Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Ciao მიშა - კინო ყველასთვის და არავისთვის

30 ოქტომბერი 2019

„ერთ ნივთს ვეძებ და მის ძებნაში არ დავიღლები“

ხორხე ლუის ბორხესი; „მედალი“

გარდაიცვალა მიშა კობახიძე; 21 ოქტომბერს „MAUDI“-ში მისი კინოს ჩვენება გაიმართა. მისი ფილმები გარკვეული თანმიმდევრობით, ძველიდან ახლისკენ იყო დალაგებული, მათი ერთად ნახვა კი, კობახიძის ტექნიკების ევოლუციის შესანიშნავი ილუსტრაცია გამოდგა.

მიშა კობახიძის რეჟისორობით გადაღებული ბოლო ფილმი, „გზაზე“ (2002/2003), ერთგვარი შეჯამებაა, იმ მეტაფორული ნიშნებისა, რომლითაც რეჟისორი უკვე წლებია თავის სათქმელს ალეგორიულ, ილუსტრირებულ და მუსიკურ ამბებად გვიყვება. ამ და სხვა ფილმებში საგნები და მოვლენები, პროფანული (საყოფაცხოვრებო) თუ საკრალური (ერთი შეხედვით მარადიული ადამიანური პრობლემები), ყოველთვის ერთმანეთის მსგავსად - აბსტრაქტულად და მეტაფიზიკურად ლაგდებიან, მოულოდნელობებით სავსე სიუჟეტების ციკლი, საბჭოთა სხეულები, ნიშნები, ცივი ფერი, მუსიკა, სახეები, სიმბოლოები და ა.შ. ინტერპრეტაციებს ითხოვენ - ეს ენა, მხოლოდ კობახიძემ იცოდა, აღწერის ასეთი ტექნიკა მისი გამოგონილია, ის გადასვლა და წინასწარმეტყველებაა საბჭოთა პროფანიზაციიდან იმ სათქმელზე, რაც მის შემდეგ გამოუთქმელი დარჩებოდა.

თუ როგორ გაუძლო დროს მისმა მიმართებებმა და როგორ გადარჩა მისი კინემატოგრაფი, ეს ყველას კარგად მოგვეხსენება - აწმყო დროში, 90-იანებიდან, ის ითარგმნა, როგორც სუპერთანამედროვე კინო, სისტემის წინააღმდეგ ამბოხი და ნონკონფორმიზმი. ისევე როგორც სხვა ყველაფერი, კობახიძის კინემატოგრაფიც, სუსტმა განსჯამ, უმსჯელობამ და ფსევდო-ინტელექტუალურმა ჭორაობამ, დასავლეთისა და მისი „იდეის“ ფეტიშისტური გამოვლინების ინტერპრეტაციაში ჩატოვა, როგორც მხოლოდ სუბიექტური თავისუფლების მოთხოვნა, ან ბიუროკტარიის კრიტიკა. რატომღაც, მხედველობიდან ყველას გამორჩა, რომ კობახიძის კინემატოგრაფს პოლიტიკური გემოვნების შესაბამისი ტელეოლოგია არც გააჩნია.

პირადად ჩემთვის, მისი კინო ყოველთვის კონკრეტულ გრძნობებსა და ტრაგედიებს ეხება. მისი კინო უფრო მძიმე, ტოტალური და აბსტრაქტული, უფრო მეტაფორულია, ვიდრე მუსიკალური კომპოზიციების ანსამბლი და მითუმეტეს, ლოკალურ-იუმორისტული პასაჟებით გაჯერებული, დროით-სივრცული პოლიტიკის წინააღმდეგობა ან კრიტიკა.

ერთი ენით საუბარი, მარხვა 40 წლის მანძილზე, როდესაც მარხვის მე-40-ე წლის ბოლოს, სხვა დროსა და სხვა სივრცეში, ეს ენა ისევ აქტუალურია, მაშინ გამოგდის, როცა უძრავ, გამოუთქმელ და მოუხელთებელ იდეებზე ლაპარაკობ. როცა ცდილობ ისეთს შეეხო, რაც მხოლოდ მეტაფორის საზღვრებში, პრაქტიკული ენის მიღმა მდებარეობს.

მისი სიკვდილის შემდეგ, პირველად დავფიქრდი, რა შეიძლებოდა გამხდარიყო ამ ენის (ენა-მეტაფორის) გამოგონების საფუძველი (რა თქმა უნდა, მუსიკისა და იუმორისტული ქვეტექსტების დახმარებით, თუმცა, მხოლოდ დახმარებით)?

