Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინდური ბროწეული

07 სექტემბერი 2012

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ფეხით მაქვს მოვლილი და  არ არსებობს კუთხე, სადაც ერთი კაცი მაინც არ მეგულება, რომელსაც შემიძლია ახლობელი ვუწოდო.

ყოველ შემთხვევაში, ასე მიმაჩნდა 2012 წლის ივლისამდე, ვიდრე მარნეულის რ-ს  სოფელ  თექალში აღმოვჩნდებოდი. ეს ისტორია ასე დაიწყო: შაბათ დილას ჩემმა მეუღლემ გამაღვიძა და მკითხა, მარნეულში წასვლა ხომ არ მსურდა. რაზეც ჩემი უკიდურესად უარყოფითი პასუხი მიიღო. ვერაფრით ვხვდებოდი, რატომ უნდა მდომებოდა 38°C სიცხეში მარნეულის მტვრით გაბუღულ სოფელში ჩასვლა. მეუღლემ იხტიბარი არ გაიტეხა და მშვიდი ტონით ამიხსნა, თუ რა დადებითი მხარეები შეიძლება ჰქონოდა ჩვენს ვიზიტს. აღმოჩნდა, რომ სოფელ თექალში ყარაბახის კონფლიქტთან დაკავშირებული ორხრივი შეხვედრა იმართებოდა,  რომლის მოდერატორიც ქართული მხარე იყო, სტუმრები კი სომხური და აზერბაიჯანული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გახლდნენ.

მარნეულის ხვატს ინტერესმა სძლია და გზას გავუდექით. უნდა გამოგიტყდეთ, საშინლად არ მომწონს ეს მიდამოები, ალბათ ტყის საფარის ნაკლებობის, გადაყვითლებული ველებისა და პატარა ეზოიანი სახლების გამო. აქ რატომღაც თავს ყოველთვის უცხოდ და არაკომფორტულად ვგრძნობ, მგონია, რომ “სხვაგან” ვარ. სწორედ ამ უსიამოვნო გრძნობის გასანეიტრალებლად გავაჩერე ჩემი ცოლის (ინგლისურენოვანი ლოგოთი აჭრელებული) სამსახურეობრივი მანქანა მარნეულის რომელიღაც სოფლის ორღობეში სახელდახელოდ მოწყობილ ბაზართან.

დახლს გადავხედე, ვაშლის, ატმისა და საზამთროს გვერდით, ერთი ფრიად უცნაური ტროპიკული გარეგნობის პროდუქტი იდო. ეს რა არის? - ვიკითხე გაკვირვებულმა და კაცური მანერების მქონე გამყიდველ ბავშვს შევხედე, რომელიც მანამადე ისეთი სახით მიღიმოდა, აშკარა იყო, ვინმე ევროპელ მუშტარში ავერიე. ქართულად მიმართვამ ცოტა დააბნია და აზერბაიჯანულ ენაზე მიპასუხა, მე კი აზერბაიჯანულის გაგნებაში არ ვარ. ჩემმა კითხვის ნიშანივით მზერამ მოზარდი მიახვედრა, რომ ხელახალ პასუხს ვსაჭიროებდი. მომიახლოვდა, დახლს გადახედა და ისევ აზერბაიჯანულად მკითხა რაღაც. მერე დაახლოებით 5 წუთი მე ვწვალობდი იმაზე, რომ რაიმე საერთო სამეტყველო ენა აღმომეჩინა, ის კი იმაზე, რომ ჩემი მცდელობების უსუსურობაში დავერწმუნებინე. ბოლოს ისევ მან იმარჯვა და მსოფლიოს ყველაზე უნიკალურ (ჟესტების) ენაზე მანიშნა - რა ჯანდაბა გინდაო? მეც გავიშვირე თითი ცეცხლისფერი ნაყოფისკენ და რუსულად მივაყოლე - Что это?  იმდენად გაუკვირდა ასეთი მარტივი რამის არცოდნა, რომ გონება გაეხსნა და შორიახლოს მდგომ თავის თანატოლს მოუხმო. რა გინდაო - მკითხა აქცენტიანი რუსულით ახლად შემოსწრებულმა მეგობარმა. რუსულის გაგონებაზე მოვეშვი და კითხვა გავუმეორე, ეს რა არის-მეთქი. Что, вот это?! გაიკვირვა მეორემაც და ხელი ცეცხლისფერი პროდუქტისაკენ გაიშვირა. Вы откуда? - მკითხა თვალებგაფართოებულმა. Местный, из тбилиси. ვუპასუხე საკუთარი უმეცრებით დაბნეულმა. Ну... это же гранат. – წარმოთქვა მომღიმარი სახით. Какой гранат?! не гранат..- შევჯექი ვირზე და თან ჩემს ცოლს გავძახე მოდი შეხედე ბროწეულს რას ეძახის, მგონი შარში ვართ-თქო. ბროწეულის გაგონებაზე ბავშვმა ისევ გამიღიმა და მითხრა- Не, не! это не простой гранат, это индийский гранат. Как, вы не знаете?!- ისე ბუნებრივად მსაყვედურობდნენ უვიცობას, შემრცხვა და რამდენიმე ცალი ვიყიდე შესასწავლად. მანქანაში ჩავსხედით, რუსულის მცოდნე ბავშვს ვკითხე, თექალი საით არის-მეთქი. მითხრა, იქით მივდივარ, თუ დამიმგზავრებ, მიგასწავლიო. ამაზე კარგ წინადადებას ვერც ვინატრებდი, ჩავისვი და წავედით.

