ბიძინა ივანიშვილისა და მამუკა ხაზარაძის დაპირისპირებამ ჩვენი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური ველი მთლიანად დაიკავა. მამუკა ხაზარაძემ სამოქალაქო პლატფორმა „ლელო“ დააფუძნა. პრეზენტაცია, მესიჯები და მისი წაკითხული ლექსი ალბათ ვერანაირ კრიტიკას ვერ გაუძლებს, მაგრამ ცოტა უკან გადავახვიოთ მოვლენები.
გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობიდან გადადგომა ყველაზე მეტად სწორედ ანაკლიის პორტს უკავშირდებოდა, რომლის პროექტიც თითქოს ხაზარაძემ კვირიკაშვილის დახმარებით ჩაიგდო ხელში. ბიძინა ივანიშვილს არ დაუმალავს უკმაყოფილება ამის გამო და ეს ეჭვები მხოლოდ „სამზარეულოდან“ გამოსული ხმებით არ ყოფილა გამყარებული.
მოკლედ თვალი რომ გადავავლოთ კვირიკაშვილის წასვლის შემდგომ პერიოდს და ივანიშვილის ინტერვიუს, ვნახავთ: „ორმა ბანკმა შეჭამა საქართველო და პრემიერი არაფერს აკეთებდა ამის საწინააღდეგოდ“. „ორ ბანკში“, რა თქმა უნდა, „თიბისი და „საქართველოს ბანკი“ მოიაზრებოდა. ბიძინა ივანიშვილის ეს გაფრთხილება ერთდროულად ორი კურდღლის დაჭერას ჰგავდა. ერთი ის, რომ ბანკის ვალი მართლაც თითქმის ყველას აქვს და, შესაბამისად, ბანკი არ სარგებლობს ხალხში დიდი სიყვარულით. ამით მან ხალხს იმედი გაუჩინა, რომ ბანკებს ივანიშვილის მსგავსი გავლენიანი ადამიანი თუ მიუჩენდა თავის ადგილს, და მეორე, ხაზარაძეს გაუგზავნეს გაფრთხილება, რომ მას პორტი ასე მარტივად არ შერჩებოდა.
ამ განცხადების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდა, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, შემდეგი პრემიერის ინიციატივით, ბანკებში „გაშავებულ“ კრედიტორებს ვალი ჩამოაწერეს. შესაბამისად, მოსახლეობა იღებს მესიჯს, რომ ივანიშვილმა ბანკებისთვის ადგილის მიჩენა დაიწყო, რომ ბანკები იოლად ვეღარ „შეჭამენ“ მოსახლეობას. ეს ნაბიჯები პოლიტიკური ქულების დაწერა იყო და წინასწარ ამზადებდა მთავარ დარტყმას, ანუ მამუკა ხაზარაძის „ბანკიდან გაყვანას“. მოსახლეობას კი დიდი პროტესტი არ უნდა ჰქონოდა. რა თქმა უნდა, არც აქვს.
თემას აქტუალობა დაუბრუნდა მაშინ, როცა ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძის გადაყენება მოითხოვა. იმის მიუხედავად, რომ ხაზარაძემ და საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა რამდენიმე დღე ემოციურ განცხადებებსა და ბრძოლის ჟინის ჩვენებაში გაატარეს, მამუკა ხაზარაძე ბანკიდან წავიდა და ბრძოლის ველი პორტზე გადაიტანა (ან გადაატანინა).
