საბჭოთა კავშირის დაშლა ანალიტიკოსთა ნაწილმა ღმერთის რევანშად შერაცხა. ეს მოვლენა სულიერად დამშეული საზოგადოების, მისტიკურ ვნებებსა და ჩემს ჩაბნელებულ სახლში "ეძიე ვარსკვლავი შენი"- ს რიტუალურ კითხვაში გამოიხატა. თეთრი წიგნი, ბრჭყვიალა ყდითა და გალაქტიკის გახუნებული ფოტოთი, ნამდვილი პოსტ-საბჭოთა ბესტსელერი იყო. სწორედ ამ წიგნში ამოვიკითხე, რომ თევზის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ მამაკაცთა უმრავლესობა მეოცნებეა, როგორც ყველა თინეიჯერს მეც მომეწონა ჩემი ხასიათის ასეთი აღიარებული შტრიხი და გადავწყვიტე მეწამა "ეძიე ვარსკვლავი შენი".
გასათვალისწინებელია, რომ იმ თაობამ აღმზარდა, რომელიც ნებისმიერ წიგნს იმპერატიულ ჭეშმარიტებად აღიქვამდა. მიტომაც წიგნს - "ეძიე ვარსკვლავი შენი", ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ბეჭდურ მასალას, თავისუფლად შეეძლო ჩემთვის ბიბლიის მაგივრობა გაეწია. ჩვენი მშობლების ეპოქაში სახლში ბევრი წიგნის ქონა, ადამიანის განათლებულობისა და "შესაბამისად" კეთილშობილების განმსაზღვრელი ფაქტორი იყო, თუმცა წიგნიდან მომდინარე მორალი მხოლოდ თვალსა და ხელსშუა არსებულ სივრცეში ვრცელდებოდა.
მოკლედ, ამ ჩემს ლამპით განათებულ ოთახში შექმნილ საოცნებო სიცარიელეში ჩემი და "ეძიე ვარსკვლავი შენი"-ს ინტიმური ურთიერთობა ძალიან გაღრმავდა. მან მითხრა, რომ თევზები მეოცნებეების გარდა ცისფერებიც არიან. არ დავმალავ, ამაზეც ვიფიქრე, მაგრამ ჩემს გარშემო იმდენად პირქუში გარემო იყო, ცის ფერი მეუცხოვა. გადავედი შემდეგ პუნქტზე და თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთა პროფესიულ წიაღსვლებს ჩავუჯექი. აღმოვაჩინე, რომ ისინი კარგი ხელოვანები, ფსიქოლოგები და ასტრონომები ყოფილან. აქედან პირველში საკუთარი თავი გამოცდილი მეგონა, ზუსტად ვერ ვხვდებოდი თუ რას გულისხმობდა მეორე, ამიტომ მესამე პუნქტით დავინტერესდი.
გადავედი ჩემს მეგობარ გიორგისთან, რომელიც ბავშვობიდან ვარსკვლავებზე მესაუბრებოდა და ცხოვრებაში პირველად მოვუსმინე. მერე მის (ფიზიკის ინსტიტუტიდან მოპარულ) თეოდოლიტს მივუჯექით და მთვარის ნაცვლად მზერა პირდაპირ ჩვენი ბოტანიკის მასწავლებლის ტრაკს მივაპყარით. იდგა თავისთვის რადიოიანი ფანრით განათებულ საძინებელში და ღუმელზე გაცხელებული წყლით გადაბანილ ტანს იმშრალებდა.
ირინა ალბათ სიმპატიური გოგო იყო, გამხდარი, ცოტა კეხიანი ცხვირით, მაგრამ ეშხიანი. სკოლაში ჭორები დადიოდა უფროსკლასელბთან რომანებს აბამსო, მე და გიორგიმ სწავლას მოვუმატეთ, რათა კლასში არ ჩავრჩენილიყავით. დღისით ბოტანიკის გაკვეთილზე ველოდით ირინას, ღამით კი ფანრით განათებულ საძინებელში. ხანდახან მისი ლოდინის რეჟიმი დიდხანს გრძელდებოდა, ამიტომ დროის გასაყვანად ცას გავცქეროდით ხოლმე.
