Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სპორტი და სოციალური ქსელები

30 ივლისი 2012

სპორტი, ალბათ ეს ის თემაა, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ფენას აერთიანებს. საქართველოში სპორტი და სპორტსმენებზე ჭორაობა მოსახლეობის ერთ-ერთი უსაყვარლესი გასართობია. აქ უყურებენ ფეხბურთს, რაგბს, კალათბურთს და იშვიათად ბეისბოლსა და ამერიკულ ფეხბურთსაც კი. გუნდების დაპირისპირება, სპორტსმენების პირადი ცხოვრება და განცხადებები გულშემატკივარისთვის ყოველთვის საინტერესოა. საქართველოში ხშირად სპორტის გამო გულშემატკივრებს შორის შელაპარაკებებიც ხდება, თუმცა ეს შეხლა-შემოხლა ძირითადად ინტერნეტს არ სცდება და საბედნიეროდ ისეთ სახეს არ იღებს, როგორც ინგლისში, საფეხბურთო ხულიგნების შემთხვევაში.

თუმცა ახლა „სპორტულ ნიადაგზე" დაპირისპირებებზე არ ვლაპარაკობ და მოდით ყურადღება დღეისთვის უფრო საინტერესო თემაზე - ინტერნეტ სკანდალებზე გადავიტანოთ. ინტერნეტმა სპორტსმენების ცხოვრება გულშემატკივრებისთვის იმდენად ხელმისაწვდომი გახადა, რომ ზოგჯერ ამათუიმ ვარსკვლავს პირადი მიმოწერაც კი აქვს ფანთან, სამყაროს მეორე ბოლოში. თუკი ადრე სპორტული სკანდალები არც ისე ხშირად ხდებოდა და ამ სკანდალისთვის ჩავლებას მთელი ჟურნალისტური გამოძიება სჭირდებოდა, ახლა ეს ყველაფერი ჩვენს წინ, პირდაპირ მონიტორზე იშლება ხოლმე.

ერთ-ერთი ასეთი გამოძიება უკავშირდებათ ასტონ ვილას ფეხბურთელებს : დუაიტ იორკსა და მარკ ბოსნიჩს, რომლებმაც 1998 წელს VHS ვიდეოკამერით გააკეთეს პატარა ფილმი - „იორკი + ბოსნიჩი + ოთხი ქალი = პორნოს". მათ ეგონათ ეს უბრალოდ გასართობი იქნებოდა და მეგობრებს შორის დარჩებოდა, მაგრამ ალბათ დღემდე ვერ ამოუხსნიათ თუ როგორ ჩაუვარდა კასეტა ხელში „The Sun"-ის ჟურნალისტს, რომელმაც ამ ვიდეოჩანაწერის მეშვეობით ერთ-ერთი ყველაზე  მსუყე საფეხბურთო სექს სკანდალი გამოაცხო.

ჟურნალისტი არ „უწვალება" ჯოელ მონაგანს, რომლის ისტორიაც სწრაფად დაიწყო, სწრაფად დამთავრდა და ალბათ ყველაფერში საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს. მონაგანი ავსტრალიის რაგბი ლიგის ნაკრების ფლანგის მოთამაშე იყო, ის ირიცხებოდა გუნდში - „Canberra Raiders", რომელიც ერთ უწყინარ საღამოს სეზონის დასრულებას აღნიშნავდა. მონაგანმა წვეულებაზე გადაწყვიტა, რომ ცოტა „ეხუმრა" (სწორად ასე ახსნა მან თავისი საქციელი). მისი ხუმრობა გამოიხატებოდა ძაღლთან სექსის სიმულირებაში. ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა იქ შეკრებილმა საზოგადოებამ ფოტოზე ასახა.

წარმომიდგენია თუ რა რეაქცია ექნებოდა მორაგბეს, რომელმაც დილით, ნაბახუსევზე, მისი და ძაღლის სექსის ფოტოები ინტერნეტში იპოვა. მართლაც, მეორე დღეს ინტერნეტი მოფენილი იყო მონაგანის „ხუმრობის" ამსახველი ფოტომასალით. რაგბის ლიგის ასოციაციას მისთვის სანქციები არ დაუწესებია, თუმცა მონაგანს კარიერის გაგრძელება ინგლისში მაინც მოუწია. ის ბრიტანეთში გაემგზავრა და დღეს „Warrington Wolves"-ის ღირსებას იცავს. არ ვიცი ამ ფაქტს რამდენად უკვაშირდება, მაგრამ, ევროსპორტი, როიტერსზე დაყრდნობით ამბობს, რომ მონაგანი სამშობლოში დაბრუნებაზე ჯერ არ ფიქრობს.

