გაბატონებული ელიტების პოლიტიკური მოღვაწეობა უმთავრესად საკუთარი სოციოეკონომიკური ინტერესების განმტკიცებას ემსახურება. მათ კარგად აქვთ გააზრებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური კეთილდღეობა საკუთარი თავის თვითრეალიზებისთვის. მართალია, საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს კონსტიტუციით მინიჭებული ფორმალური უფლებები და თავისუფლებები, მაგრამ ამ უფლებების სრულფასოვანი განხორციელება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვის ხელშიც ძალაუფლება და მატერიალური რესურსებია.
ეკონომიკური კეთილდღეობის თემები უფრო მეტად პრიორიტეტული ნაკლებად პრივილეგირებული ფენებისთვის არის, მაგრამ მათ არ აქვთ საკმარისი რესურსები იმისთვის, რომ პოლიტიკურ დისკურსზე ზეგავლენა მოახდინონ. ელიტები მათი ინტერესების ექსპლუატაციას „დაყავი და იბატონეს" პრინციპით, რეაქციონერული იდეოლოგიების გამოყენებით ახდენენ.
რეაქციონერული იდეოლოგიები ხშირად ამომრჩევლისთვის მიმზიდველიცაა , რადგან გარკვეულ კითხვებზე გამზადებულ პასუხებს სთავაზობს და ადამიანებს მყარი იდენტობის შეგრძნებას უქმნის - მაგალითად, ამომრჩევლებს ეუბნებიან, რომ თუ „ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭერენ მხარს, ამით სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას და ნაციონალური იდეის რეალიზებას შეუწყობენ ხელს, ან თუ „ქართული ოცნების" მხარმდამჭერები გახდებიან, ქართული ეთნიკური კულტურისა და მსოფლმხედველობის გაძლიერებას შეუწყობენ ხელს. ერთი შეხედვით, ბუნდოვანია, თუ ვისი სოციოეკონომიკური ინტერესები დაკმაყოფილდება ამგვარი ნაციონალური პოლიტიკური პროექტების რეალიზებით.
სინამდვილეში, „ნაციონალური მოძრაობის" და „ქართული ოცნების" უკან განსაზღვრული სოციოეკონომიკური ინტერესები დგას. ქვემოთ, ერთმანეთის მიყოლებით განვიხილავ ორივე პოლიტიკური ძალის იდეოლოგიას და მათ უკან მდგარ ინტერესებს.
„ქართული ოცნებით" დავიწყებ, რადგან ბოლო დროს განსაკუთრებული ინტერესი ამ მოძრაობის საინიციტივო ჯგუფის წევრის - ბ-ნი არჩილ კბილაშვილის გამოსვლამ დაიმსახურა. კბილაშვილი აცხადებს, რომ „არას მქონეს პოლიტიკაში მოსვლა საზოგადოებისთვის საშიშ ხასიათს ატარებს." შემდეგ იგი ამატებს, რომ ასევე, საშიშია ახალგაზრდის პოლიტიკაში წასვლაც (რადგან ახალგაზრდებს, მისივე თქმით, „სექსუალური ლტოლვის ადრეფიზიოლოგიური ეტაპი" გადალახული არ აქვთ).
კბილაშვილი თვლის, რომ პოლიტიკა მხოლოდ მატერიალურად უზრუნველყოფილი, „მოწიფული" ადამიანების საქმეა და ნაკლებად პრივილეგირებულებს ამ სფეროში არაფერი ესაქმებათ. ამით იგი ცდილობს, რომ „ელიტურობის" ორი ტრადიციულ-ბურჟუაზიული კრიტერიუმი ააღორძინოს: ქონება და წარმომავლობა (ოჯახი, რეპუტაცია). ამ შემთხვევაში, უხეში ეკონომიკური ინტერესების გამართლება კონსერვატორული იდეოლოგიის გამოყენებით ხდება.
„ნაციონალური მოძრაობის" ელიტა თავისი ეკონომიკური ინტერესების გამართლებას შედარებით უფრო დახვეწილი ფორმებით ცდილობს. თუ ძველი ელიტისთვის ქონება და წარმომავლობა იყო ელიტურობის გამართლების ორი მთავარი კრიტერიუმი, ახალი ელიტისთვის ასეთი კრიტერიუმებია: ეკონომიკური წარმატება და განათლება. „განათლება" ამ შემთხვევაში განიმარტება, როგორც ვიწრო პროფესიული უნარების ქონა.
