Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიშტერე სიცრუისა

30 ივლისი 2012

ღმერთი,რჯული არ ვაპირებდი რენი ჰარლინის "აგვისტოს 5 დღეზე დაწერას".

  1. რედაქტორმა შემიკიკინა

  2. ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერის კობა ნაყოფიას შესანიშნავი ინტერვიუ წავიკითხე "ნეტგაზეთში". ბატონი კობა ნამდვილი ინსპირაციის წყაროა ანკარა. ფილმზე კი დაწერას იმ მიზეზით არ ვაპირებდი, რომ კანში არაჩვეულებრივი ფილმების ფონზე, რენი ჰარლინის შემოქმედებაზე ფიქრი და წერა მერწმუნეთ უმძიმესი ჯაფაა.

ფილმის პრომოუტერებმა არ იმყოფინეს ქართული ტელევიზიების "დაბოლება" (ზოგი ნებით და ზოგიც უნებლიეთ დაბოლდა) და ახალი ტყუილების კასკადს გვთავაზობენ. ამიტომ ვიდრე ფილმზე მოგახსენებდეთ ჩემს მოკრძალებულ აზრს, რამდენიმე კომენტარი ბატონი კობას ინტერვიუზე.

1. "ნებისმიერ ფესტივალში მონაწილეობა და რაც არ უნდა გააკეთო არის ფასიანი... ნებისმიერ კინოთეატრში ჩვენება, იქნება ეს საფესტივალო თუ არასაფესტივალო ჩვენება, არის ფასიანი." (გთხოვთ გაეცანით ინტერვიუს მთლიანად). გოგი გვახარიას სტატიის შედეგად მკითხველმა გაიგო, რომ "აგვისტოს 5 დღე" ნაჩვენები იყო, ერთ-ერთი სასტუმროს პატარა დარბაზში. ყველა პრესტიჟული ფესტივალის პარალელურად, ამავე პერიოდში იმართება კინო ბაზრობა. ის არ შედის ფესტივალის პროგრამაში და იქ მოხვედრა მართლაც ფასიანია. კინოს ჩვენებაც, დარბაზის ქირაობაც და after party-ც. რაც შეეხება საფესტივალო პროგრამას, იქ მხოლოდ თქვენი ფილმის ხარჯზე ხვდებით და უფასოა. მეტსაც გეტყვით, ფესტივალზე მონაწილეობს რამდენიმე ასეული რეჟისორი და ფილმი, მათ კანის ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი იწვევს, უფინანსებს გზას, სასტუმროს რამდენიმე დღით და კვებას. უხერხულია, რომ ჩემი ქვეყნის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ფილმის ერთ-ერთმა პროდიუსერმა არ იცის ასე ცოტა და ელემენტარულიც კი. ვერაფრით დავაბრალებ, რომ ეს სასაცილო ამბავი უბრალოდ მოიტყუა. აქ "არ ცოდნის" ამბავია. კი ბატონო ცოდვაში არ ჩავუთვალოთ. მაგრამ უცოდინარი რომ სხვას ასწავლის ჭკუას, აი ეს კი ოდნავ გამაღიზიანებელია. (იხილეთ ინტერვიუ).

2. "...ფილმზე მოსვლის მსურველი იმდენი იყო, რომ ყველა ვერ დავაკმაყოფილეთ. 18 მაისს ამაზე დიდი მოვლენა კანში არ ყოფილა... და თუ ვინმე რამეს წარმოადგენდა კანში - ჟურნალისტი, კინოკრიტიკოსი - ყველა იყო მოსული." რა სასიხარულოა, რომ ასე ვედიდებით თვალში ბატონ კობა ნაყოფიას. დანარჩენი კი ფოტოზე იხილეთ.

 

დარბაზი, რომელიც მაყურებელს ვერ იტევს და მისი სიდიდეც. ეს ფოტო ფილმის დაწყებამდე რამდენიმე წამით ადრეა გადაღებული. ნუთუ ერთხელ მაინც არ მოუწია ბატონ კობას, "ლუმიერების" დარბაზში ოფიციალურ ჩვენებაზე მისვლა? თავი დავანებოთ მთავარ დარბაზს, ნებისმიერი რიგითი დარბაზი, სადაც უზარმაზარი რიგი დგას. მაინც რა ვიწროა ჩვენი თვალთახედვის არეალი.

