ოც წელიწადზე მეტი გვაშორებს იმ დღეს, როდესაც ხანგრძლივი ისტორიული ანტრაქტის შემდეგ საქართველოს მოსახლეობამ თავად აირჩია ლიდერი - ზვიად გამსახურდია.
როდესაც ამ სიტყვებს ვწერ, ვაცნობიერებ, რომ დღეს აწ გარდაცვლილი პირველი პრეზიდენტის მორიგი, სამოცდამეცამეტე წლისთავია. ეს გარემოება მაძლევს გარკვეულ საბაბს, რათა რეტროსპექტიულად გადავხედო (ჩემი პირადული და ზერელე გადასახედიდან, რასაკვირველია) ქვეყნის მიერ განვლილ გზას. ვაცნობიერებ იმასაც, რომ ოცი წელი ტევადი მონაკვეთია ცალკეული ადამიანისთვის, მაგრამ მეყის მიმქრალი ნაპერწკალი - ისტორიისთვის.
არც მინდა და ვერც უფლებას მივანიჭებ საკუთარ თავს პირველი პრეზიდენტის - ამ წინააღმდეგობრივი, თუმცა ისტორიულ ნაკადში მყარად დამკვიდრებული ადამიანის - მოღვაწეობის შეფასებისა. ჩემი აზრით, ეგ მომავალი თაობების საქმეა, რადგან თემა უაღრესად პოლიტიზირებულია, ხოლო „ზვიადიზმის" ფენომენის გულწრფელი აღწერა - ფეთქებადსაშიში. ისიც კი საკითხავია, არსებობდა კი მაშინ, ჯერ კიდევ კომუნისტების ხანაში, რეალური ალტერნატივა? მოვლენათა ამ კუთხით განსჯისას საზოგადოება კვლავ დაყოფილად რჩება.
მართალია, იდეურმა პაექრობამ უფრო მიძინებული, ლატენტური ხასიათი მიიღო, მაგრამ ჭრილობები ბოლომდე მოშუშებული არაა. გადატრიალების ავბედითმა შედეგმა გამრავლებულმა ჩვენი ერისთვის დამახასიათებელ ტემპერამენტსა და არტისტიზმზე, შვა ის ჩაუმქრალი ბოღმა, რომელიც ჯერაც ღვივის და რომელსაც ვერაფრით ვერ დააღწია თავი ქართველობამ.
თუმცა, გარკვეული პროგრესი ამ მხრივ მაინც შეინიშნება. მახსოვს, ერთხანს გარკვეულ წრეებში ზვიად გამსახურდიას ძაგება იყო მოდაში. დღეს იგივე წრეებში მოდად იქცა მისი ქება, ყოველ შემთხვევაში მისი სახელის აუგად ხსენებას ყველა ერიდება, კრიტიკის ძირითადი აქცენტი კი მის გარემოცვაზე გადადის. არადა გარემოცვის (რომლის შერჩევის წესი ყოველთვის როდი იქნებოდა პრეზიდენტის თავისუფალი ნების გამომხატველი) როლის დადგენაც უფრო მომავალი ისტორიკოსების ხვედრია და არა ჩვენი თანამედროვეებისა. ამ პატარა წერილის ფარგლებში საკმარისია იმის აღნიშვნა, რომ ზვიად გამსახურდია უმაღლეს პოსტზე პრაქტიკულად გაუყალბებელი არჩევნების შედეგად აირჩიეს.
რა წინსწრები პირობების შექმნით გახდა ეს შესაძლებელი, გამართლებული აღმოჩნდა ეს არჩევანი თუ არა, რა მოვიმკეთ ამით და კიდევ რას მოვიმკით მომავალში - აქ საჭირო სისავსით ვერ განიხილება. შევნიშნავ მხოლოდ, რომ, ჩემი აზრით, მისი არჩევა (ისევე, როგორც სხვა მოკავშირე რესპუბლიკების კომპარტიების პირველი მდივნების პრეზიდენტებით ფორმალური ჩანაცვლება) კრემლში გამაგრებული ლიბერალ-კომუნისტების ჩანაფიქრის, მათ მიერ განხორციელებული „პერესტროიკის" პროექტის აუცილებელი ატრიბუტი იყო. ყოველ შემთხვევაში, არსებობს ვარაუდი, რომ სამხრეთი კავკასიისა და ბალტიის ქვეყნებში აღმოცენებული ეროვნული მოძრაობების წაქეზება ხდებოდა ცენტრიდან და ისინი ობიექტურად ასრულებდნენ იმ მძლავრი იარაღის ფუნქციას, რომელიც შემდგომში გამოყენებულ იქნა კრემლის შიდა ომებში რუსეთის რესურსებზე პოლიტიკური და ეკონომიკური ბატონობის დასამყარებლად.
