Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სომეხი მოდელი vs ბურჟუაზიის მოკრძალებული კინოთეატრი „აპოლო“

02 ოქტომბერი 2019

პირველი კინოვარსკვლავი, რომელზეც ჟურნალებში სტატიების წერა, ხოლო ჟურნალისტებმა ქუჩაში მისი დევნა დაიწყეს, ფლორენს ლოურენსი იყო. კინოკომპანიამ, რომელშიც ის მუშაობდა, სპეციალურად გადამალა მსახიობი, რათა მისი გაქრობის გამო უამრავი ჭორი და მითქმა-მოთქმა ატეხილიყო. სწორედ ამ დროიდან იწყება ეგრეთ წოდებული „კინოვარსკვლავთა სისტემის“ ისტორიაც. ლოურენსი იყო პირველი ქალი, რომლითაც ჰოლივუდის ინდუსტრიამ სილამაზის სტანდარტების დაწესება დაიწყო და ქალის, როგორც სექსუალური და „ლამაზი“ არსების წარმოჩენა კინოს პოპულარულ ხერხად აქცია. ლამაზ მსახიობებს გაუჩნდათ ბევრი ფული, რადგან მათ გადაბირებას ცდილობდნენ უამრავი კინოკომპანიის, მრავალი სარეკლამო ბიზნესის წარმომადგენლები თუ ჟურნალების რედაქტორები.

გასული საუკუნის 10-იან წლებში მოდური გახდა დიდმკერდიანი და დიდფორმებიანი ქალი, შესაბამისად, გამხდარი და „უმკერდო“ ქალი სიმახინჯედ მიაჩნდათ და ასეთები არათუ ჟურნალების გარეკანზე ვერ მოხვდებოდნენ, კინოსთვისაც გამოუყენებელ მსახიობებად იქცნენ. სწორედ დაწესებული სილამაზის სტანდარტების მსხვერპლი იყო ცნობილი სექსსიმბოლო მერილინ მონროც, რომელსაც სულაც არ ახარებდა თავისი სექსუალობა და ლამაზი ფორმები, რადგან სიკვდილამდე ფილმში სერიოზული როლის შესრულებაზე ოცნებობდა. სილამაზის სტანდარტები თავიდანვე ჩაგვრისა და დათრგუნვის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ საშუალებად იქცა. ის დროდადრო იცვლებოდა...

ახლა თავდაპირველი სტანდარტების საპირისპირო მოცემულობაა. თუ გინდა გახდე ჰოლივუდის ვარსკვლავი ან რომელიმე მოდის სახლის მოდელი, აუცილებელია გქონდეს გრძელი ფეხები, ლამაზი თმა და აბზეკილი ცხვირი. ამ მოცემულობას ხან დიდი ტუჩები, ხანაც აპრეხილი წამწამები ემატება. მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს... ვიღაც ზის და იგონებს ამ აბსურდის თეორიებს და შემდეგ ყველა, ვისაც მსახიობობა, მოდელობა ან თუნდაც გადაცემის წამყვანობა სურს, ცდილობს ვიღაცის გამოგონილ სტანდარტებს აჰყვეს.

მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნემ, წინა ასწლეულის 10-იანი, 20-იანი და 30-იანი წლებისგან განსხვავებით, მეტად დააფასა ბუნებრივი სილამაზე, და არაერთი რეჟისორი თუ დიზაინერია, რომლებსაც ეს კონკრეტული სტანდარტები სულ ფეხებზე ჰკიდიათ, მასა მაინც სილამაზის კონკრეტულ სტანდარტებსა და მაჩვენებლებს ეყრდნობა. ბევრი ქალი, როგორც ოდესღაც მერილინ მონრო, სწორედ ამ სილამაზის გამო ხდება მიუღებელი იმ სოციუმში, სადაც უნდა, რომ იყოს.

ლამაზი და ჭკვიანი ქალი ერთად ხომ წარმოუდგენელი ჰგონიათ? თითქოს არსებობს ასეთი სტანდარტი, რომ ჭკვიანი და მიზანდასახული ქალი აუცილებლად „მახინჯი“ და „არაკომუნიკაბელური“ უნდა იყოს, ლამაზ ქალს კი ყოველთვის მხოლოდ „ლამაზ ქალად“ აღიქვამენ და მას ხშირად უჭირს თავისი ნიჭიერების წარმოჩენა.

ასეთი მიდგომა შედარებით განუვითარებელ ქვეყნებში არსებობს, ისეთში, როგორიც საქართველოა და სადაც ქალის ჩაგვრა დღემდე ერთ-ერთ ყველაზე თავმოსაწონებელ ქცევად ფასდება.

სამწუხაროდ, ამ ყველაფრის თვალსაჩინო მაგალითი ცნობილი მოდის სახლის, GUCCI-ის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენება აღმოჩნდა, რის შემდეგაც ფეისბუკის ქართველ მომხმარებლებს ისტერიული შეტევა არა ჩვენების იდეაზე, არამედ მოდის სახლის ერთ-ერთ მოდელზე, 23 წლის არმინე არუთინიანზე დაემართათ.