ასე დაიბადა ჩემი ინტერესი ასტრონომიისადმი და ოცნება პირად თეოდოლიტზე. მინდოდა, მთვარე ისე ახლოს მენახა, რომ ნილ არმსტრონგის ნაკვალევის გარჩევა შემძლებოდა. ეს ოცნება, რა თქმა უნდა, აუხდენელი დამრჩა და სხვა ბავშვურ ოცნებებთან ერთად, კარგად შეფუთული საკუთარ შვილს შევტენე, რომელმაც წელს ბორჯომში ყოფნისას მთხოვა აბასთუმნის ობსერვატორიაში წამეყვანა. შვებულებისას ისედაც ვაპირებდი სამხრეთ საქართველოში მოგზაურობას, ამიტომ მარშრუტის აბასთუმნიდან დაწყება არანაირ უხერხულობას არ მიქმნიდა,
უბრალოდ არ ვიცოდი თუ რა სიტუაცია იყო ობსერვატორიაში და თავის დაზღვევის მიზნით ჩემს ერთ-ერთ მაღალჩინოსან მეგობარს დავურეკე. ან, თავისმხრივ, სხვები შეაწუხა და გამაფრთხილა, რომ ზუსტად 21 საათსა და 30 წუთზე ობსერვატორიის კარებთან თუ არ ვიდგებოდი ვერაფრით დამეხმარებოდა, მოგვიანებით მათ "ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები უნდა სწვეოდნენ და ჩემთვის აღარავის ეცლებოდა". მანქანაში საწვავი ჩავასხი, კარავი შევაგდე და გზას გავუდექი. გზად უამრავი ტაძარი და ციხე-სიმაგრე მოვინახულეთ, მაგრამ ამით მთვარეზე კვალის შემჩნევის ჟინი ოდნავაც არ გაგვნელებია. შევედით აბასთუმანში. თვალისმომჭრელი სიმწვანე და თავის დროზე კარგად გააზრებული არქიტექტურა დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, იმხელას რომ ნაგავში ჩაძირული მდინარეც კი ვერ გაგიქარწყლებს. ბანაკი სწორედ ამ ნაგვიანი მდინარის აყოლებაზე გაჩეხილ ტყესთან გავშალეთ, ვივახშმეთ, შემოგვაბნელდა. საათს დავხედე და ობსერვატორიისაკენ გავეშურეთ.
21:20-ზე ობიექტზე |გამოვცხადდით ბატონი დემურის მოსაკითხად. დაცვამ მოწიწებით მიმაცილა პირველ კორპუსამდე, რომლის კარებთანაც 30-დე ადამიანი რიგს მოთმინებით ელოდა. ძალიან გამიკვირდა. ნუთუ ამდენი ადამიანია თევზი - ვიფიქრე ჩემთვის და ბ-ნი დემური მოვიკითხე. ერთმა მოხუცმა კაცმა მითხრა შიგნით არის და ათის ნახევარზე გამოვაო. თან დაინტერესდა, საიდან ვიყავი. ეს კითხვა მეხამუშა, გადავწყვიტე თავი ამერიდებინა, მაგრამ მოხუცი ჩამაჟინდა. სხვა გზა არ იყო, მინისტრის მოადგილემ, რომ დარეკა ის ვარ მეთქი ვუპასუხე. ეუფ, იკაიფე ხალხი რეებს ჩალიჩობს!? ჩაიბუტბუტა იქვე მდგომმა ბიჭმა. ხმა არ გამიცია, დამენანა ამ მშვიდი საღამოს გაცოცხლება.
უცებ შენობის მეორე სართულიდან ვიღაც კაცის ხმა გაისმა: ჯემალ მანდ სამინისტროს ხალხი უნდა იყოს მოამზადე. მე პირველ რიგში გამოვიჯგიმე. აღმოვაჩინე, რომ კიდევ 5-6 კაცი ამომიდგა მხარში და ესეც გამიკვირდა. კიბეზე ბ-ნი დემური ჩამობრძანდა, მოწიწებით მოიკითხა ჩვენი პროტეჟეობის ამბები, დაგვიბარა 10 წუთში შემოდითო და გაუჩინარდა.
ამასობაში რიგში ბუნტი ატყდა. აღმოჩნდა, რომ აბასთუმნის დამსვენებლები მესამე დღეა ტელესკოპით გახედვას ცდილობენ და სულ ვიღაც ჩვენნაირი ქვემძვრომები ასწრებენ შესვლას. აქვე გაირკვა, რომ ისინი თანხას იხდიან ჩვენ კი ეს სიამოვნება უფასოდ გვერგება. ცოტათი შემრცხვა, მაგრამ დამსწრე საზოგადოების მხრიდან უკვე მონათლული ვიყავი ბიუჯეტის ვირთხად, ამიტომ უკან დახევას აზრი აღარ ქონდა. არავისთან შევდიოდი პოლემიკაში, ჩუმად ვიდქი ჩემთვის.
