2 სექტემბერს, ფეისბუქზე, თბილისის ერთ-ერთ მუნიციპალურ ტრანსპორტში, ავტობუსში გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც ორი ქუჩის მუსიკოსი მღერის „დოლია ვარავსკაიას“. ვიდეოს 2000-ზე მეტი გაზიარება და 160-მდე კომენტარი აქვს. 5-10 წუთიანი „სქროლვაც“ საკმარისია იმისთვის, რომ წარმოდგენა შეიქმნა, რას ფიქრობენ ფეისბუქმომხმარებლები ამ საკითხზე. ათვალიერებ ამ ყველაფერს და საბოლოოდ, მიდიხარ დასკვნამდე, რომ თბილისის მერიაში შესაქმნელია „ქუჩის მუსიკოსთა და მათხოვართა სამუსიკო რეპერტუარის მაკონტროლებელი და ხარისხის მართვის დეპარტამენტი“ - ამ უწყებამ თვალი უნდა მიადევნოს და, საჭიროების შემთხვევაში, აკრძალოს ქუჩაში რუსულენოვანი, „ქურდული“ და, ზოგადად, ისეთი სიმღერების შესრულება, რომლებიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის პროგრესს და „აკრძალოს“ ასეთი მუსიკოსები.
ეს, რასაკვირველია, ხუმრობით. ერთი კონკრეტული ვიდეო და მასზე რეაქციების დაკვირვება, რა თქმა უნდა, განზოგადებისთვის ნაკლებად გამოდგება, თუმცა ეს საკითხი საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ნამდვილად აქტუალურია. ზოგადად, მსგავსი მოვლენები კარგი ტრიგერია სოციალური ფაშიზმის გამოსავლენად, რომელსაც ზოგი აშკარად და უმეტესობა უნებურად გამოხატავს ხოლმე. ვიდეოს შესახებ უამრავი აზრი გამოითქვა, ძირითადი ხაზი კი მაინც მთავრობის კრიტიკაა, თითქოს ამ მთავრობას გამოგონილი რეგულაციების გარდა სხვა საკრიტიკო ცოტა ჰქონდეს. უმეტესობა ირონიულად ითხოვს ვიდეოზე კალაძის „დათაგვას“, წუხან, რომ ისევ 90-იანებში ვბრუნდებით და კითხულობენ, სად არის ამ დროს მთავრობა; ზოგი სერიოზულად ითხოვს, რუსული „ქურდული“ სიმღერების კანონმდებლობით დარეგულირებას და ა.შ.
რთული მისახვედრი არაა, რომ მთავრობის კრიტიკა ამ შემთხვევაში ირიბი დაკვეთაა, რათა ხელისუფლება ჩაერიოს და „აკრძალოს“, ძირითადად, ღარიბი, „უგემოვნო“ და „ბნელი“ ხალხი, რომლებიც უკან, 90-იანების ჯოჯოხეთში„მიგვათრევენ“. ალბათ ისედაც არსებობს რაღაც ტიპის აკრძალვა, რეგულაცია საჯარო ტრანსპორტში სიმღერაზე, ხმაურზე, მაგრამ ფაქტი ერთია - იმ ორ ადამიანს „დოლია ვარავსკაიას“ ნაცვლად „რედიოჰედის“ რომელიმე სიმღერა რომ შეესრულებინა, ეს ყველაფერი არავის გაახსენდებოდა. ხალხის ნაწილი ავტობუსის სხვა მგზავრებს ცხვრებს ეძახის, თითქოს მგზავრების ვალდებულება სიმღერის ხარისხის კონტროლი იყოს. რიტორიკულად რომ ვიკითხოთ, მათ რა უნდა ექნათ? ეს ორი ადამიანი ჩაეგდოთ ავტობუსიდან? თუ ასეთი ბრუტალურობაც არ ვარგა და ლექცია უნდა წაეკითხათ გემოვნებიან მუსიკაზე? თუ ევროკავშირის ჰიმნი ემღერა ყველას ერთად და ასე გადაეფარათ მათი ხმები?
შეუძლებელია ამ კონკრეტულ შემთხვევაზე არ გაგახსენდეს ჭორ-მართალი იმის შესახებ, როგორ აკრძალა წინა ხელისუფლებამ, ოფიციალურად თუ ნახევრად ოფიციალურად, რესტორნებში რუსული სიმღერა, რასაც ნამდვილად ჰქონდა რეალური ეფექტი. პატრიოტული გრძნობებით, მაგრამ რაციონალური თვალსაზრისით (საწყენად არ ვამბობ) „შეფასებადაქვეითებულთა“ პოზიცია რესტორნებში რუსულენოვანი სიმღერების აკრძალვაზე მეტ-ნაკლებად გასაგებია - შეიძლება არ დაეთანხმო, მაგრამ, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, შესაძლოა გაუგო.