ამ ვარაუდის ფარგლებში ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა და, მით უფრო, რიგითმა წევრებმა - გულწრფელმა დისიდენტებმაც და პოლიტიკაში ანგარებითი მოტივებით ჩანერგილმა ავანტიურისტებმაც - არაფერი იცოდნენ ამ გეგმის შესახებ. ეროვნულ მოღვაწეებს საკუთარი ძლიერი მოტივაცია გააჩნდათ - თავისი ქვეყნების დამოუკიდებლობამდე მიყვანა, რაც საბოლოო ჯამში აღსრულდა კიდეც. დღეს ყოფილი ლიდერების შუქ-ჩრდილების შეფასებაზე მნიშვნელოვანი სხვა კითხვებია: რანი ვიყავით მაშინ და რანი ვართ ახლა? რა წავაგეთ და რა დავთმეთ? რა მოვიგეთ და რა შევიძინეთ?
რეტროსპექტიული აზროვნების ფარგლებში ძალიან პუნქტირულად შევადაროთ ერთმანეთს ორი საქართველო: საქართველო 1991 და საქართველო 2012.
ცხადია, თვალნათელია ტექნიკურ პროგრესთან დაკავშირებული ცვლილებები. სად იყო 1991-ში მობილური კავშირი, ხელმისაწვდომი ქსეროქსი, პერსონალური კომპიუტერი, კაბელური ტელევიზია, თითქმის ყველა ოჯახში შესული ინტერნეტი და ა.შ. ამჟამად ამ ატრიბუტების გარეშე ყოფითი ცხოვრება ლამის არც წარმოგვიდგენია, მაგრამ ჩვენი დამსახურება აქ ნაკლებია. ყოველივე ეს მსოფლიოში სწრაფი მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ანარეკლი გახლავთ.
ჩვენ მონიშნული ვართ მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე. ეს უდავოდ დიდი მიღწევაა და ამ მიღწევას ჰყავს ავტორები. სხვა ამბავია, რომ ეგ არასაკმარისია. ისტორია იცნობს დამოუკიდებელ ქვეყნებში შიდა პროცესების შედეგად დატრიალებულ სისხლიან ტრაგედიებს (მარტო მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში რუანდა, უგანდა, ჰაიტი, კამპუჩია, ბანგლადეში, სალვადორი, ჩილე და მრავალი სხვაც). ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა მსგავსი სცენარების განვითარების ალბათობა საქართველოში გამოირიცხოს.
გაქრა დეფიციტის ცნება. მაღაზიების დახლები 80-იანების ბოლოდან უკვე მოცარიელებული იყო - დღეს სავსეა, ოღონდ ფული გქონდეს.
მაშინდელი ენთუზიასტი „არაფორმალებისთვის" გრანტის ცნება უცხო გახლდათ. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ კი ვითარება შეიცვალა და დღეს "თავისუფლების ინსტიტუტის" ძველი ბირთვი პოლიტიკურად უფრო ძლიერია, ვიდრე მთელი "საპარლამენტო უმრავლესობა". მთავარი ამ არაფორმალური ჯგუფის წევრებისთვის იყო და არის არა ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებისადმი ერთგულება, არამედ ძალაუფლების მოპოვების დაუოკებელი, ნიცშეანური სურვილი, და კიდევ საზოგადოებისთვის და საკუთარი თავისთვის იმის მუდმივად მტკიცება, რომ რაღაცას წარმოადგენენ და "საბჭოთა", "წითელი", "ორდენოსანი" და ა.შ. ინტელიგენცია მხოლოდ ჩასარეცხი, ინდაურებზე გაყიდული არარაობაა - ადამიანის რეალურ დამსახურებასა და ნიჭს კი არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.
ტერიტორიულ მთლიანობაზე - კაცს ხმა არ ამოეღება, ისედაც ყველაფერი ცხადია.
50-ზე მეტი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და ტრადიციული უმაღლესი სასწავლებელი შეცვალა კოლეჯის დონის უნივერსიტეტების ერთობლიობამ. დღეს ვხედავთ ამ ტენდენციის გარდატეხის მცდელობებს, მაგრამ უკანასკნელ წლებში ძალიან დიდი ადამიანური რესურსი მსხვერპლად შეეწირა ცუდად გათვლილ და კანიბალურ რეფორმებს. არ ვფიქრობ, რომ ვითარების გამოსწორებას შეძლებენ იგივე ადამიანები, ვინც დღემდე ყველაფერი იღონეს, რათა „ჩაერეცხათ" ქართული აკადემიური მეცნიერება.
თბილისის „დინამო" ევროპული და საბჭოთა ფეხბურთის გრანდი იყო, დღეს კიდევ...
ჭადრაკში პოზიციები მეტნაკლებად შენარჩუნებულია.
რაგბში იმ საქართველოს გავუსწარით.
სოციალური დიფერენციაცია მორალურად აუტანელი გახდა. უმუშევრობამ წალეკა ქვეყანა.
კომუნისტების ხანაში ცუდად აგებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები რომ არა, დღეს ნახევარი თბილისი იძულებული იქნებოდა ქუჩაში ეთენებინა ღამე.
მაშინ ემიგრაცია უცხო ხილი იყო, საზღვარგარეთ გასვლა კი ტრაბახის საგანს წარმოადგენდა. დღეს ემიგრაციაში გადახვეწილი ასობით ათასი ქართველი რომ არა, ერის დიდ ნაწილს რეალური შიმშილი დაემუქრებოდა.
აწი კი თავად შეგიძლიათ ამ სიის გაგრძელება და დასკვნების გამოტანა. გასახსენებელი კიდევ ბევრია.