ამას წინათ რაც დავწერე ლიბერალიზმობანას საფრთხეების შესახებ, ზედმიწევნით არის ასახული გია ნოდიას მიერ ჟურნალ "ტაბულაში" გამოქვეყნებულ სტატიაში.ეს სტატია კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ლიბერალიზმის სახელით „სამ ტანცუეტ, სამ პაიოტ" ფორმის სამოქალაქო საზოგადოება შემოგვთავაზონ.
მაინც რას გვეუბნება ნოდიას სტატია? თურმე, უნდა გავიზარდოთ, „შემდგარი" სამოქალაქო საზოგადოება რომ შევქმნათ. გაზრდა კი იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობის კრიტიკა დავივიწყოთ, რადგან, თურმე, მთავრობის გარეშეც შეგვიძლია უამრავი რამის კეთება.
მინდა ბატონ ნოდიას შევახსენო - დღევანდელ საქართველოში ძალიან ბევრი რამის კეთება მთავრობის გარეშე არ შეგვიძლია. ლიბერალიზმის სახელით მოსაუბრეებს (უკეთ რომ განვმარტოთ, მათ ვისთვისაც ლიბერალიზმი ეგალიტარიზმს არ ნიშნავს) ხშირად ავიწყდებათ / ივიწყებენ ცნება - ძალაუფლებას. სახელმწიფოს მიერ ძალაუფლების მონოპოლიზება ისედაც მეტ/ნაკლებად მიღებულია ლიბერალურ საზოგადოებებში. როგორც ფუკო გვახსენებს, ძალაუფლება ყველგანაა. აი, ზოგ საზოგადოებაში კი, მაგალითად ისეთ საზოგადოებებში როგორიც საქართველოა, ძალაუფლების მონოპოლიზაციას განსაკუთრებით მწვავე ფორმები აქვს მიღებული და როგორც ადრეც ვამბობდი, ტოტალიტარული მიდრეკილებები ახასიათებს. აქ ამ ძალაუფლების ირგვლივ ტრიალი არ ნიშნავს უამრავი რამის კეთების შესაძლებლობას, უფრო -„რაც დაგვრჩენია" იმის გაკეთების შესაძლებლობას ნიშნავს. მაგრამ რადგან ბევრი არც არაფერი დაგვრჩენია, ცოტა რთული იქნება სამოქალაქო საზოგადოებამ ხელისუფლების კრიტიკა, მისთვის მოთხოვნების დაყენება აირიდოს. ეს კი ინფანტილიზმი არ არის - პრობლემებთან თვალის გასწორება და ბრძოლაა, რაც ჩვენს ისედაც დაშინებულ საზოგადოებაში წყალივითაა საჭირო.
რაღა დავმალო და ანარქისტულ სისტემაში რომ ვცხოვრობდეთ და სულ რომ არ არსებობდეს სახელმწიფო, ყველაზე მეტად გამეხარდებოდა. მაგრამ სანამ სახელმწიფო როგორც ძალაუფლების მთავარი ცენტრი არსებობს, მანამ მოგვიწევს ამ სახელმწიფოსთან ჭიდაობა იმისთვის, რომ ეს ძალაუფლება ხალხისთვის იყოს გამოყენებული და არა ხალხის წინააღმდეგ.
ერთი რამ ცხადია - სამოქალაქო საზოგადოების ერთადერთი ფუნქცია მთავრობის კრიტიკა არ არის. თუმცა, მთავრობის კრიტიკა არც ასაკრძალი/განსაკითხი საქმეა. სამოქალაქო საზოგადოებას რეალურად უნდა შეეძლოს გარკვეულ ჯგუფთა ინტერესების დაცვა. ეს კი მთავარი აღმასრულებლისთვის მოთხოვნების წაყენებას გულისხმობს, მისი შუამდგომლობის, თუ მისი ძალაუფლების საზოგადოებრივი ინტერესების მიხედვით გამოყენებას.
არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი, როცა სამოქალაქო საზოგადოებას წარმოიდგენენ როგორც სივრცეს, რომელიც თავისთვის და თავისთავად შეიძლება არსებობდეს. გრამშიც და ფუკოც გვაფრთხილებენ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას უმეტესად სწორედ არსებული ჰეგემონიის მხარდასაჭერად იყენებენ. დღევანდელი სამოქალაქო საზოგადოების პრობლემა არა მარტო საქართველოში არამედ მსოფლიო მასშტაბით სწორედ ეგ არის - სამოქალაქო საზოგადოება იშვიათად თუ ებრძვის სისტემურ პრობლემებს, იგი დაქსაქსული, ლოკალიზირებული, მომთმენი და მორჩილია. დღევანდელ ნეოლიბერალურ სისტემაში სამოქალაქო საზოგადოება იმ როლს ასრულებს, რაც ნეოლიბერალურმა სახელმწიფომ თავიდან მოიშორა - სოციალური დაზღვევის როლს, რაც საბოლოოდ, ისევ ამ უპასუხისმგებლო სისტემის წისქვილზე ასხამს წყალს. სახელმწიფოს აღარაფერს ვავალებთ რადგან სოციალური პრობლემების გადაჭრა თურმე სამოქალაქო საზოგადოებასაც კარგად შეუძლია. თუ ვინმეს აინტერესებს, რა მოიტანა ასეთმა მიდგომამ გლობალური მასშტაბით, შეუძლია, სიღარიბის და უთანასწორობის ზრდას გადახედოს 70- იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე.
იმავე გრამშის, ფუკოს თუ სხვა თეორეტიკოსების აზრით, სამოქალაქო საზოგადოებას შეიძლება აღმოაჩნდეს პოტენციალი, რომ სისტემას თუ ჰეგემონიას შეებრძოლოს. ეს სწორედ ისაა, რაც დღეს არა მარტო საქართველოს, არამედ, მთელ მსოფლიოს სჭირდება. ეს არ ნიშნავს ჰეგემონიის უბრალოდ დავიწყებას, მასთან შეგუებას და პარალელურ რეჟიმში მუშაობას, ეს არსებული იერარქიების წინააღმდეგ გალაშქრებაა.
გია ნოდია ფაქტიურად სამოქალაქო საზოგადოების მთავრობასთან პარალელურ რეჟიმში მუშაობის მომხრეა. მისი აზრით, არ არის საჭირო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მაინც და მაინც გააჩნდეთ აზრი მთავრობის შესახებ. გასაკეთებელი სხვაც ბევრია და ერთადერთი ფუნქცია მთავრობის კრიტიკა არ არის, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც მთავრობის მიმართ აუცილებლად „ნეიტრალური" უნდა იყოს, ცვლილებას ვერ მოიტანს. როგორც მე ვერ ვიქნები ნეიტრალური ჩემ გვერდით მდგარი შეიარაღებული პირის მიმართ, ისე ვერ იქნება სამოქალაქო აქტოვობა ნეირტალური მთავრობის მიმართ. მე აუცილებლად რაღაცა მინდა - ერთი იარაღი არ მომიშვირონ, მეორე - იქნებ, ამ იარაღით დამიცვან, ან მესამეც - იქნებ, ეს იარაღი საერთოდაც გადააგდონ. მაგრამ ნეიტრალურობას და „ჩემი საქმის" პოზიციის/სურვილების გარეშე კეთებას ნუ მომთხოვთ. მინდა მქონდეს არჩევანი, რომ იარაღი, ანუ ძალაუფლება ისე იქნას გამოყენებულ/გადანაწილებული, როგორც მე მგონია სამართლიანი.
საზოგადოებები სამართალს ერთხელ და სამუდამოდ ვერასოდეს დაადგენენ, მაგრამ მისი დადგენის დინამიკურ პროცესში ყოველთვის უნდა გვქონდეს წვლილის შეტანის უფლება.
p.s. კარგი იქნებოდა ჟურნალ "ტაბულას" კომენტარების გაკეთების უფლება მიეცა მკითხველისთვის. ყოველთვის ბლოგს ხომ ვერ დავწერთ საპასუხოდ.