იმ წელს, კომკავშირში მთელი კლასი რომ მიგვიღეს, რაიკომის მხრიდან ჩვენს სკოლაში რამდენიმე რეიდი განხორციელდა, ლოზუნგით "ვინ გვარცხვენს". ამ აქციებს არაერთი მოწაფე ემსხვერპლა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამათ შორის მეც აღმოვჩნდი. იმ საბედისწერო დღეს, ზემოთაღნიშნული უწყების ორი პარტიული მუშაკი, მოულოდნელად შუა გაკვეთილზე შემოგვეჭრა და ნამდვილი ჩხრეკა მოგვიწყო. ეს ამბავი მით უფრო უსიამოვნოდ, იმითაც დამამახსოვრდა, რომ ერთ-ერთს ცალი თვალი ოდვავ დაზიანებული ჰქონდა. მოკლედ, ბრალი იმისათვის წამიყენეს, რომ სასკოლო ჩანთაზე, უკანა მხრიდან გულმოდგინედ მქონდა შესრულებული ლათინური 3D წარწერა - "JIMI HENDRIX". არა მგონია ამ ამბავს რაიმე ზიანი მიეყენებინა საბჭოთა კავშირისათვის, რასაც ჩემს მშობლებზე ვერ ვიტყვი, რადგან იმ საღამოს ორივეს, სინქრონულად არტერიული წნევის მომატება აღენიშნა.
ჯიმი ჰენდრიქსი, პირველად ქართულ ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ "75"-ის ფირფიტაზე მოვისმინე. ეს 7-იან და 5-იანი, ყდაზე მთლიანად ვარსკვლავებით იყო გამოსახული. მე-2-ე სიმღერას "წითელი სახლი" ერქვა, ქვემოთ კი მითითებული იყო: მუსიკა და ტექსტი ჯიმი ჰენდრიქსისა, ვოკალი - მიხეილ ფოფხაძე, გიტარა - ირაკლი კალანდაძეო. მანამდე ჰენდრიქსის სახელისათვის, მგონი მხოლოდ ყური მქონდა მოკრული. შთაბეჭდილება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მოსვენება დავკარგე - ნამდვილი ჰენდრიქსის მოსმენაზე ვოცნებობდი. რაზეც კი ხელი მიმიწვდებოდა, ყველაფერი გადავქექე, მაგრამ მაქსიმუმი რასაც მივაგენი, იყო მწირი ინფორმაცია, რომელიც რუსულენოვან ჟურნალ "ამერიკაში" ამოვიკითხე: შავკანიანი მუსიკოსი, სიცოცხლეშივე ბოლომდე ამოწურა გიტარის შესაძლებლობები, 27 წლის გარდაიცვალა და მისი დაჩრდილვა, დღემდე ვერავინ შეძლოო. სხვა, არც ფოტო და არც დისკოგრაფია თან არ ერთვოდა.
ზუსტად იმ პერიოდში, ჩვენი კლასის დამრიგებლის კეთილი რჩევით, რობერტ სტივენსონის "განძთა კუნძულს" ვკითხულობდი და ერთიანად მეკობრეთა ისტორიებით ვიყავი გატაცებული. რაღა დაგიმალოთ და სიზმრებშიც კი გამომცხადებიან ჯონ სილვერი თუ ტომ მორგანი, ჯორჯ მერი თუ ისრაელ ჰენდსი. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ეს ჩვევა მგონი მას მერე დამჩემდა, ზემოთ ნახსენებმა პარტ. მუშაკებმა რომ გაგვჩხრიკეს. ასე გაგრძელდა, ვიდრე ამ წიგნის კითხვას არ მოვრჩი. ამასობაში ჩემი დაბადების დღეც მოახლოვდა, რამაც ფინანსური დანაზოგიც საკმაოდ შემივსო. რა თქმა უნდა, უახლოეს კვირა-დღეს შავ ბაზარს მივაშურე და ჰენდრიქსის ნანატრი ფირფიტა შევიძინე, რომელსაც "წარმატების დაბადება" ერქვა. მერე რა, რომ ფოტო არც აქ აღმოჩნდა. სამაგიეროდ, ისევე როგორც "75"-ის ყდაზე, იმ დროს ჩემთვის ამ მითიური ადამიანის სახე, აქაც ვარსკვლავებით იყო გამოსახული.
ამ ჩანაწერზე ჩემი შთაბეჭდილებები, ალბათ ცალკე საუბრის თემაა. ერთ რამეში კი, მაინც გამოვტყდები: გიტარაზე დაკვრის დაუოკებელმა სურვილმა შემიპყრო, თუმცა, ამაზე საუბარი ნამდვილად არ ღირს იმდენად, რამდენადაც როგორც მოსალოდნელი იყო, აქედან არაფერი არ გამოვიდა. ბოლოს, როგორც იქნა ჩვენმა "შეხვედრამაც" არ დააყოვნა, რომელიც ერთი ფინური ჟურნალის ყდაზე შედგა, სადაც ჩემს მითს ბოლოს და ბოლოს ნათელი მოეფინა.
მთელი ამ დროის მანძილზე, აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს შავკანიანი შემსრულებელი, აუცილებლად ფრაკით თუ არა, პიჯაკითა და ჰალსტუხით მაინც იქნებოდა შემოსილი, როგორც ჯაზისა და ბლუზის შავკანიან მუსიკოსთა წესია. თან, ბ. ბ. კინგიც ხომ მუდამ ასე გამოიყურებოდა, რომელიც იმავე პერიოდში სტუმრობდა თბილისს? წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა ყველა ფოტოზე, ჯიმი ჰენდრიქსი ტიპიურ მ ე კ ო ბ რ ე ს მივამსგასე. თავის ნებაზე მიშვებული თმა, წაკრული თავი, საყურე - ცალ მხარეს და ბოლოს არაჩვეულებრივი ფერის ხიფთანი - თავისი მორთულობით. ღმერთო ჩემო - თავი ისევ სიზმარში მეგონა! თუმცა დაშნის ადგილი, ამ შემთხვევაში გიტარას ეკავა და ყველაზე მთავარი და სასიამოვნო ფაქტი: ამ კაცს ორივე, ფეხიცა და თვალიც ჯანსაღი ჰქონდა, ხელებზე ხომ საუბარიც კი ზედმეტია!
მეგონა სიზმრებში ისევ მეკობრეებს შევხვდებოდი, მაგრამ არაფერი მსგავსი აღარ განმეორებულა (ჯერ-ჯერობით). არ ვიცი, იქნებ ჩემს წარმოდგენაში, ამ ლეგენდარულმა გიტარისტმა, თავისი ხელოვნებით, მეკობრეთა უთვალავი არმიის რეაბილიტაცია მოახდინა!? თუმცა, იმ ნახსენებ საბედისწერო დღეს, ამათი რისხვა, ეტყობა, მეც მომწვდა: იმ ორმა ჩინოვნიკმა, განაჩენად ის გამომიტანეს, რომ შემდეგ დილას, გაკვეთილებზე იგივე ჩანთით უნდა გამოვცხადებულიყავი, ოღონდ ცნობილი წარწერა უკვალოდ უნდა ყოფილიყო ლიკვიდირებული. რა გაეწყობოდა, ჩემი მშობლების დიდი ხათრი მქონდა ყოველთვის და ის ღამეც, განაჩდენის სისრულეში მოყვანას მოვანდომე. ისე, ახლა ეს ამბები რომ გამახსენდა და კარგადაც რომ დავფიქრდი: მგონი ის მეორე - რაიკომიდან, ოდნავ კოჭლობდა...