სააკაშვილმა კბილაშვილის გამოსვლას იმით უპასუხა, რომ ქონებრივი ცენზი დაგმო და აღნიშნა, რომ მის მთავრობაში ღარიბი ოჯახებიდან წამოსული ადამიანები მუშაობენ და ამით ამაყობს. ამ შემთხვევაში, მისი რიტორიკა ზოგიერთი ამომრჩევლის თვალში უფრო მეტად ეგალიტარული (თანასწორობაზე ორიენტირებული) გამოჩნდა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის" და მისი იდეოლოგების მიერ მხარდაჭერილი ლიბერტარიანიზმი ამ რიტორიკას საერთოდ სხვა შეფერილობას აძლევს.
ლიბერტარიანიზმის მიხედვით, სახელმწიფო ბაზარში მინიმალურად უნდა ჩაერიოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სოციალური პროგრამები უნდა შემცირდეს და ადამიანებმა თავიანთ წარმატებაზე თავადვე უნდა იზრუნონ (საზოგადოების დახმარების გარეშე). ასეთ პირობებში, წარმატებას ისინი მიაღწევენ, ვინც სხვებზე უფრო მეტად განათლებული და კომპეტენტურები არიან, დანარჩენები - ვისაც ვერ გაუმართლებს (ანუ რომელიმე სფეროში ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდება), სახელმწიფოს მხრიდან ყურადღებას არ იმსახურებენ.
ეს იდეოლოგია თავისივე პრინციპებს ღალატობს მაშინ, როდესაც არ აღიარებს იმ მარტივ რეალობას, რომ ყველა ადამიანი სხვადასხვა სოციალურ და კულტურულ გარემოში იბადება; არ არსებობს თანაბარი სასტარტო პირობები იმისთვის, რომ მოცემული ორი ადამიანის შესაძლებლობები ობიექტურად გავზომოთ (იმ სოციალური და კულტურული ფაქტორების უგულებელყოფით, რომლებმაც ამ ადამიანების განვითარებაში შეიტანეს წვლილი). ამას რომ თავი დავანებოთ, არაჰუმანურია თავად ზოგადი პრინციპიც, რომლის მიხედვითაც ადამიანები მათი მიღწეული წარმატებით ფასდებიან; ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ არ შიმშილობდეს და საკუთარი თავის განვითარებისთვის/თვითრეალიზაციისთვის მინიმალური სივრცე ჰქონდეს შექმნილი.
მართალია, ლიბერტარიანიზმი რეალურ ცხოვრებაში თითქმის არასდროს განხორციელებულა (წარმოიდგინეთ საზოგადოება, სადაც არ არსებობს უფასო განათლების შესაძლებლობა, ჯანდაცვა სრულიად პრივატიზირებულია, პენსიები არ გაიცემა, საჯარო საკუთრება არ არსებობს, კულტურული მემკვიდრეობა დაცული არ არის, გარემოს დაცვის რეგულაციები გაუქმებულია და ა.შ.), მაგრამ მას წარმატებით იყენებენ ელიტები იმისთვის, რომ თავიანთი გაბატონებული პოზიცია გაამართლონ. „ლიბერტარიანული ლოგიკით" მათ - ელიტებმა დამსახურებულად მიაღწიეს წარმატებას და სხვებზე ზრუნვა მათი პრეროგატივა უკვე აღარ არის. ისინი ელიტები არიან იმ მარტივი ფაქტიდან გამომდინარე, რომ „თავიანთი ცოდნითა და კომპეტენციით" ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში.
კონსერვატორულ და ლიბერტარიანულ იდეოლოგიებთან დაპირისპირება მხოლოდ სოციალურ-დემოკრატიული მსოფლმხედველობით შეიძლება. სოციალ-დემოკრატია არ ქადაგებს იმას, რომ თუ ვიმე პოლიტიკაში ჩაბმას გადაწყვეტს, ის ამისთვის აუცილებლად ქართველი, ქრისტიანი, ეკონომიკურად წარმატებული, „სექსუალურად მომწიფებული" (ბ-ნი კბილაშვილის გაგებით) უნდა იყოს. სოციალ-დემოკრატია მთავარ აქცენტს ადამიანის უფლებებსა და მათ განხორციელებაზე აკეთებს. უმთავრესად, ეს არის სოციალური უფლებები - იმისი უფლება, რომ საკუთარი თავის გამოხატვისთვის მინიმალური მატერიალური (ხელმისაწვდომი განათლება და ჯანდაცვა, დასაქმების პერსპექტივა და კულტურული თვითგამოხატვის შესაძლებლობა) და ფართო ფორმალური (პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის გარანტიები) შესაძლებლობები გვქონდეს.
