Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პოლიტიკა და დემო(ს)კრატია

17 ოქტომბერი 2012

დამთავრდა. გაიმარჯვეს, იზეიმეს, იყიჟინეს, იბრძოლეს, იჩხუბეს. დილით სასოწარკვეთილი ნიშნისმოგებით ნათქვამს: - "ჩვენ ხომ ერი არა ვართ", იმავე საღამოს, იმავე ადამიანის მიერ, ამჯერად გულწრფელად ნათქვამი: -"მაინც მაგრები ვართ, მაგის დედა ვატირე" მოჰყვა. ორიოდ დღეში კი, ამ სიხარულს და ეიფორიას, უცნაური და ამავე დროს, ბუნებრივი დაბნეულობა და შიში ჩაენაცვლა. დამთავრდა კი? ნუთუ მართლა დამთავრდა ეს 8 წლიანი ვაქხანალია, ნუთუ მართლა გადავრჩით? კიდევ რამეს ხომ არ გვიპირებენ? თითქოს ძალიან "იოლად" დათმეს ყველაფერი. მთელი ქვეყანა სამოქალაქო ომის თუ არა, სამაქალაქო დაპირისპირების  მოლოდინში იყო და უცებ ძალიან "იოლად" დამარცხდნენ, მრისხანე და უძლეველი "ნაცები" ძალიან "იოლად" შეეგუენ და შეირგეს ეს დამარცხება. საეჭვოდ "იოლად". და რა თქმა უნდა, მსწრაფლ გაჩნდა ვერსიები, დაიწყო ღრმააზროვანი საუბრები - "ამერიკა", "ეუთო", "გაერო", "მიშას უთხრეს", "ბიძინას უთხრეს", მღვდლები ლოცულობენ" და ა.შ.

პანიკას იწვევს სააკაშვილის ყოველი ნაბიჯი: “მიშამ ცალკე გაიტანა მოსმენების სამსახური, პრეზიდენტის ფონდი, მერიამ შექმნა ალტერნატირული დაცვის სამსახური”, “ნინო კალანდაძის ძმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელად დაინიშნა”, "ისევ ფართხალებენ", "ესენი კუდს მოიქნევენ", "რევანშისთვის ემზადებიან". 

თავის მხრივ, საზოგადოების მიმდინარე მოვლენებისადმი ასეთი შიშნარევი დამოკიდებულება აბსოლუტურად გასაგებია. გაცრუებული იმედი, თავისთავად, ყველაზე საშინელი და მტკივნეული რამეა. საქართველოში კი, რვა წლის განმავლობაში, იმედის გაცრუება კი არა, გაბახება მოხდა. ასე რომ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ისიც ცხადია, რომ არავითარ შემთხვევაში ასეთ მდგომარეობაში დარჩენა არ შეიძლება.

არსებობს ლეგენდა, რომ როდესაც სტალინი მოკვდა, კრემლის ექიმები მთელი კვირა გაკვეთას ვერ ბედავდნენ, ეშინოდათ, ფიქრობდნენ, "რამე რომ მოხდეს", რა გვეშველებაო. ვიდრე ჩვენც ამ ექიმებს არ დავემსგავსეთ, ჩვენი პოლიტიკური ცხედარი ჩვენვე უნდა გავკვეთოთ და ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ, რა მეტასტაზებია მოდებული და საერთოდ, რა უბედურება გვჭირს. უნდა გავკვეთოთ რაც შეიძლება მალე, ვიდრე მართლა "რამე არ მომხდარა", ცხედარი არ გაცოცხლებულა და ახლა უკვე მთლად ზომბად ქცეული არ დაგვრევია.

ამავე დროს, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" "ფართხალებს", "რაღაცას გვიპირებს", "შეიძლება კუდიც მოიქნიოს" და რა თქმა უნდა, "რევანშისთვისაც  ემზადებიან", ოღონდ,  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტ ეიფორიაში ჩავვარდებით, ან კიდევ უფრო უარესი, ყველაფერზე ელეთ-მელეთი დაგვემართება, დავფრთხებით და ავირევით. 