სინამდვილეა, რომ საბჭოთა კავშირი უკიდურესმა „მატერიალურობამ“ და ჩინოვნიკთა მომხვეჭელობამ უდაბნოდ აქცია, გაუდაბურებულ სივრცედ, სადაც ალტერნატივების ადგილი აღარ იყო. მისი პოლიტიკური ზედაპირი უკიდურესად მატერიალურ ყოფაზე, ფულზე, ჭამაზე, ლოთობაზე და კომპრომისულ სექს-ტურიზმზე გაიცვალა (დღეს ამ ისტორიული მიდრეკილებების, 37 მანეთად შეფასებული მითის გამოძახილს, სხვადასხვა ფორმებში, ცხოვრების სტილსა თუ „პოლიტიკურ აქტივიზმში“ ისევ ვაწყდებით). რეალურად, თავის დროზე ამ იდეოლოგიასაც ჰქონდა გამართული, ტექსტუალური თუ ინტელექტუალური საფუძველი და სქემა - მისი სოციალური მოდუსი კი, თანასწორობა, დემოკრატია, გლობალური ემანსიპაცია და საბოლოოდ, რაღაც „ფასად“ ღირებული ცხოვრება უნდა ყოფილიყო. შემდგომმა დეგრადაციამ და აზრის ჩაკეტილობამ კი, რასაც „ორგანული ინტელექტუალების“ „შრომა“, პარტიულობა და გამარტივვებული, რედუქციონისტული პოლიტიკური სინტაქსი იწვევს, საბჭოთა კავშირი ფლეგმატურ პოლიტიკურ სხეულად აქცია. ამით კი, მან ყველანაირ იდეალობას, ანტიმოდერნულობას, დაუსწრებლობის განცდას, გახტომას რეალობიდან, ანუ, ყოფიერების მარადიულ პრობლემაში მუდმივად არსებულ ტრანსცენდეტურსა თუ მეტაფიზიკურს, საფუძველი გამოაცალა. სწორედ ეს სურდა იმ დროინდელ რეალობასაც, ამეცნიერული მატერიალიზმის სახელით, განედევნა ყოველივე ამოუცნობი, დაელაგებინა ცხოვრება ისე, თითქოს სივრცესა და დროში სრულად დაკმაყოფილებული იყო ყველა ადამიანური მოთხოვნილება, თითქოს ამის შესაძლებლობა არსებობდა. ამიტომაც, არ არსებობდა „განსხვავება“ და „საზღვრები“.

იმ დროინდელმა სახელოვნებო პრაქტიკებმა, რომელიც ემიჯნებოდა ჰეგემონიურ ხელოვნებასა და პროპაგანდისტულ სახელოვნებო წრეებს, თითქოს ეს საფუძველი მეტ-ნაკლებად შეავსო, თუმცა, მხოლოდ პალიმფსესტურად. რეალური გარღვევები საბჭოთა მეცნიერებას და მასთან დაკავშირებულ, მისით ინსპირირებულ სახელოვნებო პრაქტიკებს, მაგალითად ფერწერას და მხატვრებს უფრო მიეწერება, ვიდრე კინოს.

ალბათ კობახიძე სწორედ ის გამორჩეული ფიგურაა, რომელმაც პოლიტიკური კმაყოფილების საბჭოთა როკვაში, სივრცის სივიწროვე, უფლებების სიმწირე, ოცნების ჩაკეტილი საზღვრები და გამომხატველობითი ენის შეზღუდულობის პრობლემა ასე მძაფრად დაინახა და გამოსახა - რეალურად დაეხმარა ისტორიას. როგორ შეგვიძლია კობახიძე წარმოვიდგინოთ პოლიტიკური სივრცის კონტექსტისა და კონკრეტულ დროში ყოფიერების გარეშე? მისი სტილი ხომ არ არის მხოლოდ პიროვნული ან ეროვნული ტრაგედიის ასახვა, ან ესპერანტო, ან მანგანი, ანდაც წმინდად პოლიტიკური ხელოვნება, რაც როგორც წესი, ისევ მხოლოდ აქტუალური პოლიტიკის, მისი ბინარულობების საზღვრებსა და ნიშნებში რჩება ხოლმე?

კობახიძის კინემატოგრაფი, გახტომა, გადარბენა უფროა, ვიდრე პოლიტიკურ ტრაგედიებზე სიცილი ან გლოვა გამოგონილ ენებში. მისი სათქმელი დღესაც ზუსტად ისე შორს არის ჩვენგან, როგორც ადრე. სწორედ ამიტომ, საბოლოოდ აეკრძალა კობახიძეს ამ ვერტიკალური „სიგიჟის“ კეთება 1969 წელს, მაშინ, როდესაც ფილმი „მუსიკოსები“ ფართო პუბლიკას წარუდგინა.

რეალურად, ისე მოხდა, რომ მიშა კობახიძის ფილმები, შემთხვევით ან გამიზნულად, იკავებენ და ავსებენ იმ დროინდელ მოსუფავებულ და გამოტოვებულ, შეკუმშულსა და პოლიტიკური ნიშნით მიტოვებულ, მიგდებულ ტრანსცენდენტურ ადგილს. ისინი ცდილობენ ილაპარაკონ „აბსოლუტურ სხვაზე“, უფრო პრობლემურზე, ვიდრე გაყინული პოლიტიკა და მისი აღწერები იყო.