გზაში იქაური ცხოვრების თავისებურებებზე მომიყვა და ცოტა ინდური ბროწეულის გამოც დამცინა. ამიხსნა, რა მდგომარეობაა სკოლებში, რომ ქართულის სწავლას ცდილობს, მაგრამ ჯერ არ გამოსდის, თან უადგილო ადგილას რამე ქართულ სიტყვას იტყოდა და შექების მოლოდინში ისუსებოდა. სიმართლე ვთქვა, შემრცხვა. ბავშვი თითქოს თავს იმართლებდა, მებოდიშებოდა სახელმწიფო ენის არცოდნისთვის. ვუთხარი, მიხარია, რომ ქართულის სწავლა გინდა, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ვალდებული ხარ იცოდე, არამედ იმიტომ, რომ მე და შენ ერთმანეთის გაგება და დამეგობრება შევძლოთ. როგორც ყველა ბავშვს, ასაკით უფროსთან მეგობრობის იდეა მასაც მოეწონა, დამაიმედა, მომავალ წელს ჩამოდი უკეთესად მეცოდინებაო. მეც შევპირდი აზერბაიჯანულის მინიმალურ დონეზე  შესწავლას და დავშორდით. როგორც იქნა დანიშნულების ადგილს მივაღწიე.

აპარატურა სოფლის ერთ-ერთი სახლის ეზოში გაეშალათ. ასე 60-70 ადამიანი იქნებოდა შეკრებილი, ძირითადად ადგილობრივები და ბაქოელები, თუმცა მასაში რამდენიმე ქართველი და ევროპელიც შეინიშნებოდა. კონფერენცია დაწყებული არ იყო, ერევანიდან სომხეთის დელეგაციას ელოდნენ. ბოლოს ისინიც გამოჩნდნენ და შეხვედრა გახსნილად გამოცხადდა. მოხსენებებს რუსულ ენაზე კითხულობდნენ. წამოჭრეს მრავალი  მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა გადაწყვეტაც, ცხადია, არასამთავრობო სექტორის დონეზე შეუძლებელი იყო, მაგრამ ორივე მხარე რიგდებოდა, რომ ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ რეგიონში მოვლენათა ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

