Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამოქალაქო სექტორი და ევოლუციის შეუძლებლობა

20 აგვისტო 2012

ადრე, როდესაც ამ სფეროში ახალბედა ვიყავი, ჩემმა მეგობარმა კამათის დროს მითხრა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში რევოლუციურ ცვლილებებს არ მიემხრობოდა. მისი აზრით ხარვეზები, რომელიც აქ არსებობს, ნელ-ნელა, ევოლუციური გზით უნდა აღმოფხვრილიყო. მეგობარი ამ სფეროში საქმიანობაში ჩახედული და დიდი გამოცდილების მქონე ადამიანია, ამ დისკუსიის შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა, თუმცა მგონია, დღეს ის ისევ იგივე აზრზეა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვისაც და ჩემთვისაც იმ პრობლემების ჩამონათვალი და თვალსაჩინოება გაიზარდა, რაზეც მაშინ გვქონდა საუბარი.

აქ დეტალურად არ მოვყვები ამ კრიტიკის შინაარსს, ეს სხვა პოსტის თემაა, უბრალოდ ყურადღებას გავამახვილებ ძალაუფლების იმ სტრუქტურაზე, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში არსებობს, სადაც მთავარი პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ სექტორის წარმომადგენლობითობა დაბალია და მასში ძირითადად ის ადამიანები მოიაზრებიან, რომლებიც დასაქმებულნი არიან ამგვარი ტიპის ორგანიზაციებში, არამედ ისიც, რომ თავად ეს ადამიანებიც არ არიან ჩართულნი საკუთარი ორგანიზაციების, ან პოლიტიკის ფორმირებაში, არ არსებობს მათი მართვაში მონაწილეობის ინსტიტუციური მექანიზმები და ყველაზე მნიშვნელოვანი - გადაწყვეტილებები ყველაზე ხშირად რამდენიმე კაცის მიერ მიიღება. ეს კი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს არსებითად ელიტურ ელფერს სძენს.

ელიტები ნაკლებად არიან დაინტერესებულნი იმ შესაძლებლობების სრული რეალიზაციით, რასაც გარემო პირობები გვთავაზობს, ასევე სექტორი ვერ ახერხებს იმ გამოწვევებზე ადეკვატური პასუხის გაცემას, რაც დღეს არსებობს.

ეს ყველაფერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ რესურსების (როგორც ფულადი, ისე საერთაშორისო მხარდაჭერა) გათვალისწინებით, რომლებიც შეუდარებლად არის გაზრდილი “ვარდების რევოლუციის” შემდგომ პერიოდთან შედარებით, როცა ამ თვალსაზრისით გარკვეული კრიზისიც კი იყო.

ცოტაოდენი თეორია რომ მოვიშველიოთ, ჯეიმს დევისი თავის ტექსტში, Toward a theory of revolution, რომელიც 1962 წელს გამოქვეყნა, საუბრობს პროტესტის მიზეზებზე და მიუთითებს, რომ იგი მაშინ იჩენს თავს, როდესაც მზარდ განვითარებას სიტუაციის შემობრუნება მოყვება. აქ არ იგულისხმება მიანცდამაინც პროცესის უკუსვლა, არამედ შეფერხება, შეყოვნება. სიტუაციის გაუმჯობესებასთან ერთად იზრდება რა ადამიანების მოლოდინები, ისინი ელიტისგან ითხოვენ უფრო და უფრო მეტს. თუ ამ პირობებში გაუმჯობესების ტემპის დაგდება მოხდა, მზარდი მოლოდინების გაცრუების შემთხვევაში იქმნება პირობები ამბოხისათვის. ადამიანები შიშობენ, რომ საკუთარი მიზნების მისაღწევად, ანუ იმ შესაძლებლობების რეალიზაციისთვის, რაც მათ მზარდმა განვითარებამ დაანახა, მოუწევთ არაპროპორციულად დიდი ძალისხმევა, ამის გამო მათი განწყობა რევოლუციური ხდება.

დევისის თეორია კარგად ეთანადება ჩემს მიერ აღწერილ ვითარებას. ამიტომ მისი გათვალისწინებით ევოლუციური პროცესის განვითარება, რომელიც ორიენტირებულია მცირედი ცვლილებებით, სიტუაციის თანდათანობითი გაუმჯობესებისკენ, რაც საბოლოოდ გარკვეული დროის შემდეგ გვაძლევს შედეგს, ნაკლებად მოსალოდნელია, უპირველესად იმიტომ, რომ მოვლენები დინამიკურად ვითარდება, სახეზე ჩნდება ახალ-ახალი გამოწვევები, რომელბიც რეაგირებას ითხოვს. ამგვარ ევოლუციურ პროცესში იზრდება გამოუყენებელი შესაძლებლობების წილი, ამის პარალელურად კი ცხადი ხდება, რომ სწორი სტრატეგიის შემთხვევაში შესაძლებელია გარკვეული წარმატების მიღწევა. მაგრამ არსებული ელიტა უუნაროა, ის კმაყოფილდება სახელმწიფოსთან მუდმივი, უსარგებლო და უშედეგო ჭიდაობით, რაც საბოლოოდ, მხოლოდ და მხოლოდ ამ უკანასკნელის წისქვილზე ასხამს წყალს, შეინარჩუნოს სტატუს ქვო. ამგვარად ევოლუციური გზა კონტრპროდუქტიულია.

ასეთ პირობებში აუცილებელი ხდება დაპირისპირების ბუნების შეცვლა. რევოლუცია  - მაქსიმალურად დაჩქარებული ცვლილებებია, ცვლილებები ხორციელდება ერთდროულად და ყველა დონეზე, თუმცა, არა სექტორში მყოფი ადამიანების ხარჯზე. რაც გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტრატეგიის გადაწყობას, მის შინაგან დემოკრატიზაციას და საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირის დამყარებას. ამ პროცესების ინსპირირება კი სწორედ ამგვარ ორგანიზაციებში დასაქმებული სამოქალაქო საზოგადოების წევრებიდან უნდა მოველოდეთ, რომლებიც ყველაზე უკეთ ხედავენ იმ რესურსების გამოუყენებლობის შედეგებს და საკუთარ თავზეც განიცდიან იმას, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^