(ბალღი ამ დროიდან უნდა გაიზარდოს სულისკვეთობით)
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში ერთი ფრიად დამაფიქრებელი ვიდეო-ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ასახულია 12-13 წლის მოზარდის მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან არაბუნებრივი საქციელი და მეტყველება. ეს ვიდეო განწყობას მიფუჭებს და ამიტომ აღარ აღვწერ. ვიტყვი, რომ გამაოგნა ბიჭის გონებაში ჩაბუდებულმა სექტანტურ-პოლიტიკურმა აზრებმა და (სავარაუდოდ) ამ აზრების შთამაგონებელი მამის ამაყი სახით წარმოთქმულმა სიტყვებმა: “ბალღი ამ დროიდან უნდა გაიზარდოს სულისკვეთობით”. პირველი ასოციაცია პავლიკა მოროზოვი და ორუელის “1984”-ში აღწერილი ბავშვები იყვნენ, არადა ბიჭუნებში ყოველთვის ტომ სოიერსა და ჰეკლბერ ფინს ვეძებ-ხოლმე. არ დავმალავ, თავიდან მის მიმართ აგრესია ვიგრძენი, მაგრამ მერე დავძლიე ეს განცდა და საკუთარ თავთან “სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ”– ს პრინციპზე შევჯერდი. ცოტა ქედმაღლურმა აზრმაც გამკრა – მადლობა ღმერთს ჩემი შვილი ასე არ იქცევა, თორემ თავი მექნებოდა მოსაკლავი-მეთქი და ნანახი დავივიწყე.
ამ ამბიდან სამი დღის შემდეგ, ჩემი (დაახლოებით იმავე ასაკის) ვაჟისა და ერთი არტისტი მეგობრის თანხლებით ქალაქში ვსეირნობდი, გზად რაღაც ბარში შევიარეთ, სადაც ისედაც არაფხიზელმა მეგობარმა კიდევ რამოდენიმე სირჩა ალკოჰოლით გაიხალისა ცხოვრება. ნაბახუსევს გართობა მოუნდა, წაიცეკვა, იტინგიცა. არაფერი დაუშავებია, უბრალოდ ადგილზე გამეფებულ პირქუშ განწყობას ანგარიში არ გაუწია და ზედმეტი სითბო გამოავლინა ადამიანების მიმართ. ეს საქციელი დაცვის თანამშრომლებმა მიუტევებელ შეცდომად ჩაგვითვალეს და ტერიტორიის დატოვება მოგვთხოვეს. ნუ მერე როგორც ხდება-ხოლმე - ჯერ იმის ახსნას მოვყევით, რომ არაფერს ვაშავებდით, მერე მეგობრულად ვთხოვეთ თავი დაენებებინათ, ბოლოს კი ხმამაღალი და უხამსი სიტყვებით დავარეგულირეთ ურთიერთობა. ცხადია მაგალითის მიცემის თვალსაზრისით, როგორც მშობელმა საუკეთესო მხრიდან ვერ წარმოვაჩინე თავი, მაგრამ დაუკრეფავში არ გადავსულვარ და მამის ხატი ბოლომდე არ დამინგრევია. უბრალოდ შვილს ვაჩვენე, თუ როგორ შეიძლება ჩაშხამდეს საღამო სტატისტიკურ თბილისელს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით. მიუხედავად ჩემი და ჩემი მეგობრის მხრიდან დაცვის თანამშრომლებისადმი გამოვლენილი უსაზღვრო ემოციისა, ეს დღე არაფრით იქნებოდა “ღირსშესანიშნავი”, რომ არა საკუთარი ვაჟის შემაჯამებელი კომენტარი. ის მთელი დღის მანძილზე გულდასმით აკვირდებოდა არტისტი მეგობრის “უცენზუროდ” გამოვლენილ თავისუფლებას, მერე თავი დამახრევინა და ყურში ჩამჩურჩულა:
“რამდენს ბედავს შენი ძმაკაცი, თავი პოლიციის მინისტრი ხომ არ გონია?! ეუბენებიან ნუ ცეკვავო და არ ემორჩილება, ღირსია წაათრიონ და ერთი მაგრად ჟეჟონ!”
ზედმეტი ჭმუნვის გარეშე გეტყვით, ძალიან არ მომეწონა მისი ამგვარი შეფასება, ეგრევე ზემოხსენებული ბავშვი გამახსენდა. მომინდა საკუთარი შვილისთვის ამეხსნა, რომ ამ ადამიანს ცუდი არაფერი ჩაუდენია, უბრალოდ ლაღობდა, ხალხს ართობდა, მაგრამ ისეთი არგუმენტები მოყავდა, კინაღამ ცუდად გავხდი,”- ეგ იგივეა, მე მანდატურმა მითხრას დერეფანში ნუ დარბიხარ და არ დავუჯერო” და მისთანები. არადა “მე ბალღი სულისკვეთობით არ გამიზრდია”. სერიოზულად დავფიქრდი = რა შემეშალა, თითქოს არასოდეს ვზღუდავდი, არც რაიმეს ვაძალებდი. ვერაფრით მივხვდი, რამ შექმნა მის თავში ასეთი ერთ განზომილებიანი სტერეოტიპები. ვიფიქრე, შეიძლება ზედმეტ პასუხისმგებლობას ვაკისრებ, როდესაც თითქმის ყველა საკითხზე თავისუფალი არჩევანის უფლებას ვუტოვებ, შეიძლება, ამას მშობლების მხრიდან უყურადღებობად აღიქვამს და პროტესტის ნიშნად მორჩილებისადმი მიდრეკილება გაუჩნდა-მეთქი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ჩავწვდი პრობლემას.
საბოლოოდ, შედეგი ის იყო, რომ ხასიათი ყველას გაგვიფუჭდა. სახლისკენ დავიძარით, გზად სკვერში გასხივოსნებულ პოლიციის შენობას ჩავუარეთ და ჩემთვის გავიფიქრე – საზოგადოება, რომელიც უცენზურო საქციელზე პოლიციელს უფრო დაუხუჭავს თვალს, ვიდრე მსახიობს და ძალაუფლებას ნიჭიერებასა და თავისუფლებაზე მეტად დააფასებს, ვერ გაზრდის ბავშვებს, რომლებზეც ქრისტე იტყოდა - იყავით ბავშვივით თუ გინდათ ცხონდეთო - ჩვენ ალბათ მისი ჯვარზე გამკვრელების აღზრდა უფრო შეგვიძლია.
პ.ს.
ბოდიში იმ ბავშვს (სახელი არ ვიცი) და ბოდიში ჩემს შვილს, ამ დიდი პრობლემების მათ მხატვრულ სახეში გადმოცემისთვის. მაინც მჯერა, რომ გულის სიღრმეში ორივე ტომ სოიერია.