Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯანდაცვა საქართველოში

30 ივლისი 2012

მართალია, ჯანდაცვა ჩემი  სფერო არ არის, მაგრამ ორი რამ ნამდვილად ვიცი: 1. იმისათვის, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გაუმჯობესდეს, საჭიროა არსებობდეს სერიოზული, გრძელვადიანი გეგმა, რომელიც მხედველობაში მიიღებს მოსახლეობის ყველა ჯგუფს, ქვე-სექტორებს, მონაცემებს და საერთაშორისო გამოცდილებას. 2. საქართველოს ასეთი გეგმა არ აქვს.

საბჭოთა კავშირის ჯანდაცვის სექტორს, როგორც ყველა დანარჩენს, სახელმწიფო მართავდა. მართალია, საბჭოთა კავშირი თავის მოსახლეობას მსოფლიოში საუკეთესო ჯანდაცვას არ სთავაზობდა, მაგრამ მაინც შესანიშნავად ახერხებდა მოსახლეობის  ჯანმრთელობის დაცვას. ოცი წელია, ამ სისტემის ყველა ნაწილი განადგურდა. ზოგი  მაღალი დონის კერძო კლინიკებით ჩანაცვლდა, ზოგ სფეროში კი საქართველოს ძალიან ცოტა კარგი სპეციალისტი ჰყავს. საბოლოო ჯამში, მთელი ეს სექტორი კატასტროფაა. ქვეყნის ხელმძღვანელობა კი ვერ თანხმდება პრობლემის მოგვარების გზაზე.

წამყვან პოლიტიკად  საავადმყოფოების და კლინიკების გაყიდვა იქცა. იბადება კითხვა: ვინ იხდის ფულს ამ კომერციულ დაწესებულებებში ჯანდაცვის სერვისის უზრუნველყოფისთვის? რა თქმა უნდა, სადაზღვევო კომპანიები,  რომლებსაც ზოგიერთ შემთხვევაში თავად სახელმწიფო აწვდის ფულს მოსახლეობის დასაზღვევად. ეს, დაახლოებით, ის სისტემაა, რაც ამერიკას ჰქონდა. მას რამდენიმე პრობლემა აქვს, მათ შორის ის, რომ ბევრ ადამიანს არ აქვს ჯანდაცვის მომსახურების მიღების საშუალება და უჭირს სახელმწიფო დახმარების მოპოვება. ყველაზე ღარიბი ამერიკელი, ამასთანავე, ყველაზე არაჯანმრთელიცაა. გარდა ამისა, ეს სისტემა ძალიან ძვირია. სხვა ქვეყნებთან შედარებით, ამერიკის ეკონომიკის  ყველაზე დიდი წილი იხარჯება ჯანდაცვაზე, მაგრამ ამერიკას სხვებზე უკეთესი ჯანდაცვის სისტემა მაინც არ აქვს.

საქართველოს სჭირდება გეგმა. მისი შემუშავებისთვის კი საჭიროა კონსულტაციები სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან, მაგალითად, ისეთი საკითხების მცოდნეებთან, როგორიცაა ჯანდაცვის ფინანსირება, საჯარო ჯანდაცვა, საავადმყოფოები და კლინიკები, მთავრობისა და კერძო სექტორის როლი, ლიცენზირება, მოქალაქეების განათლება, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, დაავადებათა გავრცელების პრევენცია, მედიკამენტები, კანონმდებლობა. მსგავსი კონსულტაციები ახლანდელი ხელისუფლების პირობებში არ ჩატარებულა.

შემდეგი, რაც გვჭირდება, ხედვაა. თუ მთავრობა იტყვის, თუ როგორ სურს ჯანდაცვის სფეროში სიტუაციის გამოსწორება, დავუშვათ, 2020 წლისათვის, ყველას გვეცოდინება, თუ რა მიმართულებით მივდივართ: რამდენი საავადმყოფო და კლინიკა გვჭირდება, რამდენი სახელმწიფო დაფინანსება, რა სახის აღჭურვილობა, როგორი დაზღვევის სისტემა, როგორ იმოქმედებს ეს საშუალო სტატისტიკურ ოჯახზე, რამდენი ექიმი და ექთანი, როგორი მომზადებით და სერტიფიცირებით და ა.შ. ამგვარი ხედვის არსებობა საშუალებას მისცემს ყველას, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხებზე. მთავრობას საშუალება ექნება, დაინახოს, თუ გეგმის რა ნაწილი დარჩება ყურადღების მიღმა და როგორ უნდა მოახდინოს მის სხვა პროექტებთან ინტეგრირება.