ყველა ადამიანი თავად ირჩევს თავის იდენტობას (და ნებისმიერი იდენტობის მქონე ადამიანის უფლებები თანაბრად უნდა იყოს დაცული) - საზოგადოება მხოლოდ იმას უნდა ცდილობდეს, ადამიანებს თვითრეალიზაციისთვის აუცილებელი სოციალური პირობები შეუქმნას.
სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა უნდა შევაფასოთ, როგორც ფორმის, ასევე შინაარსის კრიტერიუმებით. პირველ რიგში, შინაარსობრივ მხარეებზე გავამახვილებ ყურადღებას და შემდებ ფორმებზეც მოგახსენებთ.
ქვემოთ ჩამოვწერ იმ ძირითად პრინციპებს, რისი დაცვაც სოციალურ-დემოკრატიულ მოძრაობას უნდა აინტერესებდეს:
- დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება - სახელმწიფომ/ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში. ამისთვის ხელი უნდა შეუწყოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, საარჩევნო სისტემის დახვეწას და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას;
- დასაქმების პოლიტიკა - სახელმწიფომ აქცენტი უნდა გადაიტანოს იმაზე, რომ თავისი ეკონომიკური პოლიტიკით, რაც შეიძლება მეტი ადამიანის დასაქმებას შეუწყოს ხელი და არა მხოლოდ მცირერიცხოვანი, პროფესიული და ბიზნეს ელიტების გამდიდრებას. ქვეყნის წარმატება მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური ზრდით კი არ უნდა იზომებოდეს, არამედ სოციალური უთანასწორობის, სიღარიბის და უმუშევრობის მაჩვენებლების შემცირებით;
- სოციალური დაცვა - სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ ადამიანების სოციალური დაცვა, რომლებიც სხვადახვა მიზეზით ვერ ახერხებენ საკუთარი თავის მატერიალურად უზრუნველყოფას (მოხუცები, უნარშეზღუდულები, მრავალშვილიანი ოჯახები, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფები და ა.შ.);
- ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლება - სახელმწიფო ვალდებულია, რომ უზრუნველყოს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლება მოსახლეობის ყველა ფენისთვის - განსაკუთრებით მათთვის, ვისაც არ აქვს საშუალება, რომ კერძო სასწავლებლებში ისწავლოს;
- ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა - სახელმწიფო, არსებული რესურსების რაციონალურად გამოყენებით, უნდა ცდილობდეს მაქსიმალურად ეფექტურად დაიცვას რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჯანმრთელობა;
- გარემოს დაცვა - სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს გარემოს დაცვას- გაამკაცროს გარემოს დაცვის რეგულაციები და არ უნდა დაუშვას მსხვილი ბიზნესის ან თავად სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან გარემოს განადგურება;
- კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და კულტურის პოლიტიკა - სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე - ამ სფეროში უნდა დააწესოს მკაცრი რეგულაციები და შეზღუდვები; ამავე დროს, სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი ისეთი კულტურული პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც წაახალისებს თანამედროვე ქართული ხელოვნების განვითარებას;
- მეცნიერების განვითარება - სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს მეცნიერების ხარისხის განვითარებაზე და იურიდიულად დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრების შექმნაზე.
ეს არის შინაარსი, რომელიც ჩემი წარმოდგენით, სოციალურ-პოლიტიკურ მოძრაობას უნდა ჰქონდეს, მაგრამ შინაარსზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფორმა, რითიც ამ პრინციპების ცხოვრებაში გატარება მოხდება. ზოგიერთი ადამიანი სოციალიზმის და ზოგადად, იდეოლოგიების მიმართ იმიტომ არის უარყოფითად განწყობილი, რომ წარსულში, ამ იდეოლოგიების ცხოვრებაში გატარება ავტორიტარული და ტოტალიტარული ფორმებით ხდებოდა. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არადემოკრატიული ფორმით დემოკრატიული შინაარსის იდეის გატარება თავად ამ იდეას ეწინააღმდეგება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, როდესაც სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია გავიაზროთ, რომ მოძრაობა არა მხოლოდ შინაარსის დონეზე უნდა იყოს სოციალ-დემოკრატიული, არამედ ორგანიზაციული ფორმითაც. იგი უნდა იყოს მაქსიმალურად დეცენტრალიზირებული და იერარქიული პარტიული სტრუქტურისგან თავისუფალი. აუცილებელია, რომ სამოქალაქო-პოლიტიკურმა ჯგუფებმა ერთმანეთთან კოორდინაცია მოახდინონ - საერთო პრინციპებზე შეთანხმებით იმოქმედონ და არა ზემოდან წამოსული დირექტივებით.
