,,ეგ ლიბერალი
ბურთივით მრგვალი"''
გრიგოლ ორბელიანი
,,პერუ მე გულით თან დამაქვს"
მარიო ვარგას ლიოსა
იქნებ ზოგს ახსოვდეს, ან შეიძლება ბევრს აღარც, რომ ჩვენს უცნაურ ქვეყანაში, ლიბერალიზმის ფუძემდებელი, საქართველოსთის ამ იდეოლოგიის პირველად აღმომჩენი და დამფუძნებელი წმინდა ილია მრთალი, იგივე ილია ჭავჭავაძე გახლდათ - ჩემი ღრმა რწმენით, ყველაზე დიდი ქართველი პოლიტიკოსი და მოღვაწე (დავით აღმაშენებელს და საერთოდ, ჩვენს მეფეებს, ცოტა ხნით თავი დავანებოთ, ისინი სულ სხვა სამყაროდან იყვნენ თავისი ალესილი ხმლებით), რომელსაც, მაშინაც და ახლაც ყველაზე თამამად და გულწრფელად შეეძლო ეთქვა: - ,,მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპიელი"- ო. სწორედ მისი ევროპელობა იყო ამოსავალი მისი ლიბერალობისაც, თერგდალეულობისაც, ბანკებისაც და მისი განთქმული ყაირათიანობისა და ხელმომჭირნეობისაც, რომელიც რუსთაველისეულ საქართველოში წუწურაქობად აღიქმებოდა... დღესაც კი, ერთ რამედა ღირს მისი პუბლიცისტური წერილების გადახედვა, რომელიც იმდროინდელი ევროპის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ლიტერატურულ მოვლენებს ეხება... ჩვენი თანამედროვე პოლიტიკოსებიდან, პოლიტოლოგებიდან თუ ექსპერტებიდან, ვისაც გინდა, იმ ჟილეტის ჯიბეში ჩაისვამდა, სადაც ვერცხლის საათს ინახავდა ხოლმე.
ახლა წარმოიდგინეთ, რა აურზაური უნდა მოჰყოლოდა ქვეყანაში, რომელიც დღემდე, 21-ე საუკუნეშიც კი ფეოდალურია, მე-19 საუკუნის შუა წლებში ლიბერალური აზრებისა და იდეების სუფთა კახური სიჯიუტით და უკომპრომისობით ფრქვევას და მოჰყვა კიდევაც - აქეთ გრიგოლ ორბელიანი ოხრავდა: - ,,საქართველო მაშინ დაიქცა, როცა მე და წვიტანაძე ერთმანეთს შეგვასწორესო", იქით კიდევ, ერთმა დაშხოშიანმა და ფაფარაშლილმა თავადმა კინაღამ ხანჯალზე წამოაგო: რა ყმები უნდა გავათავისუფლო. ხო არ გაგიჟებულხარ, მერე მე ვმკა ყანაო - ძლივს გააგდებინეს ხელიდან -,,ნუ მოჰკლავ, ცოდოა, ჯეელია და თავში უქრისო.''
ზუსტად მაგ დროს, სწორედ ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის ატეხილი სამოქალაქო ომების გამო, მთელი ლათინური ამერიკა სისხლში ბანაობდა კალიფორნიიდან მაგელანის სრუტემდე. იყო ერთი ,,პოლკოვნიკმა აურელიანო ბუენდიამ, ოცდაცამეტჯერ დაიწყო აჯანყება და ოცდაცამეტივეჯერ დამარცხდა", მექსიკაში კარგი გახურებული სროლა, აქეთ აგრარისტები და ფედერალისტები, ევროპაში ჯუზეპე გარიბალდისა და მაძინის იტალიური დროშის ფრიალი და ქართველების ამბავი რომ ვიცი, ჩვენებიც დიდი სიამოვნებით ჩახოცავდნენ ერთმანეთს ლიბერალიზმის თუ კონსერვატორობის ერთგულებით ისეთ გველეშაპს რომ არ შემოეხვია მათთის კუდი, რომელსაც ვრცელი რუსეთის იმპერია ჰქვია და რომლის კლანჭებშიც, აი ახლა-ახლა, დიდი თავპირის მტვრევით და ნაგლეჯ-ნაგლეჯ ვაღწევთ თავს.
ასე იყო თუ ისე, იმ ბედნიერ დროს საქართველოში ილია ჭავჭავაძემ და მისმა ლიბერალურმა იდეებმა გაიმარჯვა და ქვეყანასაც თავისი ხელი დაატყო, ვიდრე მოხუცობის ჟამს, ახლა მარქსისტებთან არ მოუხდა შეტაკება, რომლებმაც, ხანჯლიანი, საშინელი და ველური თავადებისგან განსხვავებით, არ დაინდეს და მოკლეს.
