აგვისტოში მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ, ისევ მოგესალმებით ძვირფასო მკითხველებო. კალენდარული ახალი წელი 1 იანვრიდან კი იწყება, მაგრამ, რეალურად, წლის დასაწყისი სექტემბერია. აგვისტო კი, მიუხედევად იმისა, რომ შვებულებებისა და არდადეგების თვეა, ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო პერიოდია. აგვისტოში წლის ყველაზე სენტიმენტალური, მგრძნობიარე და ამავე დროს რაციონალური 31 დღეა. სწორედ აგვისტოა ის დრო, როცა განვლილი წლის გაანალიზების, შეფასების, გადაფასების, დაკვირვების შანსი გვეძლევა. ამ დროს გამოტანილი დასკვნების შემდეგ, ფასეული მომავალ სეზონში უნდა გადავიტანოთ, უსარგებლო და ფუჭი კი - წარსულში დავტოვოთ. რამდენად სწორად გავაკეთებთ ამას, ძალიან მნიშვნელოვანია.
აგვისტო ჩემთვის თვითნებური შვებულების თვე აღმოჩნდა - მე და ხალხისგან დაცლილმა თბილისმა ერთდროულად დავისვენეთ. ქალაქთან ერთად მშვიდად ვიწექი დამტვერილ ტროტუარზე და მთელი წლის მანძილზე ადამიანებისგან, მანქანებისგან (განსაკუთრებით შავი, გემივით ჯიპებისგან), სიცხისგან, სიცივისგან, ემოციებისგან დაღლილი ვისვენებდი.
თითქოს სიმშვიდე იყო ვირტუალურ სამყაროშიც. "ფეისბუქის" "ქუჩებზე" ლამაზი ფოტოები ლივლივებდა. მთისა და ზღვის პეიზაჟების ფონზე გარუჯული სხეულები, მომღიმარი ბავშვები (კომენტარებით "ლამაზუნაა", "ცაკალელი"), ქალები საცურაო კოსტიუმებში (შეფასებით - "აუ, რა ხაარ?! "), მამაკაცები, რომლებიც ვერ მალავენ ნაციონალურ ძუძუებსა და ღიპებს (კომენტარით "უხ, შენ გენაცვალე!"), ჯგუფური, ბედნიერი საოჯახო ფოტოები სახელწოდებით ("ღმერთმა გამრავლოთ"). აგვისტოს საყოველთაო ბედნიერების ფონზე, ფეისბუქზე მოლივლივე ფოტოებსა და კომენტარებში მხოლოდ პოზიტივი ჩანს - მზე, მთა, ზღვა, ჭრელი და ექსტრავაგანტული ტანისამოსი უკანა პლანზე ანაცვლებს ამ ფოტოების მიღმა არსებულ მოწყენილობასაც, მარტოობასაც, სიყალბესაც, სიცარიელესაც, ცელულიტსაც, ნაოჭებსაც და მოზღვავებულ ბანჯგვლებსაც. ეს ყველაფერი აგვისტოში და აგვისტოს ფეისბუქში უკიდეგანოდ ლამაზად, შინაარსიანად გამოიყურება. დამშვიდებული და ჩამცხრალია ჩვენი შეფასების ბარომეტრი. მე და ჩემი ქალაქი კი ტროტუარზე ვწევართ, ვისვენებთ და ახალი წლისთვის ძალებს ვიკრებთ.
აგვისტოში თითქმის არაფერი იყო შესაფასებელი პოლიტიკურ, სოციალურ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ საყოველთაო დასვენების ფონზე უფრო მეტი დრო დარჩა კულტურისთვის - ქვეყნის კულტურული ცხოვრების ეპიცენტრმა ბათუმში გადაინაცვლა, მთავარ მოვლენად კი ბათუმის ახლად აშენებულ თეატრში დადგმული "რევოლუციური წარმოდგენა" "ქეთო და კოტე" გახდა. ამ წარმოდგენით აღტაცებული იყო ერი და ბერი, პატრიარქი და პრეზიდენტი. ასევე სწორედ აგვისტოში მოვიცალეთ რობერტ სტურუასგან რუსთაველის სახელმწიფო თეატრის გასანთავისუფლებლად.
