როგორც წესი, საერთოდ არ ვეხებით და არ განვიხილავთ იმას, რასაც საკრალურ მნიშვნელობას ვანიჭებთ. „წმინდა“ ჩვენთვის ხელშეუხებელს ნიშნავს, რაღაც ისეთს, რასთან მიმართებითაც კითხვის დასმაც არ მოსულა. ამიტომ არც „ვეფხისტყაოსანს“ ვიცნობთ ისე, როგორც საჭიროა და არც ჩვენი წმინდანების ვნებებზე ვიცით.
ეს იგივეა, ქრისტიანულმა სამყარომ პავლეს სავლეობა არ იცოდეს; შავი მოსეს ავაზაკობა, ან მაგდალინელისა და მეგვიპტელის მრუშობა.
რა ფასი ექნებოდა მათ გარდასახვას იმ ცოდნის გარეშე, თუ რისგან დაიხსნეს თავი, რა განსაცდელი და სიმძიმე გამოიარეს, რაზე თქვეს უარი და რამ მისცა მათ იმის ძალა, რომ საკუთარ თავში საბოლოოდ ჩაეკლათ ის ვნებები, რომლებიც მოიძულეს.
სინანულის ძალა ხომ მხოლოდ ამ დროს ჩანს?
საუკუნეზე მეტიც გავიდა, მაგრამ ჩვენი ერთ-ერთი წმინდანისგან მაინც დისტანცირებული ვართ, იმის მაგივრად, რომ თითოეული დეტალი ვიცოდეთ მასზე. უნდა ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით ილიას გაწმინდანება ვერ გამოდგა კარგი საქმე. თუმცა ესეც ძველი ამბავია. ოდითგანვე ყველა ცდილობდა, რომ ეს დიდი სახელი მიესაკუთრებინა.
მტერი ჯობია ახლოს გყავდესო, ნათქვამია. ამიტომ ილიას „ბანი” მოხსნეს, აღარ იყო აკრძალული არც მისი ხსენება და არც მისი დანატოვრის გავრცელება, უბრალოდ, პროპაგანდისტები ავრცელებდნენ, რომ კომუნისტი იყო.
სტალინური დღეებნის ქრონიკა ასეთია.
სურათი არ იცვლება. ილიას ყველა პოლიტიკური პარტია იჩემებს, გინდა თუ არა, ცოცხალი რომ ყოფილიყო, ჩვენ გვერდით იდგებოდაო.
ილია ელ-ჯი-ბი-თი დროშით!
ილია შეძახილით: ჯოს! ჯოს! ჯოს!
ილია კომბლით ხელში!
ილია ილიას წინააღმდეგ!
ერთგვარი დროშის როლს თამაშობს, ყველას რომ უნდა, თავისთან ჰქონდეს.
ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ოდითგანვე ასე დოგმად მოიხარშა - ილია უდრის ჭეშმარიტებას!
ეკლესიამ კი სულაც მიითვისა, შარავანდედი დაადგა და ხელშეუხებლად აქცია. ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ლოცულობს კიდეც მასზე და არც კი ვიცი, რას სთხოვს. გამომდინარე იქიდან, რომ ლოცვა სამი სახის არსებობს (სადიდებელი, სავედრებელი, შესანდობარი), ალბათ ადიდებენ, ან იქნებ შენდობასაც სთხოვენ იმისთვის, რომ დღემდე იკვლება სამსხვერპლოზე.
ბევრ ჩვენგანს გაუვლია თავში, ნეტავ რას იფიქრებდა ილიკო, ცალი თვალი მაინც რომ მოეკრა იმისთვის, თუ როგორ აქციეს კერპად, როგორ ამახინჯებენ დღემდე მის სიტყვას, როგორ უცვლიან კონტექსტს.
მისი ანდერძად დატოვებული სიტყვაც ხომ შევცვალეთ, მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთესად ჟღერს.
წმინდანად შერაცხვის კრიტერიუმი უმთავრესად სინანულსა და თავგანწირვას ეფუძნება. იდეაში, ილია თავგანწირვისთვის იქცა წმინდანად. არგუმენტი ასეთია - მისი მთელი ცხოვრება ხომ ქვეყანაზე ფიქრში გაილია.
„ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენ ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის“ - ეს მისი სიტყვებია. ჩვენი დანაშაული კი ის არის, რომ ნაკლებად ვიცნობთ მის ვნებებს, სისუსტეებს, მანკიერებებს, არ ვიცნობთ როგორც ადამიანს, ვიცნობთ როგორც იდეალს. ღმერთკაცს! წმინდანს.
