Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სექსი დიდ ქალაქში?!

30 ივლისი 2012

 

თბილისიდან იმ დღეებში წამოვედი, როდესაც კინოთეატრ "ამირანსა" და "რუსთაველში" თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდებოდა. წელს ფესტივალი განსხვავებულად ჩატარდა - კონკურსისა და გამარჯვებულების გარეშე.

ეს ფესტივალი მხოლოდ მისი ორგანიზატორების ენთუზიაზმის ხარჯზე განაგრძობს არსებობას. საქართველოში სხვას თითქოს არავის აქვს სურვილი კარგი კინოს დიდ ეკრანზე ნახვა. თანაც იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის ხელისუფლებას სურს ზღვისპირა ბათუმი კულტურის ცენტრად აქციოს, წელს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის დაფინანსება გადაწყვიტა, თბილისს კი მინიმუმის მინიმუმით დაკმაყოფილება შესთავაზა.

მიუხედავად ფესტივალების ბიუჯეტებს შორის შთამბეჭდავი სხვაობისა, ბათუმის ფესტივალი ტრაგიკომიკურად ქაოტური, მოუწესრიგებელი და მდარე ხარისხის იყო, თბილისის ფესტივალი კი ჯერ ისევ ატარებს სოლიდური ფესტივალის იერს. სამწუხარო ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებას მართლაც პრესტიჟული, აკადემიური კინოფესტივალის ჩატარება კი არ უნდა, არამედ ბათუმის პოპულარიზცია სურს, რაც მისასალმებელია, მაგრამ არა კარგი კინოს ხარჯზე. კარგი ფილმი, რომ დიდ და კარგ ეკრანზე უნდა ნახო, ეს ან არ იციან, ან არ აინტერესებთ. ამიტომ გასაკვირი არ იქნება, თუ მომავალ წელს სპონტანური ფესტივალი დაფაზე ცარცით შემოხაზულ ქალაქ ლაზიკაში, ღია ცის ქვეშ ჩატარდება.

რატომ გავაკეთე ამხელა შესავალი. საქართველოდან ცოტა ხნით ერთ კარგ ქვეყანაში ჩამოვედი, რომელთან მიახლოვებაც (პოლიტიკურად და მენტალურად, რადგან ტერიტორიულად არ გამოგვივა) გაცხადებულად ყველაზე მეტად სურს თანამედროვე საქართველოს მმართველ ელიტას. ამერიკის შეერთებულ შტატებში არ არსებობს პატარა პროვინციული ქალაქიც კი, სადაც არ არის კინოდარბაზი, რომელშიც არა კომერციულ, ე.წ. საავტორო კინოს აჩვენებენ. აქ ყველა ის ფილმი გადის, რომელიც კანის, ვენეციის და სხვა ფესტივალებზე იყო ნომინირებული და დაჯილდოვებული. სწორედ ამ ფილმების ჩვენებას ცდილობს წელიწადში 5 დღის მანძილზე თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის შესაძლებლობებიც ყოველწლიურად მცირდება.

პირველი მიზეზი, რამაც ახლა ბლოგის დაწერა მომანდომა, სწორედ იმის თქმაა თუ რას სარგებლობა მოაქვს კარგ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც წლის კულტურული მოვლენა არც ენრიკე იგლესიას სტუმრობაა და არც რევოლუციური "ქეთო და კოტეს" პრემიერა, აქ ყოველდღე შეგიძლია ნახო ის, რაც მართლაც მნიშვნელოვანი, საინტერესო და თანამედროვეა. მათ შორის ყველანაირი გემოვნების მაყურებლის ინტერესია დაკმაყოფილებული და ყველაფერია იმისათვის, რომ თავი თანამედროვე სამყაროს ნაწილად იგრძნო.

