Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამოცდამეექვსე სონეტი (ქართულად)

20 სექტემბერი 2012

 

იმას, რაც ამ დღეებში საქართველოში ხდება, მეტაფორულად შეიძლება პოლიტიკური მიწისძვრა დავარქვათ. მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება, პრაქტიკულად უწყვეტად ვრცელდება ცხელ-ცხელი ცნობები ადრე დახურულ უწყებებში მიმდინარე პროცესების შესახებ, წინასაარჩევნო პოლიტიკური ინტრიგა კი სულ უფრო მძაფრი და ჩახლართული ხდება. მართალია, ჩვენთან პროგნოზების გაკეთება – უმადური საქმეა, მაგრამ საყოველთაოდ აღიარებული აზრის მიხედვით, გლდანის მე–8 საპყრობილედან მომდინარე სადისტური ვნებების შხამიანი მიაზმების გავრცელებამ საქართველოს სინამდვილეში არ შეიძლება არ მოახდინოს რეალური გავლენა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე და ასახვა ოპოზიციის მკვეთრ გაძლიერებაში არ ჰპოვოს.            

კონკრეტიკაზე აღარ შევჩერდები – ყველამ ყველაფერი თავისი თვალით ნახა – მაგრამ აღვნიშნავ, რომ როდესაც ქვეყანამ (ყოველ შემთხვევაში, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა) 18–19 სექტემბერს სხვადასხვა ტელეარხებზე გასული საზიზღარი ძალადობის კადრები იხილა, საზოგადოება ჩავარდა – არც მეტი, არც ნაკლები – შოკში, თანაც ისეთში, საიდანაც უმტკივნეულოდ გამოსცლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამასთან ისიცაა აღნიშვნის ღირსი, რომ გრძნობათა ამ გულწრფელ ამოხეთქვას თან ერთგვარი ლატენტური თვალთამაქცობის ელემენტიც ახლავს თან –არ შეიძლება ჭეშმარიტ აღმოჩენად ვაღიაროთ ის, რის თაობაზეც წლების განმავლობაში იყო ლაპარაკი. ყოველ შემთხვევაში – და არა მგონია, ძალიან ვამეტებდე, –  ნებისმიერ იმ ადამიანს, ვინც ბრმა და ყრუ არ იყო და გაზეთი ზოგჯერ მაინც გადაუფურცლავს, ზოგადი წარმოდეგნა მაინც ექნებოდა იმის შესახებ თუ როგორი ატმოსფერო სუფევდა და რა ხდებოდა ქართულ „რეფორმირებულ“ ციხე–საპყრობილეებში. მაგრამ საზოგადოებრივ შეგნებაში ეს ხომ ჯერ კიდევ კომუნისტური ეპოქიდან შემოჩვეული ჭირი იყო: ვის გააოცებდი იმის თქმით, რომ, თურმე, მეციხოვნეები პატიმრებს ხშირად ჯალათურად ეპყრობიან – ანუ არა როგორც გზას აცდენილ დამნაშავეებს, რომლებიც რაღაც კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობენ, არამედ როგორც საჯიჯგნ, ხორცის დასაკეპ მანქანაში გასატარებელ მასალას, რომლის საბოლოო ჩამოწერამდე მხოლოდ რაღაც ფორმალურად დადგენილი ვადა უნდა გავიდეს. ამიტომ არც ზედმეტი თვალთამაქცობაა დიდად მომხიბლველი – აქამდე სხვა პლანეტაზე კი არ ვცხოვრობდით. სხვა ამბავია, რომ ეკრანზე „პრაიმტაიმში“ გასულ ვიდეომწკრივს მართლაც განსაკუთრებული ეფექტი ახასიათებს, ეკრანთან მიჯაჭვულ მაყურებელს თავის დაძვრენისა და გაქცევის საშუალება ერთმევა და ისე იზაფრება ძალადობის შემზარავი კადრების ცქერით, როგორც საცოდავი, ყველასგან მიტოვებული და განწირული ბაჭია მშიერი ასპიტის დაღებული ხახის თანდათანობითი მოახლოებით. დიახ, ვიდეოფექტის მამხილებელი ძალის უკუგდება ნორმალური ადამიანის ფსიქიკისთვის თითქმის შეუძლებელია და სწორედ ეს გარემოება თამაშობს გადამწყვეტ როლს მავანის სამოქალოქო პოზიციის საბოლოო ჩამოყალიბების თვალსაზრისითაც.

გუშინ ღამით “ობიექტივის“ ტელეეთერში სკაიპის საშუალებით მიცემული სენსაციური ინტერვიუს ხილვის შემდეგ, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ საქართველოში დაიბადა ახალი, საკუთარი შტირლიცი (ამ სიმბოლოდ ქცეულ გვარს აქ მხოლოდ დადებითი კონოტაციით ვახსენებ) – სასჯელაღმსრულებელი სისტემის ყოფილი თანამშრომელი ვინმე ვლადიმერ ბედუკაძე. საგულისხმოა, რომ ინტერვიუში (რომელიც, ალბათ, ამ მომენტისთვის უამრავ ადამიანს ექნება მოსმენილიც და ნანახიც) კვლავ – და საკმაოდ გაურკვეველ კონტექსტში – გაიელვა ცნობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიღაც მაღალჩინოსნების დადებით როლზე მამხილებელი ინფორმაციის გაჟონვის საშვილიშვილო საქმეში. რასაკვირველია, ამას მოჰყვა ჩვენი ხალხის – განსაკუთრებით სტუდენტი ახალგაზრდობის – მძაფრი პროტესტი, მე კი ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ყველაფერი ეს უკანასკნელი წინასაარჩევნო სიურპრიზი როდია.

