Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩვენს არადანზე და ჭიამაიაზე

30 სექტემბერი 2012

 

ხვალ საქართველოს საპარლამენტო არადნებია და რაკი ბოლო დღეს რომელიმე პარტიის აგიტაცია-პროპაგანდა სასურველი არაა, ამიტომ ამ საქმით არ დავკავდები, თუმცა სიმართლე გითხრათ, არც ვაპირებდი და არც არავითარი სურვილი მქონდა ამისა. ხვალინდელ საპარლამენტო არადნებს რატომღაც ყველა არჩევნებს უწოდებს. არადა, ჩემთვის სამწუხაროდ ასე სულაც არაა. მგონია, რომ ვერ ვივარგეთ საიმისოდ, რათა არჩევანი ჩვენს ხელთ ყოფილიყო და ამიტომ ხვალისთვის მხოლოდ არადანი შეგვრჩა.

ახლა არ დამიწყოთ გამოკითხვა, რატომო... დავწერე ამაზე კიდეც, თუ რატომ, მაგრამ მერე, რომ გადავიკითხე, მივხვდი, რომ დღეს არ ღირს ამაზე ლაპარაკი და ამიტომ ეს თემა, თუკი იგი სამწუხაროდ კვლავ აქტუალური დარჩება, სამომავლოდ გადავდე... არადა, სხვა რაზე გესაუბროთ? ისევ ადამიანების წამებასა და დამცირებაზე თუ კომპრომატების ომზე, თუ იმაზე, თუ რამდენად გამოფხიზლდა და ამავე დროს მოიწამლა გარემო და ჩვენი ცნობიერება ბოლო 12 დღის განმავლობაში? არა, დღეს არანაირად არ მინდა ამის გაკეთება. არ მინდა ეს ჩემი რამდენიმე წუთი კვლავ თქვენს გასამწარებლად და მოსაშხამად გამოვიყენო. ამიტომ გადავწყვიტე, ჭიამაიაზე დაგელაპარაკოთ.

ჭიამაია ძალიან უცნაური არსებაა. სხვადასხვა ეროვნების ადამიანები მას სულ სხვადასხვანაირად აღიქვამენ. აი, ძაღლი ყველასთვის ძაღლია, ქათამი – ქათამია, ძროხა – ძროხაა, ანუ არავინ იტყვის ძაღლზე რომ ის რაღაც გაგებით მაინც ქათამიაო, არც ქათამზე იტყვის ვინმე – ასე თუ ისე ძროხააო. აი, ჭიამაია კი ძაღლიცაა, ქათამიცაა, ძროხაცაა, ბებიაცაა, ბაბუაცაა... მართლა, მართლა!

აი, რუსებისთვის იგი ხომ Божья коровка, ანუ ჩვენებურად რომ ვთარგმნოთ, ღვთის ბოჩოლაა. ასევეა ბულგარელებისთვის, რუმინელებისთვის, ბელორუსებისთვის, პოლონელებისთვის, უკრაინელებისთვის. თუმცა უკრაინელი ბავშვები მას „სონეჩკოს“, ანუ მზეს უწოდებენ. იაპონელებიც მზეს უკავშირებენ ჭიამაიას: ტენტო-მუში მზის ხოჭოს ნიშნავს. სამაგიეროდ როგორც სლავებისთვის, ებრაელებისთვისაც ძროხაა ჭიამაია, ოღონდ მოშე რაბინის ძროხა. ოსებისთვის კი აღდგომის ქათამია. ხოლო სომხები აღდგომას და ჭიამაიას საერთოდ ერთი სიტყვით - „ზატიკით“ - აღნიშნავენ. ბერძნებიც აღდგომას უკავშირებენ ჭიამაიას. ანუ რომ გადმოვაქართულოთ, „აღდგომისა“ თუ „აღდგომელა“ იქნება. საერთოდ, რელიგიური ხასიათის ეტიმოლოგია ძალიან ბევრ ენაში აქვს ამ ციცქნა და საყვარელ არსებას:

ინგლისურად რამდენიმე სინონიმი აქვს: Ladybird, Ladybug, Lady cow... ანუ ხან ჩიტია, ხან ხოჭო, ხან ძროხა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ღვთისმშობლის.  ძველ ჰოლანდიურში ნაყოფიერების, სიყვარულისა და ვნების ქალღმერთის, ფრეიას ცხოველი ერქვა. მერე, ჰოლანდიელები რომ გაქრისტიანდნენ, ღვთისმშობლის ცხოველი შეარქვეს, ახლა კი კეთილი ღვთის ცხოველი ეწოდება. ფრანგებიც ჰოლანდიელებივით კეთილი ღვთის ცხოველადაც მოიხსენიებენ ჭიამაიას. ლუქსემბურგულად პატარა ზეციური ცხოველია. გერმანულად მარიამის ხოჭოა. სხვათაშორის, ოსები მარტო აღდგომის ქათამს კი არა, მარიამის ქათამსაც უწოდებენ მას. ჩერქეზულად კი იგი მფრინავი ძაღლია. მოკლედ, ხან ერთი ცხოველია ეს ჭიამაია და ხან მეორე...

