ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას თქვა,რომ საქართველოში "ჩვენ არ გვაქვს პლურალიზმის ნაკლებობა. ჩვენ განვიცდით პროფესიონალი ჟურნალისტების ნაკლებობას". ეს ციტატა მხოლოდ იმისათვის მოვიხმე, რომ ნაციონალური ტელევიზიების ჟურნალისტებს შევახსენო, ქვეყნის პრეზიდენტს, საბედნიეროდ, არც მათი პროფესიონალიზმის დონე აკმაყოფილებს.
ამ დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო კოლაჟი, რომელიც სამი არხის მიერ ("საზოგადოებრივი ტელევიზია", ტელეკომპანია "იმედი" და "რუსთავი 2") დამზადებულ სიუჟეტებს ერთიანებს. ვფიქრობ ყველა მიხვდა, რაზეა საუბარი. ხაშურის პოლიციის შენობაში, ქურდობაში ეჭვმიტანილი სოსო ქიმერიძის დაღუპვის ფაქტი. სამივე სიუჟეტი იდენტურია და ინფორმაციას გვაწვდის არა დაღუპული ადამიანის გარდაცვალების გარემოების თუ თავად მომხდარი ფაქტის შესახებ, არამედ იქ ჩასული მოქალაქეების, რომელთა უმეტესობა ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერთა რიგებში მოიაზრება. ეს გახლავთ სრულიად იდენტური ტექსტი და კადრები. ჩნდება ლეგიტიმური ვარაუდი,რომ მასალა თანმხლები ტექსტით (სატელევიზიო ენაზე კადრ-სინქრონი) შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არის დამზადებული და მიწოდებული, ზემოხსნებეული არხები კი მხოლოდ მის ტირაჟირებას ახდენენ.
სოციალურ ქსელში რამდენიმე ჩემს მეგობართან საუბარი მქონდა. პირველი კითხვა: ვისი ბრალია ამ ინფორმაციას რომ ისმენს საქართველოს მოსახლეობა? სიტყვა ინფორმაცია ამ შემთხვევაში პირობითად ვიხმარე, რადგან ეს სიუჟეტები მხოლოდ ივანიშვილის დისკრედიტაციის მიზანს ემსახურება და არა ინფორმაციის გავრცელებას. ამ ტელეკომპანიებს არც თავად ფაქტი აინტერესებთ,არც გარდაცვალების მიზეზი. მათთვის საინტერესო მხოლოდ ის არის, რომ ივანიშვილის მხარდამჭერები ამით დაინტერესდნენ და სავარაუდოდ, ამ თემის პოლიტიზირებას შეეცდებიან. მით უმეტეს, რომ პოლიციის შენობაში, წინასწარი დაკავების პირობებში გარდაცვლილი ადამიანი - თავისთავად პოლიტიკური საკითხია. დავუბრუნდეთ კითხვას. ბუნებრივია ზოგიერთი პრობლემას მხოლოდ მიხეილ სააკაშვილში და საქართველოს მთავრობაში ხედავს. ამ მოსაზრებას კატეგორიულადარ ვეთანხმები და არა იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლებაზე მაღალი წარმოდგენის გახლავართ.წინასწარი დაკავების იზოლატორის სიმაღლეებიდან, ადამიანები ედუარდ შევარდნაძის და კახა თარგამაძის პირობებშიც ვარდებოდნენ და არც მაშინ აღიარებდა ვინმე, რომ მათ იქიდან აგდებდნენ.მთავრობა შეიცვალა და საქართველოს ციხეებში ისევ ცემენ ადამიანებს, სიკვდილამდე მიჰყავთ დაწინასწარი დაკავების იზოლატორიდანაც ვარდებიან "უცაბედად". ცხადია, რომ ხელისუფლება არ ქმნისამ ქვეყნის მოქალაქეებს, ჩვენ ვქმნით ამ ხელისუფლებას. ეს საინტერესო და გრძელი თემაა, მაგრამ ახლაჩემი მიზანი ქართულ ჟურნალისტიკასა და ჟურნალისტებზე საუბარია.
მეორე კითხვა, რომელიც სოციალურ ქსელში გაჩნდა ამგვარია. ჟურნალისტები, რომელიც ზემოხსენებულ სიუჟეტში მონაწილეობენ, არიან სულელები თუ მანკიერი სისტემის ორგანული ნაწილი,როგორც ის, ვინც ამ "ინფორმაციას" წერს და ავრცელებს, რომლის მეშვეობითაც ხდება აქცენტის ბიძინა ივანიშვილზე გადატანა და ამ ტრაგიკული ფაქტის მთლიანად იგნორირება. ჩემამდე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემდე ინფორმაცია მოაქვს და ჩემი გონების გამორეცხვას ცდილობს, (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სიუჟეტების მიხედვით) საზოგადოებრივი ტელევიზიიდან ნინო თოლორდავა, "რუსთავი2"-დან გიორგი გაბუნია და ტელეკომპანია "იმედიდან" ირინა ხიზანიშვილი. მახსოვს ეს უკანასკნელი,როგორ შფოთავდა 7 ნოემბრის შემდეგ და მეგობრებს უზიარებდა საკუთარ აპათიურ განწყობას,რომელიც ბადრი პატარკაციშვილის "იმედიდან" და მედიიდან წასვლას უკავშირდებოდა. ვიდრე საზოგადოება ამ ადამიანებს არ მოსთხოვს პასუხს, მანამ არაფერი შეიცვლება. ოდესმე ამ უზნეო ჟურნალისტებს, რომელნიც ჩემი ფბ მეგობრის აზრით უბრალოდ სულელები არიან, შერცხვებათ და არ შეასრულებენ უფროსების მითითებას, შემდეგ უფროსი არ შეასრულებს სხვა უფროსის ბრძანებას და ისუფროსის უფროსი ხელისუფლების წარმომადგენლის შეკვეთას. ვიდრე ეს არ მოხდება, მანკიერი ვერტიკალი არ დაიმსხვრევა.
საბოლოოდ, მე და ჩემი მეგობარი შევთანხმდით, რომ ამ კონკრეტული ჟურნალისტების "მუშაობის" ორი სხვადასხვა მიზეზი ერთმანეთს არ გამორიცხავს. შესაძლებელია, ერთდროულად იყო ბოროტმოქმედიც,რომელიც მაყურებლის მანიპულირებას ცდილობს (ტრაგედიის პროპაგანდად ქცევას) და შტერიც.
ბოლოს კი იმას ვიტყვი, რომ მართალია საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ქართული მედიაში მთავარი პრობლემა არაპროფესიონალიზმია, რადგან მან ჟურნალისტებისგან განსხვავებით იცის, რომ ვიდრე ხელისუფლებას აქვს საშუალება აკონტროლოს მედია, ის ამ საშუალებას გამოიყენებს და ეს მანამდე მოხდება, ვიდრე ამის შანსს თავად არაპროფესიონალი, სულელი ჟურნალისტები მისცემენ.
[video:http://www.youtube.com/watch?v=qB7kCq40hKU&sns=fb]