროდ კი დიდი ინტერესით ეუფლებიან რთულ ალგორითმებს და მონაცემთა სტრუქტურებს. ვგეგმავთ წარსულში წარმოუდგენელ ექსპერიმენტებს ღეროვანი უჯრედებით და თამამად ვაშენებთ საოცარ ახალ სამყაროს.
მოკლედ, ინოვაცია 360 გრადუსით შემოგვაპარა და ყოველდღიური ცხოვრების თითოეულ ელემენტს განკარგავს. დრო, რომელიც, შესაძლოა, მატერიის ფუნდამენტურ დონეზე საერთოდაც არ არსებობდეს და, ამავდროულად, როგორც ხშირად ვამბობთ, „ფულია“, სულ უფრო და უფრო არსებითი ხდება. ასობით თუ ათასობით ლარს ვიხდით იმაში, რომ მისი „ოპტიმიზაცია“ დავისწავლოთ - ასე ხომ უფრო მარტივად ავუწყობთ ფეხს მის სვლას.
მთავარი ინოვაცია კი ახალი თაობაა. ახალი სიცოცხლე - ისტორიით დახუნძლული და მომავალის გამოწვევებს შეჭიდებული, რომლის აღზრდის პროცესიც, რა თქმა უნდა, აუცილებლად იქცევა ხოლმე თანამედროვე დისკურსის მთავარ თემად.
ვხარჯავთ მილიონობით ლარს საგანმანათლებლო რეფორმებზე. ვითვისებთ ინკლუზიური განათლების უცხოურ მოდელებს ქვეყანაში, სადაც პანდუსები მხოლოდ აქა-იქ თუ მოგვეპოვება. ვაშენებთ ველობილიკებს ქუჩებში, სადაც ზებრაზე არავინ არავის უთმობს გზას. განსაკუთრებით ვუფრთხით წარსულის დავიწყებას - ის ხომ უკეთესი მომავლის შენების პროცესის შეუცვლელი ატრიბუტია. ვაიძულებთ ბავშვებს, დაისწავლონ „ქალთა სახეები „ვეფხისტყაოსანში“ და ახსოვდეთ, რომ ის „ქართული მწერლობის ბრწყინვალე მარგალიტია“ (2) (ვერც კი ვუშვებთ, რომ შესაძლოა, ის კომიქსის სახით ბევრად უკეთესად გაითავისონ ახალგაზრდებმა). გვიჭირს ბიბლიის მეტაფორებად გააზრება და ვიჭედებით ფიზიკურ ფორმებში, რაც კიდევ უფრო ზღუდავს თავისუფლების [გარდაუვალ] ევოლუციას - თავისუფლების, რომელიც თითოეული განვლილი ეპოქის მთავარი მონაპოვარია - წინაპირობა იმისა, რომ ვართ და ერთადერთი გარანტია იმისა, რომ ვიქნებით.
სულ ახლახან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენამ“ გრიფი მიიღო. იქ, ზევით გადაწყდა, რომ სწორედ ამ წიგნით უნდა ვასწავლოთ ბავშვებს მშობლიური ენა. არ დავიწყებ ვრცლად საუბარს იმ ისტორიული კონტექსტის შესახებ, რომელშიც ეს წიგნი აღმოცენდა, რადგან, ვფიქრობ, ეს ჩემი პრეროგატივა სულაც არ არის და ამას ჩემზე ბევრად უკეთესადაც [გა]აკეთებენ სხვები. დღეს სულ სხვა მიზანი მაქვს - გაგახსენოთ შორეული წარსული, რომლიდანაც იღებს დასაბამს გოგებაშვილის მეთოდი და მთავარი - თანამედროვე პედაგოგიური მეცნიერების ფუნდამენტური პრინციპები, ჟან-ჟაკ რუსო(3) და იოჰან ჰაინრიხ პესტალოცი(4). ყველაფერი ეს იმის იმედით, რომ კონსენსუსამდე ამჯერად მაინც მივალთ. იქნებ შევთანხმდეთ, რას ემსახურება თითოეული ინოვაცია და ერთად განვსაზღვროთ ჩვენი დროის მთავარი ამოცანაც...