გარდა საზოგადოებაში არსებული პრობლემებისა, ამ ორმა მოვლენამ ნათლად აჩვენა, რომ ქართული სამსახიობო და სარეჟისორო სკოლების პოლიტიკა გადახედვას საჭიროებს. სამსახიობო ოსტატობის ხარვეზებმა, სარეჟისორო კრიზისი კიდევ უფრო ნათლად გამოაჩინა.
"Вот видите, у меня щляпа на голове" - ამბობდა კულტურის სამინისტროსთან წარმოდგენილი სპექტაკლის ერთ-ერთი მოქმედი გმირი. სწორედ სიმბოლური "შლიაპა" ახურავს დღეს ქართველი მსახიობებისა და რეჟისორების დიდ უმრავლესობას და მათ თავებსა და გონებას ახლებურად აზროვნების ნაკადისგან იცავს. რევოლუცია ჩვენს თავებში ხომ ჯერ არ მომხდარა. არ მოხდა და თანაც არავინ არის, ვინც გვეტყვის "ქუუდიი!"
ჩემს ცხოვრებაში კი აშკარად მოხდა ერთი რევოლუციური ცვლილება. სწორედ რომ აგვისტო გახდა ის თვე, როდესაც ჩემს სახლში "შემოაბიჯა" საფრთხემ, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ამიერიდან ჩემი სიძულვილისა და შიშის მთავარ ობიექტად იქცევა.
უკვე ვგრძნობ, მთელი წლის განმავლობაში როგორი შიშითა და თრთოლვით დაველოდები მის მოსვლას. ვინერვიულებ, როცა დაიგვიანებს, აღვშფოთდები, როცა დროზე ადრე მოვა. ჩემი ამ მძაფრი ემოციების კატალიზატორი ერთი ფარატინა ქაღალდია - სახელად კომუნალური გადასახადების ქვითარი - მართლაც რომ ნაგავი (!), რომელშიც აგვისტოში პირველად გადავიხადე 45 ლარი!
სექტემბრის პირველი რიცხვებია. როგორ მინდა, რაიმე ახალი და საინტერესო წარმოვიდგინო, რაც მომავალ წელს გველის/მელის, რაზედაც აგვისტოში ვიფიქრე და მივხვდი - მაგრამ ვერაფერს ვპოულობ.
ნაგვის გადასახადი მანამდე მომიშლის ნერვებს, ვიდრე არ შევეგუები და მის მიმართ გულგრილი არ გავხდები. რუსთაველის თეატრში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რაღაც დაიდგმება. ქვეყანაში ქსენოფობია ისევ და კიდევ უფრო აგრესიული ფორმით იარსებებს. ფეისბუქში ისევ ვიჩხუბებთ და ისევ შევიყვარებთ ერთმანეთს, დავშორდებით და დავმეგობრდებით . ქართულ პოლიტიკაში სიახლე მოსალოდნელი არ არის. სრულიად დისკრედიტირებული პოლიტიკური სუბიექტები, ალბათ, ისევ შეეცდებიან რევოლუციური ცვლილებების მოხდენას საპროტესტო აქციების მეშვეობით. მერე რა, რომ მალე არჩევნებია?! ამასობაში აღმშენებლის ინფანტილიზმი პროგრესირებს - არავინ იცის რას უნდა ველოდოთ.
ჩინოვნიკები ალბათ ადგილებს გაცვლიან და პარლამენტში ნაცმოძრაობა ისევ ერთხმად (ან ხათუნა ოჩიაური სხვების მაგივრად) მისცემს ხმას ახალ კანონს.
ადამაინები ისევ დაიბადებიან და ისევ მოკვდებიან. ისევ მარტო დარჩებიან და ისევ შექმნიან ბედნიერების და ბედნიერი საქართველოს ილუზიას. კრიტიკულად განწყობილი მედია კი ისევ ფუჭად შეეცდება ამ ბედნიერი საქართველოს ილუზიის დამსხვრევას.
რისთვის ღირს ამ წრეზე ბრუნვა?! გამახსენდა - სექტემბრის მეორე ნახევარში თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი და ბათუმის კინოფესტივალი იწყება. ბათუმში აკი კაურისმიაკის ფილმს "ჰავრი" აჩვენებენ. თუ ამ ფილს ნახავთ, მიხვდებით, რომ ფუჭად არ ვბრუნავთ ცხოვრების წრეზე. ეს ყველაზე კარგი შანსია ახალი წლის დასაწყებად და იმის დასაჯერებლად, რომ სიყვარულს, სიცოცხლეს, ცხოვრებას აზრი აქვს!