Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დროშა

30 ოქტომბერი 2012

პირველად “ვზროსლების” კლასში ვნახე. მეთერთმეტე კლასელების. 1988 წელი იყო. შემოდგომა. მაგიდაზე გაეფინათ და თვალებგაფართოებულები, როგორც საოცრებას, ისე შევყურებდით. უცნაური დროშა იყო. შინდისფერი, კუთხეში შავი და თეთრი ზოლით. ძალიან მაგარი მუხტი მოდიოდა. ლამაზი, არალამაზი არა ისა... სხვა რამე ხდებოდა, სულ სხვა შეგრძნებას ბადებდა, რაღაც იდუმალის, შენის და საკრალურის. თითქოს მკვდრეთით აღმდგარი წინაპარი გამოგეცხადა. ცხონებულმა მუხამ მენშევიკების დროშააო. ტიკვამ მენშევიკების კი არა - ჩვენიაო. კაჭარავამ - დამოუკიდებელი საქართველოს დროშააო. ჰო, რა, ჩვენიაო. ვიდექით, დავყურებდით.
რაც თავი მახსოვს, საბჭოთა კავშირის დროშას ვერასოდეს საკუთრად ვერ აღვიქვამდით. იმიტომ კი არა, რომ ჰა და რამე ვიცოდით, ან რაიმეს ვაპროტესტებდით და აზრზე ვიყავით. უბრალოდ, არ იყო ჩვენი და, მორჩა. ბიჭები ხომ სიყალბეს, მით უმეტეს მაგ ასაკში, ინსტინქტურად, პირდაპირ ჰაერში გრძნობენ.  ეგ ისეთი ამბავი იყო: - “ლენინს უყვარდა ბავშვებიო” და პასუხად იმპროვიზაცია, რომ მიიღეს. “ლენინს უყვარდა, ბავშვებს კი .... ეკიდათ.” ზუსტად ეგ იყო, საბჭოთა კავშირის დროშაც.


ეს კი ჩვენი იყო. ქართული დროშა. შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს გამოგვეცხადა. დაბრუნდა. და გვითხრა, რომ ადექით და წამოდითო, ქვეყნის გასათავისუფლებლადო. და კიდევ უფრო შორს - ჯანდაბაშიო. ახლა უკვე საკუთარი დროშა გვქონდა და წინ ვეღარაფერი დაგვიდგებოდა.

მეორედ ვაკის პარკთან ვნახე, დაახლოებით ორი კვირის მერე, როდესაც 1988 წლის ნოემბრის აქციები დაიწყო. ამ დროშასთან ერთად, დღევანდელი ხუთჯვრიანი დროშა (რომელიც მერე “ნაციონალებმა” მიითვისეს) და ჩალისფერი დროშაც ფრიალებდა, კუთხეში წმინდა ნინოს ჯვრით. თამარის დროშას ვეძახდით. გახსოვთ ეგ დროშა? დაიკარგა მერე.

დავით გარეჯის ამბები იყო. ვაკის პარკიდან იპოდრომისკენ დაიძრა აქცია. მახსოვს, უფროსების გაფითრებული, შეშინებული სახეები. მანქანებიდან გადმოსული, თითქოს გაშეშებული ხალხი. დროშები ამაყად მიფრიალებდა. ეს მასწავლებლის მაგიდაზე გაფენილი დროშა არ იყო. თუმცა, იქვე ეტყობოდა, რომ დიდ საქმეებს და უბედურებას დაატრიალებდა. მიფრიალებდა ქუჩაში, ხალხის თავზე, როგორც დიდი ხნის ტყვეობიდან სახლში დაბრუნებული მეომარი, როგორც ბოთლიდან ამოშვებული ჯინი თავისუფლებისა, რომელსაც ვეღარასოდეს უკან ვეღარ დააბრუნებ, ვეღარასოდეს ვეღარ იქნები მონობაში, მშვიდად, უსაფრთხოდ და უზრუნველად. ვგრძნობდით, რომ ამიერიდან სულ შარში ვიქნებოდით და ჩვენც სწორედ ეგ გვიხაროდა. მკვდრეთით აღმდგარი წინაპრისაგან სხვას არც არაფერს ველოდით. 

უფროსები კი გადაფითრებულები იდგნენ ტროტუარზე და გვიყურებდნენ. გათეთრებულები იყურებოდნენ მანქანებიდანაც. Uუცებ თეთრ “ვოლგაში” მჯდომ მოხეულ ბიძას სახე მოექცა და ისეთი გამეტებით დააჭირა სიგნალს ხელი, თითქოს ტყვიამფრქვევის სასხლეტიაო. სიგნალმა ჰაერი გაჭრა და იმ წამსვე, მთელი ვაკე-საბურთალო გააყრუა გაბმულმა გუგუნმა. აზრიალებულ მანქანებში მიფრიალებდა დროშა, ამ ყველაფერს ერთდროულად საზეიმო და საგანგაშო იერი ედო. ჰაერიც კი სხვანაირად დაიტენა.

