Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შოკური თერაპია

21 სექტემბერი 2012

შოკური თერაპია

საქართველო შოკშია. დამსახურებულად. და ეს კანონზომიერია. ალბათ არ არსებობდა სხვა რამ, რაც ადამიანებს გამოაფხიზლებდა, რადგანაც არ დარჩა აღარავითარი მოვლენა, რაც არ მომხდარიყოს საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში. მსგავსი უმსგავსობა, აღვირახსნილობა, ცინიზმი, ცრუპენტელობა, კარიკატურული ავტორიტარიზმი, სიტყვიერი, აზრობრივი და ფიზიკური ძალადობა, საჯარო სივრცის დახურვა, ოპონენტთა მარგინალიზაცია, რაც ბოლო 5 წლის მანძილზე მოხდა, საქართველოში უპრეცედენტოა. ვერაფერმა ვერ დაარღვია ის ჯადოსნური წრე, რომელიც დიდი მონდომებით და სისასტიკით მოქსოვეს რევოლუციის სისხლიანმა და გაუნათლებელმა ეპიგონებმა.

ამ წრეში ყველაფერი ერთად შეიკრა. იდეოლოგიის ნიშა დაიკავა ბოდვითმა დისკურსმა, რომლის თავსა და ბოლოს ვერ გაიგებს და ამოხსნის ვერცერთი ადამიანი პლანეტაზე, მაგრამ მისი ტირაჟირების მასშტაბი იქვემდებარებდა მთელ საჯარო სივრცესა და საშუალო–სტატისტიკურ მაყურებელს. პროპაგანდისტული მედია არნახული სისასტიკით აუპატიურებდა საზოგადოებრივ აზრს განვლილი წლების მანძილზე და ამას უწოდებდა ინფორმაციის მოწოდებას, ფაქტებს, ანალიზს. მოხდა ყოველგვარი ტერმინის სრული გაუფასურება, რადგანაც ნებისმიერ ბოროტებას არქმევდნენ საპირისპირო სახელს, შესაბამისად ცნებებმა დაკარგა შინაარსი და ადამიანები ვეღარ გამოხატავდნენ აზრს, რადგანაც ზუსტად იგივე სიტყვებს იყენებდა ბოროტება. პროპაგანდამ მოიცვა ყველა, მისდამი დაქვემდებარებულიც, მოწინააღმდეგეც და მწარმოებელიც.  დაიკარგა კავშირი ადამიანებს შორის და გართულდა ბოროტების საწინააღმდეგო ძალისხმევის ორგანიზება.

ნებისმიერ მოქმედებას ჭირდება რესურსი. ხელისუფლებამ განვლილი წლების მანძილზე დაიქვემდებარა მთელი ფინანსური რესურსი, რაც კი ქვეყანაში არსებობდა და მისგან მოხდილი ნაღებით კვებავდა შექმნილ მოძალადე სისტემას, აფინანსებდა პროპაგანდას და მისთვის საჭირო თეატრალურ რეკვიზიტებს, შუშის კონსტრუქციებს, რომლის ფონზეც ლოკალური ზევსი პერსონალურ შოუს წარმართავდა. მთელი რესურსის დაქვემდებარება ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ მხოლოდ შენ სარგებლობ ამით, არამედ იმას რომ სხვა ვერ სარგებლობს ვერაფრით. შესაბამისად, საჯარო სივრციდან, საზოგადოებრივი ასპარეზიდან გარიყული აღმოჩნდა ყველა ის ძალა, რაც შეიძლება ჩართულიყო პოლიტიკურ პროცესში. დემოკრატიის ანტურაჟისთვის დარჩა მცირე ნიშა, სადაც გარკვეული ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები უშედეგოდ კნაოდნენ მცირე აუდიტორიის მქონე დამოუკიდებელი ტელევიზიების მეშვეობით.

