საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთერთი ყველაზე მასშტაბური გაფიცვის ათი ლიდერი დაიჭირეს და ქართული საჯარო სფერო დუმს ამაზე. ინტერნეტში გამოჩენილი რამდენიმე სიუჟეტის და ადამიანის უფლებათა ცენტრის გარდა, არც არავის დაუწერია რამე და არც განცხადება გაუკეთებია.
რითი აიხსნება ეს დუმილი საქართველოში?
ბევრი მათგანი, ვისაც ხელი მოუწვდება მედიაზე, საჯარო დისკუსიის წამოწყების გზით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე (მათ შორის პრივილეგირებული ტელევიზიების, რადიოს მესვეურები, ჟურნალისტები, პუბლიცისტები თუ რეალობასთან მშვენივრად მორგებული სამოქალაქო ორგანიზაციბი) არ მიეკუთვნება იმ წრეს, რომელსაც ადარდებს ან პირდაპირ ეხება "მარშრუტკით" მგზავრობის მოსალოდნელი გაძვირება ან კიდევ ამის საწინააღმდეგოდ გამოსულთა ბედი. ისინი საჯარო ტრანსპორტით არ სარგებლობენ და უარეს შემთხვევაში ამრეზითაც უყურებენ მათ, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობს. "მარშრუტკაში" ჩართულ "არ დაიდარდოს" დასცინიან და მძღოლების საყვარელ მომღერლებზე წარბებს ამრეზით წევენ.
დათბილული მანქანის გარეთ მოხდარ მოვლენებზე, უკეთეს შემთხვევაში, საკუთარი მძროლის ან ტაქტისტისგან თუ გაიგებენ. ხოლო მათთვის, ვინ ახლოს არის დაკავშირებული ხელისუფლებასთან და მისგან პირდაპირ თუ არაპიდაპირ იღებეს პრივილეგიებს, ამ თემების გაშუქება და განვრცობა პირადი ინტერესების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს.
ამ ფენაში, რეჟიმის ინტელექტუალური გამართლებით დასაქამებულ ჟურნალისტებთან ერთად, რამდენიმე პროფესორი და ხელოვანიც შედის.
ამ ფენას, რომელიც სულ რამდენიმე ასეული ადამიანისაგან შედგება, ზურგს უმაგრებს საკუთარი მდგომარეობის შენარჩუნებით დაინტერესებული ხელისუფლება, რომელიც მოქრთამვით, დაშინებით, პრივილეგიების დარიგებით ცდილობს ჩაახშოს უგუნური ეკონომიკური პოლიტიკით და კორუფციით გამოწვეული საჯარო უკმაყოფილება.
ამ ფენისთვის, საოცრად უსიამოვნოა არა მარტო მარშრუტკების პროტესტი, არამედ მარშრუტკების არსებობაც კი. მათთვის სულერთია და არც იციან, რა ეღირება საჯარო ტრანსპორტით მზგავრობა, მაგრამ აი პროტესტებით გამოწვეული საცობები კი მათ ძვირფას მანქანაში გადაადგილებას ხელს უშლის. ბევრისათვის ეს პროტესტი საშიშიც არის.
მძღოლების პროტესტამდე იყვნენ უკმაყოფილო დევნილები, შემდეგ ვეტერანები, შემდეგ ტყიბულელი მაღაროელები. ხელისუფლებას არ გააჩნია არც უნარი და არც სურვილი მოსახლეობის უმრავლესობის ელემენტარული მოთხოვნილების დაკმაყოფილების, ხან ვაუჩერების დარიგებით ცდილობს ხანძრის ჩაქრობას და ხანაც პროტესტის ორგანიზატორების დაჭერით. გადარჩენისთვის ასეთ ფართხალში, რა გასაკვირია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლს "გაფიცვის უფლება აღიარებულია" ტუალეტის ქაღალდის ფასი აქვს.
ამ ჯგუფებისაგან მარშუტკების მგზავრების და მძოლების მიმართ სოლიდარობას არ უნდა მოველოდეთ. სოლიდარობა, ადამიანებს შორის ბედის დაკავშირებულობით, ერთნაირ პირობებში და მსგავსი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლით გაღვივებული ერთიანობის გრძნობაა, რომელიც უკანასკნელი მოდელის ჯიპში გამოჭიმულ ჩინოვნიკს და მის ქურქიან საყვარელს მარშრუტკის მძღოლის და მგზავრის მიმართ ვერ და არ ექნება.
მათ ამპარტავნობასა და უაზრო თავდაჯერებულობას დაუპირისპირდება მხოლოდ სუბალტერნული სოლიდარობა- ერთიანობა და თანადგომა იმ ხალხისა, ვისთვისაც ახლოა დღე-ღამეში 10 ლარად ჯიხურში მდგომი ქალის ანდა უფულობის გამო სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვის ბედი.
სუბალტერნული სოლიდარობა ტრიალებს მარტინ ნიემიოლერის ლექსის გარშემო, იმის გაცნობიერებით, რომ სადაც დევნილს გააგდებენ სახლიდან, ომის ვეტერანს გადათელავენ და მძღოლებს დაიჭერენ, იქ არც ექიმი, მასწავლებელი და ჟურნალისტი იქნება დაცული. სუბალტერნული სოლიდარობა შეიძლება გამოიხატოს ყველგან- გაფიცვაზე დგომით, საკუთარი ნაწერით ძალაუფლების გამოაშკარავებით, დაკავებული მძღოლების სასამართლოში დაცვით, მათ შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით ან თუნდაც პირწიგნაკზე 'ლაიქის' მინიშნებით.
სუბალტენულ სოლიდარობას შეუძლია უყუროს გადაცემას და გამოპრანჭული, ჭორიკანა ქალების მიერ გადაფარული აფეთქებული ტყიბულელი მაღაროელის და გარდაცვილი ჯარისკაცის მშიერი შვილები დაინახოს. სულბალტერნულმა სოლიდარობით გამოხატულ მხარდაჭერას შეუძლია ღირსების გრძნობა დაუბრუნოს ყველას, ვისაც ძალადობამ და სიღარიბემ ის თითქოსდა დიდი ხანია დააკაგვინა.
სოციოლოგ პიერ ბურდიეს კარგად აქვს დასაბუთებული ჩაგვრისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის ამოსავალი წერტილი- იერარქიის შენარჩუნება არა მხოლოდ იერარქიის სათავეში მყოფი პირების პირდაპირი ძალადობით, არამედ ჩაგრულთა აქტიური, ხშირად გაუცნობიერებელი თანამონაწილეობით ხდება. სუბალტერნულ სოლიდარობას შეუძლია ასეთი თანამონაწილეობის შემთხვევები გამოავლინოს და მათზე მითითებით იარარქიასა და სიმბოლურ ძალადობას საფუძველი გამოაცალოს.
ამრიგად, რეჟიმის პირდაპირ თუ არაპირდაპირ დამცველთათავის, სუბალტერნული სოლიდარობა საფრთხის მომცველია. ჩვენთვის, კი ის ერთადერთი გამოსავალია.