Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლიბერალიზმი მორალის გარეშე?

30 ივლისი 2012

თითქმის ოცი წელია ვაშენებთ ლიბერალურ სახელმწიფოსა და საზოგადოებას. თავისუფლება და დემოკრატია ამ პროცესის მთავარ დევიზებად იქცა. მან ხან ანარქიის პირას მიგვიყვანა, ხან ავტორიტარიზმთან დაგვაახლოვა. მორალმა თითქოსდა დაკარგა თავისი მნიშვნელობა, მის ადგილას თვითგადარჩენისა და საკუთარი კეთილდღეობის ინტერესი გაჩნდა. სახელმწიფო და საზოგადოება ერთგვარმა მორალურმა ანარქიამ მოიცვა. საჭიროა ხედვა, რომელიც საზოგადოების ცნობიერებას გააჯანსაღებს და მისი შემოქმედებითი პოტენციალის გააქტიურებას შეუწყობს ხელს. ეს ახალი, გრძელვადიან სტრატეგიაზე დამყარებული, პოლიტიკის ამოცანაა. არსებულ ხელისუფლებას ამის გააზრებისა და განხორციელების რესურსი არ აღმოაჩნდა. ახალი სტრატეგიის რამდენიმე ასპექტის გამოყოფაა მნიშვნელოვანი:

თავისუფლება და პასუხისმგებლობა

თავისუფლება მხოლოდ სხვისი თავისუფლებით კი არა, პასუხიმგებლობით უნდა შეიზღუდოს. ჯანსაღი საზოგადოება არ არის მხოლოდ თავისუფალი ინდივიდების მექანიკური ნაკრები, არამედ იგი გარკვეულ მორალურ ღირებულებებსაც უნდა ეფუძნებოდეს. თანამოქალაქისადმი, ოჯახისადმი, საზოგადოებისადმი, სახელმწიფოსადმი პასუხისმგებლობა თითოეულის შეგნების მნიშვნელოვან ელემენტს უნდა წარმოადგენდეს. მაგრამ, ავტორიტარული მართვის პირობებში, სადაც უპასუხისმგებლობა ძალაუფლების გახანგრძლივების მთავარი დასაყრდენია, საზოგადოებაში პასუხისმგებლობის კულტურის დამკვიდრება წარმოუდგენელია.

ახალი პოლიტიკური აზროვნების ქვაკუთხედს უნდა წარმოადგენდეს ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, სადაც კერძო ინტერესთან ერთად, საერთო ღირებულებებისადმი და საერთო სიკეთისადმი პატივისცემით მოპყრობა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მთავარი ელემენტი იქნება. ეს მხოლოდ პასუხისმგებლიანი მმართველობის პირობებშია შესაძლებელი.

ცოდნა და აღზრდა

პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის მთავარი აქცენტი აღზრდაზე უნდა გაკეთდეს. ოჯახი, სკოლა, ეკლესია და სხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუტები ახალგაზრდა თაობების მორალური აღზრდის მნიშვნელოვან საფუძვლებს უნდა ქმნიდნენ. ბავშვს დაბადებისთანავე ბუნებისგან არა აქვს ნაბოძები კარგის და ცუდის გარჩევის შესაძლებლობა, ეს მას აღზრდით უყალიბდება.

მხოლოდ სასწავლო პროგრამების შეცვლა, მანდატურების ინსტიტუტით დისციპლინის ამაღლება ვერ უზრუნველყოფს პიროვნების ჩამოყალიბებას, რომელსაც საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის აღება შეუძლია. ან რა პასუხისმგებლობაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც პედაგოგის ხელფასი ცინიკურ ზღვარს უახლოვდება.

სკოლამ მოსწავლეს არა მარტო ცოდნა უნდა მისცეს, არამედ უწინარესად ის გამოცდილება, სადაც პრაქტიკულად შეიძლება იმის ათვისება, თუ რას ნიშნავს სხვისი უფლებების, ღირსების პატივისცემა, ტოლერანტობა, დისკუსია, განსხვავებული აზრის მოსმენა. სახელმწიფოში დემოკრატია, პირველ რიგში, მოქალაქეთა შესაბამისი განათლებითა და პრაკტიკული უნარების გამომუშავებით ყალიბდება. დემოკრატიისთვის ინგლისურის ცოდნაზე უფრო სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თაობების ისეთ აღზრდას, რომ მათ საკუთარი და სხვისი ღირსების დაცვა შეეძლოთ.

