მე არ ვარ პოლიტიკოსი და არც ვაპირებ ვიყო, ამიტომაც ძალიან პოზიტიურად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე პოეტი რატი ამაღლობელი და მწერალი ნაირა გელაშვილი გამოვიდნენ და საუბრეს ოცნებაზე, რომელზეც ჩვენ უნდა ვიოცნებოთ.
როდესაც ქართველი ხალხი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას იწყებდა, ჩვენი ოცნება ლამაზი და არამატერიალური იყო. ის არც დოგმატური ყოფილა. ანრი ბერგსონის არ იყოს, ის მეტაფიზიკური იყო. თავისუფლება, ძმობა, ერთობა - მეტაფიზიკური ტერმინებია, ეს სიტყვები ხელოვნების ნიმუშია, ისევე როგორც თანასწორობის რელიგიური პრინციპი პოეტური ნიმუშია.
ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენ უსწრაფესი ტემპით ვშორდებით ნამდვილ სულიერებას. იმ ნამდვილ სულიერებას, რომელიც ამდენი ხანია ჩვენს "მრავალჟამიერში" დევს.
მეოცე საუკუნის ბოლოს ერთ-ერთმა უდიდესმა ფილოსოფოსმა ჟაკ დერიდამ იმედგაცრუებულმა თქვა, მთელი ჩვენი ცივილიზაციის მიზანი მრავალფეროვანი სამყაროს აღმოჩენა იყო და დღეს მაინც ერთ ხმაში ვმღერივართო. დერიდამ აქ ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დაინახა - ცხოვრების მიმართ მკაცრად ვერტიკალური მიდგომა, სადაც ერთი ხმაა უფროსი და დანარჩენი უკეთეს შემთხვევაში ფონი. თუმცა წელს მთელს მსოფლიოში მიმდინარე "ულიდერო" მოძრაობები "მრავალჟამიერის" პარადიგმის კიდევ ერთი გამარჯვებაა. ეგვიპტეში, ტუნისში, ლიბიაში, ამერიკაში, რუსეთში დაწყებული პროცესები, რომლებიც მთელს მსოფლიოს ედება სწორედ თანასწორობის და თავისუფლების იდეის შერწყმის შესაძლებლობას ადასტურებს.
ევროპული ცივილიზაცია უდიდესი კულტურაა, მაგრამ ამავე დროს არც ჩვენ უნდა გვქონდეს არასრულფასოვნების კომპლექსი, არ უნდა მოვინდომოთ რომ ბათუმი მაინცდამაინც ნიცას დაემსგავსოს, ან ქართველი მომღერალი აუცილებლად ქრისტინა აგილერას, მადონას ან ბრიტნი სპირს ჰგავდეს, მაშინ როდესაც გვყავს "ქართული ხმები", "შინ", "რუსთავი" და ბევრი სხვა არაჩვეულებრივი შემსრულებელი. კოსმოპოლიტიზმის და პატრიოტიზმის შერწყმა სწორედ ვაჟა ფშაველას საოცარი ფორმულაა, რომელიც არც ერთ ევროპულ, ამერიკულ თუ სხვა ნააზრევს არ ჩამოუვარდება. რატომაც არ უნდა ისწავლოს დანარჩენმა მსოფლიომ ქართული მრავალხმოვანებისგან?
დიახ, როგორც რატიმ თქვა "ჰამლეტის" გენიალური ფრაზის არ იყოს, ქყევანა ყარს სიხარბისაგან, კარიერიზმისგან, დაუნდობლობისგან, ცრუ ღირებულებებისგან, ფსევდო განათლებისგან, სიღატაკის და ადამიანების გულგრილობისგან. დიახ, როგორც ნაირამ თქვა, ინგრევა ქართული გარემო, როგორც ეკოლოგიური ასევე სულიერი. ინგრევა სრულიად უსახო კონკურენციის ჭაობში, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ადამიანური ნიჭის და სილაღის გამოვლენასთან.
დღეს მთელს საქართველოს უქადაგებენ, რომ ცხოვრების ერთადერთი გზაა სიხარბე, კონკურენცია, ლუზერების ჩაწიხლვა და "ჩარეცხვა", სიყვარულის ძალის იარაღის ძალით ჩანაცვლება, ძალაუფლების მოყვარული ადამიანების "წარმატების კულტი", და ეს იმ ფონზე ხდება როდესაც "გლახის ნაამბობის" და "განდეგილის" ავტორის სურათი სიტყვისა და საქმის ბიურკორატებს ზურგს უკან უკიდიათ.
