დარაბები დარაზულია.
სივრცე დახშულია, ვიხუთები.
ამ დახუთულ სივრცეში ისტებლიშმენტს შემოუყვია ამპარტავანი თავი.
გვკეტავს და გარეთ გახედვას კი არ გვაცლის.
აქეთ-იქეთ ყრუდ ისმის ფრაზები "უსაფრთხოების ზომა", "მინისტრიჩკა მოვიდა"...
გარეთ არ გაიხედოთ!
გარეთ არ გაიხედოთ!
არ გაიხედოთ მეთქი!
რა ალეგორია, რის სიმბოლოები... ვინ გაცლის ალეგორიულობას? დარაბები, პირდაპირი გაგებით დარაზეს. აქ ზუსტად ასე მოხდა: დარაზეს და ოთახიდან გახედვა აკრძალეს.
ამ ოთახს "გალერი კაფე"-ს ვუწოდებთ. თანამედროვე თბილისური ცხოვრების მთავარ გასართობ თუ კულტურულ ცენტრს. ქალაქის ამ კულტურულ ცენტრში ზოგჯერ ფანჯრის მიღმა გახედვა იკრძალება. ეს "ზოგჯერ" კი მაშინ დგება, როდესაც კლუბს მინისტრი სტუმრობს. თუ დაკონკრეტება გსურთ, ვერა ქობალიაა ეგ მინისტრი, "გალერი კაფეს" ახალი კლიენტი, რომელსაც თავისუფალ, ახალგაზრდულ, გასართობ სივრცეში აკრძალვები და გაუცხოება შემოაქვს. ორიოდე დღის წინ, ჩემს მეგობარს, მინისტრის უსაფრთხოების მიზნით ფანჯრიდან გახედვა აუკრძალეს მას შემდეგ, რაც კლუბში მინისტრმა შემოაბიჯა.
საერთოდ არ მგონია, დახურული ფანჯრები შემთხვევითობა იყოს. საჯარო სივრცეში ისტებლიშმენტის ნებისმიერი წევრის გამოჩენას რამხელა დისკომფორტი მოაქვს სივრცის თავისუფალი, ასე ვთქვათ, "რიგითი" მომხმარებლისთვის, კარგად ვიცით. ჩვეულებრივი საკონცერტო დარბაზი ან თეატრიც კი დაცვის წევრებითა და რაღაც პასიური (ზოგჯერ კი აქტიური) ისტერიით ივსება, თუკი სტუმარი - პოლიტიკოსია.
არა, რა გაუცხოებაო, მხოლოდ "უსაფრთხოების ზომაო", იტყვიან ზოგიერთები. კი მაგრამ, ვერას უსაფრთხოებამ ჩემი უბრალო სურვილი - გავიხედო ფანჯარაში - რატომ უნდა შეზღუდოს? მოვიდეს, იცეკვოს, გაერთოს... მაგრამ ამის გამო მე დავიხუთო? თუმცა, ასე თუ არ მოხდა, მერე რაღა გაგვყოფს მე და ვერას? მანაც თუ ჩემნაირად ფანჯრიდან ჭვრეტა დაიწყო, ან ტუალეტის რიგში ჩადგა, მერე რაღა შემიქმნის მის მიმართ მოწიწებას? აბა, ამხელა მინისტრი, ჩემსავით, უბირი მოქალაქესავით ხომ არ შევარდება კლუბში, თავისუფლად, დაცვის გარეშე? ფანჯარა თუ არ ჩამიკეტა, ისტებლიშმენტი რის ისტებლიშმენტია?
ყოველთვის ვამბობ, რომ იქ, სადაც ჩნდება ხელისუფლება - კვდება შემოქმედება. კვდება კულტურა და გართობაც კი... და ყველაფერი ხელისუფალის ამბიციების დასაკმაყოფილებელ ინსტრუმენტად იქცევა. წვიმის მუსიკოსი ხარ თუ თოვლის მხატვარი, ცენზურა სულ არ გჭირდება, საკუთარ თავს თავად უწესებ აკრძალვებს და იწყებ იმაზე ფიქრს, სად რა თქვა, სად რა ქნა. როგორც კი ამ თვითაკრძალვებს დაიწყებ, სულაც არ გეწყინება. თუ ფანჯარას ცხვირწინ მიგიხურავენ. კულტურა და ხელოვნება კი აბა რისიღა მაქნისია, თუ ფანჯარა ვერ გააღო, სივრცე ვერ გაჭრა და ერთ ოთახში ამოიხუთა თავი.
გალერიდან მალევე წამოვედი. მეორე დღეს დადუღება მელოდა წლის პირველ თბილისურ დიდ როკ-კონცერტზე.