აღზრდის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება იმ მორალურ ასპექტებს უნდა დაეთმოს, რომლის თანახმად საზოგადოება კარგს ცუდისგან არჩევს. ის რომ ნაგვის ფანჯრიდან გადმოყრა, სხვისი აბუჩად აგდება, დისკრიმინაცია, ქურდობა და ა.შ. ცუდია, უნდა გახდეს პრაქტუკული აღზრდის ელემენტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ ადამიანთა ნაკრებს, რომელთაც ზნეობრივი წარმოდგენები არ გააჩნიათ. ასეთი "საზოგადოება" მორალური დეგრადაციისთვის არის განწირული. ამ ამოცანის განხორციელება პედაგოგთა შესაბამის მომზადებასაც გულისხმობს.

რეპრესია და პრევენცია

დარწმუნებისა და აღზრდის ნაცვლად, მოქმედი ხელისუფლების საქმიანობის მთავარ ფილოსოფიად რეპრესია იქცა. ის რომ პედაგოგს მანდატურზე სამჯერ ნაკლები ხელფასი აქვს, რომ არაფერი ვთქვათ უშიშროების და პოლიციის თანამშრომლებზე, კარგად მეტყველებს ხელისუფლების პრიორიტეტებზე. ხელისუფლების ძალაუფლება ემყარება ე. წ. ძალოვან უწყებებს, რომლებიც როგორც სტუქტურით, ისე საქმიანობის წესით პოლიტიზებულია. სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ამ სტუქტურების მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად განსაზღვრული გირაო. დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობის პირობებში ამ გირაოს პოლიტიკური ნიშნით ან სხვა მოტივით თვითნებური დაკისრების პრაქტიკა ჩამოყალიბდა.

მართალია, კორუფციული წესრიგიდან სამართლებრივ წესრიგზე გადასვლა ითხოვდა კრიმინალთან ეფექტიან ბრძოლას, მაგრამ ეს არ უნდა მომხდარიყო ავტორიტარული ტენდენციების ხარჯზე. ერთი პრობლემის მოგვარება გაუმართლებელია სხვა არანაკლები პრობლემის შექმნით.

დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით ახალი პოლიტიკის პრიორიტეტს პრევენცია უნდა წარმოადგენდეს. კრიმინალის აღმოფხვრა შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების შემუშავებას გულისხმობს, რომლის კომპონენტები იქნება დანაშაულის ანალიზი, მისი გამომწვევი მიზეზების დადგენა და მათი თავიდან ასაცილებლად ადეკვატური ღონისძიებების გატარება. ამ პოლიტიკის განხორციელებაც აღზრდის სისტემის ნაწილი უნდა გახდეს. ადამიანი ბავშვობიდანვე უნდა ითვისებდეს კანონმორჩილებისა და კონფლიქტების თავიდან აცილების უნარს. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისგან პრევენციის პოლიტიკა ითხოვს არა მხოლოდ დანაშაულზე რეაგირებას, არამედ საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებთან პარტნიორობის, დარწმუნების, ანუ, კომუნიკაციისა და შემოქმედებითი საქმიანობის უნარს. სწორედ, ამ სტრატეგიის განხორციელებით შეძლეს დასავლეთის ქვეყნებმა გრძელვადიან პერსპექტივაში მართლწესრიგის უზრუნველყოფა.

ქვეყანაში, სადაც გირაო გახდა ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვანი წყარო, დანაშაულის თავიდან აცილებაზე ზრუნვა მეორეხარისხოვანია. პირიქით, ასეთი ქვეყნისთვის დანაშაულის პროვოცირება ხდება პირველხარისხოვანი.

კონსტიტუცია და პოლიტიკური კულტურა

დემოკრატიული აღზრდის საქმეში კონსტიტუციის პრინციპების გააზრებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მარტო კონსტიტუციის ტექსტით ვერ გახდება ერი დემოკრატიული, თუ მის ცნობიერებაში და ცხოვრებაში ვერ დაიმკვიდრა ადგილი ამ პრინციპების პრაქტიკულმა მნიშვნელობამ.

