Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არეული ცნობიერების ნაკადი

27 სექტემბერი 2012

ვიცი, ვინც ახლა ამ ბლოგს წაიკითხავს, იტყვის, რომ ფარისეველი ვარ, ვარტისტობ, “შუაშისტი”, სუბიექტური, ქედმაღალი ვარ და ა.შ. მიუხედავად ამისა მაინც დავწერ. მართალია, თითქმის დღე არ გადის რომელიმე ტელევიზიის ტოქ-შოუში თუ სიუჟეტში არ ვმონაწილეობდე, ამ საკითხზე საუბრის საშუალება არ მომეცა. ეს უბრალოდ ძალიან ძნელია და თავად მიჭირს. ახლა თავს ვაბიჯებ, ვცდილობ მაქსიმალურად დავიოკო ემოციები, გადავიდე მომავალში და იქიდან შევხედო მდგომარეობას, რომელიც ადამიანებს შორის არსებობს.

მეშინია, იმ დროს არ დავუბრუნდეთ, როდესაც ამ პოლიტიკური ხედვის უთანხმოების ნიადაგზე მეგობრები ერთმანეთს აღარ ელაპარაკებოდნენ, ოჯახები ინგრეოდა, დედა-შვილი ერთამენთში აღარ კონტაქტობდა და ა.შ. იმედი მაქვს, ავადმყოფური “ზვიადიზმის” ეპოქაში აღარ დავბრუნდებით, მაგრამ ურთიერთობები რომ ინგრევა - ეს ცხადია. ეს გარკვეულწილად ლოგიკურია და გამართლებულიც. მაგალითად, ადამიანთან, რომელსაც ვერ ვუთამხმდები მთავარ, ფუნდამენტურ ღირებულებაზე - ადამიანის უფლებაზე, როგორ უნდა გავაგრძელო მეგობრობა!? იმათთან, ვინც დღეს ცდილობს ციხეში არსებული წამების ფაქტები გაამართლოს, ან მეორე მხარეს გადააბრალოს და მიზეზი იქ ეძებოს, არა განშორება, არამედ მეგობრობა იქნება ფარისევლური. 

ამგვარი შეუთანხმებლობის გამო ბევრი მეგობარს ვაწყენინე. ემოციური ადამიანი ვარ და ბევრჯერ გამოუვალ მდგომარეობაში ნებსით თუ უნებლიეთ ისეთი რამ მითქვამს, რაც ვიცოდი, რომ ეწყინებოდათ. შემდეგ ვნანობ და ვნანობ არა იმიტომ, რომ ტყუილი ვთქვი, არამედ იმიტომ რომ ახლობელს ვატკინე და ეს მაწუხებს.

ჩვენ ყველანი პოლიტიკოსების ავანტიურისტული და ბინძური თამაშების მსხვერპლი ვხდებით მაშინ, როდესაც ერთმანეთის დაუნდობელ ჭამას ვიწყებთ. აზარტში ვართ და ერთმანეთს ვიწვევთ, რომ გავაღიზიანოთ. ახლაც ვუყურებ სოციალურ ქსელში როგორ ვჭამთ ერთმანეთს, ხან მე ვესხმი თავს და ხან მე მესხმიან, ხან კი უბრალოდ ვხედავ, როგორ ჭამენ ადამიანები ერთმანეთის ხორცს. ის, რომ ისევ ვერ ვთანხმდებით და ისევ ვიბრძვით, საზოგადოების ჩამოუყალიბებლობის მაჩვენებელიცაა. 