დიახაც, ჰამლეტის დანიის მაგვარ დამპალ და სიცრუით სავსე ქვეყანაში ვცხოვრობთ და "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი ლიდერის ტრაგიკული სიკვდილი უნდათ ყოველდღიურად დაგვავიწყონ, ამისათვის ძვირადღირებულ კონცერტებს და შოუებს გვთავაზობენ, ნამდვილ ხელოვნებას "შოუ ბიზნესით" ანაცვლებენ. თითქოს ქართველი ჰამლეტის მამის მკვლელებს ყველაფერი მონოპოლიზებული აქვთ, ფლობენ თითქმის ყველა მედია საშუალებას, ლიბერალურ და კონსერვატიულ ბლოგერებს ამუშავებენ "ქვეყნის გასახარად", გურამ დონაძე კვლავაც თავის სტიქიაშია - ამჯერად მან საკუთარი, პრივატიზებული სიცრუის მანქანა შექმნა, პრეზიდენტის ფსიქო-სომატური სიცილი რომაული ორგიების ასოციაციებს იწვევს. თითქოს არაფრის უნდა ეშინოდეს "დანიის სამეფოს".
მაგრამ აქ შემოდის შექსპირი, ქვეყანაში აჩრდილია, არა, მეგობრებო ის აღარ არის 1848 წლის კომუნიზმის აჩრდილი, ის აღარც 1989 წლის "ლიბერალური დემოკრატიის" და მისი მეგობარი ნაციონალიზმის აჩრდილია. ქალბატონებო და ბატონებო, დებო და ძმებო, საყვარლებო და მიტოვებულნო - ეს ქართული მრავალხმოვანი ოცნების აჩრდილია. და ამ აჩრდილის იმედი ყველა ჩვენთაგანს შეიძლება ჰქონდეს.
ქართული მრავალხმოვანი ოცნება არც ევროპულის და მითუმეტეს ამერიკულის მექანიკური გადმომღერება არ არის. ის არც კოლონიალიზმს შესტრფის, არც ოლიგარქიულ ბიოპოლიტიკას, არც მატერიალიზმს და არც ვაჭრობის კულტს, არც ელიტიზმს და არც რასსიზმს, არც ოსვენციმს და არც ჩიკაგოს ეკონომიკურ სკოლას. ის ქართული ძირიდან მოდის და სულაც არ არის სირცხვილი ამის თქმა. მას უყვარს საკუთარი ქვეყანაც და მთელი სამყაროც. პოლიფონია საქართველოში ბევრად ადრე არსებობდა ვიდრე ამაზე ნაომი კლაინი და ანტონიო ნეგრი ილაპარაკებდნენ. დერიდას და ბახტინის მცირე იმედი რომ კაცობრიობა ნაციონალურ დარვინიზმს სოციალურ დარვინიზმთან ერთად დაძლევდა სწორედ ქართულ ფოლკში იყო, ქართველი ხალხის სიბრძნეში.
შეიძლება ისიც დიდი სიბრძნეა, რომ ქართველებს სხვებთან ჩხუბს ერთმანეთთან ურჩევნიათ, შეიძლება ისიც დიდი სიბრძნეა ქართველს იმპერიალიზმი არასდროს გამოსვლია და საბოლოოდ ნებისმიერი მცდელობა სიბრიყვედ აღიქმებოდა. მე არ ვამბობ რომ ქართველები იდეალურები ვართ, უამრავი ტკივილი გვქონია, გვაქვს და უეჭველია გვექნება იდეც. სენტიმენტალური თვითშექება არაფერში გვჭირდება, რაც გვჭირდება - საკუთარ თავში ღრმად ჩახედვაა. ძალიან დიდი ხანია რაც სხვებს შევციცინებთ და ქვემოდან ზემოთ ვუყურებთ.
მოდით ყველაფერს ხელიუფლებასაც ნუ დავაბრალებთ, ჩვენ თვითონ ჩავიყენეთ თავი მონურ მდგომრეობაში, როდესაც უაზროდ დავიწყეთ ჯერ ერთი, მერე მეორე კულტურის გაღმერთება და გაკერპება.
ქართული ოცნება მატერიალური არასდროს ყოფილა, ჩვენი პოეტები ლექსებს ფულისთვის არ წერდნენ, ქართული ოცნება ვერასდროს გაუტოლდება სარეცხ მანქანას ან თუნდაც მორგან სტენლის მთავარ აღმასრულებელ ოფიცრობას, ქართველი კაცი ჰომო ეკონომიკუსი ვერ გახდება. თუ ის ამ გზას დაადგა ის გადაშენდება.
ქართული ოცნება არის სპონტანური სიყვარული, სიყვარული მაშინ როდესაც სიყვარული შეუძლებელია.
ქართული ოცნება არის მოულოდნელი აჯანყება უსამართლობის და უნიათობის წინააღმდეგ, სწორედ მაშინ როდესაც არავის ელანდება აჯანყება.