„სწავლების ჩვენი პედანტური მანია ისაა, რომ ვასწავლით ბავშვებს იმას, რასაც თავისით გაცილებით უკეთესად ისწავლიდნენ და არა იმას, რაც მხოლოდ ჩვენ შეგვეძლო გვესწავლებინა“ - წერდა რუსო „ემილის“(5) შესავალში, რომელმაც თანამედროვე პედაგოგიური აზროვნების ჩამოყალიბებაში უმთავრესი როლი ითამაშა და პლატონის „რესპუბლიკის“ შემდეგ, ალბათ, უმნიშვნელოვანესი ტრაქტატია განათლების შესახებ. მისი დამსახურება სწორედ ის არის, რომ ბავშვის თავისუფალ გარემოში აღზრდას გვასწავლის, იმ არგუმენტით, რომ „თავისუფლების სიკეთე ბევრ ჭრილობას მოურჩენს“ ადამიანს.
„ემილს არ ექნება არც საბავშვო ქუდი, არც ბორბლებიანი კალათი, არც ეტლი, არც სამაშველო ღვედები; როგორც კი ფეხს აიდგამს, დიდი-დიდი, უსწორმასწორო ადგილებზე შევეშველოთ და რაც შეიძლება ჩქარა გავატაროთ ასეთი ადგილი. ნაცვლად იმისა, რომ ბავშვი დახუთულ ოთახში დავახრჩოთ, იგი ყოველდღე მინდორში გავიყვანოთ, ირბინოს, იცელქოს, დაეცეს ასჯერ დღეში - მით უკეთესი, უფრო მალე ისწავლის ადგომას… ჩემს შეგირდს ხშირად მოუვა მარცხი, სამაგიეროდ იგი მუდამ მხიარული იქნება“.(6)
საყურადღებოა თავად კონტექსტი, რომელშიც ამგვარი პედაგოგიური თეორიები დაიბადა. ეს იყო პერიოდი, როდესაც პატარებს ფრანგი „გუვერნანტკები“ ასწავლიდნენ ლაფონტენის არაკებს და ფორტეპიანოზე დაკვრას. ცოდნის მოცულობა აღზრდის წარმატების პირდაპირპროპორციულად მოიაზრებოდა და მშობლებიც სიამაყით ივსებოდნენ, როცა სამხრეებიან ფრაკებსა და პუდრით შეთეთრებულ პარიკებში გამოწყობილი პატარები ალექსანდრე მაკედონელის ისტორიებს ჰყვებოდნენ სტუმრების წინაშე. რუსო სწორედ ამგვარ მიდგომას აკრიტიკებდა და მოუწოდებდა თანამედროვეებს, რომ სწავლების პროცესი თავად ბავშვებსა და მათ ინტერესებზე მოერგოთ.
პესტალოციც, რომლის თეორიებიდანაც იღებს დასაბამს თავად გოგებაშვილის მიერ ადაპტირებული ეგრეთ წოდებული „ზოლოთოვის მეთოდი“, მხარს უჭერდა ნაცნობ საგნებზე დაფუძნებულ სწავლების პროცესს. „ენების შესწავლა მხოლოდ სიტყვების დასწავლა რომ იყოს, ე.ი. მხოლოდ მათი გამომხატველი ფიგურებისა ან ბგერებისა, მაშინ ასეთი შესწავალა ბავშვებისთვის შესაფერისი იქნებოდა... ყოველი ერის ენა იცვლება ზნე-ჩვეულებათა ცვალებადობასთან ერთად, შენარჩუნდება ან ფუჭდება მათთან ერთად“, - წერდა რუსო.