რათ მოვაყოლე ეს მეტ-ნაკლებად ცნობილი ამბები და აი რათა: - ძალიან ხშირად, როდესაც თანამედროვე ლიბერალებს ვუყურებ, მათი მამამთავრის და წმინდანის, ილია ჭავჭავაძის ერთი ფრაზა მახსენდება, რომლითაც მარქსისტების მოგერიებას ცდილობდა: ,,ალბათ თქვენნაირ მარქსისტებზე ამბობდა თავად მარქსი, ყველაფერი დამაბრალეთ, მარქსისტობის გარდაო". ჰოდა, მაგრად მეცინება იმის წარმოდგენაზე, ახლა ილია ჭავჭავაძე რომ წამოახედა და თანამედროვე ლიბერალები დაანახა, რას დაფრთხებოდა და როგორ დასძახებდა თავისი "პროვინციული" კახური კილოთი: -,,თქვენი ჭირიმეთ, ყველაფერი დამაბრალეთ, ოღონდ ლიბერალობას ნუო''.
ძალიან უცნაურია, მაგრამ რატომღაც, ნებისმიერი იდეოლოგია, ყველაზე კეთილშობილიც კი, როგორიც არის ,,ძმობა, ერთობა, თავისუფლება" ან ,,სამშობლო უპირველეს ყოვლისა", ან ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება" '- თითქმის ყოველთვის ძალიან ძვირი უჯდება კაცობრიობას. რაღაც წარმოუდგენელი ჯადოქრობით, ეს მართლაც ძალიან სწორი, კეთილშობილური და ზოგადსაკაცობრიო იდეები ან ძალიან უცნაურ და ღმერთო მაპატიე, უცნაურზე უფრო უცნაურ ადამიანებს უვარდებათ ხელში, ან კიდევ უფრო უარესი - მედროვეებს, რომლებიც აქეთ ეტმასნებიან ამ იდეებს და ,,ძმობა, ერთობა, თავისუფლება" უცებ იქცევა ხოლმე ასეთ ბოლშევიკურ, აბსურდულ და სასტიკ განაჩენად: ,,კნავილი, პლეადა წუნკალ შოვინისტების", ან ასეთ ბლეფად: "მე ვარ ჩინელი, მე ვარ მუშა, მე ვარ ყვითელი", ,,სამშობლო უპირველეს ყოვლისა" - ბინძურ, გაუგებარ და საშინელ "რასისტულ თეორიად", სიკვდილის ჯოჯოხეთურ ფაბრიკად და ,,გერმანელი ხალხის უფლებად, გააფართოვოს აღმოსავლეთის ტერიტორიები". სხვათა შორის, რასისტულ თეორიაზე გენიალურად იხუმრა ამერიკის პრეზიდენტმა რუზველტმა, მე რომ გებელსის ან ჰიტლერის გარეგნობა მქონდეს, რასობრივი თეორიის კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნებოდიო. ვეთანხმები ცხონებულს.
რაც შეეხება ,,სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას", უკაცრავად და ამ ბოლო დროს, რაღაც ძალიან აგრესიული, ტენდენციური, ცალმხრივი და მიმწოლი გახდა ეს კდემამოსილი და ცივილიზებული მისი უდიდებულესობა ,,სიტყვისა და აზრის თავისუფლება". რაღაც საეჭვოდ არათავისუფალი! ვაახ, და თუ ვინმე ოქროს, ვთქვათ გრიშას, აიღო და შეუყვარდა ბიძია საშურა და ,,როგორც ორ ზრდასრულ ადამიანს, ცალსახად აქვთ სრული დეკლალირებული უფლება"', რავი, ყველაფრისა, პარადი და ამბავი, უხ, ბოდიში, რა გოიმი ვარ, რა პარადი, პრაიდი, ჰო, გეიპრაიდისა, მე რატომ აღარ მაქვს ,,სიტყვისა და აზრის თავისუფლება"'' - არ მომწონდნენ, არ მაინტერესებდნენ და სულ ფეხებზე მეკიდნონ ეს ჯიგრები - გრიშა და ბიძია საშურა? მე რაღა დავაშავე? არც ჰიტლერივით და ჰებელსივით დახლიფართებული ვარ, ებრაელებზეც მშვენიერი აზრისა ვარ და ქართველი ებრაელები ხომ საერთოდ ძმები არიან, ზანგებზეც კარგი აზრისა გახლავართ, მაგალითად ჯეიმს ბოლდუინზე, ჩინუა აჩებეზე, ვოლე შოინკაზე, პელეზე, ეუსებიოზე, ჟან ტიგანაზე, ალან აივერსონზე, ელა ფიცჯერალდზე, მარიამ მაკებაზე, თინა თერნერზე... და ებრაელები და ზანგები კი არა, უარესს გეტყვით, სომხების "ატანაც" კი შემიძლია, მაგალითად ძალიან მაგარი მწერლის, გრანტ მათევოსიანის, ასევე მაგარი მხატვრის მაიახჩევის, ცხონებული და ტრაგიკული ფრუნზიკ მკრტიჩიანის, ზედ თავისი ავეტიქ ისააკიანებით, პარუის სევაკებით, გეგამ სევანებით, სილვა კაპუტიკიანებით, ვარდგას პეტერსონიანებით და... მოსე ხორანეცამდე ნუ ჩამიყვანთ. ასევე, ჩემი ძმაკაცის სლავიკა გასპაროვის, ბიცოლაჩემი რაია სეროფიანის და ბოლოს ჩემი ყველაზე საყვარელი ბიძის, მამიდაჩემის ქმრის, რამო ბახჩოევიჩ დანელიანისაც... მაშ, რა იქნა ჩემი ,,სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება", მომწონდეს ან არ მომწონდეს, მიყვარდეს ან არ მიყვარდეს? მარტო იმიტომ ვარ პერსონა ნონ გრატა, რომ თიკა, ლელუკა და ამათ გარდა, კიდევ სამი ეკა მიყვარდა, ერთი ლიზი, ჩემი ბავშვობის შეყვარებული ნინო ქაცარავა და ჩემი ცოლი, რომელიც ამეებს რომ წაიკითხავს, თვალებს ამომთხრის, ყოველგვარი გენდერული კანონის, მოძალადე ქმრების წინააღმდეგ ბრძოლისა და ქალთა უფლებების გაუთვაისწინებლად, დაუკითხავად და დაუხმარებლად? და კიდევ ვინ იცის, რა მელის?
მართლა, მაქვს უფლება, რომ ქართველები უფრო მიყვარდნენ, ვიდრე ლაოსელები? თან გადასარევად მესმის, რომ იმ ლაოსელს თავის ტაო ურჩევნია ჩემს ძმებს... ან ჩემი ძმები უფრო მიყვარდნენ, ვიდრე თქვენი? მაქვს უფლება, ვახსენო სიტყვები: კავკასია, ტყვარჩელი, მართმადიდებლობა, საქართველო, ჩემი სახლი, ეკლესია, ხეკორძულა, ხორნაბუჯი, გუდამაყარი, ნაბადი, ჩემი ქისტი ძმაკაცები, ისლამი, მეჩეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი, კლორთაღი, სინაგოგა, უბანი, ქართლოსა, ბებიაჩემი მანანა... თუ ფაშისტი ვიქნები და ტერორისტი? შეიძლება თვალი გავაყოლო ლამაზტრაკიან ქალს? კაცო, მაგას გასწავლიდათ ის სოფლელი, ყვარლელი და ლიბერალი ილია ჭავჭავაძე ბიჭებს გოგოები არ მოეწონოთ, გოგოებს ბიჭები და სვანებს უშგული არ უნდოდეთ და ჩოხატაურელ გურულებს ხურმაზე გასული იზაბელაო? აბა ეს მხეცი იაპონელები რატომ დადიან დღემდე კიმონოებით, თავში ჩარჭობილი შპილკებითა და დააბაკუნებენ ხის ქოშებს... ან ამ ქონიან სუმოისტების დანახვაზე რატომ ტირიან, მაგარი ჩამორჩენილები არიან, ხო? ჩამორჩენ არა? საწყლები!
ან ეს გლობალურად აზროვნება საიდან, ე?.. თუ აზროვნებ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ გლობალურადაც აზროვნებ, კოსმიურადაც და აზრის ძალაც სწორედ ეგ არის, რომ შეგიძლია სამყაროს კიდესაც გასცდე. თუ ვერა და, საერთოდ ვერ აზროვნებ და მაგას გეოგრაფიული მდებარეობა, სიტყვების თამაში და კაკანი არ შველის, სხვათაშორის, არც "აჩკები"... ისევე, როგორც იმის განცხადება, რომ, არც მეტი, არც ნაკლები, მ ს ო ფ ლ ი ო მ ო ქ ა ლ ა ქ ე ხარ... შენ კი ხარ მსოფლიო მოქალაქე, მაგრამ მსოფლიო გთვლის შენ თავის მოქალაქედ? აინტერესებს საერთოდ რომელ ორღობეს ან შუქნიშანს დაეკარგე? თუ ესეც მართლა იმ ,,გლობალური პროვინციალიზმის''კიდევ ერთი უტყუარი ნიშანია, რომელიც ძალიან, ძალიან დიდი ხანია საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს ნაკლად და სირცხვილად იქცა და რასაც ჩვენი გამოჩენილი ლიბერალები ,,ქვეყნიერების სასაცილოდ'' ლიბერალიზმს ეძახიან?
