Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჟურნალისტები ჟურნალისტიკასა და აქტივიზმს შორის

30 ივლისი 2012

 

როდესაც „ლიბერალში" გამოქვეყნებულ დისკუსიას გავეცანი აქტივიზმისა და ჟურნალისტიკის შესახებ, მაშინვე ვიფიქრე ამ თემაზე რამე დამეწერა. მერე გამახსენდა რომ ორ წელზე მეტია, რაც საქართველოში არ მიცხოვრია და თან, არც ჟურნალისტიკა მისწავლია ოდესმე. შესაბამისად, ცოტა ჰიპოკრატიულად მომეჩვენა ჩემი პოზიციიდან იმ ადამიანების პრობლემებზე წერა რომელთა გამოცდილებაც არ გამიზიარებია. მე არ ვარ ის, ვინც დროშებსა და მიკროფონებს შორის დგას და მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხიმგებლობებს ერთდროულად უმკლავდება.

 

სამაგიეროდ შემიძლია ჩემი პოზიციიდან გესაუბროთ - მე, როგორც უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, როგორც ახალგაზრდა მეცნიერი, როგორც ქალი, როგორც მუსიკოსი და ასე შემდეგ. ჩემი პერსონა უკვე თავისთავად  გარკვეული პარამეტრებითაა განსაზღვრული და მე ვერასოდეს გავცდები ან „ამოვხტები" ამ პარამეტრებიდან. ჩემი შეხედულებები, ის რას ვამბობ, რას არ ვამბობ, რას ვუსვამ ხაზს, რაც ვხედავ პრობლემატურად - ჩემი მსოფლმხედველობაც და კრიტიკული ფოკუსიც უ დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ ვარ.

ამიტომაც კითხვები ჩნდება - შემიძლია თუ არა რომ ვიყო სრულებით ობიექტური ჩემს საქმიანობაში, კვლევებში,  სტატიებში?  ჩამოთვლილ პარამეტრთაგან რომელია ცენტრალური, რა განმსაზღვრავს? ანუ მე, ჩვენ, და მრავალი სხვა, ყოველდღიურად ვდგებით იმავე პრობლემების წინაშე, რაც "ლიბერალის" ჟურნალისტებს აწუხებთ.

"ლიბერალის" ჟურნალისტების დისკუსიაში, ჩემი აზრით, ორი თემა გამოიკვეთა - ერთი ზოგადად ჟურნალისტის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებული დილემები და მეორე -უფრო პრაქტიკული და კონკრეტული კითხვა - შეიძლება თუ არა ჟურნალისტი სამოქალაქო აქციებს შეუერთდეს?

ობიექტურობის პრობლემა

როგორც უკვე გითხარით,  პრაქტიკოსი ჟურნალისტის პოზიციიდან ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ზოგადად სოციალური მეცნიერების კუთხით შემიძლია კვლევის ობიექტურობაზე ვისაუბრო. ობიექტურობის პრობლემა, შეიძლება, განვიხილოთ როგორც ეპოსტემოლოგიური პოზიციის პრობლემა. სოციალურ მეცნიერებებში ეს პოზიცია შეგვიძლია (უხეშად) ორად დავყოთ: პოზიტივისტური და არაპოზიტივისტურ მიდგომებად. პოზიტივიზმი, როგორც მიდგომა და მეთოდოლოგია 50-60 -იან წლებში გაძლიერდა და სწორედ რომ მოვლენების „გარედან" „ობიექტურად" შესწავლას გვთავაზობდა. თუმცა, დისციპლინების თუ მეთოდოლოგიების დიალოგმა და განვითარებამ მომდევნო ათწლეულებში საკმაოდ შეარყია პოზიტივისტური პრონციპების როგორც რეპუტაცია, ისე - რიგიდულობა. დღეს იშვიათად თუ მოიძებნება მკვლევარი რომელიც სრული „ობიექტურობის" დაცვას შესაძლებლად მიიჩნევს.

ობიექტურობის და ნორმატიულიბის აკრძალვის საწინააღმდეგოდ არაერთი ტრადიცია ილაშქრებს: პოსტ-პოზიტივიზმი, ინტერპრეტაციული მიდგომები, დისკურს-ანალიტიკური მიდგომები და სხვა მრავალი.