ვერასდროს იქნება ადამიანის თავგანწირვა დაფასებული, თუ არ იცი, რეალურად რა მსხვერპლი გაიღო, რა ბრძოლა უწევდა საკუთარ თავთან, უმძიმეს ხასიათთან, რომელსაც უმეტესად ერეოდა, მაგრამ მარცხიც მოსვლია.
ამიტომ ალბათ მნიშვნელოვანია, რომ მის კონფლიქტებსაც ვიცნობდეთ. იმას, რასაც სკოლებში არ ასწავლიან ან მხოლოდ ორი სიტყვით შემოიფარგლებიან ხოლმე.
კონფლიქტებს ასევე გამოჩენილ ხალხთან, დიდი ღვაწლის ხალხთან. თაობათა ომს არ შევეხები, რადგან ეგ ზუსტად ის ნაწილია, რასაც სკოლებში ყოველთვის ასწავლიდნენ.
დიდ ინტერესს იწვევს ის, თუ რატომ ხოცავდნენ ერთმანეთს ილია ჭავჭავაძე და ნიკო ნიკოლაძე. ბევრი მსგავსება და ბევრიც სხვაობა ჰქონდათ ერთმანეთთან, გარდა მძიმე ხასიათისა; ორივეს მეუღლეს ოლღა ერქვა და ორივე გურამიშვილი იყო გვარად.
იმასაც კი ამბობენ, ვერ იტანდნენ ერთმანეთსო. ცნობილი ამბავია, რომ სულ მცირე ორი დუელი უნდა გამართულიყო მათ შორის, ერთ შემთხვევაში ილიკომ გაიწვია დუელში. მაჩაბლებისგან ვიცით მიზეზიც. ივანემ თავის გამზრდელ ძმას გაუგზავნა წერილი პეტერბურგში, შემდეგი ტექსტით: „ნიკოლაძემ ჭავჭავაძეს ცოტაოდენი გადაჰკრა „ობზორ“-ში, რატომ ხმას არ იღებს ჩემს ლაპარაკზედაო. ჭავჭავაძე გაცხარებულიყო და ეს დიდი შეცდომა მოსვლოდა, ნიკოლაძე დუელში გამოეთხოვა“.
მეორე შემთხვევაში ნიკომ გამოიწვია. თუმცა, მადლობა ღმერთს, არცერთი დუელი არ გამართულა. გარშემომყოფებმა არ დაანებეს.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პირველი დუელი, როცა ნიკო ნიკოლაძის სეკუნდანტი, პოეტი სიმბორსკი ჩაერია და ამ ორს ერთმანეთის მოკვლა არ დაანება. ცრემლით ჩაერია, სროლამდე ატირდა.
ალბათ ვერცერთს შეჰბედა იმის ახსნა, რომ თავიანთი დროის ყველაზე დიდ ქართველებს ერთმანეთი არ უნდა დაეხოცათ.
რა მოხდებოდა, ერთ-ერთი დუელი მაინც რომ გამართულიყო? ნუთუ ექნებოდა მნიშვნელობა, რომელი რომელს მოკლავდა? ფაქტია, რომ ეს ორი დიდი კაცი ძალიან დაპატარავდებოდა.
მეტად ცნობილი ამბავია კონფლიქტი ივანე მაჩაბელთან, რომელიც ილიკოს დიდად ეიმედებოდა. თავადვე მიიყვანა ბანკში და სწორედ ბანკის საქმეები გახდა იმ კონფლიქტის დასაწყისი, ბოლოს სიძულვილში რომ გადაიზარდა.
როგორც იწერებოდა, ბანკის სხდომებმა თეატრის შენობაში გადაინაცვლა, სადაც ილიისტები და მაჩაბელისტები იკრიბებოდნენ და იყო ერთი ამბავი. თავ-ყბაც დაულეწავს იმ ხალხს ერთმანეთისთვის და იარაღიც უტრიალებიათ.
ყოფილა შემთხვევა, როცა ილიას და ივანესაც კი აღარაფერი უკლდათ, ერთმანეთს ხელით შეხებოდნენ.
არაერთხელ დაწერილა ერთი გლეხის ამბავზეც, ივანე რომ მუდმივად გადაუვადებდა ვალს, მაგრამ ილიამ გადაცდენა არ აპატია და მიწა გაუყიდა. ბანკს თავის წესები აქვს და სხვანაირად არც მაშინ გამოდიოდა, როგორც ჩანს.
საბოლოოდ, ერთმანეთის დანახვაც აღარ სურდათ და როცა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შეხვედრები იმართებოდა, ან ერთი არ ესწრებოდა, ან მეორე.
არადა, ერთ დროს მეფე ლირი თარგმნეს, ერთად.
ილიას ცხოვრების საზრისი ყოველთვის ერის მამობაზე იდგა და ეს სიძულვილიც ჭირვეული შვილის მიმართ სიბრაზეს ჰგავდა.