3. "მე მთელი ჩემი გული და სული ჩავდე ამ ფილმში და ძალიან ვღიზიანდები, როდესაც ჟურნალისტი მირეკავს და რაღაც მიკიბულ-მოკიბულს საუბრობს ამ ფილმზე. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა ლობი აქვთ რუსებს" - ეს ხომ ცხადია, ვისაც "აგვისტოს 5 დღე" არ მოეწონება, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიონია, ის რუსეთის აგენტია. რამე ახალ ბრალდებას ველოდი. ეს დაძველდა.

4. ..."რუსეთის გარდა ყველა ქვეყანამ იყიდა ფაქტიურად (ფილმზეა საუბარი). ამ ივენთმა გააკეთა ის, რომ ის ქვეყნები, რომლებშიც ფილმი არ იყო გაყიდული, მოგავწყდნენ". რაშია იცით საქმე? ძალიან მიყვარს მდიდარი ფანტაზიის მქონე ადამიანები და ამიტომ ძალიან გთხოვთ ნურავინ გამოიძიებს, რომელმა "ფაქტიურად ყველა ქვეყანამ" შეიძინა ფილმი. რა უშავს დავჯერდეთ ამ სასიხარულო ინფორმაციას. აი, ვისაც დახარჯული ფული გაინტერესებთ, მაშინ კი ღირს გაკითხვა. საშუალოდ, რიგითი ჰოლივუდური კინო, საკუთარ დანახარჯს ორმაგად მაინც იღებს გაყიდვებით. საინტერესოა, დაახლოებთ 60 მილიონი თუ დაბრუნდება უკან საქართველოში?

5. კითხვაზე, როგორ შეხვდნენ ფილმს კანში, ბატონი კობა პასუხობს: "აცრემლებული თვალებით. ჩემმა მეუღლემ მეორედ უყურა და after party-ზე ვერ წამოვიდა, ცუდად ვარო. უცხოელები უნდა გენახათ, შოკირებულები იყვნენ, მეტყველება ქონდა ზოგიერთს დაკარგული..." აქ არ ფანტაზიორობს ბატონო კობა, ის რამდენიმე ადამიანი რომელიც დარბაზში იჯდა, ნამდვილად შოკირებული იყო. რაც შეეხება after party-ს მართლაც ძალიან ბევრი ხალხი იყო, მშვენიერი ფრანგული შამპანიური და კანაპეები რიგდებოდა. გულს გადააყოლებდა ადამიანი ამ შოკის მერე. ბოლომდე არ დავრჩენილვარ და ნამდვილად ვერ ვიტყვი გაუშვეს თუ არა რამე ეკრანზე,ან ამას რა მნიშვნელობა აქვს.

როგორც უკვე მოგახსენეთ, მიყვარს მდიდარი ფანტაზიის მქონე პერსონაჟები, მაგრამ სრული უზნეობაა ადამიანების ასე მოტყუება. არაფერს ვიტყოდი და იქნებ არც მომეყოლა კანში "18 მაისს მომხდარი უდიდესი მოვლენის შესახებ", მაგრამ წარმოუდგენელია გულგრილად უყურო, როგორ ცდილობენ ადამიანების დაშტერებას. რისთვის არის ეს საჭირო? ნუთუ ფიქრობენ რომ აქ მხოლოდ თავად არიან?!

ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, რომ მიჭირს მოვწყდე ბატონი კობას ტექსტს, თანაც გვპირდება, ბოლო დროს სულ საქვეყნო პროექტებზე ვარ გადართული და სანამ ცოცხალი ვარ ვეცდები ერთი აგური დავდო ჩემი ქვეყნისთვისო. მშვენიერია, იქნებ მომავალში უკეთესი იყოს. ახლა რაც შეეხება, ძალიან მოკლედ, ამ პირველ აგურს.