საბჭოთა წყობა გამოვლილი ხალხისთვის მსგავსი ხილი უცხო არაა. ჩვენ მიჩვეული ვართ გაუცხოებას სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის, კონფორმიზმს, ტყუილს, ქურდობას, გაჩუმებას, ვერდანახვას. სწორედ ამ მანკიერებების გამოყენებაზე ააგო ხელისუფლებამ საკუთარი ძალაუფლება და არა მის დაძლევაზე. დისკურსი, რომლითაც ქვეყნის მთავარი ხელისუფალი წლების მანძილზე გვესაუბრებოდა, გახდა სრულიად აგრესიული, ყოველგვარი მოსაზრების დამყოფი, ცნობიერების დამანგრეველი. რაც მთავარია, სრულიად სიურეალისტური. ბოლოს უკვე გაუგებარი გახდა, თუ რა საშუალოსტატისტიკურ ეგზემპლარს მიმართავდა იგი თავისი სიტყვით, ვინ იყო მისი ადრესატი. მისი მეტყველება თანდათანობით იცვლებოდა, დეგრადირდებოდა, იმისათვის რომ ემეტყველა უბრალო ადამიანის ენაზე, რომელიც მისი აზრით ძირითად ამომრჩეველს შეადგენდა. ამ ძალისხმევაში იგი იმდენად წარემატა, რომ დეგრადირდა ჩვენი საზოგადოების ყველაზე უვიც წარმომადგენელზე მეტად და საბოლოოდ თვითონ იქცა ორატორადაც და სიტყვის ადრესატადაც. ეს უკვე კარიკატურის კარიკატურაა, ამიტომ პოლიტიკური ან ფიზიკური აღსასრულის წინ გაუჭირდება ნერონივით ამოიძახოს, - რა „ორატორი“ ვკვდებიო.

გარდა იმ ზედაპირისა, რასაც ყველა ყოველდღე ვხედავდით ტელევიზორში, არსებობდა ჯურღმული, სადაც რეჟიმს ფესვი ქონდა გადგმული და საიდანაც რეალურად იწოვდა სასიცოცხლო ძალას.  ციხე, როგორც ადამიანთა ფიზიკური, ქონებრივი და მენტალური რეპრესიის იარაღი. სრულიად ავადმყოფმა გონებამ შექმნა სამარცხვინო, შინაარსისგან დაცლილი სისტემა, რომელიც ამცირებდა ადამიანებს, ახდენდა დამცირების დოკუმენტალიზაციას და ინახავდა მასალას როგორც სამხილსა დასჯილისა და მოძალადის მიმართ. ეს იყო მისი აზრით ყველაზე ქმედითი იარაღი, რაც ატომური ბომბივით საიმედოდ ქონდა რეჟიმს შენახული. შემდეგ ბომბის მართვის პულტი მოიპარეს, ბომბი აფეთქდა და შეიწირა თვითონ რეჟიმი. ყველაზე საშიშმა იარაღმა დაანგრია მისივე შემქმნელი.

რა იარაღი იყო ეს? მიმოვიხილოთ მისი შემქმნელები კოლექტიური მიხეილ სააკაშვილის მაგალითზე. ისინი საბჭოთა ქვეყანაში დაიბადნენ, ბოროტების იმპერიაში, რომელსაც უამრავი მანკიერება გააჩნდა გარდა იმისა, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ. აღნიშნულმა მანკიერებებმა მრავალი ადამიანის ფსიქიკა დაანგრია. ახალგაზრდობის საჯარო ასპარეზი ძირითადად ქუჩას მოიცავდა, რომელსაც მრავალ სხვა მანკიერებასთან ერთად ახასიათებდა ისიც, რომ ყოფდა პუბლიკას ორ ძირითად ნაწილად, კაი ბიჭებად და ორგანოებად, რომელიც საბჭოთა სტენსილის ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენდა, სამარცხვინოს, რომელსაც შემდეგ გადააკეთებდნენ წარწერად „900“ ან „მზე“.  იყო შანსი რომ მოცემულ ორ კლასს შორის ყოფილიყავი გაკვეტებული, როგორც უბრალოდ ჯიგარი და „კაი ბიჭების ძმაკაცი“, მაგრამ ესეც სრულიად ოდიოზური მდგომარეობა იყო. ცხადია, სახელმწიფო სამსახური, რაც უცილობლად პარტიის წევრობასა და სხვა კონფორმიზმთან იყო დაკავშირებული, ქუჩის სულისკვეთებისთვის სრულიად მიუღებელია.

