Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„სათამაშოების ისტორია"

22 ოქტომბერი 2019

„სათამაშოების ისტორიის“ პირველი ნაწილი ჯერ კიდევ ბაღის პერიოდში ვნახე და მაშინვე იქცა ჩემთვის საყვარელ ანიმაციად. 

მეორე ნაწილი, მართალია, პირველივით არ მომწონებია, მაგრამ ცუდი ნამდვილად არ ყოფილა. 

მესამე ნაწილის ყურების დროს უკვე სკოლას ვამთავრებდი. მაინც სიამოვნებით ვუყურე და ჩავთვალე, რომ საუკეთესო დასასრული იყო. 

მაგრამ სულ მცირე ხნის წინ მივიღეთ მეოთხე ნაწილი. 

იდეალური დასასრულის მერე რომ გადაღებას ისევ აგრძელებ, ეს უკვე პრობლემაა და მყარი მოტივიც გჭირდება იმისთვის, რომ ეს ნაბიჯი გადადგა. 

ეს მოტივი კი მოიძებნა. ბოლო წლებში უამრავი კამპანია აგორდა ჰოლივუდში და მათ შორის ერთ-ერთი დისნეის ყველასთვის საყვარელი ანიმაციების წინააღმდეგ იყო მიმართული. 

ჰოლივუდელმა ვარსკვლავებმა ერთხმად გაილაშქრეს ჩვენი ბავშვობის გმირებზე და დიდი სიმტკიცით მოგვახსენეს, რომ არაფრის დიდებით თავიანთ შვილებს არ აჩვენებდნენ მულტფილმებს, სადაც ყველა გოგო ხათაბალაში გახვეული, პრინცის მოლოდინში მყოფი პრინცესაა, რომელიც თავს ვერაფრით შველის. ამ დროს გამოვარდება ცხენზე ამხედრებული დავარცხნილი პრინცი და გადაარჩენს ხან შავგვრემანს, ხან ქერას, ხან იმას და ხან ამას. 

ამიტომ ჩემთვის გასაკვირი არ ყოფილა მეოთხე ნაწილის მთავარი სიუჟეტური ხაზი. 

იწყება იმით, თუ როგორ მიდის სახლიდან ბო. - სათნოხმიანი პრინცესა. ვუდის გოგო, რომელიც არცერთ ნაწილში არ ყოფილა დიდი დატვირთვის მქონე პერსონაჟი. 

ფილმის შუა ნაწილში ისევ ვხვდებით ბოს, რომელიც თავის თავს აღარ ჰგავს. სამაგიეროდ, ჰგავს ბაია პატარაიას. 

პატრონი არ ჰყავს, რადგან თავად არის საკუთარი თავის პატრონი. დაბოხებული ხმით და ძლიერი, დამოუკიდებელი ქალის იმიჯით ისწრაფვის სრული თავისუფლებისკენ. თუმცა ფარაც ჰყავს იქვე (გადაბმული სამი ცხვარი).

კვიციანი არ გამოჩენილა. 

მერე ვუდისაც „ავერბოვკებს“, ოჯახი რად გინდა, ნახე, აქ რა კარგია, გადახედეო და გადაახედებს სიმაღლიდან, დაანახვებს სიცარიელეს. აქ თავისუფალი ვარ და სულ არ მჭირდება, ფეხზე ვინმეს სახელი მეწეროსო. 

ვუდი ბომდე მეორე სიუჟეტურმა ხაზმა მოიყვანა. ნაგავს გამოეკიდა. უფრო სწორად, სხვადასხვა ხარახურისგან აწყობილი ფორკი თავად ფიქრობს, რომ ნაგავია, მისი პატრონისთვის კი შეუფასებელი სათამაშოა. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სათამაშო აქვს, ყველაზე მეტად იმას შეიყვარებს, რასაც თავად ააწყობს. მართალია, ძალიან მარტივი ქმნილებაა - ჩანგალს გამობმული თოკი - მაგრამ, როცა რაღაცას შენით აკეთებ, სხვების მოწყალებისა და დახმარების გარეშე, კმაყოფილებაც უფრო დიდია. 