აღიარებულია, რომ მეცნიერი და მეცნიერება ვერასოდეს აირიდებს გარკვეულ სუბიექტურობას. ეს არ ნიშნავ,ს რომ მეცნიერი იტყუება ან თავის აზრს ახვევს მკითხველს. უბრალოდ, არც ერთი დამკვირვებელი, არც ერთი კომენტატორი და მკვლევარი არ არის არც ყოვლისმცოდნე და არც არაფრის მცოდნე - არც სავსე და არც ცარიელი ფურცელი. ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური, სოციალური, სექსუალური, იდეოლოგიური კუთვნილებიდან გამომდინარე თოთოეული ადამიანი სხვადასხვა რამეს აკვირდება, სხვადასხვა დეტალს მიიჩნევს უფრო მნიშვნელოვნად, რაც თავისთავად სრულ ობიექტურობას გამორიცხავს.

ვერც ერთი მკვლევარი ვერ დააკვირდება მხოლოდ „ფაქტს" და მხოლოდ „გარედან", რადგან ფაქტები არ არსებობს მათთვის მნიშვნელობის მინიჭების გარეშე, და არც ერთი ადამიანი არ არსებობს სოციალური სისტემის „გარეთ". პირიქით, ის რომ სოციალური სამყაროს ნაწილები ვართ, გვეხმარება მოვლენების ინტერპრეტაციაში, მათი მნიშვნელობის აღქმასა და გაგებაში, მათ ანალიზსა და გადმოცემაში. რაც უფრო ახლოს ვართ იმ ფენომენთან, რასაც ვიკვლევთ უფრო კარგად ვახერხებთ ფენომენის ახსნას.

ჩნდება კითხვა - რატომ არის მაშინ რომელიმე კვლევა ან რომელიმე სტატია სანდო? სანდოობას ჩვენი ტრანსფარენტულობა, გულწრფელობა, მოძიებული წყაროების მრავალფეროვნება ქმნის. მკვლევარს ყოველთვის გააჩნია პოზიცია, მთავარია, ეს პოზიცია კეთილსინდისიერად, არგუმენტებზე და წყაროებზე დაყრდნობით წარმოადგინოს. ის მეცნიერი, ვინც გვეუბნება, რომ არანორმატიული ან სრულიად ობიექტურია, გვატყუებს და თვალში ნაცარს გვაყრის. ამგვარ მეცნიერებს ჭეშმარიტების ცოდნაზე აქვთ პრეტენზია. ჭეშმარიტების ღაღადის ნაცვლად მეცნიერი იმ მონაცემების პატიოსან ანალიზს აკეთებს, რაც მოიპოვა და იცის, რომ მისი თეორია ხვალ შეიძლება სხვამ გადასინჯოს, გადააკეთოს, რაღაც დაამატოს ან ახალი პერპექტივა შემატოს.

რა შეეხება ჟურნალისტიკას, მგონია რომ „ობიექტურობის" და „მიუკერძოებლობის" რიგიდული გაგება ჟურნალისტიკაშიც ისევე გადაისინჯა, როგორც სხვა მეცნიერებებში. შეგიძლიათ იხილოთ ტრაფინგერის სტატია ობიექტურობის მითის შესახებ. [pagebreak]

როლების შეთავსების პრობლემა

დისკუსიიდან გამომდინარე ვხვდები, რომ ლიბერალის ჟურნალისტებმა კარგად იციან ზემოთ განხილული ეპიტემოლოგიური და მეთოდოლოგიური საკითხების მნიშვნელობა.

შეიძლება, ჟურნალისტი სრულიად ეთანხმება აზრს, რომ მისი კვლევა და ანალიზი ყოველთვის ფოკუსირებულია იმ თემებზე, რაც მნიშვნელოვნად მიაჩნია, წამოწევს იმ საკითხებს, რაც პრობლემატურად ეჩვენება, არ აქვს პრეტენზია ჭეშმარიტების დადგენაზე, ესმის პროფესიის ტვირთი. მის წინაშე მაინც დგება როლთა შეთავსების დილემა. შეგვიძლია თუ არა ვიყოთ ჟურნალისტებიც და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებიც? გვართმევს თუ არა ეს დროს? გვიკარგავს თუ არა რეპუტაციას?