რაც მთავარია, არც ისე "იოლად" მოხდა ყველაფერი და არც "ნაციონალურ მოძრაობას” დაუთმია რამე "იოლად". ჩვენ არ დაგვვიწყებია, არც განუწყვეტელი დემაგოგია, არც NDI-ის კვლევის შედეგები, არც მუქარა, შანტაჟი და პროვოკაციები. არც ის 50-მდე დაკავებული ადამიანი, მათ შორის, პოლკოვნიკი ნიკა ჯანჯღავა, რომელიც 19 აგვისტოს "პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის დააკავეს" და რომ არა არჩევნების შედეგები, არავინ იცის, რა ბედი ეწეოდა. არც დაჩი ცაგურიას 10 დღიანი პატიმრობა, არც სტუდენტებზე განხორციელებული თავდასხმები, არც დათა ახალაიას და სოსო თოფურიძის სტუმრობა საპატრიარქოში და არც ხაშურის საარჩევნო უბნებზე, სპეცრაზმის მიერ შეშვებული გაზი და საარჩევნო კომისიის წევრების და მოსახლეობის დახეთქილი თავები. არ დაგვვიწყებია თბილისის საარჩევნო უბნებზე სიებით მორბენალი "ნაცების" აქტივისტები და შავ მანქანებში ჩაპრესილი, სამოქალაქო ფორმაში გადაცმული "ორგანოს თანამშრომლები". არ დაგვვიწყებია, ზუგდიდში, როლანდ ახალაიას ბიულეტინში ციფრ 15-ის სხვა ფერის კალმით მიწერილი 3-იანი, ანუ 315. არც ის, რომ საბჭოთა პროკურორი როლანდ ახალაია დასავლეთის ცივილიზებული სამყაროსკენ და ნატოსკენ მიმავალი ნათელი გზის გამკვლევია, ამერიკაში გაზრდილი და საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში, ირაკლი ალასანია კი "ბნელი წარსულის გადმონაშთი". 

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არც გუშინ და არც ერთი წლის წინ არ დაწყებულა, სულ ცოტა 2007 წლის ნოემბრიდან დაიწყო და ამდენი შეცდომის, ღალატის და სისულელის მიუხედავად, როგორც იქნა, აქამდე მოვედით. ასე რომ, ეს ყველაფერი არც ისე “იოლად” და “მოულოდნელად” მოხდა. სააკაშვილმა და მისმა გუნდმა, რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს თავის გადასარჩენად და ახლაც, ამ წუთასაც, ყველაფერს აკეთებენ. უბრალოდ, მეტი ვერ გააყალბეს. თბილისმა კი პოლიტიკური ვენდეტა გამოუცხადა "ნაციონალური მოძრაობას". ამიტომ, არა მგონია, ხალხს რამე იოლად და ხონჩაზე მირთმეული მიეღო. პირიქით, ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ და ძალიან დიდი მსხვერპლი გავიღეთ.

რა თქმა უნდა, არაფერი დასრულებულა. პირიქით, სწორედ ახლა იწყება ყველაფერი, მაგრამ ვიდრე ხალხს და საზოგადოებას ხელისუფლების შეეშინდება, ვგულისხმობ, წარსულ, ახლანდელ თუ მომავალ ხელისუფლებას, ამ ქვეყანას არაფერი  ეშველება და არცთუ სახელმწიფოდ, ერადაც ვერ ჩამოვყალიბდებით. პირიქით, ნებისმიერ ხელისუფლებას ცეცხლივით უნდა ეშინოდეს საზოგადოების და ხალხის, რამე არ შემეშალოს, არ გამოცვივდნენ და საიდანაც მოვბრძანებულვარ, იქით არ მიმაბრძანონ და თუ შევყოვნდი, პანღურიც არ მომაშველონო. 

საქართველოში თავისუფლებისათვის ბრძოლისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში ყოველთვის, ტრადიციულად, განსაკუთრებული როლი ენიჭებოდათ ხელოვანებს, საზოგადო მოღვაწეებს, მწერლებს. იქ კი სადაც საზოგადო და სამოქალაქო თავისუფლების ინსტიტუტები ჩამოყალიბებულია, საერთოდ წარმოუდგენელია ხელოვანი, ლიტერატორი და მწერალი, ნებისმიერ ხელისუფალს, კაბინეტში ეჯდეს ან მისაღებში ატუზული ელოდებოდეს. ცნობილია ფოლკნერის პასუხი კენედისადმი, მარკესი ზუსტად იმდენჯერ აჯანყდა, რამდენჯერაც მისი აურელიანო ბუენდია, ლიოსამ "ქალაქი და ძაღლები" დაწერა და კინაღამ დახვრიტეს, ივან ბუნინი გაგანია წითელი ტერორის დროს "დაწყევლილ დღეებს" წერდა, ის დამთხვეული ჰემინგუეი კი ჰარი ტრუმენს სულ გაკოტრებულ მეგალანტერიეს და ნაბოზარს ეძახდა - "სიცოცხლეში გაკოტრებული მეგალანტერიე არ ვყოფილვარ და არც ხელგამოწვდილს ჩამომივლია, სამოწყალოდ ხმები მომეცითო". 

