მიუხედავად იმისა, რომ ჭორის, სახალხო დამცველის ანგარიშის, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებების დონეზე, ყოველ ჩვენგანს ჰქონდა წარმოდგენა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე, მედიით გავრცელებულმა პატიმართა წამების კადრებმა მაინც შოკი მოჰგვარა მთელს ქვეყანას.
უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ ვირტუალურ სამყაროში გამომწყვდეულ ვნებებს სირაქლემას პოზით ვიოკებდით. ჩვენს ძილქუშიდან გამოყვანას კონკრეტული ადამიანის თავგანწირვა დასჭირდა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, გადაცურა ზღვა და გაღმა ნაპირიდან აგვაფარა რეალობა დასნეულებულ სიფათებზე. დადო ფაქტი, რომელიც ჩვენს კონფორმიზმს არსებობის უფლებას ართმევს.
მსოფლიო იცნობს მილგრიმის, შერიფის, აშის და სხვათა ექსპერიმენტებს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული მასშტაბების ექსპერიმენტი, ფსიქოლოგიის ისტორიას არ ახსოვს. ყველა სფეროში ერთობლივად დაწყებულმა ქცევის ნორმების მიზანმიმართულმა რღვევამ, მორალური ფასეულობების მარგინალიზებამ და ახალი ადამიანის შექმნის ტროცკისტულმა მცდელობებმა, მიგვიყვანა მდგომარეობამდე, რომელიც უკვე ძალიან ცოტა რამით განსხვავდება ორუელის “1984”-ში აღწერილი სიტუაციისგან. ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, რომელებიც ყოველ საღამოს მივირთმევთ “რუსთავი-2”-ს პარანოიულ სიუჟეტებს და მოდელირებული ქრონიკის წამყვანს, მედია-ექსპერტის სტატუსით ტელე-ეთერებში ვიწვევთ, საბოლოოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ნებსით თუ უნებლიეთ დიდი ფსიქოლოგიური თამაშის მონაწილეები ვართ. ამ თამაშის მიზანია დაადგინოს ჩვენი კონფორმიზმის ხარისხი და სხვა კვლევებისგან განსხვავებით ვადა და ჩარჩოები არ გააჩნია. თამაში დასრულდება მაშინ, როდესაც მონაწილეები შეძლებენ. როდესაც მსხვერპლის როლში მყოფი ცდის პირები, მოძალადეთა როლში მყოფ ცდის პირებთან ჭიქის ჭახუნს მოეშვებიან და მიახვედრებენ, რომ რეალურად ისინიც დაზარალებულები არიან, ვინაიდან სისტემამ სწორედ მათ დაავალა ადამიანური ბუნების ყველაზე საზიზღარი თვისებების გამოვლენა. დღეს ჩემთვის საჯდომში ცოცხგაყრილი “ქურდი” ბევრად ღირსეული ადამიანია, ვიდრე ამ სცენის რეჟისორი, რადგან პირველმა შეიძლება გადაიტანოს ეს ტრავმა, აი მეორე კი საბოლოოდაა განწირული.
ბავშვობაში სოფელში, ერთ ისტორიას ყვებოდნენ ბოლშევიკზე, რომელმაც 20-ან წლებში ეკლესიიდან ღვთისმშობლის ხატი გამოიტანა, ზედ ფეხებით შედგა და მოშარდა. თან თურმე ხტოდა და მღვდელს აღტაცებული სახით უყვიროდა - ხომ ხედავ, რას ვუშვები შენ ღმერთს, დამსაჯოს თუ რამის თავი აქვსო, რაზეც სოფლის მოძღვარს უპასუხია - მეტი რიღათი დაგსაჯოს, საკუთარ თავს შეხედე მთელი სოფლის წინაშე ჩახდილი ხტუნავ, უკვე ყველას თვალში გიჟი ხარ, გარდა საკუთარისაო. ამაშია საქმე, მოძალადე - ცდის პირი, ისე ხდება ექსპერიმენტის მსხვერპლი, რომ ვერც აცნობიერებს ამას, მეტიც კმაყოფილია. მისი გამოფხიზლების ერთადერთი საშუალება საკუთარი ქმედებების გამო პასუხისგებაა. უნდა აგოს პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით, რათა მიხვდეს თუ რა საშინელებას ჩადიოდა და მიეცეს შანსი ადამიანობას დაუბრუნდეს. ამ ქვეყნის სხვა მოქალაქეებმა კი ვისაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ გვეკისრება, უნდა ვაგოთ პასუხი ფართოდ დახუჭული თვალებით შემოხაზულ ხუთიანებზე, გავითვალისწინოთ, რომ ორ კვირაში არჩევნები ახლოვდება და ხელისუფლებისთვის მიცემული ყოველი ხმით ამ დანაშაულის პასიური თანამონაწილეები ვხდებით. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას მგლების დევნას, ცხვრის ფარის მწყემსვა ურჩევნია და ყველაფერს იზამენ, რათა ბოლომდე წაშალონ ჩვენში ადამიანი და მაღალი წნევის ქვეშ გამოყვანილ ჭანჭიკებს დაგვამსგავსონ, რომელსაც საკუთარი სკამის ფეხების გასამაგრებლად გამოიყენებენ. სწორედ ამის და კიდევ ბევრი სხვა რამის გამო (რისი წერის ნერვებიც უკვე მართლა აღარ მაქვს) ვფიქრობ სასწრაფოდ უნდა უნდა დავაყენოთ რამდენიმე მოთხოვნა.
1. გადადგეს შსს-ს მინისტრი, ბაჩო ახალაია.
2. შეიქმნას “ნდობის ჯგუფი”, რომელშიც შევლენ ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაციების წევრები და სხვა საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირები (მათ შორის ჟურნალისტები, კულტურის მოღვაწეები, საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო ორგანიზაციების, ან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ა.შ)
3.”ნდობის ჯგუფს” მიენიჭოს (გუშინ გავრცელებულ კადრებზე) დაწყებული გამოძიების მონიტორინგის უფლებამოსილება, მათ შორის გრიფით საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომის უფლებით.
4. ამავე “ნდობის ჯგუფს” მიენიჭოს, (სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან ერთად, სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა წინასწარი გაფრთხილების გარეშე,) ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საპატიმროში მყოფი პატიმრების მონახულების, გამოკითხვის და გამოძიების ინიცირების უფლება.
5. ”ნდობის ჯგუფმა” თავზე უნდა იტვირთოს იმ პოლიტიკურ-თანამდებობის პირთა გამოვლენა, რომელებიც ამ საქმესთან სისხლის სამართლებრივ კავშირში არ არიან, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ.
6. “ნდობის ჯგუფის” საქმიანობის გასაშუქებლად, ყოველი კვირის ბოლოს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოყოს პირდაპირი ეთერი, რათა მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით იყვნენ ინფორმირებულები საპყრობილეებში არსებულ მდგომარეობასა და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
7. “ნდობის ჯგუფის” მუშაობა გაგრძელდეს ხელისუფლებაში ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მოსვლის მიუხედავად. მანამ, სანამ იარსებებს უნდობლობა სასჯელაღსრულების სისტემის მიმართ.
ჩემი აზრით, სწორედ ასეთი მოთხოვნები უნდა დავაყენოთ. შეიძლება კვალიფიციურმა იურისტებმა უკეთესად ჩამოაყალიბონ და სიამოვნებით შევუერთდები მათ. თუ გავქაჩავთ, გავქაჩავთ, თუ არადა მაშინ გავამზადოთ ცოცხები და ვისხდეთ გატრუნულები ჩვენი რიგის მოლოდინში.