ხალხმა იმძლავრა, დაცვა გასწიეს და კარებთან დაიკავეს კუთვნილი ადგილები. მე არ მინერვიულია, ვიფიქრე თუ რამეა დავიცდი და მერე შევალ მეთქი. ჩოტა ხანში რიგებში ჩოჩქოლი შეწყდა და ყველამ ობსერვატორიის ჭიშკარს მიაპყრო მზერა. მეც ინსტინქტურად გავიხედე იქით და შთამბეჭდავი სანახაობის მომსწრე გავხდი. კარებში ამოჯაჯულ პერანგიანი დაცვის მთელი შემადგენლობა ლარივით გაჯგიმულიყო და ორი დიდი შავი ჯიპისაგან შემდგარ კორტეჟს, სამხედრო სალმით მოუძღვებოდნენ. პირველ ჯიპში სინათლე ენთო, მეორეს კი თავზე ციმციმა შემოეგდო და ნერვიულად აცეცებდა. ეუფ დამენძრა, ვერ მოვასწარი, ალბათ ესენი არიან ის მნიშვნელოვანი სტუმრები ვის გამოც ჩვენთვის ვეღარ მოიცლიან - გავიფიქრე ჩემთვის.
უკანა მანქანის კარი გაიღო და იქიდან ორი შეიარაღებული პირი გადმოვიდა. მგლური მზერით გადაავლეს თვალი შეგროვილ ხალხს და ჯემალს უხეშად დაუძახეს: რა ხდება მანდ?
თქვენ გელოდებით, ყველაფერი წესრიგშია ბატონო, შეშინებული ტონით მიუგო ჯემალმა. უცებ მხიარულად ვიღაც "ტიგროვი" ფანელის კაბაში გამოწყობილი საყვარელი მოხუცი ქალი გადმოვიდა, მასვე დიდი ჟრიამულით სოფლელ ბავშვთა არმია გამოყვა. ბიჭები თონის პურის ყუას კბეჩდნენ და სიხარულის ცინგლებს შიშველი ხელით ებრძოდნენ, ყურგახვრეტილი ლოყებღაჟღაჟა, პატარა ქალბატონები კი მეტისმეტი პრანჭვითა და რიდით აფახუნებდნენ ცისფერივით თვალებს. საიდანღაც გაოფლიანებული ბ-ნი დემური გამოენთო,
უკვე მობრძანდით ქალბატონო აგრაფინა? მაპატიეთ კარებში რომ არ დაგხვდით, ცოტა გვიან გელოდით. წამობრძანდით პირველ რიგში თქვენს ჯგუფს მოვემსახურებით.
აგრაფინა მხიარული ღიმილით ამოუყვა აღმართს, თან გზაში ბავშვებსა და დემურს შეძლებისდაგვარად ეოხუნჯებოდა. დემურიც უხერხულად, მაგრამ მონდომებით, იცინოდა. ცდილობდა ოქროს შუალედი დაეცვა, რომ ქალბატონს ცუდად არ მოხვედროდა თვალში, თან სულ ცივი ოფლი ასხამდა.
ამასობაში ჩემს გვერდით მდგომ რამდენიმე "სამინისტროს ზართან" და სხვა მაღალჩინოსნებთან გავაბი მუსაიფი, მაგრამ ქ-ნი აგრაფინას მოახლოვებისთანავე ყველა მისკენ გავარდა. ერთმა მოწიწებით ჩამოართვა ხელი და დიდი მონდომებით მოიკითხა, დანარჩენები კი პატივისცემის ნიშნად დარცხვენილები ჩამოლაგდნენ და თავი დაუკრეს. მერე ბ-ნი დემური აგრაფინას ჯალაბს და ბიუჯეტის ვირთხებს, შენობისაკენ გაგვიძღვა. დაცვამ გზა გაწმინდა და კორიდორი გაგვიკეთა. ხალხი შედარებით ჩამცხრალიყო, მხოლოდ რამდენიმე გოგო გვწყევლიდა უნიჭოდ, ბიჭები კი გაუბედავად სტვენდნენ.
მივაბიჯებდი ამ სირცხვილის კორიდორში და ჩემდა გასაკვირად მაინცდამაინც არ მრცხვენოდა. შევეგუე ვირთხობას და ამით მათზე აღმატებულად ვიგრძენი თავი, ვინც უვირთხობით მესამე ღამეს ათევდა რიგში. ვირთხობასაც ადვილად ეჩვევა კაცი, ისევ ჩუმად გავიფიქრე და ქ-ნ აგრაფინას შენობაში შევყევი. დემურმა ბოდიში მოგვიხადა, ჯერ ქალბატონს მოვემსახურებიო, მაგრამ ქ-მა აგრაფინამ დიდი პატივი დაგვდო, თავი გაგვიყადრა და დემურს უთხრა ერთად ვართ, ესენიც ჩვენი ბიჭები არიანო. დემური უხერხულობისაგან ლამის მიწაში ჩაძვრა, მაპატიეთ ბატონებო და ქალბატონო აგრაფინაო შემოგვძახა და სრულიად ოფლიანი შეგვიძღვა ტელესკოპის ბაქანზე.