ბატონებო და ქალბატონებო, თუ ნებას დამრთავთ, მოგახსენებთ, რომ მსოფლიოს მოქალაქეები არიან: ჰომეროსი, ესქილე, ევრიპიდე, სოფოკლე, მარკუს ავრელიუსი, სენეკა, ლაო ძი, ბო ძიუ, დანტე, სერვანტესი, შექსპირი, ფრანსუა ვიიონი, რაფაელი, ელ გრეკო, ბოსხი, მიქელანჯელო, რუბენსი, ომარ ხაიამი, ჰაფეზი, ჯელალ-ედდინ რუმი, დავით გურამიშვილი, ჰენრიკ იბსენი, ჰანს ქრისტიან ანდერსენი, კირკეგორი, ასტრიდ ლინდგრენიი, ქემუძირო ოე, კობო აბე, გაბრიელ ო'ხარა, სემბე უსმანი, ჯეიმს ნ'გუგი, ლუი არმსტრონგი, მიხეილ კალატოზოვი, ჯორჯ ბალანჩინი, მანუელ სკორსა, მარკ ტვენი, ბორხესი, დამთხვეული და თითმკვლელი პაპა და მისი დიდად მოძულე ჯერომ სელინჯერი, რავი, ვინმე არ გამომრჩეს, ეწყინებათ ოხრებს და ამათ მარაქაში გარევას მართლა დიდი... არა, მართლა არავის გულის ტკენა არ მინდა და არ ვიტყვი, დიდი რა სჭირდება... ისეთიც არაფერი... თან ეს სიაფანდი ახლა არ დაწყებულა, ეე, სად იყო ეგე: _ ,,მე ვარ ჩინელი, მე ვარ მუშა, მე ვარ ყვითელი''... იყავი ძმაო, მე კი არ გიშლი, მაგრამ რომ არა ხარ და იტანჯები?
ეს სანახევროდ ხუმრობით, სერიოზულად კი აი, რას ამბობენ ამ ამბებზე, ორი მართლაც მსოფლიოს მოქალაქე, მოაზროვნე და გენიოსი მარიო ვარგას ლიოსა და ვაჟა ფშაველა. მე კი ძალიან დავიღალე და თქვენის ნებართვიოთ, წავალ, ერთ გლობალურ ,,უინსთონს" მოვწევ და მსოფლიოსაც გადავხედავ ჩემი უბნიდან, იქნება, ლუდის დასალევად ბიჭები მოძრაობდნენ, ჩავეშველო...
მარიო ვარგას ლიოსა: ,,არა მგონია, იმ ფაქტს, რომ ჩემდა უნებურად მსოფლიო მოქალაქე შევიქენი, ჩემი ფესვები შეესუსტებინოს, რადგან ასე რომ მომხდარიყო, პერუდან გამოყოლილი წარსული და გამოცდილება მწერლად ვერ მაქცევდა, ჩემს ნაწერებში დაუყოვნებლივ ვერ ამოტივტივდებოდა, მაშინაც კი როცა მოქმედება, თითქოს პერუდან ძალიან შორს ხდება."
ვაჟა ფშაველა: ,,ზოგსა ჰგონია, რომ პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია, ისე როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური - ვაჟა ფშაველა) პატრიოტია. როგორ? ასე. რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, მეგობრებს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, მის კეთილდღეობას.
PS. ეს ის ვაჟა ფშაველაა, რომელმაც 25 წლისამ ,,ალუდა ქეთელაური" დაწერა. ვინც იცის, იმათთან გულწრფელი ბოდიში მომითხოვია და ვისაც ,,ალუდა ქეთელაური"' ჩეჩნებისა და ხევსურების ხმალაობა და სისხლის აღება ჰგონია, მოვახსენებ, რომ ეს პოემა არა მარტო მსოფლიო მნიშვნელობის შედევრია, არამედ ერთ-ერთი პირველი და საუკეთესო ლიბელარული ტექსტი ქართულ ლიტერატურაში. ოღონდ ნამდვილი ლიბერალური, ნამდვილი ილია ჭავჭავაძისეული!..