Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ გრძელდება თსუ-ში განსხვავებული აზრის ჩაგვრა

30 ივლისი 2012

 

მიუხედავად იმისა, რომ 18 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის არჩევნებზე, მეორე კურსის სტუდენტებმა დამოუკიდებელ კანდიდატებს მისცეს ხმა და ამით პროსახელისუფლებო „ერთიანის სტუდენტური მოძრაობის" ჰეგემონია მცირედით მაინც შეასუსტეს, მთლიანი სურათი ჯერ კიდევ უიმედოა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნივერსიტეტში საერთო სიტუაცია არ იცვლება: თვითმმართველობის აგრესიული წევრები ჯერ კიდევ დაუსჯელები არიან, პოლიტიკურად აქტიურ სტუდენტებს კვლავ ფიზიკურად უსწორდებიან, რექტორი აქტივისტ სტუდენტებს ისევ უნივერსიტეტის დატოვებისკენ მოუწოდებს და არააქტივისტი სტუდენტების უმრავლესობაც კვლავ ინერტულ მასას ქმნის.

ის, რომ სიტუაცია არ იცვლება, რამდენიმე კულტურულ, სოციალურ და პოლიტიკურ ფაქტორზეა დამოკიდებული. გადავწყვიტე, რომ ამ ფაქტორების აღწერა შემოგთავაზოთ. მინდა იმაზე დავფიქრდეთ, თუ რამდენად რეალურია დღეს რადიკალური ცვლილებების მიღწევა და ამ ეტაპზე რა ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სამოქალაქო აქტივისტს პოლიტიკური სივრცისგან მოწყვეტილი სამოქალაქო სივრცის განვითარების სჯერა, მე მაინც მგონია, რომ პოლიტიკური მაკრო სურათი მიკრო დონეზე ძალაუფლებრივ ურთიერთობებს გარკვეულ ჩარჩოებს და გადაულახავ ბარიერებს უწესებს. აქედან გამომდინარე, სანამ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია არ შეიცვლება, იქამდე ისეთ მიკრო დონეზე, როგორიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია, რადიკალური ცვლილებების მოხდენა ძნელი წარმოსადგენია. ნათქვამის საილუსტრაციოდ იმ ფაქტის მოხმობაც კმარა, თუ როგორ აფარებს ხელს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოძალადე სტუდენტებს (რომლებიც დღემდე დაუსჯელები დადიან) და როგორ ცდილობს რექტორი კვიტაშვილი, რომ აშკარა უსამართლობებზე პასუხისმგელობა თავიდან აიცილოს („ვისაც აქ არ მოგწონთ, სხვაგან გადადით").

მართალია, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა მიკრო დონეზე განვითარების მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორია, მაგრამ ამ მდგომარეობის გამოსწორების შემთხვევაშიც, რჩება მნიშვნელოვანი სოციალური და კულტურული ფაქტორები, რომელთა გადალახვაც ბევრ ძალისხმევას მოითხოვს. ეს ფაქტორები ხელს უწყობს სტუდენტების ინერტულობას და შესამაბამისად, დაუსჯელობის სინდრომით გათამამებული თვითმმართველობის გაძლიერებას.

პირველ რიგში, აღსანიშნავია სტუდენტების დამოკიდებულება სწავლის მიმართ. სტუდენტები სწავლას უყურებენ ვიწრო მატერიალისტური გადმოსახედიდან - მათთვის ცოდნის მიღება დაკავშირებულია არა სოციუმის განვითარებასთან, არამედ მხოლოდ პირადი, ეგოისტური ინტერესების დაკმაყოფილებასთან.  სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ უნივერსიტეტს დაამთავრებენ, სამსახურს იშოვიან, კარიერას აიწყობენ და მათი ცხოვრება ამითი ამოიწურება. ესეთი ცნობიერება მოდის ოჯახისგან - მშობლებისგან და ზოგადად, ქართული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ნიშანია. სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში, არა მხოლოდ მშობლები, არამედ ლექტორებიც ამგვარად აზროვნებენ - „სტუდენტის მოვალეობა სწავლაა და წესიერი სტუდენტი სამოქალაქო აქტივობებში არ უნდა ერეოდეს."

ისევე, როგორც ქართულმა საზოგადოებამ ჯერ ვერ გააცნობიერა, რომ ინდივიდუალური წარმატების მიღწევა სოციალური გარემოს შეცვლის და შესაბამისად, კოლექტიური ქმედების გარეშე შეუძლებელია, სტუდენტებმაც ვერ გააცნობიერეს, რომ უნივერსიტეტის ცხოვრებაში აქტიურად ჩარევის გარეშე, უკეთესი ხარისხის განათლებას ვერ მიიღებენ.

მეორე მნიშვნელოვანი სოციალური ფაქტორი, ზოგადად, სტუდენტების დამოკიდებულებაა განათლების მიმართ. სტუდენტების ნაწილი, იმის გამო, რომ საქართველოში საშუალო განათლების სისტემა კატასტროფულ მდგომარეობაშია, უნივერსიტეტის პროგრამას ვერ ძლევს და ცდილობს, რომ ყველა გზით, სწავლის გართულება  (რომელიც მათი აზრით, სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას აუცილებლად მოჰყვება) თავიდან აირიდოს. ამ შემთხვევაში, გულგრილობის საფუძველი შიშია და მისი აღმოფხვრა მარტივად შეიძლება, თუ სტუდენტები გააცნობიერებენ, რომ სწავლების ხარისხის გაუმჯობესება სწავლის გართულებას კი არა, პირიქით, გამარტივებას გულისხმობს - როდესაც პირველივე კურსიდან ცოდნას მყარი საფუძველი ჩაეყრება, სასწავლო პროცესი უფრო მეტად ორგანიზებული იქნება და წასაკითხი მასალები ქართულ ენაზე იქნება მოწოდებული (უცხო ენის გაძლიერებულ სწავლებასთან ერთად), რა თქმა უნდა, მომდევნო კურსებზე სწავლაც უფრო გაადვილდება.

ეს ფაქტორები რომ შევაჯამოთ, ასეთ სურათს ვიღებთ: იმისთვის, რომ უნივერსიტეტში განსხვავებული აზრის მიმართ რეპრესიები შეწყდეს, პირველ რიგში, ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა შედარებით მაინც უნდა გამოსწორდეს და სწავლის მიმართ სტუდენტების დამოკიდებულებაც შეიცვალოს;  სტუდენტების დამოკიდებულების შეცვლა სწავლის მიმართ არანაკლებ რთული ამოცანაა, ვიდრე ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობის გამოსწორება. ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ აქტივისტმა სტუდენტებმა მოქმედება უნდა შეწყვიტონ და აპათიას მიეცნენ, პირიქით, სტუდენტების ცნობიერების ამაღლება თანმიმდევრული და ეფექტური ნაბიჯებით უნდა მოვახდინოთ და დაველოდოთ იმ დროს, როდესაც ქვეყანაში დემოკრატიის თვალსაზრისით, უკეთესი მდგომარეობა იქნება და პოლიტიკური რეპრესიებიც შემცირდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^