შარშან გაზაფხულს, ერეკლე დეისაძის „საიდუმლო სირობით" გამოწვეული მღელვარების დროს, ერთ-ერთ სიუჟეტში მწერალმა ზაზა ბურჭულაძემ ოდნავ ნაწყენი ტონით თქვა, ამ B კატეგორიის წიგნს, ყურადღებას არავინ მიაქცევდა, რომ არა რადიკალური დაჯგუფებების წყალობით "საიდუმლო სირობის" სოციალურ მოვლენად ქცევაო. მაშინ ზოგიერთმა მისმა კოლეგამაც ოდნავ ირონიულად შენიშნა, ზაზას მგონი გული დასწყდა, რომ ახლადგამომცხვარმა ავტორმა მის ნაცად ეპატაჟს აჯობა და ხალხი მეტად აახმაურაო.
ხუმრობით ან ნახევრად ხუმრობით, ბურჭულაძემ ირიბი შურისგება განზრახ თუ ქვეცნობიერად, დეისაძის მშობლიურ ქალაქში სცადა. ოპერის თეატრში გამართულ საღამოზე, დარბაზის დუმილის დასარღვევად გადაგდებულ ანკესზე (დამსწრე საზოგადოებისთვის მასაჟის შეთავაზება) წამოგებაც რომ უშედეგო აღმოჩნდა, ვფიქრობ (შეიძლება ვცდები), მწერალს სრულიად სპონტანურად საბჭოთა პერიოდში ჩასახული და მოგვიანებით, ქურდული რომანტიზმის ქუთაისში ფრთაგაშლილი ფრაზა გაახსენდა: „ქურდებს სიცოცხლე, ბოზებს სიკვდილი!".
რომ არა ქუთაისის „ინტელიგენციის" რეაქციული აღშფოთება, ცხადია, ბურჭულაძის ამ მცდელობას იმთავითვე წარუმატებელ ეპატაჟად მივიჩნევდით ან შესაძლოა, ეპატაჟიც არ გვეწოდებინა ამ პერფორმანსისთვის.
ყოველ შემთხვევაში, უცნაურია, როცა თანამედროვე მწერალი, რომელსაც ეს ჟანრი აქამდეც არაერთ სატელევიზიო გადაცემაში გამოუცდია, ასე აცდა ეპატაჟის წარმატებისთვის განმსაზღვრელ თვისებას - დროსთან და სიტუაციასთან ადეკვატურობას.
კიდევ უფრო უარესი, თუ ვიტყვით, რომ მწერალმა გათვლა მხოლოდ იმ კონკრეტულ შენობაში თავმოყრილ ადამიანებზე გააკეთა. ამას დაახლოებით 10 წლის წინ თუ ექნებოდა ხიბლი და ისიც, იმ შემთხვევაში, თუ გამოთქმულს, კონკრეტულად რომელიმე „ქურდს" ან „ბოზს" მიუძღვნიდა და ეს საზოგადოებასაც ეცოდინებოდა.
მერე რა, რომ „ინტელიგენცია" დღესაც ასე ადვილად „ვარდება", ეს ხომ ისედაც კარგად ვიცით. მწერალი, რომელიც ახალგაზრდა კოლეგის დღეს არსებული ფუნდამენტალისტური ჯგუფების და ყალბი ინსტიტუციების სატირაზე აგებულ წიგნს, მეორეხარისხოვანს უწოდებს, რომელზეც საუბარი არც კი ღირს (სხვა საქმეა, რომ ის ამით ახლოს იყო „საიდუმლო სირობის", როგორც ლიტერატურული პროდუქტის სწორ შეფასებასთან), თავად ეფექტის მიღწევას დღეისთვის ძალადაკარგული, არააქტუალური და არაპრობლემატური ჯგუფების და იდეოლოგიების გამოწვევით ეცადა.
შარშან, ილიას უნივერსიტეტის წინ განვითარებული მოვლენების შემდეგ დავწერე, რომ დეისაძის წიგნიც და თავად დეისაძეც, როგორც ამ ტიპის მწერალი-მოვლენა, იმ ფუნდამენტალისტური ჯგუფების ნაყოფი იყო, რომლებსაც „საიდუმლო სირობა" მიუძღვნა.