კონსტიტუციის პრაქტიკული განხორციელება აყალიბებს პოლიტიკურ გარემოშიც მორალს, რომლის თანახმად მონაწილე სუბიექტებს პასუხისმგებლობა უჩნდებათ. დემოკრატიის ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი ქვეყნისთვის აღნიშნული მორალის შექმნის საქმეში განსაკუთრბული ვალდებულება ხელისუფლებას აკისრია. ის არის პირველ რიგში მოვალე დაიცვას კონსტიტუცია და არ მისცეს თავს იმის უფლება, რომ საკუთარი ძალაუფლების ინტერესებისთვის მოახდინოს კონსტიტუციური ნორმების მანიპულირება. ქვეყნების დემოკრატიულობის ხარისხი არა კონსტიტუციის ტექსტით, არამედ, რეალურად არსებული პოლიტიკური რეჟიმით ფასდება. ამ შეფასებებით საქართველოს დემოკრატია დღეს სავალალო მდგომარეობაში იმყოფება.

ამ ეტაპზე, როდესაც მმართველობის ფორმის შეცვლა დგას დღის წესრიგში, საქართველოს დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. იმ შემთხვევაში, თუ მოქმედმა პრეზიდენტმა კონსტიტუციით განსაზღვრული პრეზიდენტობის ბოლო ვადის ამოწურვისთანავე, მმართველობის ახალი ფორმა ხელისუფლებაში დარჩენის შანსად გამოიყენა, მაშინ სწორედ ეს იქნება კონსტიტუციის საკუთარი ინტერესებისთვის მორგების და არა კონსტიტუციური იდეისადმი პატივისცემის მაგალითი. თუ სახელმწიფოს მეთაური პოზიტიურ მაგალითს არ იძლევა, მაშინ არც სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს უჩნდებათ წესებისადმი პატივისცემის მოთხოვნა. კონსტიტუციის ტექსტის დონეზე ახალი მმართველობის ფორმის დეკლარირება შესაძლოა იყოს "წინ გადადგმული ნაბიჯი" (ვენეციის კომისია), მაგრამ მისი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოყენების შემთხვევაში, დემოკრატიისთვის ეს იქნება უკუსვლა.

ახალი პოლიტიკის ამოცანას წაროადგენს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც პოლიტიკურ სუბიექტებს კონსტიტუციური "თამაშის წესებისადმი" პატივისცემისა და სამართლიანი კონკურენციის პირობები ექნებათ უზრუნველყოფილი.

სახელმწიფო და საზოგადოება

ახალი პოლიტიკის მნიშვნელოვანი ამოცანა სახელმწიფო მმართველობაში საზოგოგადოების თანამონაწილეობის უზრუნველყოფაა. დღეს სახელმწიფო იერარქიულ დამოკიდებულებაში იმყოფება საზოგადოებასთან. სახელმწიფო ყველგან დომინირებს და ყველაფერს აკონტროლებს, რაც ტიპურია ავტორიტარული მართვის სტილისთვის.

იმისათვის რომ სამოქალაქო საზოგადოებისთვის თავისუფლება რეალურად იყოს უზრუნველყოფილი, სასამართლოსა და საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობაა აუცილებელი. მხოლოდ მოსამართლის უვადოდ გამწესება ვერ იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის შედეგის მომტანი, თუ პოლიტიკურად მოტივირებული ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს ექნებათ მოსამართლეებზე ზეწოლის განხორციელების შესაძლებლობა. ამიტომ, აუცილებელია, საჯარო სამსახურების და პირველ რიგში ძალოვანი უწყებების ისეთი ორგანიზება, რომ პოლიტიკური ფიგურები გაემიჯნონ პროფესიულ სტუქტურებს (დეპოლიტიზება).

საზოგადოების არა მასიური გაკონტროლება და მისი მორჩილებაში ყოფნა, არამედ მასთან პარტნიორობა და პასუხისმგებლობის განაწილება უნდა გახდეს ახალი პოლიტიკის მიზანი. მისი მიღწევა მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც საზოგადოებას თვითორგანიზების, ობიექტური ინფორმაციის მიღებისა და თავისუფალი კრიტიკის პირობები ექნება შექმნილი. დემოკრატია საზოგადოებრივი კონსენსუსით და საერთო ღირებულებების აღიარებით მოქმედებს. ამისათვის, სწორედ საზოგადოებრივი პოტენციალის გააქტიურება და მობილიზებაა აუცილებელი, რაც პირველ რიგში, თითოეულის აღზრდით, დარწმუნებით, სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობითა და შესაბამისი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებით იქნება შესაძლებელი.

ავტორის შესახებ: პროფესორი, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^