აი, აქ კი ჯერ არასდროს გამცრუებია იმედი. ასეულობით გადარეული ადამიანი, მოქმედებისა და გამოხატვის სრული თავისუფლება, ემოციებისა და ადრენალინის სუნი. ხშირად ვამბობ ქართულ როკ-პუბლიკაზე: ამ რამდენიმე ასეული ადამიანის მიერ დახარჯული ემოციისა და ადრენალინის ერთ სინჯარაში თავმოყრა რომ შეიძლებოდეს, საუკეთესო მასალა იქნებოდა ატომური ბომბის დასამზადებლად. აქ, როკ-კონცერტზე, ახალგაზრდული, ჟინიანი, დაუოკებელი და თავისუფალი სუნი დგება, რომელიც ბოლომდე გახსნილი "ფანჯრებიდან" გაედინება და სივრცეში იჟღინთება. ძალიან სკაბრეზულად რომ ვთქვა, გიყვარს კაცს კონცერტი, რომელსაც გოგოები ოფლიანი ძუძუებით ტოვებენ და ბიჭები - ოფლიანი ყვერებით. სკაბრეზული ნათქვამია, მაგრამ ზუსტი და პირდაპირი, ეთიკურები თქვენ იყავით, თუ კაია.
ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ამ კონცერტს არ დასწრებია არცერთი პოლიტიკოსი თუ ჩინოვნიკი. არცაა ადვილი, აკრძალვების მოყვარული ადამიანი როკ-კონცერტზე გააჩერო. ყრუვდებიან, თავი სტკივდებათ, ნერვიულობენ... როკი მეტისმეტად ხმამაღალი, დაუოკებელი, ფეთქებადი და თავისუფალი მუსიკაა საიმისოდ, რომ რიგითმა მინისტრმა მისი მოსმენა და მით უმეტეს, დაბრკოლება მოისურვოს. არ მგონია, შემთხვევითი იყოს, რომ ამ ხელისუფლების მუსიკალური გემოვნება და დაფინანსებული კონცერტები ტოტო კუტუნიოს ვერ სცდება. ასეთი მუსიკოსები საფრთხეს არ შეიცავენ. როდის იყო, კუტუნიების ეშინოდა ისტებლიშმენტს, როკისა და მისი უკომპრომისობისგან განსხვავებით. აგერ, U2-ს ბონომ კი ჯერ მედვედევთან გამართა შეხვედრა, შემდეგ კი თავის სცენაზე შევჩუკი გამოიყვანა. გაგიგონიათ? პუტინ-მედვედევის რეჟიმთან მთავარი დაპირისპირებული ხელოვანი - შევჩუკი, ზედ მოსკოვის მთავარ სტადიონზე, 80,000 მოსკოველის თვალწინ სცენაზე გვერდით დაიყენა და ცხადია, არც ბონოს შეშინებია ამის და არც შევჩუკს. ხელისუფალი კი ალბათ სიმწრისგან ცახცახებდა, როცა მუსიკოსების დუეტს - Knockin' On Heavens Door-ს ათეულ-ათასობით მოქალაქე ტაშს უკრავდა.
გამჭრიახმა ხელისუფალმა, რომელმაც ხელოვნებისა და მით უმეტეს, მუსიკის ძალა კარგად იცის, იცის ისიც, თუ როგორ მოექცეს მას. ისინი ან ბლოკავენ "სახიფათო კულტურას" (სსრკ, ჩინეთი), ან პირიქით, ამაყობენ მასთან თანაზიარობით (რუსეთი. მედვედევი თავს U2-სა და Deep Purple-ს ფანად აცხადებს). უმეცარი ხელისუფალი კი თავს მხოლოდ ისულელებს. მაგალითად, იტყვის, რომ კრის დე ბურგის მოსმენის გამო, ციხეში იჯდა. ცხადია მან არ იცის, რომ მართალია სსრკ როკს კრძალავდა, მაგრამ კრის დე ბურგის მოსმენას, აბა, როგორ აკრძალავდა, კაცი პოპ-მუსიკოსია და არა როკერი. წითელკაბიან ქალებზე სიმღერა კი, აბა, რა სახიფათოა?
ასე და ამგვარად, სიმბოლისტი არ ვარ, მეგობარო. ვინ გაცლის სიმბოლისტობას ან ალეგორიულობას, როცა ფანჯარას პირდაპირი გაგებით გიხურავენ, სივრცეს გიხშობენ და შენც რაღა დაგრჩენია, თუ არა ის, რომ გაუცხოვდე, შეგძულდეს მისი ამპარტავნება და დაიწყო ისტებლიშმენტის მკვეთრი გამიჯვნა - ხელოვნებისა და კულტურისგან. წახვიდე იქ, სადაც არ გაბრკოლებენ, ბოლომდე დაიხარჯო დაგროვილ ემოციებში და გახსნა შემოქმედებითი უნარი. თუ ამ უნარის გამოთავისუფლება-რეალიზება ვერ მოახდინე, რიღათი განვსხვავდებით ცხოველისგან, რომელიც იღებს სამყაროს ისეთად, როგორიც არის? ჩასვით ნებისმიერი თუთიყუში გალიაში, მიუხურეთ ფანჯარა და დარწმუნებული იყავით, რომ არც კი იფიქრებს გათავისუფლების გზებზე, თუ ისევ თავად თქვენ არ გამოუღეთ გალია.
არ მითხრათ, "პოლიტიკოსებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიანო". ჩვეულებრივი ადამიანები ფანჯრებს არ ხურავენ.
აღებენ.