საბჭოთა კავშირის დანგრევამ შექმნა რეალური წინაპირობა რომ გამთლიანებულიყო სახელმწიფო და საზოგადოებრივი ცნობიერება, შექმნილიყო ერთ მთლიანი სამოქალაქო ცნობიერება, მაგრამ საბჭოთა აზროვნებითა და მენტალური წანამძღვრებით დასნეულებულ საზოგადოებას გაუჭირდა ამის გაკეთება. გარდა ბავშვობის ტრამვებისა, რომლის შესახებაც დოკუმენტური მსჯელობა გამიჭირდება ობიექტური მიზეზის გამო, მიხეილ სააკაშვილი რაღაც მხოლოდ მათთვის ცნობილი მიზეზებისა და მოტივაციების გამო საბჭოთა პერიოდის მოძალადეებმა კიდევ ერთხელ აქციეს ძალადობის მსხვერპლად მისი მოღვაწეობის დასაწყისშივე. თბილისში გავრცელდა ვიდეო–კასეტა, რომელზე ასახული პერსონაჟიც ქართული გაგებით მეტად უხერხულ მოქმედებას ჩადიოდა და მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ქართველი, რომელსაც ანალოგიურ ცოდვაში ფეხი არ ჰქონდეს ჩადგმული, საჯარო გამომზეურების ეს შემთხვევა სასტიკი დაცინვის საგანი შეიქმნა. ჩემი სუბიექტური და არაპროფესიული აზრით, ეს მოვლენა ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო სადისტური ფსიქიკის ჩამოყალიბებაში, კომპლექსის რეალიზება კი მოგვიანებით მრავალრიცხოვან ქალებთან თანაცხოვრებითა და საბჭოური მეთოდით დამნაშავეთა დასჯით განხორციელდა..

საბჭოთა ქუჩის იდეოლოგიურ ბაზისს წარმოადგენდა სრულიად არქაული და ათწლეულებში ტრანსფორმირებული მოძღვრება, რომელსაც ქურდული გაგება ეწოდება. მიუხედავად ამ დარგის წარმომადგენელი მთელი რიგი პერსონაჟების მითოლოგიზირებისა, მოქმედი ფიგურები საკმაოდ ბნელ და განუვითარებელ ფენას წარმოადგენდნენ, რომელთაგან დაჩაგრული ადამიანებიც არ იყო ცოტა.  ახალმა პოსტრევოლუციურმა ქვეყანამ ბრძოლა გამოუცხადა დამნაშავეობას, რომელიც მათი აზრით უცილობლად იყო დაკავშირებული ქურდულ სამყაროსთან და უნდა ამოძირკვულიყო მსგავსი მენტალიტეტის მატარებელი პირების სრული უტილიზაციის მეშვეობით.

თვეების მანძილზე ინტერნეტში იძებნებოდა და მნახველების რაოდენობის თვალსაზრისით წარემატებოდა ორსაათიანი ცუდი ვიდეო, სადაც მეშვიდე იზოლატორში მოთავსებული ქურდების საქმის გარჩევაა ასახული, რომელიც ძალიან არასახარბიელოდ სრულდება ერთი მათგანისთვის. მთავარი ის არაა, რომ თანამედროვე ცივილიზაციის კვალობაზე რამდენიმე ოდიოზურმა ფიგურამ ერთ თავისიანს არქაული რეგალიები აჰყარა, არამედ ის, რომ ეს ჩანაწერი სახელმწიფომ გამოაქვეყნა (სხვანაირად ვერ მოხდებოდა), სავარაუდოდ იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორ გათახსირდა ერთ-ერთი ავტორიტეტი და მისი დაცემა საჯარო ყოფილიყო ერისა და ბერის გასაგონად.

საბჭოთა ციხეს გააჩნდა ერთი თავისებურება, რომელიც არ ვიცი რამდენადაა გავრცელებული სხვა ქვეყნების პრაქტიკაში. ციხის კონტიგენტს წარმოადგენდა პირობითად რომ ვთქვათ, ორი ტიპის ადამიანები: პროფესიონალი პატიმრები და ჩვეულებრივი ადამიანები. პირველ ნაწილს განეკუთვნებოდა პროფესიონალ დამნაშავეთა კატეგორია, ქურდული სამყაროს წარმომადგენლები, რომელთათვისაც ციხე მეორე (ზოგისთვის პირველი) სახლი იყო და კარგად იყვნენ ადაპტირებული მის პირობებთან. მეორე ნაწილს კი შეადგენდა ჩვეულებრივი საბჭოთა მოქალაქე, რომელიც ბედის სიმუხთლემ ჩააგდო ამ მდგომარეობაში. ციხეში მოხვედრილი ჩვეულებრივი ადამიანი პრაქტიკულად ორ სასამართლოს გადიოდა. ერთს საბჭოთა სასამართლოს მიერ, განაჩენით, მისჯილი წლების რაოდენობითა და საბრალდებო დასკვნით, მეორეს კი ციხეში, სხვა, ძირითადად პროფესიონალ პატიმართა მიერ, რომლებიც ეცნობოდნენ პატიმრის საბრალდებო დასკვნას და დანაშაულის სიმძიმის მიხედვით უსწორდებოდნენ საკანშივე. მოარული ხმების მიხედვით, ყველაზე მძიმე დანაშაულად გაუპატიურება ითვლებოდა, რომელიც ისჯებოდა ანალოგიური მეთოდით მოძალადის დასჯით, თუმცა შესაძლებელი იყო რაიმე ინსტრუმენტის, მაგალითად ბოთლის გამოყენებაც. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოება, რომელიც ციხის საჯარო სივრცეს ქმნიდა, მოქმედებდა საკუთარი კოდექსით, რომელიც შესაბამის სასჯელებს ითვალისწინებდა, სჯიდა და აღასრულებდა მართლმსაჯულებას დამოუკიდებლად და განასაჯაროებდა შედეგს.