ცხადია, კობახიძე თავისმა დრომ მოამზადა, როგორც თავის დროზე, თავად ხელოვნებაც.

სხვა საკითხია კობახიძის ორიგინალურობა თუ მიმბაძველობა, ვინ იყო მისი ინსპირაცია, ან ვისი კინო მოსწონდა თავად კობახიძეს. საინტერესო, მისი კინემატოგრაფის მიზანია და არა საშუალება. ზოგადად, მე-20 საუკუნის მსოფლიო პოლიტიკურ ანტაგონიზმში, ტრანსცენდენტური სტილის კინოს ნიმუშები სხვადასხვა სახისა და კულტურის კინემატოგრაფში უხვად მოიპოვება. მათი განსხვავება, მხოლოდ ტრანსცენდენტურის კონცენტრაციაა სხვადასხვა მხარისა თუ პოლიტიკური სივრცის სხვადასხვა სიმბოლოებსა თუ სურათ-ხატებში. ამით ტრანსცენდენტური სტილი, ცდილობდა ეჩვენებინა იმედის, განჭვრეტის, გაძრომისა თუ აკუმულირების ტექნიკები აწმყო, თუმცა სტატიკური, მარადიულად ტკივილიანი დროიდან. ალბათ ერთ-ერთია კობახიძეც, რომელიც ცდილობს საკუთარი პოლიტიკოსობიდან, პოლიტიკურობიდან და ზოგადად პოლიტიკური დროიდან გახტეს და ალტერნატიული აღწერები გვაჩვენოს. კამერა მისთვის დერეფანია საიდანაც ტრანსცენდენტურობა შემოჰყავს, დახვეწილი, იუმორისტული და ლაკონურად სადა კადრებით. თუმცა, მისი ტრანსცენდენტურობა საერთოდ არ ებმის ეროვნულ თუ ეთიკურ მითოლოგიზაციებსა და რთულ, ეთნიკურ ან რელიგიურ განტოლებებს. მისი ტექნიკებისა და ტექნოლოგიების ბიძგი უფრო შორიდან, ექსისტენციალური პრობლემიდან იწყება.

კობახიძეს ეს ნიადაგი პოლიტიკურმა გარემომ შეუქმნა, ამ გარემომ კი თავის თავში მოხარშა და მოამზადა ის გათავისუფლებული, მოსწორებული ტრანსცენდენტური სივრცეც, დამიწებული მატერიების ან აბსოლუტურად მითოლოგიზებულ სიმბოლოების ქვეყნებში, ჰეგემონიის გარეთ მდგარ სუბიექტებს ხილვებად რომ ეცხადებათ ხოლმე. კობახიძის კინემატოგრაფი მეტაფიზიკური ტრანცენდენციებისთვის მოსუფთავებულ ადგილას აღმოცენდა. იმ ადგილას, სადაც პოლიტ-ეკონომიიკურად კორუმპირებულ სისტემაში ეგონათ, რომ თესლის აღმოცენება შეუძლებელი იქნებოდა. ლოგოსის პრობლემა (მათ შორის პოლიტიკური ლოგოსის), ტოტალობის პრობლემა ხომ სწორედ ეს არის? მუდმივად რჩება რაღაც, პატარა ადგილი თესლისთვის გასაძრომად - რათა კიდევ ერთხელ დაგვასმევინოს შეკითხვა: არის თუ არა შესაძლებელი უტოპია? და თუ არა, რა შეუძლია სუბიექტს, რომ გააკეთოს (ან აკეთოს ზოგადად); და როგორ?

კობახიძისთვის მომზადებულ, პოლიტიკურ და ისტორიულ დროზე მცირედით უფრო ადრე, მაშინ, როდესაც თითქმის არავინ არაფერი უწყოდა მსგავსი მომავლის შესახებ, მათ, ვისაც ხილვები აწუხებდა, კედელთან აყენებდნენ დასახვრეტად. კობახიძის შემთხვევაში კი, მას და როგორც აღმოჩნდა ჩვენც, გაგვიმართლა, ასე რომ არ მოხდა. 60-იანი წლებიდან, ჰედონიზმში გადაშვებული ბიუროკრატიული ისტაბლიშმენტი უკვე ერიდებოდა სხეულების მოსპობას.

ბიუროკრატიის უარი, მაქსიმუმ, შემოქმედების დაცენზურება და რეპუტაციის შელახვა იყო.

ფრთხილად მესიზმრეებო! დღესაც ასეთია ისტორიისა და პოლიტიკის წესი. უფრო მეტიც, დღეს, როდესაც ხილვები სიმბოლურ და ესთეტიკურ რეალობებზე ასე იაფად იცვლებიან, რეალიზდებიან და სოციალურსა თუ ჰიპერრეალურ სივრცეებში სუბიექტურ მონადებად იშლებიან, იმ ხილვის შენახვისთვის, რომლის არც დახურდავება გინდა და არც გაცვლა, საყვარელი ადამიანები გაგასამართლებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^