პოლიტიკური თუ ბიზნესთამაშების უკან შეიძლება ივანიშვილის ეჭვიანი, პარანოიდული ხასიათიც დიდ როლს თამაშობს. თუ თვალს მის საქველმოქმედო საქმიანობას, თუ როგორ ეხმარებოდა ერთ დროს ქართული ელიტის წარმომადგენლებს - ხელოვანებს, სპორტსმენებს გადარჩენაში და შემდეგ განვითარებაში (რაგბი)... და თუ შემდეგ გავყვებით მამუკა ხაზარაძის საქმიანობას, რომელმაც მწერლებისთვის შექმნა „საბა“, ქართველ მწერალთა ნაწარმოებების ამონარიდებით მორთო ავტობუსის გაჩერებები, ხელოვნების დამფასებლის იმიჯი შეიქმნა, ბევრ საერთოს აღმოვაჩენთ. ეს ყველაფერი ივანიშვილს ალბათ არ მოსწონს და სურს, რომ ქველმოქმედის სახელი მხოლოდ მას ჰქონდეს და ვერ იტანს, რომ ამ „კარგ“ საქმეში ვიღაც ეცილება. ანუ, არსებობს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მსახიობები თუ სხვა პროფესიის წარმომადგენლები გადაარჩინა, და არსებობს მამუკა ხაზარაძე, რომელიც იმავე მეთოდებით და იმავე სფეროებში ქველმოქმედებას ეწევა. კიდევ ერთხელ უნდა ითქვას მკაფიოდ - არ არის გამორიცხული, ივანიშვილს ეგოისტურად სურდეს, ქველმოქმედებასთან მხოლოდ და მხოლოდ მისი გვარი ასოცირდებოდეს და ამიტომ ხაზარაძის წინააღმდეგ, გაუცნობიერებლად, სწორედ ეს ეჭვიანობა ამოქმედებდეს. გავიხსენოთ ისიც, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლა (ციხის კადრების გარდა) სწორედ ქველმოქმედებამ და ცნობილი ხალხის დიდი არმიის მხარდაჭერამ განაპირობა... შესაძლოა, პარანოიდულად ეჭვიანობდა მამუკა ხაზარაძეზე, რომელსაც, ადრე თუ გვიან, ასეთივე ამბიცია გაუჩნდებოდა - მათი გზები ხომ ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
მამუკა ხაზარაძემ სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნება ერთი თვის წინ დაგვიანონსა და შექმნა მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილს უჩნდებოდა სერიოზული კონკურენტი, რომელსაც შეეძლო მისი პოლიტიკიდან ჩამოშორება.
მაგრამ საბოლოოდ რა ვნახეთ?
შეშინებული მამუკა, რომელიც კითხულობს მრავალჯერ წაკითხულ ლექსს, ქმნის ჯგუფებს, რომლებსაც შეადგენენ „წარმატებულები“, ამბობს სადღეგრძელოს და ბოლოს დაფაზე წერს - „ლელო“.
ანუ, მამუკას სჯერა, რომ სოციალურად დაუცველ საქართველოში საბანკო სფეროდან წავა პოლიტიკაში, იტყვის სადღეგრძელოს, დაგველაპარაკება 12 წარმატებულ ადამიანზე და... ბიძინა ივანიშვილიც შეიცვლება. ახლა რომ შევადაროთ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის დღეები და ხაზარაძის დაფასთან დგომა, აშკარად გამოჩნდება, ვინ რა მასშტაბით მუშაობს.
მამუკა ხაზარაძის სამოქალაქო პლატფორმა არის ძვირად ღირებული მარკეტერების სუსტი პოლიტიკური ნამუშევარი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის 12 გიორგი გახარია უმარტივესად დაშლის.
მამუკა ხაზარაძემ თითქოს სცადა ახალი პოლიტიკური ნარატივის შექმნა, მაგრამ დატრიალდა იმ წრეზე, სადაც მოკვდა ზვიად გამსახურდია, ჩაი დალია მიშამ, სახლში წავიდა ედუარდი და გარეპა ბერამ. წაიკითხა ლექსი, დალია ყანწიდან და წარმატებულების პოლიტიკაში წაყვანა გადაწყვიტა. წარუმატებლებისთვის კი არაფერი ჰქონდა სათქმელი. საერთოდ, ასეთებისთვის მამუკა არასდროს მუშაობდა. მათგან მხოლოდ ფულს იღებდა, იმისთვის რომ ბოლოს აქ მოსულიყო, მასზე დიდ ძალას შეჯახებოდა და უგზო-უკლოდ დაკარგულს პოლიტიკაში ამოეყო თავი. ჩართეთ კიდევ ერთხელ პრეზენტაცია და ნახავთ გზააბნეულ ადამიანს, რომელიც ელიტურ შეკრებაზე შველას ითხოვს, დაფასთან ლექსს კითხულობს და ელოდება, ანაკონდა როდის გაგუდავს საბოლოოდ.
მეგობარმა კატამ მითხრა, მე რომ შემეძლოს თქვენი წაყვანა აღთქმულ მიწაზე, არ წაგიყვანდით, რადგან სხვა მოსე იქიდან წამოგიყვანდათო.
ჩვენი უბედურება ის არის, რომ ის მოსეც არ გვყავს, ვინც აღთქმულ მიწამდე მიგვიყვანს. ჩვენი მოსეები თვითონ მიდიან, ჩვენ სადღაც გზაში გვტოვებენ და ქრებიან. შემდეგ ჩნდება მეორე მოსე და ისიც დაგვძრავს ადგილიდან, თითქოს სადღაც წაგვიყვანს, მაგრამ ისევ მარტოები ვრჩებით მორიგი მოსეს ლოდინში. რეალურად კი მოსე არ არსებობს, არც აღთქმული მიწა. ყველაფერი ჩვენი წარმოსახვაა, სიღარიბიდან წამოსული მდიდრების შიში და სიყვარული.