ვარსკვლავების ცხოვრება უფრო „ხელმისაწვდომი" გახადა სოციალური ქსელების გამოჩენამ. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და სოციაბელური სპორტსმენი - ბრაიან ჰაბანაა. ჰაბანა 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ტვიტერელია. ჰაბანა პოსტავს ყველაფერს, თუ როგორ ვარჯიშობენ, თუ როგორ ხასიათზეა და ა.შ გულშემატკივრები მის ცხოვრებაზე ყველაფერს იგებენ და ბევრისთვის სამხრეთ აფრიკელი მოთამაშე ამის გამო ფავორიტი ათლეტის სტატუსსაც იმსახურებს. ჰაბანას მოქმედება მისასალმებელია, ის არამარტო თვითონ აქტიურობს სოციალურ ქსელზე, არამედ სხვებსაც უბიძგებს. ის ხშირად თავისი მეგობრების შესახებაც დებს ახალ ამბებს, მაგალითად მისი 21 აგვისტოს ტვიტით ვიგებთ, რომ ზელანდიელი მორაგბეები კაინო, ვიპუ და ჯეინი სამოგზაუროდ ემზადებიან და ჰაბანა მათ ბედნიერ მგზავრობას უსურვებს.

ჰაბანას მოქმედება მისასალმებელია, არა იმიტომ, რომ მას თავისი ცხოვრება სააშკარაოზე გამოაქვს, არამედ იმიტომ, რომ ხშირად საკუთარ ფანებს ძალიანაც ეხმარება. ჰაბანას 50,531 „მისდევს" ტვიტერზე, მათ შორის ბევრი ბავშვია, რომელიც რაგბის თამაშს ახლა იწყებს (მაგალითად ჩემი ძმა და მისი გუნდელები). ჰაბანას პოსტები რაგბზე და ვარჯიშზე ხშირად ბავშვებისთვის დამატებითი მოტივაცია და სასარგებლო რჩევაცაა. გარდა ამისა, მორაგბე პოსტავს საკლუბო და სანაკრებო თამაშებზეც. სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება რაგბში, ჰაბანა და მისი ტვიტები კი შესაძლებელს ხდის, რომ ინფორმაცია სამხრეთ აფრიკის ნაკრების შესახებ არა სპორტული ჟურნალისტების ნიუსებით (რომლებიც ხშირ შემთხვევაში ამავე ჟურნალისტის ფანტაზიის ნაყოფია) არამედ თვითონ მორაგბის მეშვეობით მივიღოთ. სოციალურმა ქსელმა შესაძლებელი გახადა, რომ სპორტსმენი თვითონ გახდეს ჟურნალისტი, რომელიც გაავრცელებს ისეთ ინფორმაციას, როგორიც გულშემატკივრებს აინტერესებს. ვნახოთ თუ როგორ შეითავსებს წინა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე სამოქალაქო ჟურნალისტის მოვალეობებსაც.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალურმა ქსელებმა მართლა შეუწყვეს ხელი სპორტული ახალი ამბების გავრცელებას, იგივე ქსელები წარმოშობენ ახალ სკანდალებსაც, რომლებიც ზოგჯერ სპორტსმენებს შორის პირადი „დაპირისპირების" შედეგად წამოირშვება ხოლმე. მაგალითად, 21 აგვისტოს „ბერლუსკონის თასზე" ერთმანეთს მილანი და იუვენტუსი შეხვდნენ. თამაში მილანმა 2:1 მოიგო და ერთი შეხედვით ამ ამხანაგურ დაპირისპირებას არავითარი გაგრძლება არ უნდა ჰქონოდა, რომ არა კრისტიან პასკუატოს ფეისბუქ გვერდი. იუვენტუსის ვინგერმა რამდენჯერმე მარტივად მოატყუა მილანის ფეხბურთელი მატიე ფლამინი. საბოლოოდ კი პასკუატოს ფინტების გამო ფლამინიმ მუხლიც კი იტკინა.