ახლა რაც შეეხება პოლიტიკური კონფლიქტის მეორე, სახელისუფლებო, ასე ვთქვათ „დაზარალებულ“ მხარეს. მინისტრის პოსტიდან ხათუნა კალმახელიძის ფაქტობრივად იძულებითი გაშვებისა და „ევრონიუსით“ თბილისში მიმდინარე საპროტესტო მიტინგების ამსახველი კადრების ჩვენების შემდეგ (კვლავ ვიდეოეფექტი!) ჩვენ ვიხილეთ „რუსთავი–2“–ზე ახალი (თუ ძველი) მიხეილ სააკაშვილი – მგზნებარე ოპოზიციონერი, რომელიც, მგონი, მორალურადაც და პოლიტიკურადაც უკვე მზადაა ლამის მუმიზირებულ (მისივე შეფასებით) „ოცნებას“ ჩაუდგეს სათავეში – თანაც საკუთარი პირმშო „ნაცმოძრაობის“ რეიტინგისა და მომავლის ხარჯზე, რათა როგორმე საკუთარი პიროვნული რეიტინგი და მომავალი გადაირჩინოს (ამ მხრივ ძალიან საინტერესო იქნებოდა ბ–ნ ლუის ნავაროს პროგნოზი). ციხის საკნებში „ცოცხების“ არადანიშნულისამებრ გამოყენებისა და, რაც მთავარია, ამ გამოყენების გავიზუალურების შედეგად, ხომ ერთიც და მეორეც წამის ერთ დახამხამებაში სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ასეთი გადასხვაფერების ალბათობა დღეს შეიძლება  ფანტასტიკის ტოლფასად მოგვეჩვენოს, მაგრამ რა არ ხდება (ან არ მომხდარა) ამ ცხოვრებაში, მით უმეტეს როდესაც სასწორის ერთ პინაზე უკანასკნელი წლების განმავლობაში მთელი მოპოვებული მონაგარი – იდეალური და მატერიალური – ძევს, მეორეზე კი – ამ მონაგარის დაკარგვის რეალური საშიშროება...

მაგრამ მთავარი რის გამოც ეს ყველაფერი დავწერე, ზემოთქმული არაა.  ეს მხოლოდ შესავალი გახლდათ მკითხველისთვის ერთი უტყუარი ჭეშმარიტების კიდევ ერთხელ შესახსენებლად – Ars longa, vita brevis. ბოლო დღეებმა ყველას უნებურად ისევ და ისევ დიდი ხელოვნების უშრეტ სიძლიერეზე მიგვანიშნა  – და ამის უგულებელჰყოფა, ჩემი აზრით, არ ეგების. მალფუჭებადი ყოველდღიური ინფორმაციისგან განსხვავებით დიდი ხელოვნება არასოდეს ძველდება.

აღმოჩნდა – და ამაში ფეისბუკის სამყაროში გუშინდელმა მოგზაურობამაც „დამარწმუნა“, – რომ ერთადერთი ინტერნეტ–მომხმარებელი როდი ვარ, ვისაც ციხეში განხორციელებული ძალადობის კადრების ნახვის შემდეგ გონებაში შექსპირის უკვდავი „სონეტი 66“ ამოუტივტივდა. ამ სონეტში განწყობაა მთავარი: საუკუნეების მანძილზე მსოფლიოს უსამართლობა, უვიცობა და უტიფრობა მართავს და ამას არაფერი ეშველება: გინდა მე–16 საუკუნე აიღე, გინდა 21–ე, გინდა ძველი ბრიტანეთი, გინდა საქართველო  – რევოლუციური და ჯერ არნახული. უცნაურია, მაგრამ კლასიკა ხომ იმის კლასიკაა, რომ როდესაც კი არ უნდა შემოეღო კარი და შემობრძანებულიყო კაცობრიობის კოლექტიურ თვალსაწიერში, ის ყოველთვის თანადროული იყო და შესანიშნავად ერგებოდა არსებულ დროსა თუ სივრცეს.

თავს უფლებას მივცემ შექსპირის გენიალური სტრიქონების რეზო თაბუკაშვილისეული თარგმანიდან  ჩემი მოკრძალებული აზრით, ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად შესაფერისი კუპლეტი შეგახსენოთ:

რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა“...