ბლოგის ინსპირაციის მეორე მიზეზი ის გახლავთ, რომ რამდენიმე კარგი ფილმი ვნახე, მინდა მასზე შესახებ გიამბოთ. ნიუ იორკი და სექსი ეკრანზე ბევრისთვის ცნობილ ტელესერიალთან ასოცირდება "სექსი დიდ ქალაქში". ფილმი კი, რომელზეც მინდა მოგიყვეთ მეინსტრიმულ სტერეოტიპად არასდროს იქცევა, მაგრამ...

ეს არის ბრიტანეთში დაბადებული სტივ მაქუინის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი "სირცხვილი". მაქუინი აქამდე ვიზუალურ ხელოვნებაში მუშაობდა და მისი ვიდეო არტები გამოფენილი იყო სხვადასხვა მუზეუმებში (მომა, გუგენჰაიმი, ტეითი...) მისი პირველი მხატვრული ფილმი "შიმშილი" 2008 წელს კანში საუკეთესო დებიუტისათის ოქროს კამერით დააჯილდოვეს, ხოლო "სირცხვილი" კი ვენეციის ფესტივალზე კინოკრიტიკოსების ერთ-ერთი ფავორიტი იყო. ვენეციაში მაიკლ ფანსბინდერი, ფილმის მთავარი გმირის შემსრულებელი, ოქროს ლომის მფლობელი გახდა. ძალიან რომ არ გამიგრძელდეს სიტყვა და რადგან ეს ბლოგია და არა ფილმზე რეცენზია, მსახიობების და რეჟისორის ფილმოგრაფიისა თუ ბიოგრაფიის მოყოლას აღ მოვყვები და ფილმზე დავწერ.

"სირცხილი" ახალგაზრდა მარტოხელა კაცის ისტორიაა, რომელიც ნიუ იორკში, მანჰეტენზე ცხოვრობს, აქვს კარგი სასმახური, ჰყავს მეგობრები. მთელი ფილმის განმავლობაში მაყურებელი უყურებს ბრენდონის ცხოვრებას, კერძოდ კი თუ როგორ უმკლავდება ის საკუთარ სექსუალურ ფანტაზიებს და იკმაყოფილებს მოთხოვნილებას. ის ხან ტუალეტში მასტურბირებს, ხან ღამის პარტნიორს პოულობს ბარში ან ქუჩაში, ხან სახლში იძახებს გოგონას რომელიც ფულის სანაცვლოდ მის ფანტაზიებს აცოცხლებს, ხან კი კომპიუტერში მის ვირტუალურ პარტნიორთან ერთად "თამაშობს".

მას ეშინია ხანგრძლივი ურთიერთობების და სხვასთან ემოციური მიჯაჭვულობის. მისთვის სექსი თითქოს კომუნიკაციის საშუალებაც არის და ამავე დროს ფიზიოლოგიური კმაყოფილების ძიებაში მუდმივი დაუკმაყოფილებლობა. სიუჟეტში ჩნდება ბრენდონის და - სისი, ვინც ერთადერთია ვის მიმართაც მას ემოციური ბმა აქვს, მაგრამ არ გამოხატავს. 2 საათის განმავლობაში სრულიად შესანიშნავი მონტაჟური დინამიკით უყურებთ ფილმს და ელით ე.წ. კვანძის გახსნას, რაღაც კონკრეტულ მიზეზს, რამაც ფასბინდერის გმირი ასეთ მარტოსულ, დათრგუნულ, გაუცხოვებულ არსებად აქცია. ის ხან გეი გვგონია და მიზეზი სექსუალური იდეტობის გაურკვევლობა, ხან ეჭვი გვიჩნდება დასთან ფატალურ კავშირებზე,  მაგრამ ფილმი ისე სრულდება რომ არანაირი კონკრეტული მიზეზი მისი მარტოსულობისა არ ჩნდება. სწორედ ამიტომ არის ფილმი ძალიან საინტერსო.