გოგებაშვილიც იზიარებდა ამ თეორიას და ამბობდა კიდეც, რომ „ასოთა სწავლების თანამიმდევრობის მთავარი პრინციპი არის... რამდენად ცნობილი საგნის დასახელებაში შედის ესა თუ ის ბგერა“ და რომ სახელმძღვანელო „უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს იქითა და აქეთა საქართველოისას; საერო და სამრევლო სკოლებისას ერთად... არ უნდა იყოს მექანიკურად შედგენილი, ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის გონებრივ განვითარებას“. სწორედ ამიტომ შეიმუშავა წერა-კითხვის როგორც ანალიზური, ისე სინთეზური მეთოდების ჰიბრიდული ვერსია (7).
მისი მიგნება მართლაც გენიალური იყო და ამას მან „დედა ენის“ მრავალჯერ გადამუშავების გზით მიაღწია. ვფიქრობ, აუცილებლად დაუჭერდა მხარს სახელმძღვანელოს შექმნის პროცესში ფსიქოლოგების თუ სხვა ექსპერტების ჩართვას, მაშინ, როცა ამის საშუალება თავად თანამედროვეობამ მოგვცა. იქნებ უხერხულიც კი არის, „აი ია“-დან დავაწყებინოთ სწავლა ბავშვს, რომელიც უკვე სრულყოფილად აღიქვამს აპლიკაციებში „შესასვლელ“ და „გამოსასვლელ“ ღილაკებს, ცნობს ანიმაციების საყვარელ პერსონაჟთა სახელებს Youtube-ის საძიებო ველში, კითხულობს ინგლისურ ზღაპრებს და ერთი ამოსუნთქვით ჩამოგითვლით მზის სისტემის პლანეტებს. იმედი მაქვს, ეჭვი არც შეგეპარებათ იმაში, რომ საკუთრივ „აი ია“-ს არც არაფერს ვერჩი (სხვათა შორის, როგორც დედა მეუბნება, ჩემი პირველი ფრაზა სწორედ „აი ია“ იყო, რომელიც წიგნის დანახვისას წარმოვთქვი). უბრალოდ ვფიქრობ, რომ თანამედროვე სიმარტივე ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ეს მე-19 საუკუნის საქართველოში იყო - ინფორმაციული რევოლუციის პირობებში თანამედროვე ბავშვის ფსიქიკა ხომ ბევრად უფრო მოწყვლადიც გახდა.
ინტერნეტში წავაწყდი საჩხერის რაიონის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლის, მაია ტოგონიძის ანგარიშს(8), რომელშიც იგი აღწერს, თუ როგორ გააცნო იაკობ გოგებაშვილი თავის მცირეწლოვან მოსწავლეებს. ბავშვებმა შეითავსეს „გადამწერების“, „მწერლებისა“ და „მხატვრების“ როლები, დაევალათ ამა თუ იმ მოთხრობის ინსცენირება, პერსონაჟების შერჩევა და კოსტიუმირება, ილუსტრაციების შექმნა და ა.შ. შედეგად, მოახერხეს, გაეცნოთ იაკობ გოგებაშვილი, როგორც პატრიოტი და მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა, სიღრმისეულად ჩასწვდნენ მის მოთხრობებს თუ პუბლიცისტურ წერილებს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ პროცესში მათ განუვითარდათ კრიტიკული აზროვნების უნარი, საშუალება მიეცათ, ყოფილიყვნენ შემოქმედებითები. ასევე გამოუმუშავდათ ინფორმაციის მოძიებისა თუ Microsoft Word-ისა და Power Point-ის მოხმარების საბაზისო უნარები. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ამ საკმაოდ არასტანდარტულმა ექსპერიმენტმა ბავშვები არა მხოლოდ იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიითა და ნაწარმოებებით დააინტერესა, არამედ უამრავი საჭირო უნარ-ჩვევა განუვითარა მათ.