სწორედ ამიტომ უსწორდებოდნენ და დევნიდნენ ასე სასტიკად ბოლშევიკები მწერლებს. სწორედ ხელოვნებისა და შემოქმედების კისრის მოგრეხვით იწყება ხალხის დამონება.

საქართველოშიც ხელისუფლება Eშემოქმედს და მწერალს გაცილებით მეტად უნდა უფრთხოდეს, ვიდრე იარაღიან ამბოხებულს. იმისთვის კი, რომ შემოქმედის და მწერლის სიტყვას ფასი ჰქონდეს, ის მკვეთრად უნდა  გაემიჯნოს ხელისუფლებას და მუდმივ ოპოზიციაში უნდა იყოს. პროსახელისუფლო ხელოვანი, მწერალი  თუ რეპერი მხოლოდ ჩვენი,  დაავადებული მენტალიტეტის და აზროვნების მუტაციის შედეგია.

სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" უკვე წარსულია და ყველა თავისას მიიღებს. ახლა ჩვენ საქმე პრემიერმინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილთან და მის გუნდთან გვაქვს.  მათ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ ისეთი კარტბლანში, როგორიც სააკაშვილს და "მის რაზმს" ჰქონდა და რამაც ამ უბედურებამდე მიგვიყვანა.

ბატონ ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან კარგად უნდა ესმოდეს, რომ ყოველ წამოცდენილ სიტყვაზე, ფრაზაზე თუ რეაქციაზე აგებს პასუხს. დაწყებული იქიდან, რომ "რუსებთან სააკაშვილმა დაიწყო ომი," რაზეც მერე მთელი წელი თავს იმართლებდა  და ტალიავინის კომისიის დასკვნას იფარებდა, დამთავრებული, რამდენიმე დღის წინანდელი იაღლიშით, როცა საქართველოს ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებს "შეახსენა," რომ "მათი სამშობლო აქვეა" და მერე ისევ თავის მართლებას მოჰყვა. პოლიტიკოსის ბედი და ხელობა ეგ არის, რომ ჯერ უნდა დაფიქრდეს და მერე ილაპარაკოს, მით უმეტეს რომ იცის – მის ყოველ ნათქვამს კუდს კი არა კუდებს გამოაბამენ და მერე ახსნა განმარტება მოუწევს – რა თქვა, რისი თქმა უნდოდა და რას გულისხმობდა.

P.S. აქვე არ შემიძლია ორიოდე სიტყვა არ ვთქვა,  შსს-ს მინისტრობის ახალი კანდიდატის პირველივე კომენტარზე, როდესაც მან კვლავ ის ავადსახსენებელი სიტყვები - "ნულოვანი ტოლერანტობა" ახსენა.

ბატონ ირაკლის მინდა შევახსენო, რომ რაც ამ ბოლო 8 წლის განმავლობაში, ამ ქვეყანამ პოლიტიკოსებისა და ხელისუფლებისგან გადაიტანა, მხოლოდ საზოგადოებას და მოქალაქეებსა აქვთ ხელისუფლებისადმი ნულოვანი ტოლერანტობის უფლება!” არც ის დაგავიწყდეთ, რომ ამ უბედურებას სწორედ შსს ახორციელებდა, სწორედ ის უწყება, რომლის ხელმძღვანელობასაც თქვენ აპირებთ. ძალიან არ მინდა თქვენი წინამორბედების მსგავსად, თქვენც ღამის 12 საათის მერე მოგიწიოთ სარფის საბაჟოდან ქვეყნის დატოვება, თან აქეთ-იქით ყურებით, თავში რამე არ ჩამარტყანო.

ჯერ არ მოსულა და უკვე "ნულოვანი ტოლერანტობა!" გამომივიდა აქ!

"ნულოვანი ტოლერანტობა" მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^