Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არაევროპული არჩევანი

30 ივლისი 2012

 

ეს წერილი კრიტიკული გზავნილია მათდამი, ვინც, ნებით თუ უნებლიეთ, აკნინებს ბუნების დაცვისა და ბიორესურსების მდგრადი გამოყენების დარგს საქართველოში. თავიდანვე შევნიშნავ, რომ წინამდებარე წერილში გამოთქმული შეხედულებები, შეიძლება, მთლიანად ან ნაწილობრივ არ გამოხატავდეს იმ ორგანიზაციების პოზიციებს, სადაც ვმსახურობ და/ან გაწევრიანებული ვარ.

მგონი, უკვე სკოლის სახელმძღვანელოებშიც განმარტებულია, რომ მდგრადი განვითარების კონცეფცია სამი ურთიერთდამაბალანსებელი კომპონენტისაგან შედგება: ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური. დღეს კი, XXI საუკუნეში მესამე კომპონენტი ჩვენში თითქმის უგულებელყოფილია და ეს, ტექნოკრატული ექსტრემიზმისკენ გადახრა პოლიტიკის დონეზე მთავარი არაევროპული არჩევანია; რასაც ადასტურებს როგორც ის ქმედებები, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი, ასევე, "პასუხისმგებელი პირების" არაერთი საჯარო განცხადება: ზოგიერთს ავიწყდება, რომ ევროკავშირში გარემოსდაცვითი, მათ შორის, დაცული ტერიტორიების განვითარების, მკაფიო სტრადეგია და კანონმდებლობა მოქმედებს, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ვალდებულებისადმი/კონვენციისადმი არასერიოზული დამოკიდებულება ევროპელებისთვის არაევროპულობის ნიშანია (ცნობისათვის: დღეს საქართველოში დაცულ ტერიტორიებს ქვეყნის საერთო ფართობის 7-8% უჭირავს; ამასთან, ეს მაჩვენებელი ევროპაში საშუალოდ 16%-ს აჭარბებს, ხოლო მსოფლიოსთვის - 13%-ა,  2020 წლისთვის საერთაშორისოდ აღიარებული მიზანი კი - ხმელეთისთვის 17%, ხოლო ზღვისა და სანაპიროსთვის 10%-ა).

ეს ისტორია ამას წინათ დაიწყო: უკიდურესად დაასუსტეს გარემოს დაცვის სამინისტრო. დაცული ტერიტორიების გარეთ დარჩენილი ბუნებრივი რესურსები, ტყისა და ფაუნის ჩათვლით, გამგებლობაში ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა: ანუ ბალანსის ერთ მხარეს მეორეც "გადააყლაპეს"; და ესეც არაევროპული არჩევანია: როგორც ერთმა უცხოელმა კოლეგამ კულუარულ საუბარში აღნიშნა - ეს იგივეა, თაგვს რომ შესანახად ყველი ჩააბაროო. უმალ დაიწყო, ახლა უკვე, შესაბამისი კანონმდებლობის დაკნინებაც. მე აღარ შევუდგები დეტალების განხილვას, რადგან ეს "მწვანე ალტერნატივამ", სხვა ორგანიზაციებმა უკვე გააკეთეს. ზოგადად მიმოვიხილავ, რა მოხდა.

სხვადასხვა კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად მივიღეთ ის, რომ წითელი ნუსხის სახეობებზე ნადირობა თუ მათი ჭრა ნებადართულია და ეს, რაც გინდა მომიზეზონ პასუხისმგებელმა პირებმა, კიდევ ერთი არაევროპული არჩევანია: ეროვნული წითელი ნუსხა (სხვათა შორის, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის დამტკიცებულია) იმის წითელი ნუსხაა, რომ მასში შეტანილი სახეობების გადაშენებისაგან დაიცვას; ამ სახეობების ამოღება დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ შემთხვევებში, რაც გარკვევით ეწერა შესაბამის კანონში, ვიდრე ამ პუნქტს ამოშლიდნენ. ნუსხა პერიოდულად გადაიხედება და თუ აღმოჩნდა, რომ რაიმე სახეობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მისი სტატუსი ქვეითდება და იგი სანადირო რესურსად შეიძლება, იქცეს. რა საჭირო იყო ამ კანონმდებლობის რღვევა? პასუხია - შემოსავლების მატებისთვის. კარგი, ახლა ასეთი კითხვა დავსვათ: რა სარგებელი შეიძლებ, მოუტანოს ქვეყანას წითელი ნუსხის, ანუ მარტივად რომ ვთქვათ - მცირერიცხოვანი სახეობების კვლამ? მონადირეებისთვის მიმზიდველი წითელი ნუსხის ყველა სახეობა - არსებული კანონმდებლობის, მათ შორის "განფასებების" მიხედვით - ერთიანად რომ ამოვწყვიტოთ, საქართველოს ბიუჯეტი და ლობისტი ტურისტულ-სამონადირეო ბიზნესკომპანიების ჯიბე სულ რამდენიმე მილიონი დოლარით შეივსება...