[video:http://www.youtube.com/watch?v=ituz39cPdz8]

მაგრამ ამ ამბავში მთავარი არც ფლამინის მუხლი არაა და არც პასკუატოს ტექნიკა. საქმე იმაშია, რომ პასკუატოს ფეისბუქ გვერდზე გამოჩნდა პოსტი - „გუშინ ფლამინიმ ამერიკულ გორაკებზე გაისეირნა". ეს პოსტი მილანის ფეხბურთელმა პირად შეუაცხყოფად ჩათვალა და საბოლოოდ იუვენტუსის ფეხბურთელის აგენტს, კლიენტის მაგივრად თავის მართლებაც მოუწია. აგენტი ამტკიცებდა, რომ პასკუატოს არავითარი კავშირი არ აქვს ადამიანთან, რომელმაც მისი სახელით ეს განცხადება გააკეთა და იუვენტუსის ადმინისტრაცია აუცილებლად დასჯის მას, ვინც ეს ფეისბუქზე დაპოსტა. ეს პოსტი მალე გაქრა, თუმცა „პასკუატომ"  რამდენიმე საათის წინ ისევ ატვირთა მისი და ფლამინის დაპირისპირების ვიდეო, რამაც ფანების აღფრთოვანება ისევ გამოიწვია. ფეხბურთელის აგენტი TMW-ს ეუბნება, რომ აუცილებლად დაიცავს თავისი კლიენტის რეპუტაციას, რომელიც პატივისცემით ეკიდება თავის მეტოქეებს http://www.tuttomercatoweb.com/juventus/?action=read&idnet=dHV0dG9qdXZlLmNvbS02MDIxMw.

მაინტერესებს თუ რატომ არ შეიძლება ახალგაზრდა ვინგერს უხაროდეს თავისი კარგი თამაში და რატომ ითვლება ასეთი გამონათქვამები მეტოქის შეურაცხყოფად? სოციალური ქსელები ხომ სწორედ იმისთვისაა შექმნილი, რომ ადამიანებს ერთმანეთთან მეტი კონტაქტი ჰქონდეთ? პასკუატო შეიძლება კარგი ფეხბურთელია და შეიძლება მალე მისი სახელი საფეხბურთო სამყაროში უფრო ცნობილიც გახდეს, მაგრამ პირველ რიგში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ახალგაზრდა ადამიანია, რომელსაც შეიძლება საკუთარი მოსაზრება გააჩნდეს. ფლამინი სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა, ეს ფაქტია, შეიძლება დაცინვა არც ისე კარგი ჟესტია, მაგრამ გამარჯვებულს არ ასამართლებენ. პასკუატო კი გამარჯვებულია და მას სრული უფლება აქვს ფეისბუქზე მაინც დატკბეს საკუთარი „ტრიუმფით". შეიძლება თვითონ ფეხბურთელს მართლაც არ გაუკეთებია ასეთი განცხადება, მაგრამ, ჩემი აზრით, ის ადამიანიც კი, რომელმაც ეს პოსტი დაწერა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაისაჯოს. საფეხბურთო აგენტებმა და მენეჯერებმა კი უნდა შეიგნონ, რომ ფეხბურთელი, რაოდენ საოცარ ხელფასსაც არ უნდა იღებდეს ის, ჩვეულებრივი ადამიანია და მას მეტი კონტაქტი უნდა ჰქონდეს ხალხთან, რომლებიც მის საყურებლად ბილეთებს ყიდულობენ.

ქართველ სპორტსმენებს კი ვურჩევ, რომ უფრო მეტად გააქტიურდნენ სოციალურ ქსელებში, რაც საზოგადოებას „ნაციონალური სპორტისადმი" ინტერესს უფრო გაუღვიძებს და ვინ იცის, იქნებ ბავშვებმა ერთ დღეს რეალის, ბარსელონას ან მილანის მაგივრად, პირველ რიგში, თბილისის დინამოსაც კი უგულშემატკივრონ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^