Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შედეგიანი ქველმოქმედება

30 ივლისი 2012

 

ერთ ადამიანსაც შეუძლია რაღაც შეცვალოს და ყოველმა ადამიანმა უნდა სცადოს ეს - თქვა ჯონ ფიცჯერალდ კენედიმ. საზოგადო საქმის კეთებისთვის ზოგჯერ მართლაც საკუთარი შესაძლებლობების რწმენა გვიშლის ხელს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ვფლობდეთ ინსტრუმენტებს, რომ ჩვენს ქმედებას შედეგი ჰქონდეს. ახალი საქველმოქმედო ფონდი "ბორანი", კონკრეტული ადამიანების თუ ორგანიზაციების დახმარების გარდა, მიზნად სწორედ განწყობების ცვლილებასა და სიკეთის კეთების ეფექტური მექანიზმის დანერგვას ისახავს.

 

უცნობი ადამიანების დახმარების გამოცდილება უმეტესობას გვაქვს, მაგრამ რამდენად შედეგიანები ვართ დახმარებისას? ქველმოქმედების ყველაზე ხშირი გამოვლინება საქართველოში ალბათ ქუჩაში მდგომი გაჭირვებულის დახმარებაა. ფულის მიცემისას ჩვენ იშვიათად ვიგებთ, კონკრეტულად რა პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენებს ადამიანი ამ თანხას. არც ის ვიცით უმეტეს შემთხვევაში, ჩვენი მიცემული თანხა რაიმე გრძელვადიან შედეგის მიღწევას მოემსახურება თუ არა. ზოგჯერ ეჭვიც გვიჩნდება ხოლმე, რამდენად კრიტიკულია დახმარება მისთვის ვისაც ვეხმარებით. ხშირად კი ვხედავთ, რომ სამწუხაროდ ზოგიერთ ქუჩაზე ერთი და იგივე ადამიანები ხელგაწვდილები უკვე რამდენიმე წელია დგანან. დრო გადის და ჩვენ ისევ სხვადასხვა ნაპირიდან ვუყურებთ ერთმანეთს.

ფონდ „ბორანის" მიზანი სწორედ სხვადასხვა ნაპირის იმგვარად დაკავშირებაა, რომ დასახმარებელ მხარეზე მყოფს შეეძლოს მეორე ნაპირზე გადმოსვლა. ბორანი წარმატებულია, თუ ჩვენ შევძლებთ, რომ რაიმე საჭიროების მქონეს იმგვარად დავეხმაროთ, რომ მისი ცხოვრება გრძელვადიან პერსპექტივაში გაუმჯობესდეს. სწორედ ამ მიზნით ფონდი თავისი საიტის www.borani.org მეშვეობით  აქვეყნებს ინფორმაციას ადამიანების ან ორგანიზაციების საჭიროებების შესახებ. ნებისმიერ ადამიანს ამავე საიტიდან შეუძლია აირჩიოს მისთვის საინტერესო პროექტი და დაეხმაროს.

ფონდი უკვე წარმატებულია. რამდენიმე კვირაა რაც გახსნილია და სამი პროექტი უკვე დაფინანსდა. ორი ოჯახი მიიღებს მისთვის საჭირო ნივთს, ერთი ორგანიზაცია კი - სასურველ ინვენტარს. ამ მოკლე პერიოდში ორიათას ლარზე მეტი შეგროვდა. არანაკლები მნიშვნელობისაა, რომ 170-ზე მეტ ადამიანს მიეცა საშუალება ისე დახმარებოდა სხვას, რომ მისმა წვლილმა რეალური და გრძელვადიანი შედეგი გამოიღოს.

საიტზე თქვენ ხედავთ იმას თუ ვის ეხმარებით, რატომ არის დახმარების საჭიროება, როგორ გააუმჯობესებს თქვენი დახმარება ვითარებას და ვინ არის თქვენი ქველმოქმედების მოზიარე. დახმარების მიმღებისთვისაც ცნობილი ხდება, თუ ვინ დაეხმარა მას. საიტზე ნახავთ, რომ ზოგ ადამიანს ორი ლარი აქვს გადარიცხული, ზოგს კი ას ლარზე მეტი. ზოგიერთი ერთ პროექტში აქტიურობს, ზოგი კი სხვადასხვა პროექტზე ანაწილებს თავის ძალისხმევას. ცენტრალური ფიგურები სწორედ ეს ადამიანები არიან.

