Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ელჯიბიტი გწერთ“

30 ივლისი 2012

 

რამდენიმე თვის წინ, როდესაც ნანა კაკაბაძემ ჰომოფობიური ფრაზებით გადაავსო მედია, შალვა რამიშვილმა სოციალურ ქსელში თავის პირად გვერდზე შეკითხვა დასვა - "ვინ ხართ მომხრე, რომ ჰომოსექსუალები კანონით ისჯებოდნენო". შეკითხვას ასობით გამოხმაურება მოჰყვა და ფანტაზიის ნაკლებობას ვერავის დასწამებდი, იმდენნაირი ფორმა მოარგეს სიძულვილის გამოხატულებას. რამიშვილი გვერდიდან ადევნებდა თვალს კომენტარებს და, აბა, ჰომოფობია ჩემთან რა მოსატანიაო, თავიც კი იმართლა, მე, უბრალოდ, შეკითხვა დავსვიო. თურმე, ასე კეთდება მედია. შენი საქმე მხოლოდ შეკითხვის დასმაა. მერე რა, რომ ზუსტად იცი, რა პასუხებსაც მოისმენ; დიდი ამბავი, თუ ამ პასუხებით კიდევ ერთხელ ამოაფრქვევინებ სიძულვილს ადამიანებს და სხვა ადამიანებს კი დაანახებ - აი, როგორ სძულხარ კაცობრიობას იმის გამო, რომ სიყვარულის ის ფორმა არ აირჩიე, რისკენაც მიგითითეს. გასაგებია. დავინახეთ. არ არის საკმარისი? არა. არც ადამიანთა უფლებადამცველებისგან ადამიანთა რიგიდან გარიცხვა კმარა. არც ქუჩაში ლანძღვა, მუშტების მოღერება და ცემა; არც საკანონმდებლო დონეზე შეზღუდვების ინიციატივა, ალბათ, არც იმ საზოგადოებრივი დაჯგუფებების შექმნა, რომლებიც ჰომოსექსუალების ფიზიკურ განადგურებას ისახავენ მიზნად (სანამ დანაპირებს არ განახორციელებენ, მაინც უნდობლობით ვუყურებთ, ხომ?). არა, არ კმარა. ცოტაა. კიდევ რაღაც არის საჭირო. მით უმეტეს, მითები ნელ-ნელა ირყევა - 17 მაისს ხომ ჰომოსექსუალები გარეთ გამოვედით, დღის შუქი ვიხილეთ, და ჰოი, საოცრებავ - ხორცშესხმული ადამიანები აღმოვჩნდით, ჯანმრთელები, ჯანსაღები, ისეთები, ყოველი მეორე თქვენგანის გვერდით რომ თანაარსებობს. რაღაც არის საჭირო - ახალი დისკურსია მოსაძებნი. ისეთი - მთლად შავ-ბნელადაც რომ არ ჩაითვალოს, ისეთად, როგორიც, მაგალითად, მმკ-ს ფრაზებია. თანაც, საქმე არა მხოლოდ შინაარსს ეხება, მნიშვნელოვანია, ვინ გააჟღერებს ამ ყველაფერს. გამჟღერებლებს შორის მაინცდამაინც დიდი არჩევანი აღარ არის, იმიტომ რომ ისინი საზოგადოებაში წინასწარშეთანხმებულ „კარგ" და „ცუდ" ტიპებად იყოფიან. ცუდი ტიპებისგან უკვე მოსაწყენია სიძულვილის ენის ტირაჟირება - თანაც, ერთ მშვენიერ დღეს ვინმე შეიძლება მართლაც მიხვდეს (რისკი მცირეა, მაგრამ -მაინც), რომ ის, რასაც ეს ტიპები ამბობენ, ბოროტებაა. ასარჩევი მხოლოდ ე.წ. კარგი ტიპებიდან დარჩა. აი, რა იქნება ეფექტური. შალვა მოიფიქრებს. მოიფიქრებს და ზუსტად ასეც შეფუთავს, უფრო მეტიც - ისეთი ფორმულირებით მოგვაწვდის, რომ სანამ ამ სიტყვათა შეთანხმების დასაწერად ხელი მოგიბრუნდება (თუნდაც ციტირებდე), ათამდე უნდა დაითვალო: არც მეტი, არც ნალები - „ინტელექტუალური სინდისის ნაკარნახევს" დაარქმევს. სადარაჯოზე კი (ოღონდ, ინტელექტის თუ სინდისის, ეს აღარ ვიცი) ინტელექტუალს (ალბათ, მაინც უფრო ინტელექტის) - ზაზა შათირიშვილს დააყენებს.