ქართული ოცნება ვერ იქნება კონკურენციაზე და ერთმანეთის ჭამაზე დამყარებული.
ქართული ოცნება სხვებთან ერთად მოლხენაა.
ქართული ოცნება არ არის მშრალი სიტყვის ბიუროკრატის ოცნება - ქართული ოცნება დიონისური ოცნებაა, საქართველო ღვინის ქვეყანაა.
ქართული ოცნება ვერ აიტანს "საბუღალტრო ჩოთქების ტირანიას", ის ყოველთვის ღვინით დაწერილ თავისუფლების ჰიმნზე იმღერებს.
მავანი იტყვის - ეს ხომ ვიცით სუფრის ტექსტიაო. აქ არ არის პროფესიონალური მიდგომა, რომელიც ან Power Point-ს გამოიყენებს, ან Profit Margin-ზე ილაპარაკებს მშრალი და რაციონალური ენით. ქართველები არასდროს ვყოფილვართ ტოლერანტულები, ჩვენ დიდხანს ვერაფერს და ვერავის ვიტანდით და ეს იყო ჩვენი უდიდესი ღირსება. პოეზიის ქვეყანაში ტოლერანტობის ადგილი არ არის. ჩვენ ძირითადად ან გვიყვარდა ან გვძულდა - და უფრო მეტი გვიყვარდა ვიდრე გვძულდა.
"მრავალჟამიერი" არ დაიწერებოდა და არ შესრულდებოდა ქართველს რომ სომეხი, ბერძენი, აზერბაიჯანელი, აფხაზი, ოსი, აისორი, ლეკი, სპარსელი, რუსი, თურქი და ბევრი სხვა არ ჰყვარებოდა. მრავალი ხმა - მრავალი ადამიანის და მრავალი ერის მანიშნებელია. ოღონდ "მრავალჟამიერი" სიყვარულის ჰიმნია - ის არ არის "ატანის" ან სიძულვილის შეკავების აპოლოგია. რამდენიც არ უნდა იყვირონ დღევანდელი ტექნოკრატიული სიტყვის ბიუროკრატებმა - პოეტი მაინც ვერ იქნება ტოლერანტი. მას შეიძლება უყვარდეს ან სძულდეს. და ყველაზე მეტად სძულდეს გულგრილობა.
და იქნებ მარტო ქართველი არ არის ასეთი? იქნებ ყველა ადამიანი ღმერთმა პოეტად შექმნა. რა საეჭვოდ სწერია ეს ყველაფერი ბიბლიაში რომ "ღმერთმა ადამიანი თავისი სახის მიხედვით შექმნა". რა ვქნა დიდ პატივს ვცემ მეცნიერებას, მაგრამ ჩემგან არც ბიოლოგიური დარვინისტი გამოდის, არც სოციალური და არც ეკონომიკური. ადამიანი ღმერთის ქმნილებაა და საოცარი არსება, უბრალოდ თუ მას დაამშევ, დაამცირებ, აწამებ, შვილს მოუკლავ, დედას დაუჭერ და სიწმინდეს წაუბილწავ - ბუნებრივია ის შეიძლება გაბრაზდეს. ადამიანებს ჩვენ სიყალბით ინდოქტრინაციას ვუტარებთ, როდესაც ბავშვობიდან ჩავაგონებთ "მონსტრების" არსებობის შესახებ; როდესაც სამყაროს "ჩვენებად" და "სხვებად'" ვყოფთ, როდესაც ვასწავლით რომ ძალადობა "თავის დასაცავად" აუცილებელია. ეს რომ ასე ყოფილიყო ეჭვი მეპარება ქრისტეს ამის თქმა გამორჩენოდა.
განსხვავებულების ერთიანობა - ძალიან კარგად თქვა ჩემმა მეგობარმა რატი ამაღლობელმა, ქართული პენ კლუბის პრეზიდენტმა და უბრალოდ კარგმა ადამიანმა. დიახ, ემანუელ ლევინასი ცოცხალი რომ ყოფილიყო ტაშს დაუკრავდა "სხვის" ასეთ მიღებას - განსხვავებულების ერთიანობა არა ერთმანეთის უბრალოდ "ატანით", არამედ ყველაზე ძლიერად მანიფესტირებული გრძნობით - ჰარმონიული სიმღერის შექმნით. ამის გაკეთება მარტო სიყვარულს შეუძლია.
რაც არ უნდა იყვირონ სიტყვის ბიუროკრატებმა მე მწამს ღმერთი და ღმერთი არის სიყვარული.
ახლა, ყოველთვის და უკუნითი უკუნისამდის
ადიოს - ამიგოს - კომპანეროს... მრავალჟამიერ.