რეალურ ცხოვრებაში და სოციალურ ქსელებში ძალიან ხშირად ვაწყდები ხოლმე დაპირისპირებას ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის. ლიბერალები მთავარ პრობლემას ქსენოფობიურ, ჰომოფობიურ და რელიგიური ფუნდამენტალიზმით გაჯერებულ საზოგადოებაში ხედავენ. კონსერვატორები კი ამ ზემოთჩამოთვლილ „იზმებს“ ან დადებით კონტექსტში მოიხსენებიენ ან საერთოდ უაყოფენ მათი, როგორც პრობლემის არსებობას („საქართველოში რელიგიური შეუწყნარებლობის პრობლემა არ დგას“, „ქსენოფობია თითიდან გამოწოვილი თემაა“ და ა.შ.). ასეთი დებატები უკვე იმდენად ერთგვაროვანი გახდა, რომ გადავწყვიტე, საერთოდ აღარ მიმედევნებია თვალი - ერთი იმიტომ, რომ დაპირისპირებულ მხარეთა არგუმენტები ისედაც ადვილად გამოსაცნობი და მოსაბეზრებლად იდენტურია და მეორე იმიტომაც, რომ საკითხის ამ ჭრილში დაყენებას საერთოდ არ ვემხრობი. ქვემოთ სწორედ ამაზე მსურს საუბარი.
პირველ რიგში, კონსერვატორებით დავიწყებ - რა თქმა უნდა, არა ულტრაკონსერვატორებით, ანუ მათით ვინც თვლიან, რომ ქსენოფობია, ჰომოფობია და რელიგიური შეუწნარებლობა გამართლებულია. ულტრაკონსერვატორების შემთხვევაში ისედაც ყველაფერი ცხადია. უფრო მეტად ჩვეულებრივი კონსერვატორები მაინტერესებს, ანუ ისინი ვინც თვლიან რომ საქართველოში შეუწყნარებლობის და „უცხოს“ მიმართ აგრესიის პრობლემა საერთოდ არ დგას. ასეთი ადამიანები შეგნებულად თვალს ხუჭავენ იმაზე, რომ ქართულ საზოგადოებაში ზემოთჩამოთვლილი პრობლემები რეალური, ყოველდღიური და ხელშესახებია - მაგალითად, ქართული „ინტელიგენციისთვის“ დამახასიათებელი არმენოფობია, ჟურნალ-გაზეთების უმრავლესობაში ჟურნალისტების და რესპოდენტების მიერ სიძულვილის ენის ფრქვევა, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ქმედებებზე საპატრიარქოს დუმილი ან უარეს შემთხვევაში, პოზიტიური რეაქცია და ა.შ.
იმისი თქმა, რომ დღეს საქართველოში ქსენოფობიის, რელიგიური შეუწყნარებლობის და ჰომოფობიის პრობლემები არ დგას, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. კონსერვატორები ამ ფაქტებზე თვალის დახუჭვით, ცდილობენ რომ რაღაცნარიად საზოგადოების კრიტიკა (რომელიც მათი აზრით ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს) გვერდზე გადადონ და მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკაზე კონცენტრირდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ მმართველი გუნდი უმცირესობათა უფლებების დამცველად ითვლება, მათთვის უმცირესობათა დისკრიმინაციის წინააღმდეგ გალაშქრებაც „მიშისტობად“ აღიქმება. აქედან გამომდინარე, ოპოზიციონერი კონსერვატორების (და ქართულ ოპოზიციაში ძირითადად კონსერვატორები არიან) დისკურსიდან ამგვარი რიტორიკა შეგნებულად იფილტრება.
კონსერვატორების რიტორიკას უპირისპირდება ლიბერალური, ე.წ. „ხალხი ბნელია“-ს ტიპის რიტორიკა, რომელსაც აქტიურად მიმართავენ არა მხოლოდ ხელისუფლების მხარდამჭერი ლიბერალები, არამედ ნაცმოძრაობის მიმართ კრიტიკულად განწყობილებიც.
„ხალხი ბნელია“ „ხალხი ბრძენია“-ს ანტითეზა გახდა, თუმცა ორივე შემთხვევაში, ცვლილების მიღწევის, მოქმედების, პრაქსისის მომენტი დისკურსიდან სრულიად გამორიცხულია. „ხალხი ბრძენია“-ს შემთხვევაში სახეზე გვაქვს დასრულებული, იდეალიზირებული კოსმოსი, რომელშიც ქაოსი იეღოველების და „პიდარასტების“ დამცველ „ლიბერალ“ ხელისუფლებას - „ბოკერიას და სხვებს“ შეაქვთ. შესაბამისად, ამ ტიპის კონსერვატორები თვლიან, რომ ხელისუფლების მოშორებით, ისევ დაბრუნდება იდეალიზირებული, ზეციური საქართველო, სადაც ყველა პრობლემა მოგვარდება და ნაციონალური ჰარმონია დაისადგურებს.