ფონდის მეშვეობით ადამიანების დახმარება მრავალგვარად შეიძლება. ფონდი არა მხოლოდ გაჭირვებულებს ეხმარება, არამედ იმათაც ვისაც რაღაც იდეა აქვს და მისი განხორციელებისთვის თანხა ჭირდება. არც დახმარების გზა არის შეზღუდული მხოლოდ თანხის გაღებით. შეგიძლიათ საიტზე აღწეროთ რომელიმე კონკრეტული პიროვნების ან ორგანიზაციის საჭიროება, გააგზავნოთ ფოტოები და ეს პროექტი ისევე დაიდება ფონდის საიტზე, როგორც სხვები.

საქართველოში ორგანიზებული და სტაბილური ქველმოქმედების ინსტრუმენტები და გამოცდილება საკმაოდ იშვიათია. ამის გამოვლინებაა, რომ ქართული ვიკიპედიის ფარგლებში საქველმოქმედო ფონდების განყოფილებაში მხოლოდ ერთი სტატიაა. ასევე, ცოტა ადამიანს შეუძლია თქვას, რომ ის რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრია. ზოგჯერ ადამიანებს, საკუთარი შემოსავლების გათვალისწინებით, უჭირთ საკუთარი თავი ქველმოქმედებად წარმოიდგინონ. ფონდი „ბორანი" სწორედ ამ ვითარების გაუმჯობესებას ეხმარება. ფონდის დახმარებით თქვენ ქველმოქმედები ხდებით. ქველმოქმედებას კი ორგანიზებული ფორმა ეძლევა.

მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების მიჯნაზე, მრავალი რამ შეიქმნა ჩვენთან მხოლოდ იმის გამო, რომ ქველმოქმედებას ორგანიზებული სახე მიეცა." ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება" სწორედ საქველმოქმედო საქმიანობის შედეგად აფინანსებდა ახალი სკოლების გახსნას და მასწავლებლების ხელფასებს. იშვიათად გვახსენდება, რომ სწორედ საზოგადოების მიერ შეგროვებული თანხით და არა სახელმწიფოს მიერ დაფუძნდა პირველი ქართული უნივერსიტეტი თბილისში. ქველმოქმედების შედეგად მიიღო მრავალმა ცნობილმა ქართველმა განათლება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ქველმოქმედების წყალობით დაარსდა მრავალი საზოგადოებრივი ინსტიტუტი: თეატრი, ბიბლიოთეკა, გამომცემლობა. ქველმოქმედების ნაწილი იყო მაშინ ისიც, რომ დაფინანსებული ორგანიზაციები მუდმივად ანგარიშვალდებულები იყვნენ დამფინანსებლების მიმართ. დამფინანსებლების წვლილის აღიარება კი ყოველთვის ჯეროვნად და პატიოსნად ხდებოდა.

საბჭოთა, კომუნისტური წყობის წყალობით დავკარგეთ არა იმდენად ქველმოქმედების შესაძლებლობები ან სურვილი, არამედ კულტურა.  თითოეული ადამიანი, რომელიც ფონდ „ბორანში" თავის წვლილს იღებს, აფინანსებს სხვას, ავრცელებს ინფორმაციას დასაფინანსებელი პროექტის შესახებ, სწორედ საზოგადოებრივი ცხოვრების ამ მივიწყებული ნაწილის აღორძინებას უწყობს ხელს. ამის გარეშე კი, ალბათ, ძალიან გაგვიჭირდება, ვიყოთ აქტიურები, ვცადოთ რაიმეს დამოუკიდებლად შეცვლა და არ დავუშვათ ის შეცდომა, რომელზეც პრეზიდენტ კენედიზე დაახლოებით ასი წლით ადრე საუბრობდა სიდნი სმიტი, ინგლისელი მწერალი და ფილოსოფოსი. მისი აზრით, შეცდომებს შორის უდიდესია, როდესაც არაფერს არ ვაკეთებთ, იმიტომ, რომ ძალიან მცირეს გაკეთება შეგვიძლია.


კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^