რევოლუციის 9 წლისთავისთვის კი ჩვენ მივიღეთ ქვეყანა, სადაც შეერთდა ეს ორი კოდექსი ერთი მთლიანი სისტემის სახით. ჩვენ მივიღეთ საბჭოთა კავშირი, რომელიც მოქმედებდა ერთიანი სისტემით, გარეგნულად თავს იმკობდა ცივილური და თანამედროვე ფრაზეოლოგიით, ხოლო შინაგანად წარმოადგენდა საბჭოთა ყოფის კარიკატურულ ანალოგს. სისტემა არასდროს იყო მტყუანი, არასდროს აღიარებდა შეცდომას და მისი სიმართლის რეიტინგი შეადგენდა 99.9 პროცენტს.  დამნაშავე იყო მხოლოდ განსასჯელი, ხშირად სრულიად უდანაშაულო, რომელსაც პრინციპში შეეძლო თავისუფლების მოპოვება მისი ყიდვის საშუალებით. სისტემის უხილავი წარმომადგენლები ამ ნიხრს ინდივიდუალურად ადგენდნენ. შემდეგ სისტემა თვლიდა, რომ ციხეში მოხვედრილი უკლებლივ ყველა ადამიანი იმსახურებდა მეორე ეგზეკუციას, რადგანაც მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა ეს არავითარი სასჯელი არ არის ადამიანისთვის, რომელიც ციხეში ცხოვრებას და მონობას ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირშია მიჩვეული. მეორადი სასჯელი ცემიდან დოკუმენტალურ გაუპატიურებამდე პრაქტიკულად ყველა პატიმრისთვის იქნა გამოყენებული. გამოდის რომ მეთოდი, რითაც საბჭოთა ციხეში მხოლოდ პროფესიონალი კრიმინალები მოქმედებდნენ მხოლოდ განსაკუთრებული ელემენტების წინააღმდეგ, დღეს სახელმწიფო იყენებს ყველას წინააღმდეგ.  ამავე დროს, სახელმწიფო ფიქრობს, რომ საზოგადოებას კვლავ ისეთივე დამოკიდებულება გააჩნია გაუპატიურებული დამნაშავის მიმართ, როგორც ეს საბჭოთა პერიოდში იყო. არადა მაშინ ყველამ იცოდა, რომ ციხეში ადამიანის გაუპატიურება კრიმინალების მიერ მხოლოდ „დამსახურების“ მიხედვით ხდებოდა.  დღეს კი ეს აქტი სახელმწიფომ მხოლოდ სადისტურ ანგარიშსწორებად და ძალადობად აქცია, თან ისე, რომ საკუთარი ავადმყოფური წარმოსახვისა და გაუნათლებლობის გამო ამას ვერც მიხვდა.

საბჭოთა პერიოდში დასნეულებულმა ავადმყოფებმა, რომლებიც ბედის ირონიით ხელისუფლების სათავეში მოექცნენ, შექმნეს ეს სადისტური სისტემა, ხოლო საზოგადოებამ ვერ შექმნა ვერავითარი მექანიზმი, რითაც ხელისუფლებას გააკონტროლებდა. ხალხმა არ იცოდა და ვერ მიხვდა, თუ სად იყო საჭირო წინააღმდეგობის გაწევა ხელისუფლების უზურპატორთათვის, სად და როდის იყო საჭირო ხმის ამოღება და მასიური პროტესტი, რა იყო სწორი მოთხოვნა და მოქმედება. არ ვიცოდით, რადგანაც ჩვენ ყველანი საბჭოთა კავშირში დავიბადეთ. ამას კი განკურნება სჭირდება. სამწუხაროდ, ჩვენდა სავალალოდ, თერაპიის ერთადერთ საშუალებად შოკი იქცა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^