ისევე როგორც ბავშვებმა, ალბათ ჩვენც ასაკთან ერთად უნდა გავარჩიოთ, რა არის უთანასწორობა და რა არის განსხვავებულობა. იმასაც ამბობენ, რომ თანასწორობა ჩვენთვის ვერ იქნება ღირებულება, რადგან სხვადასხვანაირები ვჩნდებით და თავისთავად თანასწორები ვერ გავხდებით. განსხვავებულები ნამდვილად ვჩნდებით, მაგრამ რამდენად ითარგმნება განსხვავებულობა უთანასწორობაში ეს ძირითადად სოციალური გარემოებებით არის განპირობებული.
უთანასწორობის ერთად-ერთი გამართლება „დამსახურებაა". ადამიანებს სხვადასხვა მიზნები აქვთ და სხვადასხვანაირადაც შრომობენ ამ მიზანთა მისაღწევად. უთანასწორობაც იქ არის გამართლებული, სადაც მხოლოდ ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებია წარმატება/წარუმატებლობის, ბედნიერება/უბედურების განმსაზღვრელი, და არა ის გარემოებები, რაც ჩვენ არასდროს აგვირჩევია.
არც საქართველოში და არც მსოფლიოში ადამიანების პირადი არჩევანი რომ არ განსაზღვრავს მათ მიღწევებს, შემთხვევათა 99.9999 % ში, ამაზე აღარ შევჩერდები. უბრალოდ, ერთი კითხვა მაქვს - რატომ ხდება, რომ უმრავლესობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე იტანჯება უთანასწორობით, ვერასოდეს ახერხებს ჰეგემონურ უმცირესობასთან გამკლავებას? რატომ ხდება, რომ ყველაზე უფრო გაჭირვებული მრევლი გაიღებს იმ შესაწირავს, რომლის წყალობითაც კლერიკალები გულს ოქროს ჯვრებით იმძიმებენ და ჯიბეებს ჯიპების გასაღებებით? რატომ ხდება, რომ მწვანილებით მოვაჭრე ქალბატონებს ყველაზე მეტად უყვართ ჩვენი დიადი პრეზიდენტი, ყოველ დღე რომ დოქსოპულოებს უგზავნის მწვანილების ტალახში ჩასაყრელად? საქართველოს თავი დავანებოთ და, რატომ რთავდა ათასობით ადამიანი ცხონებული სტივ ჯობსის საფლავს ყვავილებით და ცრემლებით? რატომ გვიყვარს მილიონერები, რომლებმაც ჩვენისთანების ხარჯზე მოიწყვეს ცხოვრება? რატომ არავის არ უჩნდება კითხვა - ამ ოხერ სამუშაო დღეში სულ 24 საათია და ყველა საათი რომ იმუშაოს იმ მავანმა წარმატებულმა „მენეჯერმა" 240-ჯერ და 2400-ჯერ ჩემზე მეტ ხელფასს მაინც ვერ „დაიმსახურებს"?
რატომ არ გვაწუხებს ან ვერ ვებრძვით უთანასწორობას?
მოფლიოს ისტორიაზე ზედაპირული თვალის მიდევნება მცირე იმედს იძლევა. კაცობრიობის ისტორიას ახსოვს ადამიანთა ჩაგვრის ყველაზე სასტიკი სისტემის - მონობის, როგორც დომინანტური სოციალურ-ეკონომიკური მოწყობის დასასრული; ფეოდალიზმის, როგორც მემკვიდრეობის მიხედვით განსაზღვრული ელიტის უპირობო დომინაციის დასასრული; ახსოვს ქალების პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობის ფარდობითი გამოსწორება; ახსოვს სხვადასხვა უმცირესობების უფლებების აღიარება.
თითქოს მსოფლიო იცვლება და ეტაპობრივად აღიარებს, რომ არ შეიძლება პირობითი ნიშნების მიხედვით დედამიწის მოსახლეთა კასტებად დაყოფა, სიძულვილი თუ ჩაგვრა, მაგრამ კარგად თუ შევხედავთ, მგონი, მთელი ეს „თანასწორობობანა" მხოლოდ დისკურსის დონეზე და მხოლოდ მოჩვენებით არის აღიარებული, სინამდვილეში კი არაფერი შეცვლილა.
დღეს სამყარო უფრო არათანასწორი და უსამართლოა, ვიდრე ოდესმე. ისევე იყიდება სიცოცხლეები როგორც ყოველთვის, უბრალოდ ფორმებია შეცვლილი - ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალების რიცხვი რომ დათვალო მეოცე საუკუნეში, მგონი, რაოდენობრივად გადააჭარბებებს რომალეთა მონების რიცხვს. დღეს უფრო მეტი ადამიანი იღუპება შიმშილისა და უწყლობისგან, ვიდრე იმ აწ „ბნელად" წოდებულ ეპოქებში, როცა მედიცინის და ტექნოლოგიის განვითარება ფაქტიურად ადგილიდან არ იძვროდა საუკუნეების მანძილზე.