ყველა ადამიანი ერთდროულად ითავსებს იდენტობათა მრავალ ფენას და პრიორიტეტების გაკეთება პირადი გადაწყვეტილებაა. მე ვარ ადამიანი, შვილი, და, მოსწავლე, მასწავლებელი, მოქალაქე, მკვლევარი, ჟურნალისტი და შეიძლება, რომელიმე ერთ როლს უფრო მეტი ენერგია დავუთმო, ვიდრე დანარჩენს, თუმცა, ეს ამ როლთა მნიშვნელოვნებას არ ამცირებს. ჩემი, როგორც მოქალაქის როლი არ შეიძლება დეფინიციით უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ჩემი როგორც ჟურნალისტის, ან როგორც შვილის როლი.

მესმის, რომ ეს როლები შეიძლება მძიმეც იყოს და ზოგჯერ შეუთავსებელიც. ბოლოს და ბოლოს ადამიანებს ხშირად პირადი ცხოვრების ხარჯზე უწევთ პროფესიული მოვალეობების შესრულება ან პირიქით. ამ შემთხვევაში საკუთარი ღირებულებების მიხედვით ვაკეთებთ არჩევანს. თუ ადამიანი მიიჩნევს რომ სამოქალაქო აქტოვობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროფესია/სამსახური და მზად არის დრო გამოყოს, არა მგონია, რომ ვინმეს განკიცხვას იმსახურებდეს. ხშირად კი ეს ორი ერთმანეთს სრულიადაც არ გამორიცხავს.

რაც შეეხება რეპუტაციას, თუ მკითხველთა ნაწილს ჰგონია, რომ ჟურნალისტთა სამოქალაქო აქტოვობა მიუღებელია, მაშინ  უნდა ავუხსნათ მათ, რატომ არ არის ასე. საბედნიეროდ, „ლიბერალი" რჩება კრიტიკულ მედიად და არაპარტიული ნიშნით მიკერძოებულ მედიად. ამასთანავე „ლიბერალი" არამხოლოდ ყოველდღიურ ახალ ამბებს, არამედ ანალიტიკურ სტატიებს აქვეყნებს, რაც თავისთავად გამორიცხავს ჟურნალისთა სტერილურ და მშრალ მიდგომას. მათი აქტიურობა და საზოგადოებრივ პროცესებში ჩართულობა არათუ ნაკლი, არამედ უპირატესობაა. თუ ექიმს, პროფესორს, მასწავლებელს, საჯარო მუშაკს შეუძლია სამოქალაქო აქციებში მონაწილეობის მიღება, ჟურნალისტს რატომ უნდა ეკრძალებოდეს?

თუ ყველანი როლებს მკაცრად განვსაზღვრავთ და ჩვენი ვიწრო მოვალეობის მიღმა არაფერს გავაკეთებთ, მაშინ საზოგადოებრივი აქტივიზმიც არ შედგება. აქტიურობა ზოგადად მოქალაქეების ვალია, ყველა პროფესიის და სხვადასხვა ასაკის მოქალაქეების. წარმოუდგენელია, რომ ადამიანის უფლებები მხოლოდ ადამიანის უფლებებზე მზრუნველმა არასამთავრობოებმა, ბავშვთა უფლებები - ბავშვებმა დაიცვან. სკვერების გადასარჩენად ცალკე ჯგუფი გამოვყოთ, ვისაც სხვა საქმე არ აქვს და ხელფასიც გამოვუწეროთ. შევქმნათ გამოპროტესტებელთა ცალკე კასტა, რადგან ჩვენ ყველას ჩვენ-ჩვენი საქმე და კონკრეტული როლი გაგვაჩნია.

როგორც ოპტიმისტს, მგონია - ქართველი მკითხველი კარგად ხვდება, რომ სამოქალაქო აქტოვობა ყოველთვის, და განსაკუთრებით დღევანდელ გარემოში, თითოეული მოქალაქის ჩართვას საჭიროებს. თუ არ ვხდებით კერძო თუ პარტიული ინტერესების გამხმოვანებლები,  სანამ გულწრფელად ვიცავთ მოქალაქეების/ერთმანეთის უფლებებებს, ღისებას და  ინტერესებს, ალბათ სამოქალაქო აქტიურობაც არ უნდა აგვეკრძალოს.


კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^