 სრული ტექსტის გასაცნობად დაინტერესებულ პირს შეუძლია წიგნი გადაშალოს,  ან – იქნებ, კიდევ უკეთესი, – აუდიოვერსიას დაყაბულდეს და თენგიზ აბულაძის „მონანიებას“ ერთხელაც უცქიროს, მით უმეტეს, რომ ამ სურათს ბოლო დროს საკმაოდ ხშირად ატრიალებენ ქართული და – გაგიკვირდებათ – რუსული ტელეარხები. არაფერს წააგებს.

აბულაძის „მონანიების" მხატვრული სიძლიერის უტყუარი ნიშანი ჩემთვის ისაა, რომ ყოველ ახალ ნახვაზე (არადა ათჯერ მაინც მექნება ნანახი) მის ვიდეომწკვრივში ყოველთვის რაღაც ისეთ უცხო, მანამდე ვერშემჩნეულ ნიუანსს აღმოვაჩენ ხოლმე, რომ ტავადაც მიკვირს ჩემი ადრეული გონებრივი დაბნელება. ეს კი ჩემთვის იმის ნაღდი საბუთია, რომ  აბულაძე დიდი ხელოვანია, ტოტალიტარული ძალაუფლების მისეული ანატომია – მიუხედავად ფასადური განსხვავებებისა სხვადასხვა ტირანიულ რეჟიმებს შორის – არსობრივად უცვლელი ინვარიანტია, ხოლო თავად ვარლამ არავიძე – ანტიჰუმანური დიქტატურის მუდმივად განზოგადოებული და მუდმივად შემზარავი სახე. განა შესაძლებელია დაგავიწყდეს მისი ძირითადი იდეოლოგიური ინვექტივა, ყიჟინა – „ა რაზვე ეტო ნორმალნო!?“. ყველა ვარლამი ამ დამკვრელური ყიჟინათი იწყებდა ხოლმე, ამთავრებდა კი სხვა, უფრო ხელმისაწვდომი და სასარგებლო ინსტრუმენტების გამოყენებით: ხან ტყვიით ქეფაში, ხანაც ცოცხით ან ბოთლით სხეულის სხვა ნაწილში და აუცილებლად – იდეოლოგიური მარწუხებით, რომლის გარეშე სათანადო მარგი ქმედეის კოეფიციენტით ვერც ერთის გამოყენებას ვერ მოახერხებდა.  მერა რა თუ  ზოგჯერ ეს მარწუხები გარეგნულად ტელეეთერში ხელოვნურად გაბერილი ფსევდოლიბერალური ფიგურების წიკვინის სახეს ღებულობს ხოლმე – ნაკლებად სახიფათო და მტკივნეული ამის გამო ისინი არ ხდება.

 ნეტავ, კიდევ რა სიურპრიზებს გვიქადის არჩევნებამდე დარჩენილი დრო?

მე კი – რადგან კლასიკაზე ამდენი გესაუბრეთ – ერთი ისტროულად კლასიკური მაგალითით დავამთავრებ ამ პატარა ნაკვესს (ინტერნეტში მოპოვებული რუსულენოვანი ციტატის მოყვანა მიწევს, რამეთუ თავად ტექსტია რუსული, თუმცა მასში ნახევარი საუკუნის წინათ თბილისში გამართულ ერთ–ერთ სასამართლო პროცესზე, მის მიერ დასმულ შავ წერტილზეა საუბარი. თანაც ეს ტექსტი, როგორც ყველაფერი ჭეშმარიტად კლასიკური, დღევანდელ და ხვალინდელ დღეებთანაა გადაბმულ–გადანასკვული და, სამწუხაროდ, აქტუალობას ბოლომდე არ კარგავს.

„Процесс по делу А.Н. Рапавы, Н.М. Рухадзе и др., прошел в Тбилиси в сентябре 1955 г. Шесть человек (А.Н. Рапава, Н.М. Рухадзе, Ш.О. Церетели, К.С. Савицкий, Н.А. Кримян, и А.С. Хазан) были приговорены к высшей мере наказания. Еще двое – Г.И. Парамонов и С.Н. Надарая – осуждены на 25 и 10 лет лишения свободы соответственно, с отбыванием наказания в колонии строгого режима“.

და რამდენი იყო და არის ასეთი – თბილისშიც, მოსკოვშიც, პნომპენშიც, ჰააგაშიც და ნიურნბერგშიც.

კიდევ ერთმა დიდმა კლასიკოსმა – გოეთემ – თავისი უკანასკნელი ამოძახილით გაგვაფრთხილა: „მეტი სინათლეო“. ჰოდა, ისტორიული წიგნები და მასალები მეტად უნდა იკითხონ „მომავალზე ორიენტირებულმა“ ზოგიერთმა „კარგმა შემსრულებელმა“ – უთუოდ წაადგებათ ცხოვრებაში. ბოლოჟამს ვამჩნევ: ხელისუფლების ბევრ მომხრეს ეთერში გამოჩენისას აშკარად ეცვლება რიტორიკა, მათი გამოსვლები თითქოს უფრო დაბალანსებული, „ჰუმანური“, ლმობიერი, თვითკრიტიკული, ფსიქოლოგიზმებით აღსავსე ხდება – ნეტავ რატომ?

როგორც ჩანს, წინ დიდი ფერისცვალება გველის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^