ახლა ნახეთ: თურქებისთვის იგი იღბლიანი ჭიაა, სპარსელებისთვის – პატარა ხარაზია, არაბებისთვის – დღესასწაულის მამა, ტაჯიკებისთვის – წითელი ბაბუა, აზერბაიჯანელები „ფატმა ნენეს“, ანუ ბებია ფატმას უწოდებენ. როდესაც ბავშვები ბებიასგან შორს არიან და ჭიამაიას ხედავენ, ეუბნებიან ხოლმე მას: „გაფრინდი, გაფრინდი, ბებია ფატმა, და მოგვიყვანე ჩვენი ბებია“. პორტუგალიურად ჟოანინა ჰქვია და პორტუგალიელი ბავშვები ასე მიმართავენ: „ჟოანინა, გაფრინდი, გაფრინდი მამაშენთან, რომელიც ლისაბონშია“. შვედებისთვის მოახლეა გასაღებით ხელში, ალბანელებისთვის კი არც მეტი, არც ნაკლები, სისხლიანი ტუჩები.

კიდევ ბევრი ვერსიის ჩამოთვლა შემიძლია, რადგან რამდენიმე თვის წინ უცებ დავინტერესდი ამ ფენომენით და დედამიწის სხვადასხვა კუთხეებში გაფანტული უცხოელი მეგობრებისა და სხვადასხვა ენების სპეციალისტი ქართველების დახმარებით ჭიამაიას ეტიმოლოგიის კვლევას შევუდექი. წერილი ამ თემაზე სამომავლოდ იქნება, მაგრამ ახლა ის უნდა აგიხსნათ, დღეს ამ ყველაფრის თქვენთვის თქმა რატომ მომინდა.   

როგორც ხედავთ, ამ ერთიციცქნა ჭიამაიას დედამიწის ზურგზე ყველა თავისებურად აღიქვამს. კარდინალურად განსხვავებულია ეს ხედვები. ჰოდა, თუ ასეა, მაშინ რა გასაკვირია იმაში, თუკი ქვეყნის ბედს და მის მომავალს ადამიანები აბსოლუტურად განსხვავებულად ხედავენ? იმაში, თუკი ხვალინდელ არჩევნებზე (ბოდიშით, წამომცდა, უნდა მეთქვა არადნებზე) ერთი ერთ არადანს გააკეთებს, მეორე – მეორეს, მესამე კი მესამეს? ამის გამო ერთმანეთი არ უნდა შევიძულოთ. აი, წარმოიდგინეთ: სხვადასხვა ეროვნების ადამიანებმა ერთმანეთი რომ დახოცონ: ერთმა დაიჩემოს – ძაღლიაო, მეორემ – ძროხააო, მესამემ – ქათამიაო, მეოთხემ – ჩიტიაო, მეხუთემ – ჭიააო, მეექვსემ – ბებიააო, მეშვიდემ – ბაბუააო, მერვემ – ხარაზიაო, მეცხრემ – მზეაო, მეათემ - ხომ არ გაგიჟდით, აღდგომააო... თუ ვერ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ყველანი ერთსა და იმავე არსებაზე ლაპარაკობენ, დარჩება ერთისთვის ჭიამაია ბოლომდე ძაღლად, მეორესთვის – ძროხად, მესამესთვის – ქათმად, და ამ ჩხუბში თანდათან ჭიამაიაც კი დაავიწყდებათ. დაავიწყდებათ ის, ვის გამოც კამათი დაიწყეს, კამათი, რომელიც ნელ-ნელა ჩხუბში და ბოლოს ხოცვა-ჟლეტაში გადაიზარდა.

საქართველო დღეს, არადნების წინა დღეს სწორედ ამ ჭიამაიას ჰგავს: მას თითქმის ვეღარავინ ხედავს: ყველა ხედავს მხოლოდ იმას, რა სახელიც ამ ჭიამაიას თავად დაარქვა. ამიტომ ხვალ ყველანი ფრთხილად ვიყოთ: თუ ამ სასტიკ ომს გავაგრძელებთ ერთმანეთს შორის, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვერც კი შევამჩნიოთ და ეს პატარა ჭიამაია გავსრისოთ. მერე ვიღაც მოიპოვებს გამარჯვებას და ხალხს ეტყვის, რომ ჭიამაია მზეა, ან ეტყვის, რომ ჩიტია, ან - აღდგომაა, და რომ მხოლოდ ესაა ჭეშმარიტება, მაგრამ სამწუხაროდ ჭიამაია უკვე გაჭყლეტილი იქნება.

ამიტომ სანამ არადანის გასაკეთებლად წავალთ, შევეცადოთ ის სიტყვები დავივიწყოთ, რაც ჩვენს ჭიამაიას, ჩვენს ქვეყანას დავარქვით. შევეცადოთ, თავად ჭიამაია დავინახოთ.

ანუ დღევანდელ აქტუალურ შეკითხვას „ჭია-ჭია მაია, ხვალ როგორი დარია?“ - მაინცდამაინც და დაუფიქრებლად არ უნდა ვუპასუხოთ ასე: „დარია თუ ავდარია, მიშა მაგარია“, ან მიშა მექანიკურად რომელიმე სხვა სახელით არ უნდა შევცვალოთ. მეეჭვება, ასე მოხდეს, მაგრამ თუ ასე მოხდება, იმედია, ჭიამაია ძალიან ცუდ პასუხს არ მოგვიტანს. გვეტყვის: ისეთი პირი უჩანს, ნორმალური არადანი იქნება და მერე, თუ ივარგებთ, შეიძლება არჩევანიც კი გამოგიჩნდეთო... თან გაგვაფრთხილებს: თუ არადა, იცოდეთ, თუ ძველებურად გააგრძელებთ, მალე არჩევანი არა, არადანიც კი არ გეღირსებათო...

ეჰ, აბა, ხვალამდე!

უი, ეს ვინ მოსულა? „ჭია-ჭია მაია, ხვალ როგორი დარია?“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^