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და ზუსტი გზავნილია ახალი თაობისთვის. 

ძველებს კი ფილმებად გადაკეთებულ ძველ ანამაციებს გვთავაზობენ, რაც უმეტესად ნაგავია. 

ამით გვეუბნებიან, რომ ეს ისტორიები სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ. არც შემეცნებისთვის ვარგა, არც აღმზრდელობითი გაკვეთილისთვის ვარგოდა თავის დროზე, მხოლოდ გასართობად თუ შეხედავს ადამიანი. 

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეს პროექტი ჩავარდა. მაუგლის გარდა. ისეთ ანომალიასაც მოვესწარით, როგორიც გაი რიჩის ალადინი იყო. 

სათამაშოების ისტორიას და ჩვენს ერთ-ერთ საყვარელ გმირს მივუბრუნდები. ბაზ ლაითერი ნამეტნავად უღიმღამო გმირი გამოდგა მეოთხე ნაწილისთვის, არადა, პირველ ნაწილში ქართველი ხალხის სახე იყო. 

გახსოვთ, არა? 

ბაზიც ილუზიებით ცხოვრობს, ჰგონია, რომ განსაკუთრებული მიწიდან არის და მსოფლიოს წინაშე განსაკუთრებული მისია აკისრია. 

ერთ დღესაც აღმოაჩენს, რომ სათამაშოა, ვერც დაფრინავს, არც ლაზერი აქვს, არც დიდებული წინაპრები ჰყავს ზეციური პლანეტიდან. უბრალოდ, ენდის სათამაშოა. 

ჩავარდება დეპრესიაში, დაიწყებს ჩაის სმას და ვეღარ ხედავს საზრისს, თუ რატომ უნდა გააგრძელოს სიცოცხლე. 

იქამდე, სანამ სიდთან არ აღმოჩნდება. ცუდი ბიჭის ხელში, რომელიც მისნაირ სათამაშოებს თავ-პირს აძრობს და ჭერში აწყობს. 

ჰოდა, ამ ჩვენს საყვარელ ბაზს რომ უკანა ტანში რაკეტას გაუკეთებს, მერე მიხვდება, რომ ენდისთან ჯობია და აღუწერელი სიხარულით გადაფრინდება გვერდით ეზოში. 

ისევ სათამაშოა. სამაგიეროდ, უკანა ტანში რაკეტა აღარ აქვს გათხრილი.
ნუთუ ეს ქართველი ერის იდეალური ილუსტრაცია არ არის?! 

მეოთხე ნაწილში კი ბაზი უფერულია. ძალიან უბრალოა, არადა, ბაზის ხიბლი სწორედ ის იყო, რომ არასდროს ყოფილა უბრალო. ბოლოს და ბოლოს, ლუკ სქაივოქერთან შედარებული კაცია. 

სანამ ფინიშისკენ გავალ, მანამდე ორ სიტყვას ვიტყვი მთავარ ანტაგონისტზე. ვეებერთელა სათამაშოზე, რომელიც საერთოდ არ არის ბოროტი, უბრალოდ მანიაკალურად ითხოვს ხმის მიცემას. საბოლოოდ კი დამარცხდება, რადგან ამომრჩეველს კარგად ვერ შეარჩევს. მერე კი შეეცოდებათ. 

დაუჯერებლადაც სრულდება. ვუდი, რომელიც თავის ძველ და საყვარელ ოჯახში როლის დაკარგვას ვერ ეგუება (რაც ოდითგანვე ვიცით, რომ ვერას დიდებით ვერ თმობდა პირველობას), მოსწყდება ოჯახს და რჩება ბოსთან. 

ასე მთავრდება და ნამდვილად არ ვიცი, მომავალში სად ვიხილავ ვუდის. 

იქნებ პარლამენტთანაც ვნახო ფარასთან ერთად. 

ან იქნებ მეხუთე სერიაში უფლებადამცველად მოგვევლინოს. 

შერიფი, რომელიც ქალაქს დაკარგავს, აბა რიღას შერიფია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^