ამად გვიღირს ეს "საქმე"?! თუ გადაშენების მაგალითები არა გვაქვს: სადღაა ჯიქი (ლეოპარდი) ან ქურციკი (ჯეირანი); ამ გზის ბოლოსაა გასული ნიამორი, ირემი; წითელი ნუსხის სხვა სახეობებიც ამ გზას ადგანან; ახლა, ხემცენარეები არ გაინტერესებთ? გამოდის, რომ უნიკალური სახეობები - ბზა, საკმლის ხე, ძელქვა, უთხოვარი, წაბლი, მუხის ოთხი უძველესი ენდემური სახეობა და ყველა სხვა მერქნიანი სახეობა რესურსი გამხდარა, რომლის მოპოვება ყველასათვის ხელმისაწვდომია.

ბოლო "საკანონმდებლო ინცინდენტიც" დაინტერესებული საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი: ერთ-ერთი - გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დამრღვევებს მხოლოდ უკანა რიცხვით ვუცხადებთ ამნისტიასო, მაგრამ რა საჭიროა ამის ჩაწერა კანონშიო?..

ამას დაამატეთ ის, რომ ახლა ნებისმიერ ალაგას (ნაკრძალებისა და ეროვნული პარკების, ანუ ხსენებულ 7-8%-ზე კიდევ უფრო ნაკლები ტერიტორიის გარდა) ნებადართულია ნადირობა (ადრე მხოლოდ სამონადირეო მეურნეობებში იყო დაშვებული); ადგილობრივ მოსახლეობას მიანიჭეს უფლება საშეშე მერქნის (ფაქტობრივად კი ხე-ტყის) ულიმიტოდ მოპოვებისა, აქაოდა გასატანი არსად აქვთო და მხოლოდ იმდენს მოჭრიან, რამდენიც თავის მოსახმარად სჭირდებათო. კი ბატონო, საბაჟო გაცილებით უკეთესად მუშაობს, მაგრამ შიგა ბაზარი აღარ არსებობს?! ესეც რომ არ იყოს, სად მოიპოვებს გლეხი ხე-ტყეს? ერთსა და იმავე, იოლად მისასვლელ მონაკვეთებზე: გლეხი ვერც სატყეო გზებს გაიყვანს და ვერც შორს წავა - სატრანსპორტო ხარჯების გამო; ანუ არამდგრადი მეტყევეობის სტიმულირებას ვახდენთ; და ეს ყოველივე ხდება ეფექტიანი მაკონტროლებელი მექანიზმების ფაქტობრივი არარსებობის პირობებში (პარალელურად, გარემოს დაცვის ინსპექციაც გაუქმდა).

ეს ლიბერალური მიდგომა აღარაა, ეს უფრო განუკითხაობას ჰგავს.

ამას ყოველივეს ისიც დაამატეთ, რომ ეს პროცესები მიმდინარეობს გრანდიოზული ენერგეტიკულ-ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტების ფონზე! განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა რომ გვესაჭიროება, ვინ დავობს ამაზე?! მაგრამ ამასთან, მოდით, დავსვათ რამდენიმე რიტორიკული კითხვა: ვინ დაასაბუთა, რომ მაინცდამაინც ამდენი ჰესის აშენება გვესაჭიროება; ვინ შეაფასა ჰესების მშენებლობის მეგაგეგმის კუმულატიური ზემოქმედების შედეგები საქართველოს ეკოსისტემების სტაბილურობაზე; ანდა ის ვინ დაითვალა, თუ რა მონეტარული მოგება ექნება ამ გეგმის სხვადასხვა სცენარით, მათ შორის ბუნების დამნდობი, სასიცოცხლო ეკოსისტემური სერვისების შემნარჩუნებელი სცენარით, დანერგვას - ჩვენს სეისმურად არასტაბილურ და ეკოლოგიურად სენსიტიურ ქვეყანაში?!

საპუბლიკაციო სივრცე აღარ მყოფნის ამ პრობლემის ეროვნულ თვითმყოფადობასთან დაკავშირებულ ასპექტებზე სასაუბროდ, რაც თავის დროზე შესანიშნავად გაანალიზა ჩვენმა გამოჩენილმა ფილოსოფოსმა ზურაბ კაკაბაძემ: ყველას ვურჩევ წაიკითხოს მისი წერილი "ბუნების დაცვის ერთი უცნობი ასპექტის შესახებ", რომელიც ინტერნეტშიცაა განთავსებული.

მეორე მხრით, საქართველოს პრეზიდენტი მთელ მსოფლიოს ამცნობს, რომ საქართველო მწვანე ეკონომიკაზე უნდა გადავიდეს, საერთაშორისო თანასაზოგადოების დახმარებით ტყეები უნდა აღვადგინოთ, საქართველოს ტერიტორიის 10% (ანუ 670000 ჰა; ცნობისთვის - ამჟამად დაცულ ტერიტორიებში სულ 375000 ჰა-მდე ტყეა) დაურღვეველ/დაცულ ტყეებს უნდა ეჭიროს.

დღეს, ისევ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და გაეროს გარემოს პროგრამის (UNEP) მხარდაჭერით, საქართველო მსოფლიოში საპილოტე ქვეყანაც ხდება განვითარების პროექტების კონტექსტში ეკოსიტემური სერვისების მონეტარული შეფასების სრულიად ახალი მიდგომის დანერგვის საშვილიშვილო საქმეში, რისი საბოლოო მიზანიც ეკონომიკის "გამწვანებაა". იმედია, ახლა მაინც მეტი ყურადღება მიექცევა ამ საკითხებს და გამოსწორდება შეცდომები: ვიდრე გვიან არ არის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^