რეალური ამბავი კი ასეთია: GUCCI-მ გადაწყვიტა, 2020 წლის ჩვენებაზე ფსიქიკური ჯანმრთელობის კომერციალიზაციის საფრთხეებზე გაემახვილებინა ყურადღება და მოდელები ქამრებით შებოჭილ უნიფორმებში შემოსა. ჩვენების მთავარი გზავნილი იყო სოლიდარობა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მიმართ და მოწოდება, რომ ასეთები საზოგადოებისგან კი არ უნდა გავრიყოთ, პირიქით, ხელი შევუწყოთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ჰქონდეთ.

ქართველი ფეისბუკმომხმარებელი სრულიადაც არ დაინტერესებულა შოუს იდეით; ბოლო რამდენიმე დღეა, უამრავი მათგანი მხოლოდ მოდის სახლის „მახინჯ“ სომეხ მოდელზე წერს. სტატუსებს ისეთებიც აქვეყნებენ, რომ ჰკითხოთ, პედრო ალმოდოვარის კინო და „პედროს ქალები“ უყვართ. პედროს ქალები კი ყოველთვის არასტანდარტული გარეგნობის არიან, მათ არასდროს აქვთ დიდი ტუჩები, პატარა ცხვირები და დაკულულებული თმა.

მაგალითად, გავიხსენოთ ფილმი „კიკა“, რომელშიც მთავარ როლს ვერონიკა ფორკე, ხოლო ერთ-ერთ როლს ქართველებისგან ასევე „მახინჯად“ წოდებული როსი დე პალმა ასრულებს. საინტერესოა, რომ „კიკა“ იყო პირველი ფილმი, რომლის გადაღებების დროსაც ალმოდოვარმა ცნობილ დიზაინერ ჟან-პოლ გოტიესთან ითანამშრომლა. სწორედ გოტიეა ფილმის გმირების კოსტიუმების ავტორი.

21-ე საუკუნე მსოფლიოსთვის უკვე თავისუფლების ეპოქაა. ნელ-ნელა ქრება არა მხოლოდ სილამაზის, არამედ ნებისმიერი დაწესებული სტანდარტები. ადამიანები არა ოფისებში, არამედ თავისუფალ ტემპსა და დროში მუშაობასაც კი ამჯობინებენ, რადგან თავისუფალ რეჟიმში ფულის გამომუშავებაც კი ბევრად გაადვილდა. ლამაზი ხდება ყველაფერი, რაც ბუნებრივი და არაორდინარულია, აღარ არსებობს მიმბაძველობა და ლამაზ კადრსაც კი მხოლოდ ინდივიდუალური გაგება აქვს. თუმცა საქართველო რატომღაც რჩება კონკრეტული სტანდარტებისა და დოგმების მოტრფიალე ქვეყნად.

სიმბოლურია, რომ სწორედ ახლა სომეხი მოდელის გამოსვლა ერთმა საინტერესო თემამ გადაფარა: საქართველოში გახსნილი პირველი კინოთეატრი „აპოლო“, რომელიც 1909 წლიდან არსებობს, რომლის კედლებშიც დაიდგა პირველი სინემატოგრაფი და სადაც შეიძლება ოდესღაც ლუმიერების ჩვენებაც კი გაიმართა, მაღალშემოსავლიან და დაბალშემოსავლიან მაყურებლებს ცალ-ცალკე შესასვლელს შესთავაზებს.

თუ გაქვთ ცოტა ფული, ცხოვრობთ ხელფასზე, გაცვიათ ZARA და ვერ გაცვიათ GUCCI, თქვენ დაბალშემოსავლიანების შესასვლელით ისარგებლებთ. მაღალშემოსავლიანები კი სპეციალური შესასვლელიდან შევლენ, სპეციალურ მდიდრულ დარბაზში დასხდებიან, ვისკის მოწრუპავენ და დაბალშემოსავლიანებს ცინიკური ღიმილით მიესალმებიან. ეს მოხდება შენობაში, სადაც ოდესღაც პირველი კინოჩვენებები გაიმართა ისეთი ფილმებისა, როგორიცაა: „ქრისტინე“, „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“, და შესაძლოა უთავისუფლესი რეჟისორის, ოთარ იოსელიანის „აპრილიც“ კი გადიოდა.

„აპოლო“ კულტურის ძეგლია, და არა მხოლოდ მათთვის, ვისაც კინო უყვარს, არამედ ყველასთვის, ვინც საქართველოში დაიბადა. „აპოლო“ ჩვენი ისტორიაა და მისი დისკრიმინაციული მიზნისთვის ასე სამარცხვინოდ გამოყენება - დანაშაული. ვნახოთ, რა მოხდება... 21-საუკუნეში საქართველოში მცხოვრებს რომ ისეთი იდეა ებადება, რომლის აღმოფხვრასაც კაცობრიობამ საუკუნეები მოანდომა, ვინმეს უკვირს, რომ ქართველმა ფეისბუკმომხმარებელმა GUCCI-ის ახალი სახე ასე დაუნდობლად ლანძღა?

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^