პირველად სალომე ზანდუკელის სიმამაცემ და გამბედაობამ აღმაფრთოვანა. მას ორი წლის წინ შევხვდი, როდესაც „ქალები საქართველოდან” პლატფორმისთვის ყვებოდა საკუთარ ისტორიას, თუ როგორ იძალადეს მასზე სექსუალურად, როგორ არ იჯერებდნენ მის მონაყოლს პოლიციაში, როგორ ადანაშაულებდნენ მომხდარში ახლობლები თავად სალომეს და რამხელა გზის გავლა მოუწია მარტოს იმისთვის, რომ საკუთარი სიმართლე დაემტკიცებინა და მოძალადეს კუთვნილი სასჯელი მიეღო.
მახსოვს, ვუსმენდი და ვერ ვიჯერებდი, რომ ასე მარტივად და მშვიდად შეეძლო მძიმე დღეებზე ელაპარაკა. ასე აუღელვებლად და წყნარად შეეძლო მოეყოლა, თუ რასთან უწევდა მარტოს გამკლავება.
ვუსმენდი და ვფიქრობდი, რომ გვჭირდება ბევრი სალომესნაირი გაბედული ადამიანი, რომელიც არ გაჩუმდება და არ შეუშინდება ძალადობასთან ბრძოლას.
„არ მეშინია არც ერთი შეკითხვის" - თამთა თოდაძე
ორი დღის წინ თამთა თოდაძის მხარდასაჭერ აქციაზე ვიყავი. თამთა ქართული ოცნების დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობაში და გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს.
თითქოს, სექსუალური ძალადობის „კლასიკურ” შემთხვევასთან გვაქვს საქმე - ქალზე ძალადობას მისი დამსაქმებელი, უფროსი ცდილობს. თუმცა რეალურად, ეს საქმე ერთ-ერთია თავისი შინაარსითა და მონაწილე პირებით, რომელიც სამომავლოდ ქალების ცხოვრებასა და ყოფაზე მოახდენს გავლენას.
ამ საქმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი სწორედ, ილია ჯიშკარიანის თანამდებობა და კონტაქტებია. მას მხარდაჭრასა და თანადგომას, პირდაპირ თუ ირიბად ქვეყნის მმართველი გუნდი უცხადებს: „წარმოუდგენელია, ადამიანს ასეთი რაღაც ჩაედინა. მას ვიცნობ რამდენიმე წელია, ვიცი, თუ როგორი ცხოვრებით ცხოვრობს. მძიმე ბრალდებაა და დაველოდოთ გამოძიებას.”- აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე.
სამწუხაროდ, ჯიშკარიანის მხარესაა საზოგადოებაც, რომელიც იშვიათად თუ ენდობა მსხვერპლი ქალის მონაყოლს. მდგომარეობას ამწვავებს ის დეზინფორმაცია, რომელსაც (სავარაუდოდ) სახელისუფლებო საიტები, Facebook გვერდები და პროფილები აქტიურად ავრცელებენ სოციალურ ქსელებში: „თამთა თოდაძის დედა, ხათუნა ოქროპირიძე 2009 წელს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მხილებული იქნა თაღლითობაში და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებაში” - წერს ირაკლი ზაქარეიშვილი; „თამთა თოდაძის მიმართ შესაძლო ძალადობის კიდევ ერთი ფაქტის შესახებ ხდება ცნობილი” - ვკითხულობთ InfoMedia+ -ზე.
იმისდა მიუხედავად, რომ მედიის, სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების ზეწოლამ საწყის ეტაპზე გამოიღო შედეგი და ილია ჯიშკარიანს ბრალი წაუყენეს, სურათი კვლავ უცვლელი რჩება: ერთ მხარესაა სახელისუფლებო ძალაუფლება, კონტაქტები და საზოგადოებრივი აზრი, მეორე მხარეს კი - ქალი რამდენიმე ასეული მხარდამჭერით.
