ამ სტრიქონებს მართლაც რომ ისტორიულ დღეს (საქართველოს მასშტაბშით), ქვეყნის ახალი და, იმედია, დემოკრატიული მთავრობის პარლამენტის მიერ დამტკიცების ჟამს ვწერ. დიახ, რეალური ხელისუფლება უკვე ოფიციალურად გადადის ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანაგუნდელების ხელში და ბევრი ადამიანი საქართველოში (და მის გარეთაც) ფიქრობს, რომ ქვეყანაში დადგა ახალი ეპოქა. ვნებები არ ცხრება, საზოგადოებრივი აზრის გამოთქმის დიაპაზონი ძალზე ფართოა – პირდაპირი რევანშიზმიდან უკიდურეს შემწყნარებლობამდე, მაგრამ ლაიტმოტივი საერთოა – ჯერ უნდა ვაცალოთ.
გარკვეულწილად ეს სწორიცააა – რასაკვირველია, უნდა ვაცალოთ. უცბად, ხელის ერთი მოსმით, სიღრმისეული არაფერი ხდება. მაგრამ თუ ვინმე გულუბრყვილოდ ფიქრობს, რომ 1 ოქტომბრის მართლაც შთამბეჭდავი არჩევნებით და 25 ოქტომბერს ივანიშვილის პრემიერ–მინისტრის პოსტზე დამტკიცებით, მზის მსვლელობა ცის კიდობანზე თუ ისტორიის მსვლელობა დედამიწაზე ერთი წამით მაინც შეჩერდება, ასეთი ადამიანი ცდება და მას უბრალოდ უნდა ვუთხრათ: არ არის ასე. ან – თუ ჭირვეულობს – უფრო მკაცრად და პათეთიკურად მოვთხოვოთ: ნურას უკაცრავად! – როგორც საქართველოს თანამედროვე ისტორიის ერთ კოლორიტულ პერსონაჟს უყვარდა (და, ალბათ, უყვარს) ხოლმე თქმა.
რატომ დავარქვი ამ პატარა ნაკვესს „ფუკუიამადან ფუკუსიმამდე“, არ გაინტერესებთ? რა შეიძლება (გარდა ფონეტიკური ჟღერადობისა) აკავშირებდეს ორ ამ სრულიად განსხვავებულ ცნებას?
მხოლოდ ის, ბატონებო, რომ ორივე თავისებურად უკავშირდება არარსებული აპოკალიფსის დადგომას, ოღონდ პირველი – პოლიტოლოგიურისა, მეორე კი – ატომურის.
აქ ვალდებული ვარ შევახსენო მკითხველს: ფრენსის ფუკუიამა გახლავთ იაპონური წარმოშობის ამერიკელი პოლიტოლოგი და დიპლომატი, ავტორი 1992 წელს გამოცემული წიგნისა „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“, რომელმაც ფართოდ გაუთქვა მას სახელი. ამ ნაშრომში ფუკუიამა ამტკიცებდა (და სწორედ ამან მოუპოვა მას უზომო პოპულარობა – თუმცა თავად ტექსტში, რომელიც ჰანტინგტონის „ცივილიზაციათა კონფლიქტის“ ცნობილ თეორიაზეა აგებული, ბევრი სხვა რამ საგულისხმოც შეიძლება ამოიკითხო ადამიანმა), რომ კომუნისტური უტოპიის გლობალური მარცხის შედეგად გაკეთდა საბოლოო მეტაფიზიკური არჩევანი და კაცობრიობას უბრალოდ ამოეწურა „ცხოვრების მოწყობის“ შესაძლო ფორმები – ლიბერალური დემოკრატია არის კაცობრიობის განვითარების უმაღლესი სტადია და მას იქით ისტორიულ პროცესს გზა აღარ აქვს. გარკვეულად მისი ეს თეზა სწორედ რომ აპოკალიფსის მოასწავებდა, რამეთუ ისტორიის დასასრული სავსებით შესაძლებელია ერთგვარ აპოკალიფსად აღვიქვათ. აბა წარმოიდგინეთ – „ვბანაობთ“ საბოლოოდ გამარჯვებულ ლიბერალურ თუ ლიბერტარიანულ დემოკრატიაში და მეტი საინტერესო დედამიწის ზურგზე არათუ არ ხდება, საერთოდ აღარ მოხდება – მხოლოდ მუდმივი „სააკაშვილი“ თუ „ბენდუქიძე“. სხვათა შორის, მახსენდება, რომ ამ მხრივ კომუნისტებიც იგივეს ღაღადებდნენ – ოღონდ, ბუნებრივია, კომუნიზმის თაობაზე. მაგრამ – ვისთვის საუბედუროდ და ვისთვის საბედნიეროდ – უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ყველამ (ვისაც კი ამის სურვილი და უნარი აღმოაჩნდა) თვალნათლივ დაინახა, რომ ბ–ნ ფუკუიამას ძირითადი თეზისი არ გამართლდა, რომ ლიბერტარიანიზმიც და ლიბერალური დემოკრატიაც შევიდნენ ერთგვარ კრიზისულ ფაზაში, რომ მათი იდეოლოგების პირმშო „ფერადი რევოლუციები“ ხშირ შემთხვევაში ბადებენ ტრივიალურ სისხლიან დიქტატურებს და ისტორია ისევე შორსაა თავისი დასასრულისგან, როგორც, დავუშვათ, ასი ან ორასი წლის წინათ იყო. თანაც, რამდენადაც ცნობილია, თავად ფუკუიამამაც (რომელიც ამჯერად სტენფორდის უნივერსიტეტის თანამშრომელია) დღეს საკმაოდ კრიტიკულადაა განწყობილი იმ შრომის მიმართ, რომელმაც მას ასეთი დიდება მოუტანა. ნუ, ჭკვიან ადამიანს არ ეზარება განვითარება, ეს ისედაც ცნობილია... ეს რაც ფუკუიამას შეეხებოდა. გადავიდეთ ფუკუსიმაზე.
შეგახსენებთ: ფუკუსიმას ატომურ ელსადგურზე გასული წლის მარტში 9–ბალიანი მიწისძვრითა და შემდგომი ცუნამით გამოწვეულ ავარიას ადამიანური მსხვერპლი, რადიაციის გავრცელება და დიდი ზარალი მოყვა. ამ კატასტროფას მაშინ ბევრი იაპონურ ჩერნობილს უწოდებდა, ბევრი – იაპონიის ატომური ენერგეტიკის დასამარებას უკავშირებდა, და ამგვარ შედარებებსა და მიდგომებს – მით უმეტეს თუკი მათ ხიროსიმისა და ნაგასაკის ტრაგედიების ცნობილ ისტორიულ კონტექსტში განვიხილავთ – მართლაც გაჩნდათ საფუძველი, მართლაც დაკრავდა ყოველივეს ატომური აპოკალიფსის ელფერი, მაგრამ... გავიდა სულ რაღაც ერთი წელიწადი და ეს ვნებებიც მიცხრა. ამჟამად ფუკუსიმას ატომური კომპლექსიც მუშაობს (ცუდია ეს თუ კარგი – კიდევ სხვა საკითხია) და არც იაპონია ამბობს უარს ატომური ენერგეტიკის შემდგომ განვითარებაზე. ანუ, ისტორია არც აქ დასრულებულა.
ამ მაგალითების მოყვანით კი იმის თქმა, კიდევ ერთხელ იმის დადასტურება მსურს, რომ საქართველოს ტახტიდან სააკაშვილის წასვლითა თუ ამ ტახტზე ივანიშვილის მოსვლით – მიუხედავად ამ ფაქტების უდიდესი მნიშვნელობისა – საქართველოს ისტორია არ სრულდება.
ამაზე თუნდაც ის რამდენიმე დეტალი მიანიშნებს, რომელსაც ქვემოთ მოვიყვან.
პირადად მე (ბევრ სხვა ადამიანთან ერთად) ეჭვი არ მეპარება, რომ არჩევნები საქართველოში გაყალბდა. გაყალბდა ე.წ. ოპოზიციის სასარგებლოდ, რომელსაც არსებული სახით მხოლოდ პირობითად თუ შეიძლება ეწოდოს ოპოზოცია (ძალიან კი ყელყელაობდა საპარლამენტო უმცირესობა მომავალ პრემიერ–მინისტრთან სიტყვიერი შერკინებისას, არადა ის აჯობებდა – მაპატიეთ ბარბარიზმი – ცოტა ფერფლი დაეყარა თმაზე!). სრულიადაც არ გამიკვირდება თუ ჟამთა ულმობელი სვლა საკმაოდ მალე გვარიანად შეათხელებს მის რიგებს და რაღაც მაგრძნობინებს, რომ არც ეს ისტორია დასრულდება ასე იოლად.