მამაკაცებმა რიგი პატარებს დავუთმეთ და საუბარი გავაბით. ერთი თვალით ყველა ცას გასცქეროდა, მეორეთი კი ქ-ნ აგრაფინას, რათა საჭიროების შემთხვევაში პირველებს გაეწიათ სამსახური. ამსტრონგი სულ გადამავიწყდა, აგრაფინას ვიყავი მიშტერებული, ვერაფრით გამეგო რატომ ეტენებოდა ეს ხალხი მხიარულ სოფლელ დედაკაცს, რომელიც რაღაც უცნაურად ამაყი ჩანდა, ისეთი, რომ ვერც ვხვდებოდი რას შეიძლებოდა ასე გაეყოყოჩებინა. თითქოს შრომა დაუფასდა, დაიმსახურა და კეთილად იფერებს მიგებულ პატივსო, მაგრამ ბოლომდე ეგრეც ვერ იყო. ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდა, თან შეტენვის უბადლო სერვისით სარგებლობის მოთხოვნილებაც, მაინცდამაინც ვერ შევნიშნე.
აგრაფინამ ყველა ბავშვი გაახედა ტელესკოპში და კარებისკენ გაეშურა. დემური ბოდიშებით უკან გაყვა. დარცხვენილი ფუნქციონერები მოხუც ქალბატონთან დასამშვიდობებლად ისევ დიდი პირმოთნეობით აეკრნენ კედელს. ჩოტა ხანში გაოფლიანებული დემური ბაქანზე სახადმოხდილი ბავშვივით დამშვიდებული ამობრუნდა, ერთი ამოიხვნეშა და გვკითხა რაიმე ხომ არ გაინტერესებთ დამატებითო? ეტყობოდა იმდენად დაიცალა, მოყოლის თავი აღარ ქონდა.
არაფერი, - ვუპასუხეთ ღიმილით და ტელესკოპს მივუბრუნდით.
დემურმა მაინც, სხვათაშორის, ჰკითხა ერთ-ერთ ჩვენგანს, თქვენს ჯგუფზე დამირეკა ხომ მინისტრის მოადგილემო? იმ ბიჭს გაეღიმა, დემურს მხარზე ხელი დაარტყა და უთხრა მე ვარ ის მინისტრის მოადგილეო.
დაღლილობა სადღაც გაქრა, დემური აწითლებული სახით მივარდა ფოტოებთან და კვლავ აღტაცებით დაიწყო საუბარი მარსსა და პლუტონზე. დიდი მაესტროსავით იქნევდა სადირიჟორო ჯოხს და პერიოდულად მინისტრის მოადგილეს უბოდიშებდა არასათანადო პატივისთვის. ისიც თავისმხრივ ამშვიდებდა და ანუგეშებდა - კმაყოფილი ვარო.
დადგა ჩემი შვილის რიგიც. მე მინისტრის მოადგილეს საუბრისას ცალყბად ვკითხე, ქ-ნი აგრაფინა ვინ არის მეთქი. ან მრავლისმეტყველი სახით გადმომხედა და ყურში ჩამჩურჩულა, რას ამბობ, "იმის" დედააო. ვინ იმის მეთქი. "იმის" - პირველისო.
ვერაფერი გავიგე, მაგრამ მივხვდი, ჯობდა გავჩუმებულიყავი, სანამ "იმის" დედის რისხვა დამატყდებოდა.
გავხედე მთავრის ცივ, უმოძრაო ზედაპირს. დავინახე უამრავი კრატერი, რომლებმაც ბავშვობის უკბილო ხუმრობა გამახსენეს და ტუალეტის ჩასადგმელი ადგილიც შევარჩიე, მაგრამ არმსტრონგის ნაკვალევის ხილვა ისევ ოცნებად დამრჩა. კუთხეში მორცხვად მდგომ ჩემს შვილს ხელოვნური მხიარულებით ვკითხე:
-მაა, მოგეწონა მთვარე?
-რა ვიცი, ისე რაა... Google-ის მთვარე ჯობია! მიპასუხა მან.
გამეღიმა, თან გული დამწყდა. მართლაც Google-დან უკეთესად ჩანს მთვარე, ვიდრე ამ რეპრესიების დროინდელი ტელესკოპიდან, ვუპასუხე ბავშვს და დავფიქრდი, ღირდა კი ამის გამო სირცხვილის კორიდორში გავლა?