ორივე პოლიტიკური ძალა მოწინააღმდეგის დასამარცხებლად და ხალხის აღსაგზნებად ტირაჟირებს სხვადასხვა ჩანაწერებს და შემდეგ ამით ცდილობს მანიპულაციას, მაგრამ ის, რომ ისევ მანიპულირებადნი ვართ, ჩვენი პრობლემაა. წამების კადრების ირგვლივაც ვერ ვახერხებთ გაერთიანებას და მაინც “პარტიულ” ინტერესებს ვაყენებთ უფრო წინ. ერთმანეთს წითელ ნაჭრებს ვუფრიალებთ და სიამოვნებით ვერთვებით ბრძოლაში. ერთნი გვიყიჟინებენ, რომ “ქურდები” ბრუნდებიან, რუსები მოდიან… მეორენი გვიყიჟინებენ, რომ ადრე თუ გვიან, ჩვენც გავხდებით წამების მსხვერპლნი. ბუნებრივია, დღეს ის რეალური ფაქტები უფრო ახლოს დგას სინამდვილესთან, ვიდრე ეს გაცრეცილი “მგელი მოვა, მგელი”.

დღევანდელი ბრძოლა ყველაზე დაუნდობელია, რადგან ორივე მხარე თავს ერთდროულად გამარჯვებულად და დამარცხებულად მიიჩნევს, (დღეს არც ერთმა მათგანმა არ იცის რეალურად, რა იქნება პირველ ოქტომბერს). როდესაც სტუდენტებს ვახსენებთ და ვამბობთ, რომ ისინი მანიპულირებადი არიან, აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ჩვენგანი ასეა, რადგან ნებისმიერ ჩვენს სიტყვას თუ ქმედებას, ვინმე საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენებს, რაც სამშობლოს ნათელი მომავლის იდეით არის შენიღბული.  ჩუმად რომ ვიყოთ და უმოქმედოთ, ამასაც საკუთარი ინტერესებისთვს გამოიყენებენ. ამიტომ მათგან თავის დაღწევის მექანიზმი და გამოსავალი ამ დროისთვის არ არსებობს.

ორივე ძალას ეშინია, რომ პირველი თუ მოვა უმრავლესობით, მეორეს ბოლომდე დაჩაგრავს, მეორე თუ მოვა - პირველს. ეს ჰიპოტეზა ამ ძალების მხარდამჭერებზეც ვრცელდება. სამწუხაროდ, არც ერთი მათგანის შიშები არ არის გაუმართლებელი.

ნაჩვენები კადრების შემდეგ, იმის იმედი, რომ ხელსუფლება ძალადობით გამოწვეულ ძალადობას, მოსახლეობაში გაჩენილ აგრესიას გასავალს მისცემდა, საბოლოოდ გაქრა. მან ისევ შემტევი, ისევ აგრესიული, ისევ პროპაგანდისტული სახე მიიღო და მადისკრეტიდირებელ ფაქტებს, კონტრ ფაქტებით დაუპირისპირდა. და ამ “ფაქტების” ომში…

შევეგუოთ იმას, რომ ახლა ჩვენი თვალი განსაკუთრებულად სუბიექტურია, რაღაცას ვხედავთ და რაღაცას უბრალოდ ვერ ვხედავთ, რაღაც გვესმის და რაღაც არ გვესმის. ამას ვერსად გავექცევით. ერთი “ქურდს” ხედავს და მეორე “ჯალათს”, სინამდვილეში კი ორივე არსებობს. ამიტომ ვცადოთ, რომ ამასობაში ერთმანეთს თვალები არ დავთხაროთ. მე ბევრი მეგობარი მყავს ყველა მხარეს და ბევრი რამ მაშორებს და მაახლოვებს მათთან, მაგრამ ახლა მხოლოდ ის მახსოვს, რაც მათგან მაშორებს.

ახლა მეც ყველა მეზიზღება, ჩემი რამდენიმე ახლო მეგობრის და თანამოაზრის გარდა, მაგრამ ვიცი, დრო გავა და ისევ ყველა შემიყვარდება. ამიტომ წინ ვიხედები და ვცდილობ ფატალური შეცდომები არ დავუშვა, რადგან ჩვენს შეცდომებზე და ჩვენს ადამიანურ ურთიერთობებზე დგას ყველა ჩვენგანის ცხოვრება. რა სისულელეა, ახლა ამის თქმა, მაგრამ შევეცადოთ მაინც რომ ერთმანეთი გვიყვარდეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^