მეორე მაგალითი. მთავრობა ჯერ არ შედგომია მოვალეობის შესრულებას, მაგრამ უკვე ისმის კრიტიკა – თანაც საკმაოდ მკვეთრი და თანაც „ოცნების“ მომხრეთა მხრიდან (რაც ერთგვარად უფრო დასაფასებელია). ჯერ იყო და კულტურის ჯერ არდანიშნულ მინისტრს შეაგებეს უხერხული კითხვების კორიანტელი ჯერ (რამდენი „ჯერ“!) არდანიშნული მოადგილის პერსონის თაობაზე (საქმის არსს აქ არ შევეხები, რამეთუ ე.წ. „დესიჟნმეიკერი“ ამ მხრივ, შესაძლოა, არც მომავალი მინისტრი იყოს და არც რომელიმე მისი კრიტიკოსი, მაგრამ მოკრძალებით აღვნიშნავ, რომ ყოფილი, ნაციონალი კულტურის მინისტრის მიმართ გამოხატული საჯარო კრიტიკა უბრალოდ არ მახსენდება – ყველამ იცოდა, რომ კალამზე უკეთ ის კაცი სხვა იარაღს ფლობდა და მისი საკადრო პოლიტიკის კრიტიკას ჩვენი „გულადი“ სამხატვრო ინტელიგენცია („ძველიც“ და „ახალიც“, გაინტელექტუალურ–გალიბერალიზებულიც) რაღაცნაირად ერიდებოდა – როგორც ჩანს აქ, ოდნავ სხვა ძირისა და ფუძის, თვითშენახვის ზოგად ინსტინქტთან და წმინდა წყლის ეროვნულ ფენომენთან გვაქვს საქმე. მაგრამ მთავარი აქ მაინც სხვაა: იქ სადაც ცოცხალი კრიტიკაა, ისტორია ვერ დასრულდება. თანაც, დარწმუნებული ვარ, სხვა სამინისტროებსა თუ უწყებებშიც ბლომად იქნება ასეთი სიტყვიერი თუ საქმიანი „შეხლა–შემოხლა“, უბრალოდ გარეთ არ გამოუღწევია სათანადო ინფორმაციას ჯერჯერობით.
და მესამე მაგალითი (დღეს ამით შემოვიფარგლოთ): ამ რამდენიმე დღის წინათ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ცნობილმა ქართველმა მწერალმა ქ–ნმა ნაირა გელაშვილმა საკმაოდ მკვეთრად, არაერთი საფუძვლიანი არგუმენტის მოხმობითა და გამოყენებით, არ მოუწონა ქვეყნის ფაქტობრივ ლიდერს ქართული ენერგეტიკის ყოფილი გამოჩენილი ფეხბურთელისთვის ჩაბარება. სადღაც მესმის ქ–ნი ნაირასი! ამ საქმისა და ამ გადაწყვეტილების მიღების „ბექგრაუნდის“ არაფერი ვიცი; ამ ეტაპზე ახალ პრემიერს, ალბათ, მაინც უნდა ვენდოთ, მაგრამ ის გარემოება, რომ კოალიციური სიის პირველ ნომერი სავარაუდოდ უკეთ ერკვევა ბურთის კენწვლის ტექნოლოგიაში, ვიდრე ომისა თუ კულონის კანონებში, მგონი, მაინცდამაინც საკამათო არ უნდა იყოს. თუმცა, აქვე მინდა ერთხელაც აღვნიშნო, რომ ზემოთმოყვანილი მაგალითების მსგავსი ეჭვები, კონფლიქტები და სიურპრიზები კიდევ ბევრი გველის. ცხოვრება ჩქეფს და გადმოჩქეფს – და ასეც უნდა იყოს დემოკრატიის დროს. ფუკუიამას ჯინაზე ისტორიას დასრულება არ უწერია – არც მსოფლიოში და არც საქართველოში. დიახ, ცხრაწლიანი ომი დამთავრდა, ხელისუფლება იცვლება, მშვიდობა კი ყოველთვის საშიშია – ესაა და ეს. აბა, როგორ გნებავთ? ყველაფერი წინაა! ესაა დიალექტიკა.