ერთი მიგნება მაინც უკვე გაკეთებულია - მემკვიდრეობითობა უსამართლობის მთავარი წყაროა. ცოტა ხნის წინ მივხვდით, რომ არ შეიძლება პოლიტიკური ძალაუფლების მონოპოლიზაცია „გადაცემით", არ შეიძლება მხოლოდ მოსახლეობის „ცისფერსისხლიანმა" ხუთმა პროცენტმა ისწავლოს და ყველა დანარჩენი ხუთ პროცენტს ემსახუროს, რადგან თურმე ღმერთმა ბრძანა ასე. იმას კი ვერ მივხვდით, რომ ეკონომიკური მემკვიდრეობითობა სანამ ძალაშია, მანამ პოლიტიკური უფლებობანას და არჩევნობანას თამაში ვერანაირ თანასწორობას ვერ მოიტანს.
ცოტა რომ განვმარტო - ეკონომიური რესურსები პოლიტიკაზე გავლენის შესაძლებლობას განსაზღვრავს. უფრო მარტივად კი - პოლიტიკურ საკითხებს მდიდრები წყვეტენ. ანუ იმას, თუ ვისი შვილი ისწავლის და ვისი ვერა, ვის ექნება წყალი, ვის ეყოლება ადვოკატი სასამართლოზე, ვის დაეკისრება გადასახადი, ვის დახვრეტენ და ვის ჩამოახრჩობენ - ყველაფერს ისევ „ძლიერნი ამა ქვეყნისანი" წყვეტენ. ამჯერად არა თავადი ან ბარონი, არამედ ახალი კასტა - მილიონერი.
მილიონერების ან მდიდრების სიძულვილს არ ვქადაგებ. უბრალოდ, ის სისტემა რომელიც მილიონერებს წარმოშობს და მათ ყველა"სხვას" (რომელიც სხვათა შორის ყველანი „ჩვენ" ვართ) მართვის უფლებას აძლევს, ისეთივე პერვერსიულია, როგორც მონობა და ფეოდალიზმი. თუ მსოფლიოს თანასწორობა ეღირსება იქნება „მემკვიდრეობითობის" გაუქმების ხარჯზე.
მემკვიდრეობით ისეთი რაღაცეები გადაეცემა, რასაც ვერასდროს გავაუქმებთ: ნიჭი, ხასიათი, სიმაღლე და ათასი მაგგვარი. სამაგიეროდ თანასწორად მოწყობილ სისტემას შეუძლია ამ განსხვავებების მიღება და უთანასწორობების შედეგთა მაქსიმალური კომპენსაცია.
ალბათ, ჩემი მკითხველი მშობლები ფიქრობენ -„ ვინ არის, რა უფლება აქვს რომ მეუბნება - შენ შვილს არ დაუტოვო ქონება და დაუტოვე ყველას? მოუარე ყველას, გაუყავი ყველას... რატომ არ უნდა მინდოდეს ჩემი შვილისთვის ყველაფერი საუკეთესო?"
იმიტომ, რომ საუკეთესო ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის ის კი არ არის, რომ „ყველაზე უკეთ" იყვნენ, ამ ცნების როგორც გინდათ ისეთი გაგებით - ქონებით, ცოდნით, გამოცდილებებით, სულიერებით და ყველა იმ პარამეტრით, რაც კი ღირებულად მიგვაჩნია; არამედ შეიძლება საუკეთესოა ის, რომ ჩვენ, ჩვენი „მემკვიდრეებიანად", ისეთ გარემოში ვცხოვრობდეთ სადაც ჭკვიანი, რეალიზებული, ბედნიერი და არა დაბოღმილი, ჩვენი ყელსაბამის ჩამოსახევად ყელის გამოღადვრისთვის მზადმყოფი ადამიანები დადიან.
სანამ მიზანი საზოგადოების, როგორც მთლიანობის, კარგად ყოფნა არ გახდება და სანამ პარტიკულარისტულ, მეკერძოვე და ვაიინდივიდუალიზმის დამცველ სისტემას ვემორჩილებით, მანამ ვიცხოვრებთ შიშით და სიძულვილით - მდიდრებიც, ღარიბებიც და ყველანი.