იქნებ უშვილობაც დაეხმარა საზრისის გაცნობიერებაში, რომ დაკარგულ ხალხს მამა სჭირდებოდა. თუ ასეა, ისიც უნდა სცოდნოდა, რომ ადრე თუ გვიან მოვკლავდით.
სკოლაში სწავლისას არასდროს მიფიქრია განრისხებულ ილიაზე, წყობიდან როა გამოსული და მზად არის, ვინმე შუაზე გაგლიჯოს, მით უმეტეს - უახლოესი ადამიანი, უზომოდ რომ უყვარდა და როგორღაც მაინც შესძულდა.
აკაკი წერეთლის მწარე ენის ამბავი ყველას კარგად მოეხსენება, ილიკოსა და მაჩაბლის კონფლიქტი ერთი ხუმრობით აღწერა. როცა ივანე მაჩაბელი იდუმალებით მოცულ ღამეს გაუჩინარდა და მტკვარში ეძებდნენ დამხრჩვალს, მაგრამ ვერავინ იპოვა, აკაკიმ იხუმრა: „ივანემ რომ ამოყვინთოს ახლა და ილია დაინახოს, ალბათ ისევ წყალში ჩახტება დასახრჩობადო“.
ბავშვობიდან თვალს ვადევნებდი ძეგლს, რომელიც კლასიკური გიმნაზიის წინ დგას. ილია და აკაკი. კარგი ძმაკაცებივით გვერდიგვერდ მდგარნი, ერთი სიმაღლისა და ერთი სისქის. საბჭოთა ზღაპარი ძმაკაცობაზე.
საერთო, მგონი, არც არაფერი ჰქონიათ, გარდა იმისა, რომ ორივეს ძალიან უყვარდა თამაში. ორივე აზარტული იყო და დღევანდელ დღეს კაზინო „აჭარაში“ დააღამებდნენ. თუმცა თამაშითაც კი სხვაგვარად თამაშობდნენ: ამბობენ, რომ ილიკოს შედეგი აინტერესებდა, მოგება უყვარდა. აკაკი პროცესით კაიფობდა.
შეიძლება მათი გათანაბრებაც მცდელობა იყო ილიკოს დაპატარავებისა. აბა, აკაკის მნიშვნელობის გაზრდა არც არავის აძლევდა ხელს და, მგონი, არც საჭიროებდა. ხალხი აღმერთებდა და სიყვარული უკვე დიდი ჯილდო იყო.
მათი კონფლიქტი პირდაპირი არ ყოფილა. არც დუელისკენ გაწეულან, არც სიძულვილი ყოფილა, არც სიყვარული. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ორივემ იდეალურად იცოდა ერთმანეთის ფასი.
არ ვიცი, ამჟამად რას ასწავლიან სკოლებში, დღევანდელ დღესაც ხომ აუცილებლად იქნებიან ილიისტები, მაჩაბელისტები და ნიკოლაძისტები. იქნებ ვინმეს აკაკის სიმარტივე ყველაზე მეტად მოეწონოს.
ალბათ ისევ ხდება მათი იდეალიზება, ისევ ამყარებენ ხატს, რომელზე ლოცვის შედეგადაც ჩნდება მესიანური მოლოდინი, რომ ოდესმე ისევ დაიბადება წმინდანი, რომელიც გაუძღვება ქვეყანას გაბრწყინებისკენ.
როდის იყო, ხალხი წმინდანს ცნობდა? წმინდანებიც სწორედ იმიტომ ხდებიან, რომ, როგორც წესი, ვერ ცნობენ და ცხოველივით იკვლებიან.
აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,
საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას,
შთააგონებდე კაცთა სიყვარულს,
ძმობას, ერთობას, თავისუფლებას.
ამ ტექსტმა კიდევ ერთი ეჭვი გააჩინა, საფრანგეთის რევოლუციის ფონზე. ნუთუ ასე შემთხვევით გაისროლა ის სამი სიტყვა, რევოლუციონერებმა რომ მთავარ დევიზად აქციეს?
საგურამოს სახლ-მუზეუმში ინახება მე-19 საუკუნის ფრანგი მხატვრის სურათი, სახელწოდებით - „ჟაკ დე მოლის მიღება ტამპლიერთა ორდენში“. ამბობენ, ეს სურათი ოლღა გურამიშვილმა ჩამოატანინა თავის დროზეო. იმ ოლღამ, შიმშილით რომ ამოხდა სული.
ილიას თავისუფალ კალატოზთა საძმოს წევრობის იდეას იმაზე მეტადაც კი აქვს არსებობის უფლება, ვიდრე მის კომუნისტობას, ნეოლიბერალობას ან წმინდანობას.