Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ივანიშვილის გამოჩენა, როგორც ანომალია

30 ივლისი 2012

 

გერმანული გამოცემა „შპიგელისთვის", 2012 წლის 27 მარტს მიცემულ ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ის საქართველოში უკანასკნელი თავისუფალი ადამიანია. მისი ეს სიტყვები მაინცდამაინც მეტაფორულად არ უნდა გავიგოთ, 2012 წლის მარტში ივანიშვილი მართლაც ერთადერთი დამოუკიდებელი ადამიანი გახლდათ ქვეყანაში (უცხოეთიდან დაფინანსებული ზოგიერთი გავლენიანი არასამთავრობოს თანამშრომლებს თუ არ ჩავთვლით). სწორედ ეს ფაქტორი გვაფიქრებინებს იმას, რომ ერთი ადამიანისგან წამოწყებული პოლიტიკური ცვლილებები ანომალიურ ხასიათს ატარებს და ამიტომ, ქართულ საზოგადოებაზეც ეს ცვლილებები აუცილებლად რადიკალურ და ფუნდამენტურ გავლენას ვერ მოახდენს.

 

ამ არგუმენტის უკეთ გასაგებად, გავიხსენოთ რა ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამდე: ყველა გავლენიანი ოპოზიციური ჯგუფი ან მოძრაობა იყო განადგურებული ან  „მითვისებული", მსხვილი ბიზნესი ხელისუფლების მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, სააკაშვილის რეიტინგი 26 მაისის შემდეგ კლებიც ნაცვლად, იზრდებოდა და ნაციონალური მოძრაობა დამაჯერებლად აპირებდა პოლიტიკურ სივრცეში გაბატონებული პოზიციის შენარჩუნებას. ამ დროს, ივანიშვილის გამოჩენამ ყველა ის ჯგუფი, რომელზეც ხელისუფლებამ ბოლო წლებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა (მარგინალიზაციით, დაშინებით ან მოსყიდვით) ისევ აქტიურ პოლიტიკაში დააბრუნა და პოლიტიკურ კამპანიაში ხელახლა ჩართო - დამარცხებული სოციალური ძალების პოლიტიკაში დაბრუნება „ხელოვნურად" განხორციელდა.

მართალია, ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის ერთ ნაწილში პოპულარულია მოსაზრება, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მოწყვეტილია  ადგილობრივ სოციალურ ძირებს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. „ვარდების რევოლუციით" მოსული ხელისუფლების უკან ნამდვილი სოციალური მოძრობა იდგა, რომლის სათავეშიც მოქცეული იყო საშუალო ფენის შედარებით ვესტერნიზებული და მკვეთრად ანტირუსულად განწყობილი ნაწილი. აღნიშნულ სოციალურ ფენას მიეკუთვნებოდნენ არა მხოლოდ არასამთავრობოებში მომუშავე ინტელექტუალები, არამედ აქტივისტი სტუდენტები, ხელოვანები (ხშირად, ვერტიკალურად მობილური), ახალგაზრდა პროფესიონალები და პოლიტიკოსები. საბოლოოდ, რევოლუციამ მოახდინა ის, რომ ინტელექტუალური და კულტურული ბატონობის სიმაღლეები ახალმა ფენამ სრული უმრავლესობით დაიკავა და ძველი ელიტის ნარჩენების განადგურებას მიჰყო ხელი.

ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამდე, ეს პროცესი თითქმის დასრულებული იყო. მედია სივრცეს და პროპაგანდის საშუალებებს თითქმის სრულიად აკონტროლებდნენ ისინი, ვისაც გია ნოდია „ახალ ინტელექტუალებს" უწოდებს (რა თქმა უნდა, საკუთარი თავისვე ჩათვლით), მსხვილი ბიზნესი ან რეკეტის ქვეშ იმყოფებოდა ან თავად ხელისუფლების მიერ კონტროლდებოდა, ადმინისტრაციული პოსტებიდან კი ეფექტურ ძალაუფლებას ახლადშექმნილი, ე.წ. „ხელფასიანი ბურჟუაზია" და ფინანსური თვალსაზრისით, შედარებით ნაკლებად პრივილეგირებული ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ახორციელებდნენ.

ამ ფენებმა მოახერხეს არა მხოლოდ ოპონენტების დამარცხება (როგორც ვთქვათ, ამერიკაში 2008 წელს პოსტინდუსტრიულ სექტორში დასაქმებულმა, მემარცხენედ განწყობილმა საშუალო ფენამ მოახერხა ტრადიციული მსხვილი ბიზნესის დამარცხება), არამედ ფაქტობრივად, მათი განადგურება და ამით ავტორიტარიზმის პრობლემა გაამწვავეს. ოპოზიციასთან მიმართებაში, ხელისუფლებაში მყოფი და მისი მხარდამჭერი „ახალი სოციალური ფენა" (მათ შორის, „ახალი ინტელიგენცია") სამწუხაროდ ისეთივე არაკონსტრუქციული და სწორხაზოვანი გამოდგა, როგორც მისი წინამორბედები (თუმცა ოპოზიციის ნაწილისგან წამოსული დაუფიქრებელი ნაბიჯებიც უნდა აღვნიშნოთ).

ამ ფონზე, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა, სოციალური თვალსაზრისით, მართლაც ანომალიად შეგვიძლია მივიჩნიოთ, იმიტომ, რომ ივანიშვილმა, ფაქტობრივად, მეორე შანსი მისცა სოციალურ-პოლიტიკურ ბრძოლაში უკვე ერთხელ დამარცხებულ ოპოზიციას და ამისთვის გამოიყენა არა ადგილობრივი რესურსები, არამედ ის უზარმაზარი კაპიტალი, რომელიც რუსეთში დააგროვა და რომელსაც ადგილობრივ ეკონომიკასთან არანაირი აქტიური შეხება არ აქვს (გარდა ქველმოქმედებისა).

ამ ყველაფრის შედეგად, დღეს მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გაურკვეველ და ქაოტურ ხასიათს იღებს. ფაქტობრივად, ნაციონალურ მოძრაობას უპირისპირდება არა ერთგვაროვანი ინტერესების მქონე სოციალური ძალა, არამედ სხვადასხვა ოპოზიციური ძალების ნაკრები, რომელთა ერთად ყოფნაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორით არის განპირობებული.

ასეთ პირობებში ძნელია დაიჯერო, რომ საქართველოს ევროპული ტიპის დემოკრატიად ჩამოყალიბების რესურსები გააჩნია (რისი პრეტენზიაც ბიძინა ივანიშვილმა, ზემოთნახსენებ „შპიგელთან" ინტერვიუში გამოთქვა). უფრო იმისი თქმა შეიძლება, რომ ივანიშვილის გამოჩენა ქართულ პოლიტიკურ სივრცეს გარკვეულ დონეზე გადაახალისებს და მომავალი განვითარებისთვის შედარებით მეტ თავისუფალ სივრცეს შექმნის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^