ამავე დროს, გააზრებული უნდა გვქონდეს, რომ ამგვარი აქტივობა შესაძლოა ვერ წამოვიდეს იმ ჯგუფებისგან, რომელთა ინტერესების დაცვაც სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია - ვგულისხმობ სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას. როგორც „ლიბერალის" ახალმა ბლოგერმა, ლელა რეხვიაშვილმა თავის ბოლო სტატიაში მართებულად აღნიშნა: „ჩაკეტილი წრის გარღვევა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ქვეყნის პატარა საშუალო ფენა გააცნობიერებს სიღარიბის პრობლემატურობას და ხელისუფლებას სოციალური პრობლემების გადაჭრას მთავარ პრიორიტეტად დაუსახავს."
დღეს მხოლოდ მართლაც ძალზე მცირერიცხოვან საშუალო ფენას და სტუდენტებს აქვთ იმისი რესურსები, რომ ძალაუფლების ცენტრისგან დამოუკიდებელ სამოქალაქო-პოლიტიკურ აქტივობებს შეუწყონ ხელი. თვითორგანიზების რესურსები, ჯერჯერობით, მხოლოდ ამ ჯგუფების ხელშია, მაგრამ სამწუხაროდ, მათი პოლიტიკური თვითშეგნების დონე არ არის იქამდე მისული, რომ თავიანთი უშუალო სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების გარეთ გაიხედონ.
დღეს საშუალო ფენას - ძალზედ მცირერიცხოვან სამოქალაქო სექტორს, ძირითადად, „იდენტობის თემები" (უმცირესობების უფლებები, კულტურული თვითგამოხატვის პრობლემები) აინტერესებს. ამისი მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ საშუალო ფენის ინტერესები, ხშირ შემთხვევაში, ნაკლებად არის დაკავშირებული ეკონომიკურ საკითხებთან. განათლებული საშუალო ფენის ნაწილისთვის მატერიალური პრობლემები მეტნაკლებად მოგვარებულია.
არადა, სოციალ-დემოკრატიისთვის ნამდვილი დემოკრატიული ფორმის მიცემა დღეს მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც პოლიტიკასა და სოციალურ თემებს ჯიუტად არიდებს თავს. მხოლოდ ამ ფენას შეუძლია, რომ ხელი შეუწყოს ისეთი კლასობრივი ალიანსის ჩამოყალიბებას, რომელიც გაბატონებულ წესრიგს როგორც შინაარსობრივ, ასევე ორგანიზაციულ დონეზე შეუქმნის საფრთხეს. სხვა შემთხვევაში, რეაქციონერულმა ძალებმა შესაძლოა სოციალ-დემოკრატიული იდეების დისკრედიტირება კონსერვატორული და ნაციონალისტური პოპულიზმის ყველაზე მძიმე ფორმებით მოახდინონ.
თუ მომავალში ქართული პოლიტიკის შინაარსი და ფორმა რადიკალურად არ შეიცვლება, ამჟამინდელი ელექტრონული მედიისა და პოლიტიკური სპექტრის პირობებში, სიტუაცია სულ უფრო და უფრო გაუარესდება.
ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის, რომ დღეს ქართული საზოგადოების წინაშე მდგარი ყველაზე მწვავე პრობლემა სოციალური პრობლემაა - სწორედ სოციალური პრობლემის არსებობა უშლის ხელს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას; სწორედ ამ პრობლემის გამო არ შეუძლიათ ადამიანებს იცხოვრონ ღირსეულად და დაიცვან საკუთარი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები; სწორედ ამიტომ ხდება ის, რომ მოსახლეობის ინტერესებით რეაქციონერული ძალები იწყებენ მანიპულირებას. თუ დღეს ჩვენ ამ ძალებს უფლებას მივცემთ, რომ თავიანთი რეაქციონერული პოპულისტური რიტორიკით მოსახლეობის მობილიზება მოახერხონ, მაშინ ჩათვალეთ, რომ დიდი ხნით დავკარგავთ იმის შანსს, რომ მომავალში დემოკრატიულ და ლიბერალურ სახელმწიფოში ვიცხოვროთ.
რეაქციონერული იდეოლოგიების ნაცვლად, ჩვენ მოსახლეობას პროგრესული სოციალ-დემოკრატიული რიტორიკა უნდა შევთავაზოთ.