რა მოლოდინი მქონდა მე. ის, რომ ფილმი პროპაგანდისტული იქნებოდა, ამის გაგება საქართველოს პირობებში არ არის ძნელი. რენი ჰარლინი კი არ მიეკუთვნება იმ რეჟისორთა რიცხვს, რომელიც დაჩაგრულ ერებსა და ქვეყნებზე შფოთავს. გადახედეთ მის ბიოგრაფიას და ფილმოგრაფიას. კი ბატონო იყოს პროპაგანდისტული, მაგრამ კარგად და ოსტატურად გაკეთებული - ისე, რომ ანტი პროპაგანდა არ გამოვიდეს. თუკი ფილმი მხოლოდ ქართველ "პატრიოტებზეა" გათვლილი, მაშინ მისი შექმნა გამართლებულია. მაგრამ ამ ფილმით საერთაშორისო მაყურებელზე შთაბეჭდილებას ვერ მოვახდენთ. ის არც ისეთი შტერია, ბატონ კობა ნაყოფიას რომ გონია. ეს კინო საბჭოთა პერიოდში, მეორე სამამულო ომზე გადაღებულ ფილმებს გავს, სადაც ყველა გერმანელი მახინჯია და ყველა საბჭოთა ჯარისკაცი ლამაზი. აქეთ მხარეს მხოლოდ ერთი ბოროტი გამყიდველია, იქით მხარეს კი ერთი (აუცილებლად პატარა) კეთილი გამყიდველი.

 

თუკი მიზანი კარგი ბლოგბასეტრის შექმნა იყო, მაშინ ჯობდა ისევ დავით აღმაშენებლზე გადაგვეღო ფილმი. 3 წლის წინანდელ ომზე, ტრაგედიაზე, ჰოლივუდურ ფილმებს ვერ იღებენ. ასეთ დროს ჯობს, კარგი სანახაობრივი, გნებავთ მძაფრსიუჟეტიანი ფილმი ყოფილიყო, გამოგონილი ისტორია, რომელიც მსოფლიოს წინაშე საქართველოს სახელით წარსდგებოდა. ეს ფილმი კი არც დაგძაბავთ და არც შეგაშფოთებთ, იმდენად ხელოვნურია ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ბევრი სისხლია (საღებავია), ბევრი სახლი, ტანკი, მანქანა ფეთქდება. ეფექტი კი ისეთია, კომპიუტერულ თამაშებში ომობანას რომ თამაშობენ მოზარდები. ისეთივე არადამაჯერებელი გამოსახულებაა.

კიდევ ერთი საბჭოთა მემკვიდრეობა. მიხეილ სააკაშვილის (ანუ ენდი გარსიას) დავით კეზერაშვილის, თემურ იაკობაშვილის და კახა ლომაიას როლის შემსრულებელი მსახიობების ინგლისურ-რუსული აქცენტია.რატომ ლაპარაკობენ ჩვენი მინისტრები და ქვეყნის პრეზიდენტი რუსული ინგლისურით?! როდესაც სინამდვილეში ასე არ არის. მთავარი გმირი თათია კი ინგლისური ქართულით: " ქარქათ ვარ", "გული მცქდება" ამბობს ის.

ერთი სიტყვით უქმად დახარჯული ხარჯები მენანება და ამ ფილმით ისედაც შელახული რეპუტაციის, კიდევ უფრო შელახვა უპატიებელი უნიჭობით, რომელიც პროპაგანდის ფუნქციასაც კი ვერ შეასრულებს. სად მოვნახეთ რენი ჰარლინი, ჰოლივუდში ხომ ყოველი მეორე პროფესიონალური პროპაგანდისტული კინოს დიდოსტატია?! ეს ფილმი კი ORT-ს მიერ დამზადებულ (მხოლოდ მაღალბიუჯეტიან) ფილმებს გავს, რუსეთმა რომ აგვისტოს ომზე დაუკვეთა. გოგი გვახარიამ თავის რეცენზიაში დაწერა, რომ ქართველებს არც ამაში გვქონია ბედიო. ვერ დავეთანხმები, რადგან ბედი გვქონია (მიუხედავად იმისა, რომ მე ეს რეჟისორი არ მიყავრს) ემირ კუსტურიცამ რომ არ შეასრულა რუსეთის დაკვეთა. არც მინდა წარმოვიდგინო რამდენად უკეთესი იქნებოდა.

 

P.S. და ბოლოს ერთი სიმართლე. ეს კანის მთავარ ბულვარზე ფილმის ბილბორდია. არ ვიცი ვინ დაბეჭდა და გადაიხადა თუ არა ფული ვინმემ ამ ბილბორდის აქ განთავსებაში, მაგრამ ფაქტია რომ - ის აქ არის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^