გმირთა მოედანზე მოშიმშილე ომის ვეტერანების აქციასთან მოულოდნელად რამდენიმე საპარტულო მანქანა გამოჩნდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელბმა აქციის მონაწილეები დაარბიეს. ერთ-ერთი ვეტერანის, ვლადიმერ გიგმანის ინფორმაციით ნაცემია ყველა მოშიმშილე. აქცია პატრულმა დაახლოებით 5 საათზე დაშალა. სააგენტო IPN-ის ცნობით, გმირთა მოედანზე სამი ვეტერანი: თოფურია, იამანიძე, რევიშვილი დააკავეს და ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს.
ოცდაორი ომის ვეტერანი ახალ წელს გმირთა მოედანზე საძილე ტომრებში და ლურჯი ბრეზენტის ქვეშ შეხვდა. 1992-93 და 2008 წლების ომის ვეტერანები დაღუპულ გმირთა მემორიალთან 8 დღის განმავლობაში შიმშილობდენ. მაშინ, როცა დანარჩენი საქართველო ახალ წელს დღესასწაულობდა, ისინი ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის გამოსწორებას შიმშილობით ითხოვდნენ.
„ჩვენ ქვეყნის ტრაგედიას ვაპროტესტებთ. უზნეო დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ რამდენიმე პრივილეგირებული სახელისუფლებო წარმომადგენლის მიერ. დაცინვაა, როცა ბავშები შიმშილის ზღვარზე არიან. სამედიცინო დახმარება არ აქვთ. ამ დროს ბრაზილიელი სამბის მოცეკვავეები, იაფფასიანი მოცეკვავეები ვიღაცების გასართობად ჩამოყავთ. ბოჩელი დიდი ხელოვანია, მაგრამ არა მგონია, რომ იმ გამტყვრალ ადამიანებს, რომლებიც ბათუმში ხვდებოდნენ ახალ წელს, ბოჩელი და ვირის ყროყინი ერთმანეთისგან განესხვავებინათ. ეს ხმა 15 წუთში ზეცაში გაქრა და მშიერი ბავშვები დარჩნენ", - განუცხადა ოფიცერმა მალხაზ თოფურიამ ლიბერალს, დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე.
ის შეიარაღებული ძალებიდან 2009 წელს საშტატო რესტრუქტურიზაციის შემდეგ დაითხოვეს. მან სამხედრო ძალებში 15 წელი გაატარა. თუმცა დღეს ორი შვილის მამა კომუნალური გადასახადებისათვის თვეში მხოლოდ 22 ლარიან ვაუჩერს იღებს. ვაუჩერის გარდა, მას ომის 10 ათასზე მეტი ვეტერანის მსგავსად, ქალაქში უფასო ტრანსპორტით სარგებლობა შეუძლია. ყოფილ სამხედროს სხვა შემოსავალი არ აქვს.
მალხაზ თოფურიას მსგავსად სამსახური არ აქვთ სხვა მოშიმშილეებსაც. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ სამსახურიდან აქციაში მონაწიელობის გამო გაათავისუფლეს. მოშიმშილეებს ოჯახის წევრები ყოველდღე აკითხავენ. ერთერთი მათგანის, თეიმურაზ ავთამისას მეუღლე ლიანა თორია, მისი მეუღლის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს გამართულ აქციაში მონაწილეობას მიიჩნევს, მათი ოჯახი ახლა მხოლოდ სახელმწიფო დახმარების ანაბარაა დარჩენილი.
„როცა ჰოსპიტალი გვქონდა, სრულიად უფასოდ შეგვეძლო მეუღლე ან შვილი მიგვეყვანა და იმათაც ემკურნალათ. ჯერ იმათთვის გააუქმეს ჰოსპიტალის მომსახურება და შემდეგ ჩვენთვის. ახლა არანაირი შეღავათი არ გვაქვს. იმის მაგვირად, რომ სახელმწიფომ თავისებურად ყურადღება მოგვაქციოს დროს ქეიფებში ატარებენ.", - ამბობს ნუგზარ ცირეკიძე, რომელიც ადრე ეროვნული გვარდიის თბილისის სატანკო მექანიზირებულ პოლკში მსახურობდა.
მიუხედავად მძიმე სოციალური მდგომარეობისა მოშიმშილე ვეტერანები აცხადებენ, რომ ქუჩაში საკუთარი პრობლემების გამო არ გამოსულან. ერთ-ერთმა მებრძოლმა რამდენიმე დღის წინ ეროვნული გვარდიის შენობის სარდაფში უპატრონოდ დაყრილი აფხაზეთში დაღუპული 150 მეომრის სურათი იპოვნა. როგორც თავად ამბობენ, „ნაგავსაყრელზე წასაღებად გამზადებული". პროტესტის რადიკალურ ზომასაც მათ დაღუპული მებრძოლების ხსოვნის შეურაცხყოფის გამო მიმართეს.
„დაღუპულების სურათების გადაყრა არ არის შემთხვევითი ამბავი. ეს არის დამოკიდებულება წარსულისადმი, იმ ადამიანებისადმი ვინც სამშობლოს დასაცავად იბრძოდა. ეს საერთო სახელმწიფო დამოკიდებულებაა ადამიანების მიმართ. სახელმწიფო პოლიტიკა როდესაც ასე უგულებელყოფს საკუთარ მოქალაქეებს, არ ვიცი რასთან გავქვს საქმე. როცა ვხედავთ მშიერ ბავშვებს, რომლებსაც ახალი წელი არ უხარიათ და პურის მიტანა უხარიათ სახლში. აი, ამას ვაპროტესტებთ", - აცხადებდნენ მოშიმშილეები.
დღემდე მოშიმშილეების აქციას არც ვეტერანთა დეპარტამენტი, არც თავდაცვის სამინისტრო და არც ხელსიუფლების სხვა წარმომადგენელი არ გამოხმაურებია. მოშიმშილეები აქციის შეწყვეტას 6 იანვარს გეგმავდნენ. და საკუთარი და ქვეყნის სხვა მოქალაქეების უფლებებისთვის ბრძოლას სხვა ფორმებით გაგრძელებას აპირებდნენ.
ომის ვეტერანთა ის ნაწილი კი, რომელიც არ შიმშილობდა, პრეზიდენტისთვის მიმართვას ამზადებს. აფხაზეთის ომის ინვალიდი და ვახტანგ გორგასლის ორდენოსანი ვლადიმერ გიგმანი სხვა ვეტერანებთან ერთად პრეზიდენტისთვის გასაგზავნ წერილზე ხელმოწერებს აგროვებს. წერილში მიხეილ სააკაშვილს 3 მოთხოვნას უყენებენ:
„პირველ რიგში ვითხოვთ, - ვეტერანთა ჰოსპიტალი იყოს შენარჩუნებული, არანაირი პოლისები არ გვინდა! მეორე - აღგვიდგინონ ომის ვეტერანთა კანონი! კანონში ჩვენი უფლებები იყო დაცული: მკრუნალობა, დასვენება, პროტეზირება, რეაბილიტაცია. კანონით გვეკუთნოდა მიწის გადმოცემა. და მესამე - ახალაიამ გაგვცეს პასუხი, როგორ აღმოჩნდა ბიჭების ფოტოები ნაგავსაყრელზე?!" - ამბობს ვლადიმერ გიგმანი.
აქციის დარბევის შემდეგ, მიმართვის ტექსტი და მოთხოვნები სავარაუდოდ შეიცვლება.