„ხალხი ბნელიას“ აპოლოგეტები კი, ამის საწინააღმდეგოდ, თვლიან, რომ ქართულ საზოგადოებაში ფუნდამენტური ცვლილებების მოხდენა შეუძლებელია, რადგან „ბნელი უმრავლესობა“ პროგრესს აუცილებლად შეაფერხებს. ამ შემთხვევაში, იცვლება დისკურსის შინაარსი, მაგრამ ფორმა უცვლელი რჩება. ლიბერალი ისევე სტატიკურად უყურებს სამყაროს, როგორც კონსერვატორი. მისი აზრით, ცვლილებების განხორციელება მხოლოდ საზოგადოების გამუდმებული კრიტიკით - ჩივილით, წუწუნით ან დაცინვით არის შესაძლებელი. სხვა ტიპის მოქმედება, რომელიც არა მეტი ფრაგმენტაციის, არამედ კოლექტიური ქმედების (სამოქალაქო ან პოლიტიკური) საწინდარი გახდება ლიბერალის დისკურსიდან იმთავითვე გამორიცხულია.
ლიბერალი ამ შემთხვევაში ისევე უწყობს ხელს სტატუს ქვოს და გაბატონებული ფენების - მმართველი პარტიის, რელიგიური ისტაბლიშმენტის და მსხვილი ბიზნესის თარეშს, როგორც კონსერვატორი. ატომიზაციის ლოგიკა ამ ძალებს ისევე აწყობთ, როგორც „გამთლიანების“ (ეთნიკური ან სხვა სახის ნაციონალიზმი, რელიგიური ფუნდამენტალიზმი და ა.შ.) - მთავარია, მოქალაქემ თავი არ იგრძნოს სუბიექტად, რომელსაც სიტუაციის შეცვლა შეუძლია; მთავარია, მოქალაქე ფიქრობდეს, რომ კოლექტიური ქმედება შეუძლებელია და ამიტომ ან უკვე არსებული განადიდოს ან მისი შეცვლის შესაძლებლობაზე თქვას უარი.
ატომიზაციის ლოგიკა ყველაზე მეტად დაურეგულირებელ საბაზრო ეკონომიკას და მის მთავარ მოთამაშეებს აწყობთ, რომლებიც კოლექტიური ქმედების ტრადიციული მტრები არიან. თუ მოქალაქეები შეძლებენ თვითორგანიზებას და გადაწყვეტენ თავიანთი ინტერესების კოლექტიურად დაცვას, მაშინ ბიზნესი ვერ შეძლებს უსიამოვნებების გვერდის ავლით და გარემოს თუ ადამიანების ბოროტი ექსპლუატირებით, თავისი გაიტანოს (რის მიღწევასაც ვთქვათ, გუდიაშვილის მოედანზე ცდილობს).
კონსერვატორების სტატიკურ ლოგიკას თუ გავყვებით, მთავარ ექსპლუატატორებად ტრადიციული ავტორიტეტები გვევლინება (რომლებიც ეფექტურად აკოტროლებენ ეკონომიკურ ბერკეტებს), ლიბერალების შემთხვევაში კი ექსპლუატატორი კაპიტალისტი - ჩვენს შემთხვევაში, „ლიბერალ“ ხელისუფლებასთან შერწმული კაპიტალისტია, რომელიც ატომიზაციის ლოგიკი საზოგადოების ერთ ნაწილს კოლექტიური ქმედების მიმართ უარყოფითად განაწყობს. ორივე შემთხვევაში, იდეოლოგია ყველა გზით ცდილობს მოახდინოს მოქალაქის, როგორც დამოუკიდებელი ქმედების შემძლე სუბიექტის ნეიტრალიზირება - მისი ობივატელად გადაქცევა.
---------
იმის გამო, რომ მინიმუმ უახლოესი ერთი წლის მანძილზე ქართულ სამოქალაქო თუ პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ ჩარევას, ობიექტური მიზეზების გამო, ვერ შევძლებ, ამიტომ სტატიის ბოლოს კონკრეტულ გამოსავალზე საუბარსაც არ ვაპირებ და მხოლოდ პრობლემის ზოგადი აღწერით შემოვიფარგლები. იმედი მაქვს, რომ მთავარი მოქმედი პირები ჩაკეტილი წრიდან გამოსვლის გზებზე თავადაც დაფიქრდებიან.