რაც უფრო ღრმა იქნება უთანასწორობა, უფრო დატანჯავს „ზემოთ" და „ქვემოთ" მდგომებს. მაგალითები ადვილად მოიძებნება. სხვა ქვეყნების ამბავს რომ თავი დავანებოთ, ქართველებს შეუძლიათ ავადსახსენებელი საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ოცწლეული გაიხსენონ და შეადარონ დამოუკიდებლობის ოცწლეულს. არა მგონია კაბჭოთა მილიცია ჩვენს ახლანდელ კარგად გაწვრთნილ/დაგეშილ შსს-ელებზე ბევრად წარმატებული ყოფილიყო დაჭერობანასა და ციხეების ბოლომდე გამოტენვის უნარში. უბრალოდ, ნაკლები აგრესია იყო მოსახლეობაში რადგან ყველას მეტ-ნაკლებად ერთნაირად ჰქონდა (ანუ არ ჰქონდა) და სისხლის და სიკვდილის შიშიც ნაკლებად დაგვდევდა. მართალია, საბჭოთა კავშირს იმ ყველა უბედურების მიზეზად დავხატავთ ხოლმე, რაც კი დამოუკიდებლობის პერიოდში გაგვაჩნია, მაგრამ ამასთანავე საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში ჩვენმა საზოგადოებამ გამოსცადა მეტ-ნაკლები სოციალურ-ეკონომიური თანასწორობის ფასი. კი დავცინით საბჭოთა ნოსტალგიებს, მაგრამ ხშირად ჩვენს მიერ დაწუნებული სენტიმენტების უკან საკმაოდ ღირებული არგუმენტები და მისწრაფებები დგას. თუ ხალხს რამე ენატრება, ეს სტაბილურობის განცდაა, განცდა იმისა, რომ ყველას შეუძლია იმუშაოს, არ მოკვდეს შიმშილით, ჰქონდეს დაახლოებით ისეთივე შესაძლებლობა, რამდენიც მეზობელს. საბჭოთა კავშირი ვერ გაძლებდა დიდხანს. მართალია სოციალურ თანასწორობას მეტ-ნაკლებად აღწევდა, მაგრამ პოლიტიკურად უთანასწორობს ეფუძნებოდა. დაპყრობილ ერებს ვერავინ დააჯერებდა, რომ ისინი კავშირის თანასწორუფლებიანი წევრები იყვნენ.
ჩვენ სწორედ ეს უთანასწორობა არ მოგვწონდა, მეტ-ნაკლები სოციალურ-ეკონომიკური თანასწრორობა კი ენატრება ხალხს. სანამ არ გავაცნობიერებთ თანასწორობის ფასს, მანამ მოენტარება საბჭოთა კავშირი მას, ვისაც ისევ ახსოვს. ამჯერად ეს კონკრეტული მაგალითი, და არა დასავლეთ ევროპის გამოცდილება მომყავს, რადგან, რაღაც სახის, ყოველ შემთხვევაში დღევანდელ მდგომარეობასთან შედარებით გაცილებით დიდი თანასწორობა ამ ქვეყანას უკვე გამოუცდია, და თუ ვინმე რამეს მისტირის იმ პერიოდისას, სწორედ ეს თანასწორობაა.
მხოლოდ საქართველოში კი არა, მსოფლიოს მასშტაბით ყველას პირს სილით გვივსებენ ეკონომკიურ თანასწორობაზე საუბრისას და გვასწავლიან, რომ თურმე ადამიანი, აი, ეგეთია, საძაგელი, ყოველთვის მეტის მსურველი, მკვლელი, წამრთმეველი. პრივილეგირებული, ვინც თავის ზურგს უფრთხილდება, ისიც ცდება ამას რომ იჯერებს, მაგრამ ყველა დანარჩენი 99. 9999 % (მსოფლიოს მოსახლეობის) რატომ ეგუება მოკვდავების ღმერთობანას? როდის დავიწყებთ ინფანტილური განაცხადების -„იმას რომ ყველაფერი აქვს, მეც ხომ ცოტა მინდას" - მაგიერ ერთმანეთთან მისასვლელი გზების გამონახვას და ჩვენი ყველას პრობლემის სისტემური მიზეზების ძიებას? როდის ვაღიარებთ თანასწორობას, როგორც ძირეულ ღირებულებას? ადამიანები „ბუნებით" არც გამორჩენის მსურველები არიან, არც მხეცები. ჩვენ უბრალოდ არსებულ სისტემას ვეგუებით და ვიჯერებთ, რომ „ასეთები ვართ", მაშინ როცა შეგვიძლია სხვანაირები ვიყოთ!
მგონია, რომ ეკონომიკური მემკვიდრეობითობანა ისევე უნდა გადავაგდოთ, როგორც პოლიტიკური მემკვიდრეობითობანას გადაგება ვცადეთ; და იქნებ „არსებობის" რეჟიმიდან „ცხოვრების" ეტაპზეც გადავიდეთ.