ძალიან გამაკვირვა სომხური მხარის ანტირუსულმა განწყობამ. ერთ-ერთმა მონაწილემ ბოდიში მოგვიხადა, იმ ქვეყნის ენაზე, რომელიც ჩვენი დაპირისპირების მიზეზია, ვერ ვიმეტყველებო და გრძელი მოხსენება მთლიანად სომხურად წაიკითხა, რომელსაც მიუხედავად თარჯიმნის მცდელობისა, ბოლომდე მაინც ვერ ჩავწვდი. საბოლოოდ სიცხემ თავისი გაიტანა, ჩრდილში გაშლილი სუფრისაკენ გადავინაცვლეთ. ეს თბილისურ კონფერენციებზე შემოთავაზებული “ლანჩი” არ გეგონოთ, ყავითა და ბუტერბროდებით. სუფრაზე ყველა სახის კერძი იდო, კავკასიელს ცხვრის ხორცისგან რისი გაკეთებაც შეუძლია. სხვათა შორის, ღვინოც და არაყიც.

ერთ მხარეს სომხური დელეგაციის წევრები მესხდნენ, მეორე მხარეს აზერბაიჯანულის, წინ კი მრავალეთნიკური ევროპა იყო წარმოდგენილი. სუფრის გაძღოლა, ცხადია, ქართველებს გვხვდა წილად და სამ-ოთხ ჭიქაში დაძაბულობაც მოიხსნა. სომხები აზერბაიჯანელებს ესაუბრებოდნენ, ქართველებს კი რატომღაც ევროპელებისა და რუსებისკენ უფრო მიუწევდათ გული. ის იყო საუბარს შეუქცევადი სახე უნდა მიეღო, რომ სომხეთის წარმომადგენლის სკამი გატყდა, რამაც ასაკოვანი კაცი ფრიად უხერხულ სიტუაციაში ჩააყენა. აზერბაიჯანული სპეცსამსახურების მოწყობილი ამბავიაო, დაიძახა ხმამაღლა. არა თქვენივე სპეცსამსახურებმა მოაწყვეს პროვოკაციის მიზნითო, უპასუხა ვიღაცამ გვერდითა სუფრიდან –ატყდა დიდი სიცილ-ხარხარი და ყველაფერი ქართულ უშიშროებას დაბრალდა, რადგან სკამები საქართველოში იყო ნაყიდი. გავმხიარულდით ბოლომდე.

სომხებს და აზერბაიჯანლებს უამრავი რამ ჰქონდათ ერთმანეთისთვის სათქმელი. საუბარში პერიოდულად ქართველებიც ვერთვებოდით, მაგრამ მორიდებულად, თითქოს კონტექსტიდან ვიყავით ამოვარდნილი. ამასობაში, რატომღაც ხილი მომინდა და გზაში შეძენილი ნაყოფი დიდი საოცრებასავით დავაბრძანე სუფრის შუაგულში, რასაც ქართველებისა და ევროპელების ცნობისმოყვარე კითხვები მოჰყვა, ჩვენს მეზობლებს კი არც შემოუხედავთ, საუბარს განაგრძობდნენ. გართობა გადავწყვიტე,  სომხური და აზერბაიჯანული დელეგაციების წარმომადგენლებს საუბარი შევაწყვეტინე და ნიშნის მოგებით ვკითხე,  აბა, გამოიცანით ეს რა არის-თქო? Ты что, издываешься, это же индийский гранат. - მიპასუხა ორივე მხარემ გაკვირვებით.  სასწრაფოდ გავხლიჩე ჩემი ინდური ბროწეული და მთელი შეგრძნებით დავეწაფე მის გემოს, რათა აღარასდროს მეგრძნო თავი უცხოდ ჩემს ქვეყანაში, ჩემი უახლოესი მეზობლების გარემოცვაში. 

P.S.

ამას წინათ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური გაერთიანების ლიდერის გამოსვლას ვუსმენდი, მან ბრძანა, რომ საქართველო ეთნიკური უმცირესობების მეშვეობით აზერბაიჯანსა და სომხეთს  მთიანი ყარაბახის პრობლემის დაძლევაში უნდა დაეხმაროსო. ნამდვილად კარგი ინიციატივაა, მაგრამ ამისთვის ჯერ საკუთარ თავში არსებული გაუცხოების დაძლევა მოგვიწევს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^