კლასიკური სცენარი
სექსუალური ძალადობის შემდგომ განვითარებული მოვლენები ხშირად ერთმანეთს ჰგავს. იქიდან გამომდინარე, რომ პატრიარქალურ საზოგადოებაში კაცის სიტყვას მეტი წონა აქვს, ხშირად ქალის მონაყოლს ყურს არავინ უგდებს.
- საზოგადოება მსხვერპლში იწყებს დამნაშავის ძებნას, რომ თითქოს მსხვერპლმა თავად მოახდინა მოძალადის პროვოცირება: იქნებ, ვულგარულად ეცვა? ნასვამი იყო? გამომწვევად იქცეოდა?
- თუ დაზარალებული ქალი დამსაქმებელს უჩივის, ამასაც მარტივ ახსნას უძებნიან - ქალი პროვოკატორია, სავარაუდოდ, დაწინაურებაზე უარი მიიღო, ამ გზით კი მხოლოდ შურისძიებას ცდილობს (“The encyclopedia of violence”-ის თანახმად, სტატისტიკურად ძალადობის ბრალდებათა მხოლოდ 2% არის ცილისწამება).
- იწყება მსხვერპლის გარეგნობის განხილვა: რამდენად ლამაზია? მოუნდებოდა, თუ არა მასთან ვინმეს ურთიერთობა? სასურველი გარეგნობა აქვს, თუ არა მას კაცებისთვის?
- იწყება სექსუალური ძალადობის მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალების გარკვევა: ჰყავს თუ არა პარტნიორი? ჰქონია, თუ არა მოძალადესთან ახლო ურთიერთობა? ან ზოგადად, რა სახის ურთიერთობები ჰქონია მას ამ დრომდე?
თამთა თოდაძის შემთხვევაშიც სცენარი კლასიკური მიმართულებით განვითარდა. ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელებში უვადო მოსამართლეობის მსურველისგან დაწყებული, Facebook-ის ბოტებით დამთავრებული, ყველა ერთხმად განიხილავდა მის გარეგნობას, პირად ცხოვრებას, ოჯახის წევრების საქმიანობასა და წარსულს.
თითქოს, მარტივია და ყველა იაზრებს, რომ მსხვერპლის მოსმენა, მისი მხარდაჭერა და გვერდში დგომა მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც საქმე-საქმეზე მიდგება, სწორედ, დაზარალებულს ამოიღებენ ხოლმე მიზანში. მსგავს შემთხვევებში საზოგადოების ჩართულობას ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სწორედ, საზოგადოების ზეწოლის შედეგად ხდება სამართლიანობის მიღწევა. იმისთვის კი, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ძალადობის შემთხვევები და მაქსიმალურად დავიცვათ ქალები და გოგონები მსგავსი შემთხვევებისგან, საჭიროა, ვისწავლოთ მათი მოსმენა და არა მათი ისტორიების უგულებელყოფა, სიტუაციის სწორად შეფასება და არა მსხვერპლის მოძალადედ გამოყვანა.
საბოლოოდ, სალომე ზანდუკელი იქნება ეს, თუ თამთა თოდაძე, ყოველი ქალი, რომელიც საზოგადოებრივი წნეხის მიუხედავად ხმამაღლა დაიწყებს სექსუალურ ძალადობაზე საუბარს და განაგრძობს ბრძოლას საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, იქნება გარანტი, რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით მივუახლოვდეთ დასახულ მიზანს. მიზანი კი ის უსაფრთხო გარემოა, სადაც აღარ შეგვეშინდება ხმის ამოღების, საკუთარი ისტორიების ხმამაღლა მოყოლის, გვექნება ოჯახისა და უცხო ადამიანების მხარდაჭერის იმედი და იმედი, რომ ჩვენი სიმართლე, პატარა იქნება ის თუ დიდი, თავის გზას იპოვის.