ალბათ, უპირველეს ყოვლისა ის უნდა გვახსოვდეს, რომ „ყველაფერი, რაც არის მის [ბავშვის] გარშემო, მისთვის ერთგვარი წიგნია, რომლითაც იგი, მისდა შეუმჩნევლად, ამდიდრებს მეხსიერებას იმის მოლოდინში, რომ გონებამ ოდესმე გამოიყენოს. შესაფერი ობიექტების შერჩევა, ზრუნვა იმაზე, რომ განუწყვეტლივ ვაძლიოთ მისი შემეცნებისთვის მისაწვდომი მასალა და დავაშოროთ ის, რაც მან არ უნდა იცოდეს - ეს არის ნამდვილი მეთოდი ამ პირველი უნარის განვითარებისა; და სწორედ ამ გზით უნდა შევუქმნათ მას ცოდნის მარაგი, რომელიც ჭაბუკობაში მისი აღზრდისთვის იქნება საჭირო და მომავალშიც წარუძღვება წინ. მართალია, ეს მეთოდი არ ქმნის პატარა ფენომენებს, არც მასწავლებლებს და ხელმძღვანელ ქალს არ აძლევს საშუალებას თავი გამოიჩინონ; სამაგიეროდ, იგი ზრდის გონიერ, მტკიცე, სულითა და ხორცით ჯანსაღ ადამიანს, რომელიც, მართალია ყმაწვილობაში გაკვირვებას არ იწვევს, მაგრამ მოწიფულობაში პატივისცემას მოიხვეჭს“(9).
იქნებ უპრიანია, რეალისტურად გავიაზროთ თანამედროვე ბავშვების ინტერესები (რაოდენ უცხოც არ უნდა იყოს ისინი ჩვენთვის), დავუთმოთ გზა ინოვაციას და ვეცადოთ, ახლებური ინტერპრეტაცია მივცეთ დიად ისტორიულ მეტაფორებს.
გაგრძელება იქნება.
----------------
1. „Public opinion contains all kinds of falsity and truth, but it takes a great man to find the truth in it. The great man of the age is the one who can put into words the will of his age, tell his age what its will is, and accomplish it.” (Hegel, Philosophy of Right)
2. ციტატა „ხუთოსანი“ მოსწავლის „ესეიდან“, რომელიც ახლაც ზეპირად მახსოვს.
3. ჟან-ჟაკ რუსო - ფრანგი ფილოსოფოსი და განმანათლებელი.
4. იოჰან ჰაინრიხ პესტალოცი - შვეიცარიელი პედაგოგი. სწორედ მის თეორიას ეფუძნება როგორც იაკობ გოგებაშვილის მიერ ხსენებული ზოლოთოვის მეთოდი, ისე უამრავი სახელგანთქმული რეფორმა მსოფლიოს მასშტაბით (მათ შორის, პრუსიული საგანმანათლებლო სკოლა, უილიამ მაკლურის, ჰენრი ბარნარდის, ედვარდ შელდონის რეფორმები ამერიკის შეერთებულ შტატებში და ა.შ.)
5. „ემილი ანუ აღზრდის შესახებ“ - ჟან-ჟაკ რუსოს ექსპერიმენტული რომანი/ტრაქტატი, რომლის მიზანსაც ბავშვის ბუნებრივი განვითარება და ცხოვრებისთვის უკეთ მომზადება წარმოადგენს.
6.
ჟან-ჟაკ რუსო, ემილი ანუ აღზრდის შესახებ, გვ. 288-289
7. ანალიზური მეთოდი გულისხმობს ფრაზების, სიტყვების და მხოლოდ ამის შემდეგ მათი შემადგენელი უმცირესი ნაწილაკების (მარცვლებისა და ბგერების) სწავლებას, სინთეზური მეთოდი კი, პირიქით - ბგერებზე აგებს წერა-კითხვის სწავლების პროცესს. „დედა ენის“ თავდაპირველი გამოცემა მთლიანად ანალიზურ მეთოდზე იყო დაფუძნებული, რის შემდეგაც გოგებაშვილმა საჭიროდ მიიჩნია სინთეზური მეთოდის ინტეგრაციაც სახელმძღვანელოს გადამუშავებულ ვერსიაში.
8. წყარო: GESJ: Education Science and Psychology 2016 | No.1(38)
9. „ემილი ანუ აღზრდის შესახებ“, გვ.59
-----------------
მზიკო ლაპიაშვილი - მთარგმნელი, მარკეტერი