რაზე უნდა ელაპარაკათ შალვას და ზაზას? ცხადია, „მიშაზე". მიშაზე დღეს ყველა ლაპარაკობს, ამიტომ რაღაც ისეთი უნდა თქვა, რაც აქამდე ნათქვამსაც გაიზიარებს, პლუს „ინტელექტუალურ" ელფერს შესძენს და ერთი გასროლით თუ ორ კურდღელს მოკლავ - ხომ მთლად უკეთესი. „რატომ არის მიშა ლიბერალი? რასაც ვერ წავართმევთ - უმცირესობების უფლებებს იცავს;  ელჯიბიტი პრეზიდენტი კი გვყავს, მაგრამ არა თავად კონკრეტულად ელჯიბიტი, არამედ - მენტალობით ელჯიბიტი", - ფხუკუნებენ და იცინიან „ინტელექტუალები", რომელთაც გადაცემის დასაწყისში უცხო სიტყვათა ხელოვნური, გონებისდამბინდავი ბურუსი დააყენეს და რამდენიმე წუთში ხელი ჩაიქნიეს - კი განვაგრძობდით ასე, მაგრამ მსმენელების ნახევარზე მეტი ვერაფერს გაიგებსო. სამაგიეროდ, სიძულვილს ყველა გაიგებს. ყველა გაიგებს იმას, რომ „ელჯიბიტი" იმდენად საზიზღარი მოვლენის აღმნიშვნელი აბრევიატურა/ტერმინია, რომ მიშას სიძულვილს სწორედ ამით გამოხატავ. თუმცა, მიშა იმდენად არ გძულს, რამდენადაც „ელჯიბიტი", იმიტომ, რომ ბოლომდე არ იმეტებ - სად „მენტალურად ელჯიბიტი" და სად ადამიანი, რომლსაც მენტალობასთან ერთად თავისივე სქესის ადამიანთან სექსიც აქვს. არა, არა - რამდენადაც არ უნდა გვძულდეს მიშა, ასეც ვერ გავწირავთ, და ეს კარგად უნდა დაფიქსირდეს, თვალნათლივ ჩანდეს, სიძულვილისა და ზიზღის უკიდურესი ზღვარი გაივლოს და სასაზღვრე ზოლზე გეი-დროშა აფრიალდეს.

თურმე შალვას და ზაზას არც მეტი, არც ნაკლები, „ინტელექტუალური სინდისი" კარნახობთ, რომ საქართველოს ტერიტორიების დაკარგვა და „ელჯიბიტი" ერთმანეთთან კავშირშია, უფრო მეტიც -დაკარგული ტერიტორიები ერთგვარი ხარკია იმისათვის, რომ „ელჯიბიტი" აპარატი მიგვეღო. ტყუილი, ჩვეულებრივ, უსინდისობაა. სიძულვილით მოტივირებული ტყუილი - სამარცხვინო უსინდისობა და დანაშაული. ლოგიკური ბმაზე აღარაფერს ვიტყვი - ლოგიკა თავად ავტორებსაც არ უძებნიათ, გონივრულ ეჭვად მონათლეს „ელჯიბიტიზე" ბრალდება და მაყურებელსაც ასევე შეაჩეჩეს ხელთ. ამასობაში ეთერში შათირიშვილის ტელეფონის მოკლე ტექსტური შეტყობინების ხმა ისმის. „ელჯიბიტიები" არიან - ხითხითებს შალვა. თურმე, ნუ იტყვი და, მართლაც „ელჯიბიტი" ყოფილა: „შემეხმიანა ამერიკიდან ჩემი კოლეგა, რომელიც თვითონ არის ელჯიბიტი". აბა, ჰომოფობები კი არა ვართ? „ელჯიბიტი" მეგობრებიც გვყავს. თუმცა, ხაზგასმით - ამერიკიდან. ვერა, ვერაფრით განვსხვავდებით მმკ-სგან და „ქართველი გეიების არარსებობის" რიტორიკის ავტორისგან. თავდაცვის ხერხები გვაქვს მხოლოდ განსხვავებული - პრევენციის მიზნით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვხუმრობთ და ვღლიცინებთ, მაგრამ ამასაც კი არ ვიტყვით ისე, რომ „ელჯიბიტი" არ დავაკნინოთ - იუმორის გრძნობა რჩეულთა პრეროგატივაა და ელჯიბიტი ამ უკანასკნელს მოკლებულია. ასე რომ, ელჯიბიტი თუ განაწყენდება, ეგ არაფრი.

არაფერი. იმ ტყუილებისა და ბრალდებების კასკადიც არაფერი, რომლითაც ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაციების მუშაობას „მიშას" მხარდამჭერ კამპანიასთან აიგივებ და ამით ერთი პოლიტიკური მოძრაობის სასარგებლოდ მეორის დისკრედიტაციას ახდენ ჰომოფობი და სტერეოტიპული საზოგადოების ღირებულებებზე გათვლით. მე მაინტერესებს, როგორ გყოფნის გულქვაობა და ზიზღი, რომ ისეც მარგინალიზებული და სტიგმატიზებული ჯგუფით ისპეკულირო სრულიად ამორფული მიზნებისათვის და დროებითი პოპულიზმისთვის; იქილიკო ადამიანებზე, რომლებიც, იცი - აგერ ახლა ჯერ ქუჩაში არ გაატარეს, მერე სიცოცხლის ხალისი და თვითშეფასება კოლექტიურად და საჯაროდ ჩაუკლეს და ბოლოს არც მუშტი დაიშურეს. იცი - უყურებდი. ყველანი უყურებდით. იცი, რომ ეს ყველაფერი ისტორიულად შენნაირების გამო და შენნაირთა წაქეზებით ხდება, იცი, რომ ტელევიზორთან რამდენიმე ათასი ზის და გულზე მჯიღს ირტყამს შენი სიტყვების გამგონე - მაგათი, მაგ პიდარასტების ბრალია აფხაზეთის დაკარგვა, სადაც კი ვნახავთ, ტვინს გავასხმევინებთო, - იცი, რასაც ამბობენ და მაინც ჯიუტად არ ეშვები "ღლიცინს".

და გინდა, გითხრა ვინ ხარ? პოტენციური მკვლელი, ის დამნაშავე, რომლის სინდისზეც ამ უხამსი და უზნეო გადაცემიდან მოყოლებული, სიძულვილით მოტივირებული ყოველი დანაშულის რაღაც წილი მაინც იქნება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^