პირველად ამ დატენილმა ჰაერმა ნახევარი წლის შემდეგ, ცხრა აპრილს იფეთქა. თითქმის 70 წლის მერე, ეს იყო პირველი ბრძოლა, რომელიც ამ დროშამ მიიღო. და ცნობილი კადრი, როდესაც ბიჭი ჯოხს ურტყამს რუსულ “ბეტეერს!” მაგრად ვცოფდები, როდესაც ამ კადრზე, სხვადსხვანაირ ფსევდოინტელექტუალურ ანალიზს მოჰყვებიან ხოლმე - “ღრმა აზროვნებით” გამსჭვალული ტექსტებით, რომ “ჩვენ ის ხალხი ვართ” და “რა სიგიჟეა ჯოხით ტანკზე” და ა.შ. გეთანხმებით - ჯოხით ტანკზე სიგიჟეა. ამაზე განმსჯელი, მოწყალე და მენტორული ტონით საუბარი კი დიდი ჭკუის და ინტელექტის ნიშანი ყოფილა. და კიდევ, სისულელის და უტრაკობის. სისულელე და სიგიჟე კი, ბოდიში მომითხოვია და, სულ სხვადასხვა რამეა.

სხვათა შორის, არსებობს საოცარი ფოტოები, როდესაც შუაგულ ევროპაში, პრაღაში, ქვებს და ჯოხებს ესვრიან იმავე რუსულ ტანკებს, მაგრამ რაღაც არ მახსენდება, ვაცლავ ჰაველს, მილოშ ფორმანს ან მილან კუნდერას ამაზე ბევრი ეცინოთ, ან იმის ლაპარაკს მოჰყოლოდნენ, რომ -“ჩეხები გოიმები ვართ, რომ ქვის სროლა უაზრო და ცუდი საქციელია. და “ნუ”, რა უნდა დააკლო ტანკს ქვით და ჯოხით. აი, “ნუ” რა?” ალბათ იმიტომ, რომ ჩვენგან განსხვავებით, ჩეხები მართლაც არ არიან გოიმები.
კარგი! დავანებოთ ამას თავი!

ცხრა აპრილის მერე დაიწყო და დაიწყო. პირველი სამოქალაქო ომის დროს, როდესაც მთელი რუსთაველი იწვოდა, მახსოვს პირველი, რაც უცნაურად და ცუდად მომხვდა თვალში, ის იყო, რომ ჩვენი დროშა, სწორედ იმ რუსულ “ბეტეერზე” ფრიალებდა, რომელიც სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ, იმავე 9 აპრილს, მოსაკლავად დაგვდევდა. მახსოვს, როგორი უცხო და სხვანაირი იყო თვითონ დროშაც, გახუნებული, რამდენიმე ადგილას ტყვიით გახვრეტილი, გაცრეცილი. უფრიალებდა გაძენძილი ბოლო!


ამის შემდეგ, კაი ხუთი წელი იარაღის ხმა არ შემწყდარა საქართველოში. დროშა ყველგან იყო. უკვე უამრავჯერ დაცხრილული, დენთის და ცეცხლის სუნით გაჯერებული, Mმტვრიანი და იმ ბიჭებთან ერთად ნაადრევად დაბერებული, ვინც “პირველად” აღმოაჩინა, სახლში დააბრუნა და წინ გაიძღოლა. იყო ყველა ომში და რომელ ომშიც წავიდა, ყველგან დამარცხებული დაბრუნდა. დაწყებული რუსთაველის გამზირიდან, სადაც ორივე მხარეს თვითონ იყო და ორივე მხარეს დამარცხდა, დამთავრებული ცხინვალში და აფხაზეთში, რუსებთან ომში, სადაც რამდენიმე ბრძოლაში ძალიან მაგრად იფრიალა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც დამარცხებული და დაცხრილული მოდიოდა უკან, თავისნაირად დამარცხებულ და დაცხრილულ ბიჭებს გადაფარებული.

ვერ ვიგებ, მეცინება, როცა ამბობენ - ლამაზია, ულამაზოა, შავი ფერი დროშაში არ უნდა იყოსო. არ ვიცი, მე ეგ არ მაინტერესებს.

მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემი დროშაა, ჩემი თაობის და როგორც ბიჭობაში გადახდენილი საშინელი და მაგარი ამბები ჩაგრჩება სულში კაცს და მერე მთელი ცხოვრება მოგყვება, ეგრე მომყვება ეს დროშაც.
და სადაც არ უნდა დავინახო, იმ თეთრ “ვოლგაში” მჯდარი მოხეული ბიძასავით მომექცევა ხოლმე სახე და ისე გააფთრებით ვაჭერ ხოლმე ხელს სიგნალს, როგორც ტყვიამფრქვევის სასხლეტს.

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^