პატარაობისას ღამე ჩვენთან გეძინა. შენი ძმაც ასეა. თუ თავის საწოლში დაიძინა, იმ ღამეს შიშველი ფეხების ნაბიჯების ხმა მაღვიძებს - მშობლების საწოლისკენ მობაჯბაჯებს. ადამიანების უმრავლესობას განმარტოება არ სიამოვნებს. მე კი მინდა განმარტოების სიყვარულზე მოგწერო.
როდესაც ერთხელ მკითხე, უკაცრიელ კუნძულზე ერთი კვირა თუ იცხოვრებდიო, გიპასუხე: „სიამოვნებით“. როგორ, არ მოიწყენდიო, გაგიკვირდა. არადა, სიამოვნებით მოვიწყენდი... როდესაც მანქანაში ტელეფონის გამორთვას გთხოვ, მიზეზი ერთია - მინდა, რომ მანქანაში მოიწყინო. როდესაც შენს დამატებით გაკვეთილებზე სიარულს ვეწინააღმდეგები, მიზეზი იგივეა - მინდა, რომ მოსაწყენად დრო დაგრჩეს.
მაშინ როდესაც ყველა მოწყენისგან თავის დაღწევას ცდილობს, შენ მოწყენის მნიშვნელობას უნდა ხვდებოდე. მოწყენა აუცილებელია „ფიქრში ჩასავარდნად“. ფიქრში იმაზე, რა გახარებს და რა გწყინს; რა გთრგუნავს და რა გაგულიანებს; ვინ გაცლის ძალას და ვინ გამდიდრებს ამით; ფიქრი იმაზე, რა მიგაჩნია ფასეულად, მნიშვნელოვნად და რა - უმნიშვნელოდ; ფიქრი შენს ქმედებებზე, მათ შედეგებზე, მიზნებსა და მათი მიღწევის გზებზე... ანუ ყველაფერ იმაზე, რაც საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში დაგეხმარება, რაც საკუთარ თავთან კომფორტულად ყოფნას მიგაჩვევს.
და იმისთვის რომ მოიწყინო, განმარტოება გჭირდება.
წიგნის კითხვასაც, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ მოგიწოდებ, რომ კითხვას განმარტოება სჭირდება; ცოტა მოწყენაც იცის ხოლმე, რა დროსაც ფიქრებში მოგზაურობას იწყებ. ამ გზით ყალიბდება შენი ცნობიერება, გებადება აზრები და გიჩნდება ახალი შეგრძნებები. ზოგიერთი წიგნს ამიტომ გაურბის, კითხვა კი არ უჭირს, უბრალოდ, განმარტოება და ფიქრი რთულად ეჩვენება.
ტექნოლოგიების განვითარებამ მოწყენისგან თავის დაღწევის უამრავი ახალი საშუალება გააჩინა. შეუზღუდავი გართობისა და დროის მოსაკლავი მოწყობილობის პირობებში არ ვიცი, როგორ მოვიქცე - ერთი მხრივ, არ მომწონს, როდესაც შენთვის რაღაცის აკრძალვა მიწევს. იმიტომ არა, რომ პასუხისმგებლობას გავურბივარ, უბრალოდ, არ ვარ დაწმუნებული, რომ ეს ჩემი მიზნის - შენი ნებისყოფის გამომუშავების მიღწევის სწორი გზაა. საკუთარ სურვილებთან გამკლავება ხომ თავად უნდა ისწავლო, გარედან ამის დაძალება დროებითია.
მეორე მხრივ, ტექნოლოგიები იმდენად საინტერესო სამყაროებს გთავაზობენ, რომ არც ის ვიცი, რამდენად სამართლიანია, აქედანვე თვითშეზღუდვის ასეთ რთულ ბრძოლაში ჩაგაბა...
როდესაც განმარტოების სიყვარულზე გწერ, არ მინდა იფიქრო, რომ ამით შენს მეგობრებთან ურთიერთობის მნიშვნელობას ვაკნინებ. პირიქით, ვფიქრობ, რომ საკუთარი თავის კარგად ცოდნა, ანუ საკუთარ თავთან კარგი ურთიერთობა უწინარესად სხვებთან ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში დაგეხმარება, რაც შენი მიზანი უნდა იყოს.
და გაითვალისწინე, რომ განმარტოება და მარტოობა სხვადასხვა რამეა. თუ განმარტოება აუცილებელია და დროებითი, მარტოობა, თუნდაც წამიერად ნაგრძნობი - აუტანელია. მარტოობა ურთიერთობების სიხშირეზე არ არის დამოკიდებული. შეიძლება ბევრ ადამიანთან ხშირად ურთიერთობდე, მაგრამ მარტოობას გრძნობდე, ისევე როგორც განმარტოებაში მყოფი მარტოობას არ განიცდიდე. გახსოვდეს, რომ ურთიერთობებს აქვს ხარისხი და ამ ხარისხსაც უპირველესად საკუთარი თავის ცოდნა განსაზღვრავს.
ამიტომ, შეიყვარე განმარტოება - დროებით საკუთარ თავთან დარჩენა და ისწავლე მასთან გულწრფელი ურთიერთობა.
წარმატებები,
მამა
მამის ბლოგი - წერილი N1
მამის ბლოგი - წერილი N2
მამის ბლოგი - წერილი N3
რესან ქიქავა - საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი;
ილიას უნივერსიტეტის პროფესორი