ფილმი სრულდება, გადის დღეები და თქვენ ვერ წყვეტთ მასზე ფიქრს და ისევ სავარაუდო მიზეზს ეძებთ. ეს არის 21-ე საუკუნის ადამიანი, რომელსაც გარეგნულად ყველაფერი მოწესრიგებული აქვს და საკუთარი სხეულის ტყვეობაში იმყოფება. ის გაუცხოვებულია საკუთარი თავისგან. თითქოს მსგავსი პრობლემა ბევრჯერ შეგხვედრია საავტორო კინოში, განსაკუთრებით კი 60-70-იანი წლების კინემატოგრაფში. 1969 წელს დაბადებული მაქქუინი , 2011 წელს გადაღებულ კინოში სრულიად ახალი ფორმით და ენით გვიყვება ერთი ადამიანის ისტორიას.

ხშირია გრძელი და გაუჭრელი კადრები, განსხვავებული რაკურსები, რომელიც თითქოს გმირების ხასიათზეა მორგებული და შესანიშნავი საუნდტრეკი. ერთ-ერთ ეპიზოდში, სადაც მისი ბოსი და მისი და  - სისი,  მისსავე ბინაში ჟიმაობენ, ბრენდონი სპორტულ ტანსაცმელს იცვამს და ქუჩაში სარბენად გადის, რადგან სექსუალური აქტის თანხმლები ხმაურების გულგრილად სმენა არ შეუძლია. სირბილის დროს, სუსხიან ნიუ იორკში ის ბახის ერთ-ერთ ყველაზე მელანქოლიურ ნაწარმოებს უსმენს და ამით განრიდებას ცდილობს.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ბევრი მძიმე ეპიზოდია, ბევრი სისხლითა და ცრემლით, არსად აგიტანთ სენტიმენტები და ამავე დროს საოცარი თანაგრძნობით განგაწყობთ გმირის მიმართ - გმირი რომელიც მარტოა, რომლის მარტოობაც ტრაგიკულია, ის არანორმალურად უცხოა და ამავე დროს არანორმალურად ნაცნობია, მაგრამ სრულიად ახალი სახე-ხატია კინემატოგრაფში. მაიკლ ფასბინდერის ბრენდონი 21-ე საუკუნის გმირია და მას ალბათ უკვე ხშირად ვნახავთ სხვა ფილმებში.

ვენეციის კინოფესტივალზე და აქედან გამომდინარე აქაურ კინოთეატრებშიც აჩვენეს დეივიდ კრონენბერგის ფილმი "საშიში მეთოდი", რომელიც კარლ გუსტავ იუნგის და ზიგმუნდ ფროიდის ურთიერთობაზე და ასევე მათი კვლევისა თუ მკურნალობის მეთოდებზე ყვება. მაიკლ ფასბინდერი კრონენბერგის ფილმშიც მთავარ გმირს, კარლ გუსტავ იუნგს განასახიერებს. კრონენბერგის ფილმის სიუჟეტი დაახლოებით 100 წლის წინ ვითარდება. მე-20 საუკუნის დასაწყისში ზიგმუნდ ფროიდის მიერ გამოკვლეული და შექნილი ადამიანი, სწორედ სტივ მაქუინის ფილმის გმირია, რომელიც ზუსტად 100 წლის შემდეგ ცხოვრობს, 21-ე საუკუნის დასაწყისში. ეს ის "საშიში მეთოდია", რომელსაც კარლ გუსტავ იუნგი მისი ბიოგრაფიის მეორე ნაწილში, როგორც ფროიდის საშიშ მეთოდს ეწინააღმდეგება და სწორედ ამ ან ასეთ ადამიანს წინსწარმეტყველებს - საკუთარი თავისგან გაუცხოვებულ, მისი სხეულისა და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების ტყვეობაში მყოფ მარტოსულ, ტრაგიკულ არსებას, ვისთვისაც სექსი ემოციისგან სრულად განცალკევებულია.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^