წარმატების შესაფასებლად შესანიშნავი საერთაშორისო მაგალითები არსებობს, მაგრამ მთავარი კითხვაა, თუ ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები. ოფიციალური პირები ამ სექტორს კარგად არ იცნობენ. თუ მათ ექნებათ რამდენიმე კარგად გაანალიზებული და ჩამოყალიბებული განვითარების გეგმა, ვის მისცემენ ისინი შეფასების და ამორჩევის უფლებას? როგორც ყველა სხვა სფეროში, ისინი, ვინც გადაწყვეტილების მიღებაში მიიღებენ მონაწილეობას, გადაწყვეტილების ხასიათის განსაზღვრაში მთავარ როლს ითამაშებენ.

სადაზღვევო კომპანიების საშუალო რგოლის მოხელეების ბოლოდროინდელი დაჭერები იმაზე მიუთითებს, რომ რაღაც ისე ვერაა, როგორც უნდა იყოს. ამ დაჭერების მიღმა რა ლოგიკაც დგას, მესმის. ამასთანავე, სადაზღვევო კომპანიებისთვის იმის თქმა, რომ მათ უნდა აემოქმედებინათ ღარიბებისთვის გადახდის სისტემა, თანაც სულ რაღაც რამდენიმე კვირაში,  ცოტა უსამართლოა.

დარწმუნებული ვარ, ისინი ვინც გავლენიან პოზიციებზე იმყოფებიან, ჯანდაცვის მშვენიერ მომსახურებას იღებენ. მათთვის ძნელი გასაგებია, რამდენად რთულია ოჯახისთვის ავადმყოფი მშობლის გადასარჩენად ვალებში ჩაძირვა. ასეთი შემთხვევები საქართველოში ხშირია, ისევე, როგორც ამერიკაში. არ არსებობს მონაცემები, თუ როგორ მოქმედებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა სხვადასხვა სოციალურ ჯგუფზე. საჭიროა ამ მონაცემების შეგროვება და გამოყენება.

მნიშვნელოვანია პრიორიტეტების საკითხიც. ყველას უნდა ჰქონდეს ჯანდაცვის მომსახურების მიღების უფლება? რა ხარისხის უნდა იყოს ეს სერვისი? რა უნდა იყოს პრიორიტეტი: საუკეთესო ჯანდაცვა მათთვის, ვინც მეტს იხდის, თუ საუკეთესო ჯანდაცვა ყველასთვის? რამდენი უნდა დავხარჯოთ პრევენციაზე და რამდენი - მკურნალობაზე? საქართველოს მსოფლიოში ფილტვის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, რადგან საქართველოს მოსახლეობა თამბაქოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელია. ეს პრობლემა დაკავშირებულია ადამიანების ცხოვრების წესთან, მაგრამ ასევე დაკავშირებულია საჯარო ჯანდაცვასთან და ეკონომიკასთან. როგორ უნდა ჩავსვათ ეს საკითხი ჯანდაცვის სისტემაში? საერთოდ, საჭიროა კი მისი ჯანდაცვის სისტემის დონეზე დაყენება?

ამ ყველაზე რთულ სექტორში, მთავრობას სჭირდება გეგმა, კონკრეტული იდეა, თუ საით მივდივართ. როდესაც ამგვარი გეგმა გვექნება, გვეცოდინება, თუ რას და როგორ გავუწიოთ მონიტორინგი. ამ სექტორში ყველაფერი სწრაფად იცვლება. იმისათვის, რომ განსჯის მეთოდი შევიმუშაოთ და წარსული გადაწყვეტილებები გავაანალიზოთ, უნდა შეგვეძლოს იმის შეფასება, თუ რა მუშაობს და რა - არა. ზოგადი ჩარჩოს გარეშე, ისევ გზააბნეულ ხეტიალს გავაგრძელებთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^