კინომანებს ალბათ ახსოვთ, რომ ამერიკელმა რეჟისორმა, ბობ რაფელსონმა 1969 წელს კოხტად ნაკეთი და მსუბუქი ფილმი - „ხუთი პატარა პიესა“ გადაიღო. იმ დროისთვის მიხეილ კობახიძეს უკვე ერთი საკურსო და ოთხი პატარა, კარგი, დახვეწილი და ერთი მეორეზე ქვემსუბუქი ფილმი ჰქონდა გადაღებული („ახალგაზრდა სიყვარული“, „კარუსელი“, „ქორწილი“, „ქოლგა“, „მუსიკოსები“).
ზუსტად 1969 წელს, მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტის კურსდამთავრებულ მიხეილ კობახიძეს „მუსიკოსების” გადაღების შემდეგ, კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრე რომანოვის განკარგულებით დამოუკიდებლად ფილმების გადაღება აუკრძალეს…
მოკლემეტრაჟიანი ფილმების მაესტროდ შერაცხული რეჟისორისთვის ეს სრულმეტრაჟიანი განაჩენი აღმოჩნდა. ვერც ფუჭ იმედებად გამდნარმა დრომ, ვერც „პერესტროიკის“ ისტერიულმა ცვლილებებმა და ვერც ინტელიგენციის მფარველმა ედუარდ შევარდნაძემ (ლეგენდა მოგვითხრობს, რომ მან „თვითმფრინავის დრამამდე“ ერთი წლით ადრე მიხეილ კობახიძე თავისთან დაიბარა და სრული შემოქმედებითი თავისუფლება აღუთქვა), ეს აბსურდული სასჯელი ამნისტიად ვერ აქცია.
90-იანი წლების ბოლოს მიხეილ კობახიძე საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, სადაც სული მოითქვა, ნავსი გატეხა და 2002 წელს მეექვსე მოკლემტრაჟიანი ფილმი „გზაზე“ გადაიღო. მეშვიდე და სრულმეტრაჟიანი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში უმიზნებდა, სამწუხაროდ ვერაფრით მოახერხა... კინოს ისტორიაში ის მაინც ექვსი პატარა, დახვეწილი, მუსიკალური „პიესის“ ავტორად დარჩა. ხომ არსებობს მუსიკის ისტორიაში მაგალითად, ბახის „12 პატარა პრელუდია“, რომელიც ასობით დიდ ნაწარმოებზე დიდია; ან არიან „პატარა ჰოლანდიელები“ ფერწერის ისტორიაში, რომლებიც ეპიკური მასშტაბების მქონეთ გაცილებით აღემატებიან.
დრო და სივრცე, რომელიც მიხეილ კობახიძემ თავის მოკლე ფილმებში აღბეჭდა, თითქოს მისი პირადი დრამების მიღმაა. ის რატომღაც მაინც 60-იანი წლების ბავშვური და გაუფილტრავი ადამიანური კავშირების, პოეტური ატმოსფეროს, აპოლიტიკურად აწონილი, შეფასებული გრძნობების, შეუცნობელი თავისუფლებისა თუ ინფანტილიზმთან თანაზიარი რომანტიზმის პარადიგმაში ჯდება და ასეთად გვახსენდება. თუმცა მსგავსი ასოციაციები შესაძლოა, არასწორი და მცდარია, რადგან ცხოვრება და არტი კობახიძის შემთხვევაში უკიდურესად აცდენილია, ან კიდევ უფრო უკიდურეს შემთხვევაში, პარალელური წრფეების მსგავსად, მხოლოდ უსასრულობაში იკვეთება.
მისი გარდაცვალების შემდეგ დრო უკეთესად წარმოაჩენს ნაცნობი რეჟისორის უცნობ სახეს, ხილული მხატვრული სახეების უხილავ შრეებს, და საერთოდ, მის შემოქმედებას, რომელიც ლამის ზეპირად ვიცოდით, ან გვეგონა, რომ ვიცოდით. მიხეილ კობახიძის პატარა ფილმების „მუსიკას“, მის კინემატოგრაფიულ ენასა და პოეზიას გაცილებით ფუნდამენტური არქეტიპები კვებავენ, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. ესენი არიან მელიესი, ჩაპლინი, კულეშოვი, ვიგო, რენუარი, ტატი... სია საკმაოდ ვრცელი და ძალიან ჭრელია, რომელსაც ცხადია, ახალი თაობები თავისას დაუმატებენ ან განაახლებენ. მისი „ექვსი პატარა, მუსიკალური პრელუდია“ კი ინპირაციის უშრეტ წყაროდ იქცევა - ახალი შინაარსითა და იდეებით.