ფაქტობრივად, დღეს იგივე პარალელი შეიძლება გავავლოთ ბურჭულაძესა და საზოგადოებას შორის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ქუთაისის ინტელიგენციის" სახით. მაგრამ საქმე ისაა, რომ ადამიანი, რომელსაც ეპატაჟისთვის ეპატაჟურობის გარდა, მწერლობის ამბიციაც აქვს, ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოების გამოწვევას ნებისმიერ კულტურულ-სოციალურ-პოლიტიკურად მგრძნობიარე თემაზე მასთან დისკუსიაში შესვლით, საკუთარი წიგნებით ცდილობდეს, ირჩევს ყველაზე იოლ და იაფ გზას, რომელიც შედეგად არაფერს მოგვცემს, გარდა რამდენიმედღიანი ჩოჩქოლის და ისევ მიჩუმებისა. ვფიქრობ, ბურჭულაძე-მწერალს, მეტი ინტელექტუალური რესურსი აქვს, რომ მეორე გზას არ ირჩევდეს.
მაგრამ, კიდევ უფრო საინტერესო მოვლენების შემდგომი განვითარებაა. ვიდეოჩანაწერში, რომელსაც ქუთაისელი ჟურნალისტი იღებდა, აღშფოთებული „ინტელიგენციის" კომენტარების შემდეგ, ბურჭულაძემ გაბედული რამ თქვა: „რეაქცია იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო, მე ვთქვი, ქურდებს სიცოცხლე, ბოზებს სიკვდილი, და ბოზებმა დატოვეს დარბაზი."
ამის შემდეგ, შემოდის მთავარი პერსონაჟი, რომელსაც, მწერალზე კარგი ინტუიცია აღმოაჩნდა და ზუსტად განსაზღვრა შექმნილი სიტუაციის გამოყენების შესაძლებლობა. პრეზიდენტზე მაქვს საუბარი. უკვე ყველამ მოისმინა მისი მკაცრი მამა-შვილური დატუქსვა-გაფრთხილება, რომ მან საკუთარ შეურაცხყოფად მიიღო მწერლის ნათქვამი, რომ არავის აქვს უფლება საზოგადოებას ზემოდან უყუროს, და რომ ძველ დროში ჩარჩენილმა ადამიანებმა, რომლებიც ქუთაისის მენტალურ და ფასადურ განახლებას ვერ ამჩნევენ, თვალი უნდა გაახილონ.
ზოგადად, გამოხმაურების ფაქტით გაკვირვებას, ან ბრეჟნევთან პარალელებს თუ გვერდით გადავდებთ, მარტივი მისახვედრია, რომ პრეზიდენტს ბურჭულაძე სულაც არ ჰგონია კრიმინალური სამყაროს მოტრფიალე. ეს უბრალოდ საზოგადოებაზე გათვლილი ყველაზე მომგებიანი სიტყვა იყო.
გარემონტებულ-დამშვენებულ, წლების წინ კრიმინალური ავტორიტეტების ქალაქად წოდებულ ქუთაისში, სადაც, როგორც გუშინ ტვ იმედის სიუჟეტის დასასრულს ჟურნალისტმა გვამცნო, „საზოგადოების აზროვნება შეცვლილია და მათთვის წარსულის, თუნდაც ხუმრობით გახსენება, (თუ ეს ხუმრობა იყო), მიუღებელია!" - ცხადია, ქალაქის მოსახლეობის უმეტესობის გული გუშინ პრეზიდენტმა მოიგო.
ამ ყველაფრის სევდიანი დაგვირგვინება კი, თავად ბურჭულაძის ახალი კომენტარი იყო, იმავე ტვ იმედთან საუბარში რომ განაცხადა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ხუმრობა იყო და განთქმული ქუთაისური იუმორის წყალობით იმედი მქონდა, მას სწორად გაიგებდნენო, რითაც ბოლო ტოტიც მოიჭრა.
არადა, ყოფილა შემთხვევები, მისი ეპატაჟური განცხადებები, სულ მცირე, არაერთმნიშვნელოვანი და დროსთან ადეკვატური მაინც ყოფილა, მათ შორის პრეზიდენტის მისამართით ნათქვამიც, როგორც 7 წლის წინ, ამ გადაცემაში.
ფსიქო 2004 წელი
[video:http://www.youtube.com/watch?v=hYV7XMIfb7g]