70-იანი წლებში ამერიკაში, პირველად გამოიცა ახალბედა ავტორის, ჰანტერ ტომპსონის წიგნი "შიში და სიძულვილი ლას–ვეგასში", რომლის მიხედვით მოგვიანებით ტერი გილიამმა ამავე სახელწოდების ფილმიც გადაიღო. მწერალმა ის ბობ დილანს მიუძღვნა, ანდერძად კი დაიბარა, რომ საკუთარ დაკრძალვაზე დილანის სიმღერა "მისტერ ტამბურინი" გაჟღერებულიყო. ვერაფერს იტყვი, ნამდვილად შესაშური ფანატურობაა...
თუმცა, ამ ამბიდან ათიოდე წლის შემდეგ, უკეთესის მომსწრენიც გავხდით, როცა ეს ლეგენდარული მუსიკოსი, მოსკოვიდან პირდაპირ თბილისში გვესტუმრა (სამწუხაროდ ვერ ვიტყვი - ვიხილეთ-თქო). აი, რაც ჩემს მეხსიერებას შემორჩა: დილიდან მწერალთა კავშირთან, დაახლოებით ასე ორმოცდაათი კაცი იქნებოდა შეკრებილი. რამდენიმე საათის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა მისი მანქანაც გამოჩნდა. თავიდან მგონი გადმოსვლაც არ უნდოდა - თითქოს შეშინებული თუ დაბნეული ჩანდა. მერე ისე შეიყვანეს შენობაში, მგონი ვერც ვერავინ დავინახეთ. და ბოლოს, ისევ რამდენიმე საათის ლოდინის შემდეგ როგორც შეაპარეს, ისევე გამოაპარეს და სადღაც გააქროლეს. აი, სულ ეს იყო...
აქედან მოყოლებული, ამ შემთხვევაზე ქართულ მედიაში იმდენი დაიწერა (და როგორც ხედავთ, ისევ იწერება), რომ მსგავსი ყურადღება, მგონი, ჩვენი დროის არც ერთ სხვა ამერიკელ არტისტს არ ღირსებია. საინტერესოა, რომ ხალხმა ვინც ზაფხულის ის მზიანი დღე მწერალთა კავშირთან გაატარა (პირადად მე, თუ არ ვცდები ამის გამო ლექციები გავაცდინე), მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, მხოლოდ თვალი თუ მოჰკრა თავის კერპს. კიდევ უფრო საინტერესო კი ისაა, რომ ხალხს, ვინც მაესტროს შეხვდა, ხელი ჩამოართვა და თქვენ წარმოიდგინეთ, იქიეფა კიდეც, წარმოდგენა არ ჰქონია, თუ ვისთან ჰქონდა საქმე. მართალია "ლეგენდის" მიხედვით, მცირეოდენი გამონაკლისები ორივე მხარეს იყვნენ, მაგრამ ეს სურათის პარადოქსულობას მაინც ვერ ცვლის.
საერთოდ, ბობ დილანის ცხოვრება პარადოქსებითაა აღსავსე, მისი ქართული თარგმანი კი უკიდურესი იშვიათობაა (პირად მე არ არსად მინახავს). ჰოდა, თავს უფლება მივეცი 60-იან წლებში შექმნილი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ექსპერიმენტული ნოველა - "მგელ-ობობას", ერთი თავი მეთარგმნა, რომელსაც აქვე გთავაზობთ:
* * *
მესიზმრა ვითომ
მზარეული აივანზე გადმოდგა
მუშტები აღმართა
და ხალხს მიმართა
"მჭირდება 4 ჭიქა ბომბდამშენი
1 სუფრის კოვზი კათოლიკე
5 პარანოიდი
ცოტა გაცოფებული ხარი
ნახევარი კომუნისტი
6 ჭიქა მეამბოხე
2 ათეისტი
მეოთხედი ბოთლი რაბინი
1 ჩაის კოვზი ლიბერალი
ცოტაოდენი კონტრაცეპტივები
3/4 ნაციონალიზმი
ცოტაც კაპიტალიზმი
და მდიდრების მთელი დასტა".
მას მზარეულის თანაშემწის გამოსვლაც მოჰყვა
ყელი მოიღერა და გამოაცხადა
"დავამატოთ ცოტა მწველავები
მწიფე მოძალადეები
კოლეჯის რამდენიმე სტუდენტი
კუს ტყავის წყვილი ხელთათმანი
ქათამი,
ჯინი
და მსხალი"
გადარეულს გამომეღვიძა
სამზარეულოში შევვარდი
შუქი სასწრაფოდ ავანთე
მუხლებზე დავეცი
და ღმერთს მადლობა შევწირე
რომ მაცივარი ცარიელია.
დილანი უკვე რამდენიმეჯერ იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში (მართალია, ჯერ–ჯერობით უშედეგოდ). მუსიკალურ მხარეს რაც შეეხება: მას ეკუთვნის როკის ისტორიაში ალბათ ყველაზე მეტი კომპოზიცია, რომელიც მთელი თაობების ჰიმნად გადაიქცა ("სამოთხის კარზე კაკუნი", "საგუშაგო კოშკი" და სხვა). უდაოა მისი გენიალურობა, თუმცა ცოტა ვინმემ თუ გაბედა ამაში ეჭვის შეტანა...
ოლივერ სტოუნის საყოველთაოდ ცნობილ ფილმში "კარებები", არის ასეთი ეპიზოდი: ლეგენდარული როკ–ჯგუფ "დორსის" პიანისტი, რეი მანზარეკი ასე აგულიანებს ჯიმ მორისინს, რომელიც სცენაზე პირველად გამოსვლის წინ ძალიან ღელავს - "დილანზე უარესად მაინც ვერ იმღერებ"-ო (ფილმი მთლიანად რეალურ ფაქტებზეა აგებული).
სულ ახლახან მართლაც ღირსშესანიშნავი მოვლენა მოხდა: პრეზიდენტ ობამას მიერ, დილანის დაჯილდოება უმაღლესი ამერიკული ჯილდოთი, სამოქალაქო პირთათვის – თავისუფლების მედლით, კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
სხვათა შორის, იმ დღეს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გავიხსენე, უფრო სწორად მოვისმინე - მეორე გენიოსის, ფრენკ ზაპას 1979 წლის ფირფიტა "გაანძრიე შენი უკანალი", სადაც მას დილანზე, მისთვის დამახასიათებელი გონემაბახვილობით, არაჩვეულებრივი პაროდია აქვს გაკეთებული (ფრენკი ასე მიმართავს მას: "დაიკიდე, ბობ!").
იმ თბილისური "ლეგენდიდან" ოციოდე წლის შემდეგ, ბობ დილანი მისთვის საკადრისი, ნამდვილი კონცერტით ისევ დაბრუნდა თუმცა, ამჯერად ეს იყო უკვე პეტერბურგში... ამ "დაბრუნდაზე" უცებ გავიფიქრე: იმედია – ენამ მიყივლა მეთქი, მით უმეტეს უკანასკნელ პერიოდში ჩვენთან მომხდარ იმედისმომცემ ცვლილებებსა და ჩვენს, დასავლურ კულტურაში ინტეგრაციის დაუოკებელ სურვილს თუ გავითვალისწინებთ...