უფრო საინტერესოა საზოგადოების იმ წარმომადგენელთა ლოგიკა, რომლებსაც ინტელექტუალურ აზროვნებაზე აქვთ პრეტენზია და, გარკვეულწილად, მართლაც ახდენენ გავლენას საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. რუსული სიმღერის (და გააჩნია სიმღერასაც) მოწონება-არმოწონებაზე დავა უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ, რამდენად უნდა ერეოდეს სახელმწიფო ოფიციალურად ხალხის გემოვნების ჩამოყალიბებაში, ამაზე პასუხი, წესით, ძალიან მარტივია, მაგრამ... რუსულენოვანი სიმღერების აკრძალვის მომხრეთა ლოგიკას რომც გაჰყვე, საბოლოოდ მაინც ჩიხში აღმოჩნდები.
კარგით, ვთქვათ, მოხდა სასწაული და ავკრძალეთ „უგემოვნება“, აქ ისმება არაერთი შეკითხვა: ყველა რუსული სიმღერა უნდა აიკრძალოს თუ მხოლოდ „ქურდულები“? სიმღერა უნდა აიკრძალოს და მუსიკა არა? მაგალითად, ჩაიკოვსკიზე იქნება „საშვი“? ლეონტიევი, შუფუტინსკი და ალეგროვა ასაკრძალია, მაგრამ „დდტ“ და ზემფირა არა? თუ ყველა? ვთქვათ, კირკოროვმა გემოვნება შეიცვალა და საოპერო არიების შესრულება გადაწყვიტა, მაშინ „გავამწვანოთ“ ეგეც? ეს ყველაფერი ვინ უნდა გააკონტროლოს? პატრულმა? ეყოფა პატრულს კომპეტენცია? ხომ არ არის საჭიროება, შეიქმნას მუსიკათმცოდნეებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისია, რომელიც ჩამოთვლილ წინააღმდეგობებს გაუმკლავდება?
ყველანი ვხედავთ, რომ საბოლოოდ დიდ აბსურდამდე მივდივართ.
დავუბრუნდეთ ისევ იმ ავტობუსს, „დოლია ვარავსკაიას“ მომღერალ „არტისტებს“, მათ მლანძღველებსა და რეგულაციებით აჟიტირებულებს, ადამიანებს, რომლებსაც „პატრიოტული გრძნობები“ შეელახათ. მემარჯვენე პოზიციიდან შეხედავ თუ მემარცხენედან, ადამიანის ფსიქიკა ერთნაირია, როდესაც საქმე სხვადასხვა ტიპის რეგულაციებსა და აკრძალვებს ეხება. ფანტაზიას არ გააჩნია არანაირი ლიმიტი, ხშირად გვიჩნდება, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, სხვების გაკონტროლების სურვილი.
ამგვარი ჟინი, „ლაგამი ამოსდო“ სხვას, ხანდახან იმდენად აშკარაა, რომ მარაზმამდე მივდივართ, რასაც, სამწუხაროდ, პატრიოტიზმით, უსაფრთხოებითა და სხვა „სიკეთეებით“ ვამართლებთ, ხოლო მოწინააღმდეგეებს მტრის წისქვილზე წყლის დამსხმელებად უპრობლემოდ ვნათლავთ. სახელმწიფო ხშირად სჩადის მავნებლობას, სისულელეს ან/და სიბოროტეს... სავალალოა, რომ ამ ყველაფრის პირდაპირი თუ ირიბი დამკვეთი თავად მოსახლეობის ნაწილია.
კი, ბევრს უნდა ცხოვრობდეს ისეთ საქართველოში, სადაც ყველა შრომობს, სწავლობს, ყველას აქვს საკმარისი ფული და ღირსეული საცხოვრებელი პირობები, ხელი მიუწვდებათ უახლეს სამეცნიერო მიღწევებზე, არიან დაბანილ-მოწესრიგებულები, ლამაზები და უსმენენ „გემოვნებიან“ მუსიკას. ასეთ დროს უთუოდ გაგვახსენდება რელიგიური სექტებისთვის დამახასიათებელი ბუკლეტები, სადაც უამრავი იდილიური ფოტოა დაბეჭდილი - ოჯახი სუფთა მდელოზე სადილობს, ყველა ბედნიერია, ლომი ბავშვს ეთამაშება, ვეფხვს კალათით დესერტი მოაქვს... ამ იდილიაში ავტობუსში ორი მთვრალი, დაუბანელი, უკბილო და უფულო „მუსიკოსის“ შესრულებული „დოლია ვარავსკაია“ მართლაც „მოკლე ჩართვასავითაა“.
რა ვუყოთ ასეთ ხალხს?
პასუხი მარტივია - უნდა „ავკრძალოთ“.
სოსო დოლიძე - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი. ასწავლის რამდენიმე უნივერსიტეტში.