პირველად, როდესაც ჩემი და, თავის ბავშვებთან ერთად, საქართველოში ჩამოვიდა, აღფრთოვანებული იყო იმით, თუ როგორი ჯანმრთელები არიან ქართველი ბავშვები. ვინც კი ამერიკაში ყოფილა, დაგიდასტურებთ, რომ იქ (ისევე, როგორც მდიდარი ქვეყნების უმრავლესობაში) თითქმის სიმსუქნის ეპიდემიის ზღვარზე არიან.
უცნაურია, მაგრამ როგორც წესი, ამერიკაში ღარიბი ხალხი უფრო მსუქანია, ვიდრე მდიდარი. მიზეზი სოფლის მეურნეობის სუბსიდიები და საკვები პრუდუქციის სისტემის ორგანიზაციაა - თუ ბევრი ფული არ გაქვს და თან რამდენიმე სამსახურში მუშაობ, ხშირად გიწევს ისეთი საჭმლის ყიდვა, რომელიც ყველაზე იაფი და მოსახერხებელია, მაგრამ ამავე დროს, საშინლად ასუქებს. მდიდარ ხალხს კი შეუძლია ჯანმრთელი, ორგანული, სახლში დამზადებული საკვები ჭამოს.
საქართველოში ახლა საკვებისა და სოფლის მეურნეობის შესახებ დისკუსია აქტიურად მიმდინარეობს. დადებს საქართველო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ევროკავშირთან? თუ კი, მაშინ რას მოუტანს ეს ქართულ სოფლის მეურნეობას? თბილისში აგრარული ბაზრების რაოდენობა უკვე შემცირდა. «გუდვილს» კი ინტენსიურად შემოაქვს ნახევარფაბრიკატი საკვები. ეს საკვები მოსახერხებელია და ძვირიც არ ღირს, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ასუქებს. ჩვენი გემოს რეცეპტორები მომართულია სამ რამეზე: შაქარზე, მარილსა და ცხიმზე. მნიშვნელობა არ აქვს, რა სახის დამუშავებული საკვებია, თუ ბევრი ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი აქვს, მაშინ ჩვენთვის მოსაწონი იქნება. აქედან გამომდინარე, დროთა განმავლობაში ნახევარფაბრიკატი საკვების მწარმოებლებმა საკვებში ამ სამი ინგრედიენტის წილი გაზარდეს. სავაჭრო ბარიერების მოსპობის შედეგად, ინდუსტრიული, ნახევარფაბრიკატი საკვების მწარმოებლებისთვის ძალიან ადვილია საკვები პროდუქციის საქართველოში შემოტანა.
ახლა, როდესაც საქართველოში ბევრს ჰყავს ავტომობილი, ადამიანების გარკვეული კლასი შეიქმნა, რომლებიც ფეხით საერთოდ არ დადის. ადრე ჭარბი წონა მხოლოდ უფროსი ასაკის ხალხს აწუხებდა, ახლა კი ისეთი ბავშვები იყურებიან მანქანების ფანჯრებიდან, ან დადიან «გუდვილში», რომ წონის დაკლება ნამდვილად არ აწყენდათ.
ეს უკვე საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხია. რა არის საზოგადოებრივი ჯანდაცვა? ეს ნიშნავს საზოგადოების ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით ყველა დონის პოლიტიკური გადაწყვეტილების გადახედვას. ქვეყნები, რომლებსაც საუკეთესო საჯარო ჯანდაცვა აქვთ, ძირითადად ნაციონალიზებული ჯანდაცვის სისტემაზე არიან და ამავე დროს, იქ ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საჯარო ჯანდაცვის პერსპექტივიდან უყურებენ.
მედიცინა ცალკე საკითხია. ექიმების საქმე პაციენტების მკურნალობაა. არსებობს ქვეყნები, სადაც, თუ მდიდარი ხარ, ავად გახდომა მშვენიერი რამაა, ხოლო თუ ღარიბი ხარ - ყველაზე დიდი ტრაგედია. ამერიკა სწორედ ასეთი ქვეყნის მაგალითია. საჯარო ჯანდაცვის პერსპექტივიდან ამერიკას სერიოზული პრობლემები აქვს.
საქართველოს ჯანდაცვის სფეროში, ბოლო წლების განმავლობაში, ცოტა რამ გაკეთდა. ეს მართლაც კომპლექსური სექტორია, და ამას ჯანდაცვის რეფორმაზე ერთწლიანი დავის შემდეგ, ბევრი ამერიკელი დაგიდასტურებთ. ამჟამად საქართველოში ახალი მოძრაობა წარმოიშვა, რომლის მიზანიც ჯანდაცვის პრობლემების მოგვარებაა. ეს თემები ბოლო დროს ხშირად ჩნდება ახალ ამბებში. პირველი და უმთავრესი საკითხი, რომელიც ჯანდაცვის საკითხზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, ექიმებსა და საავადმყოფოებზე საჯარო ხელმისაწვდომობაა.
მეორე საკითხია ისეთი სისტემის აწყობა, რომლის მისაწვდომობაც მოგვარებული იქნება მათთვის, ვისაც მკურნალობის ხარჯების დასაფარი ფული არ აქვს, ან ჯანდაცვის დაწესებულებებისგან მოშორებით ცხოვრობს, ბავშვებისთვის, მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ და ა.შ. ჯანდაცვა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ისედაც დაზარალებულ მდგომარეობაშია. საზოგადოებას მათთან მიმართებაში გარკვეული პასუხისმგებლობა აკისრია. რა დონის პასუხისმგებლობა და რა შემთხვევაში, ეგ სადავო საკითხია, მაგრამ მხოლოდ ძალიან გულქვა ადამიანები თუ იტყვიან, რომ საზოგადოებას მათთან მიმართებაში პასუხისმგებლობა საერთოდ არ აქვს.
მესამე საკითხია გარკვეული ტიპის პრევენციის დანერგვა. ყველამ იცის, რომ მოწევა კლავს და სწორედ ამიტომ მწეველთა რიცხვის შესამცირებლად ზოგიერთ მდიდარ ქვეყანაში უამრავ კანონს და გამაფრთხილებელ პოსტერს აღმოაჩენთ. ასეთი საჯარო ჯანდაცვის საკითხი კიდევ მრავალია, სადაც მოკრძალებული წინასწარი ინვესტიცია სახელმწიფოსა და საზოგადოებას მომავალ დიდ ხარჯებსა და მკურნალობის ძალისხმევას თავიდან აარიდებს.
და ბოლოს, საჯარო ჯანდაცვის ყველაზე რთული ასპექტი ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილების ჯანდაცვის პერსპექტივიდან განხილვაა. ახლა მთავრობის პრიორიტეტი გადასახადების და ბიუროკრატიის შემცირებაა. ამ პოლიტიკის შედეგია, რომ საერთაშორისო სტანდარტებთან შედარებით, საქართველოში სიგარეტზე გადასახადები ნაკლებია და აქედან გამომდინარე, ფილტვის კიბოთი დაავადებულთა რიცხვიც დიდია.
ასე რომ, ჯანდაცვა არ ნიშნავს მხოლოდ ექიმებთან მისვლას და მათთვის ანაზღაურების გადახდას. ჯანმრთელობის დაცვა, პირველ რიგში, ჭკვიანური პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება და სახელმწიფოს სწორი დამოკიდებულებაა მოსახლეობის ჯანმრთელობის მიმართ.
ინგლისურიდან თარგმნა გიორგი ცხადაიამ.